რა დარღვევები გამოვლინდა სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებაში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

 აუდიტის სახელმწიფო სამსახური სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარებით დაინტერესდა. აუდიტის ახალი ანგარიში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტია და მოიცავს 2018-2021 წლებს. ვიდრე აუდიტის ანგარიშს განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი - „სამედიცინო პერსონალის გლობალური სტრატეგია 2030“. სტრატეგიის მიხედვით, სამედიცინო სფეროში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია სათანადო უნარების მქონე სამუშაო ძალის შექმნა, რომელიც უპასუხებს მოსახლეობის საჭიროებებს.

2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 2022-2030 წლების ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება - ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობისა და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილების გზით.

ზოგადი ინფორმაცია აუდიტის შესახებ

ახლა, ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ნაწილში. მთავრობის მიერ შემუშავებული ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული მესამე მიზანი ითვალისწინებს ჯანდაცვის სექტორში ადამიანური რესურსების განვითარებას, რომელიც გულისხმობს შემდეგი ამოცანების განხორციელებას: 

  • ადამიანური რესურსების საჭიროებებზე დაფუძნებული დაგეგმვის გაუმჯობესება;
  • ადამიანური რესურსების პროფესიული კვალიფიკაციის გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ჯანდაცვის სისტემაში ექთნების კომპეტენციების, აღიარებისა და როლის გაზრდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სამედიცინო პერსონალის სათანადო კვალიფიკაციისა და საკმარისი რაოდენობის უზრუნველსაყოფად დანერგილი მექანიზმებისა და გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა. აუდიტის ფარგლებში შეისწავლეს შემდეგი საკითხები: სამედიცინო პერსონალის საჭიროების განსაზღვრა და რეგიონალური მოცვა; დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სერტიფიცირება; უწყვეტი სამედიცინო განათლება; სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოება; დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია.

ხარვეზები სამედიცინო პერსონალის საჭიროების განსაზღვრაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო სპეციალისტების საკმარის რაოდენობასა და გეოგრაფიულ მოცვას.

„2021 წლის მდგომარეობით, პროფესიულად აქტიური ექიმების უმეტესობა - 58% კონცენტრირებული იყო თბილისში. ექთნების უმეტესობა დასაქმებულია დედაქალაქში; 100 000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

 გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მიუხედავად სტრატეგიით განსაზღვრული საბაკალავრო განათლების პრიორიტეტულობისა, ყოველწლიურად მცირდება იმ ექთნების რაოდენობა, რომელთაც 2018-2021 წლებში დაასრულეს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში - 61 კურსდამთავრებული მაშინ, როცა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საექთნო პროგრამების მიმართულების როგორც ჩარიცხულთა, ისე კურსდამთავრებულთა რაოდენობა სტაბილურად მაღალია.

„2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში, ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6%-ია. ამასთან, 2019 წლის საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიით დაგეგმილი საკადრო პოლიტიკის აქტივობები, რომლებიც 2021-2022 წლებისთვის უნდა შესრულებულიყო, არ განხორციელებულა.

სახელმწიფოს მიერ, მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსების მომზადების მიზნით დაფინანსებული სპეციალობის მაძიებლების რვა შემთხვევაში - 35%, ხელშეკრულების პირობები შეუსრულებელია. ამასთან, სამინისტროს მათთვის დამატებითი სანქციები არ დაუკისრებია“.

აუდიტის შედეგად ისიც გამოვლინდა, რომ დიპლომისშემდგომი სამედიცინო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საექიმო სპეციალობის პრიორიტეტულად განსაზღვრის მექანიზმი ნათლად შემუშავებული არ არის.

ხარვეზები დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს მიერ, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები შეიცავს რიგ ნაკლოვანებებს.

„საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების დამტკიცებისა და შესყიდვის პროცესში, არ ხორციელდება ხარისხობრივი ნაწილის შესწავლა და მონიტორინგის პროცესი მოიცავს მხოლოდ ტექნიკური მხარის შემოწმებას. საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების განახლებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ ოთხჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში არ შესულა ცვლილებები. საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის, გამოცდის მონაწილემ კი უნდა დააგროვოს სწორი პასუხების მინიმუმ 75.5% იმისთვის, რომ გამოცდა ჩაითვალოს ჩაბარებულად. ამასთან, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ გამოკითხული სპეციალობის მაძიებლების 46%-ის აზრით, დიპლომისშემდგომი სწავლების მეთოდები არარელევანტურია მომავალი საექიმო საქმიანობისათვის სათანადო ცოდნის მისაღებად, ხოლო 44%-ის აზრით, მიღებული ცოდნა არასაკმარისია პაციენტებთან დამოუკიდებელი მომსახურების გასაწევად!

„2014-2019 წლებში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელმა სასწავლო დაწესებულებებმა, ჯამში, 343 აკრედიტებული პროგრამიდან, 17%-ის შემთხვევაში ნაწილობრივ, ხოლო 65%-ის შემთხვევაში, არ წარმოადგინეს ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშები. რეგულირების სააგენტოს აღნიშნული სასწავლებლები არ შეუმოწმებია!“

სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლება

აუდიტის შედეგად ვიგებთ, რომ 2018 წლიდან, სამინისტრომ დაიწყო უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველსაყოფად. ამის მიუხედავად, არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს.

„უწყვეტი სამედიცინო განათლება (უსგ) არ არის სავალდებულო ყველა მიმართულების პერსონალისთვის და განსაზღვრულია მხოლოდ ზოგიერთი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის. ქვეყნის მასშტაბით, დაბალია პროფესიულად აქტიური ექიმების ჩართულობა უსგ-ის პროგრამებზე, როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილში. 2021 წლის მდგომარეობით, 2018-2021 წლებში, 17 632 ექიმიდან უსგ-ში მონაწილეობა მიიღო 43%-მა.

პერინატალური და ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის ქულების შეფასება არ ხდება ყოველწლიურად. შესაბამისად, დაბალია უსგ-ის პროგრამაში მათი ჩართულობა, კერძოდ, 2018-2021 წლებში, დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგებიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 37% არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამაში, ხოლო ნეონატოლოგებიდან - საშუალოდ, 23%. 2020-2021 წლებში, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისა და რადიოლოგების საშუალოდ 69%-ს არ ჰქონდა მოპოვებული უსგ-ის წლიური კრედიტქულა“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დაბალია 2021 წელს სტაციონარულ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის პროგრამებში ჩართულობა და ყოველწლიურად განსაზღვრული კრედიტქულების დაგროვების მაჩვენებელი. აღნიშნულ სპეციალისტთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 1 601-ს, მათგან, უსგ-ის წლიური კრედიტქულა კი დააგროვა მხოლოდ 415-მა ანუ 26%-მა. 2020-2021 წლებში, სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე გადაუდებელი მედიცინის 436 ექთნიდან, არც ერთი მათგანი არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამებში. ამასთან, რეგულირების სააგენტოს მიერ 2020-2021 წლებში 269 დაწესებულებიდან შესწავლილია მხოლოდ 20 დაწესებულება. შედეგად, დანერგილი მექანიზმები არ არის საკმარისი სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე ექიმების მიერ მოპოვებული უსგ-ის კრედიტქულების შესაფასებლად.

„უსგ-ის პროგრამების ჩატარების ადგილი ექიმებისათვის არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი გეოგრაფიული თვალსაზრისით. უსგ-ის პროგრამების დამსწრე 4 606 პირთაგან, 1 590-ის (35%) ფაქტობრივი სამუშაო ადგილი არ იყო თბილისი. 2018-2021 წლებში, უსგ-ის პროგრამებში მსმენელის სტატუსის მქონე 11 192 ექიმიდან 512-მა სპეციალისტმა ერთი და იგივე სავალდებულო უსგ-ის პროგრამა. ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ გაიარა და აღიარებულ იქნა შესაბამისი კრედიტქულა.

2018-2021 წლების მიხედვით, ჯამში განხორციელებული 757 უსგ-ის პროგრამიდან, 2020-2021 წლებში მონიტორინგი ჩატარდა 108 (15%) პროგრამაზე, ხოლო სავალდებულო 628 უსგ-ის პროგრამიდან - 90 (14%)-ზე“.

ხარვეზები ინფორმაციის წარმოებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების კოორდინაცია სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით, არათანმიმდევრულია. მეტიც, აუდიტის ფარგლებში გამოიკვეთა სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის სისრულესა და სანდოობასთან დაკავშირებული რიგი ხარვეზები.

ამ ხარვეზების გამო, სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი საინფორმაციო სისტემა სრულად და ზუსტად არ ასახავს პროფესიულად აქტიური ექიმის შესახებ ინფორმაციას.

უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის შესახებ მონაცემები არასრულადაა ასახული, ხოლო, რიგ შემთხვევებში, შეიცავს უზუსტობებს:

  • სამინისტროს სისტემაში არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა იმ ექიმების შესახებ, რომლებმაც გაიარეს ან/და სჭირდებათ პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამის გავლა;
  • რეგულირების სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას დიპლომისშემდგომი სამედიცინო პროგრამების ფარგლებში ათვისებული კვოტების შესახებ. კვოტების მინიჭება ხდება სამი წლის ვადით და არ მიმდინარეობს მიღებული სპეციალობის მაძიებელთა რაოდენობის შესახებ მონაცემების შეგროვება;
  • განათლების სამინისტროს დაბალი ჩართულობა სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების სტრატეგიების შექმნის პროცესში.

რეკომენდაციები

ხარვეზების გამოვლენასთან ერთად, სახელმწიფო აუდიტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც სამინისტრომ და მასში შემავალმა უწყებებმა უნდა გაითვალისწინონ.

„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ექიმ-სპეციალისტების დეფიციტის თანმიმდევრულად და ეფექტიანად აღმოფხვრის მიზნით, უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის კრიტერიუმი; დეფიციტური სპეციალობების განსაზღვრისა და აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები; პროგრამის შესრულების შეფასების გაზომვადი და შედეგზე ორიენტირებული, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი ინდიკატორები; პროგრამის შესრულების კონტროლისა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმები“.

სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ“, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის ეფექტიანი ზედამხედველობის მიზნით, უნდა შექმნას მონიტორინგის მექანიზმი - სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმები და მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია.

ქვეყანაში სათანადო კომპეტენციის ექიმი-სპეციალისტების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროში უნდა შემუშავდეს კარგ პრაქტიკაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატის მოპოვების მექანიზმი, რომელიც შეაფასებს გამოსაცდელის ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; გარდა ამისა, აუცილებლად უნდა შეიქმნას სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტების შექმნის, განახლებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმი.

„უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ეფექტიანი ფორმირებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების მიზნით, უნდა დაინერგოს სავალდებულო უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) მექანიზმები თითოეული სპეციალობის მიხედვით, პროფესიულად აქტიური სამედიცინო პერსონალის გათვალისწინებით; უნდა შემუშავდეს სამედიცინო პერსონალის მიერ სავალდებულო უსგ-ის პროგრამის კრედიტქულების დაგროვების ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმები; უნდა შემუშავდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი“.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, სამინისტროში უნდა შემუშავდეს სანდო და სრული ინფორმაციის შეგროვების შემდეგი მექანიზმები: არსებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და კვალიფიკაციის შესახებ მონაცემების წარმოება და გონივრულ ვადაში განახლება; განათლების ყველა საფეხურის მიხედვით, პოტენციური სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და კომპეტენციის შესახებ მონაცემების მოპოვება; განათლების სამინისტრომ უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის მის სისტემაში არსებული პოტენციური სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და კომპეტენციის შესახებ არსებული ინფორმაციის დროული მიწოდება.

„ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სათანადო კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროებმა უნდა შეიმუშაონ დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების საკითხებთან დაკავშირებით ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც მოიცავს მისაღწევი შედეგების მიხედვით ანგარიშვალდებულების განსაზღვრას; მოცემული მიმართულებით თავსებადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებას; შედეგების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის განსაზღვრას“.

ავტორი: მაკა რუხაძე