სისხლიანი 9 მარტის დემოკრატიული ექო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა მოხდა 1956 წელს, თბილისში

 

 

 

ხვალ 9 მარტია - საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული დღე. თაობა, რომელმაც 9 მარტის მოვლენების შესახებ უწყოდა, ლამის, ცოცხალი აღარაა. ახლაგაზრდებმა კი ამ ტრაგიკულ თარიღზე ბევრი არაფერი იციან. ამიტომ, ნახევარი საუკუნის წინანდელ მოვლენებს „ვერსია“ მოკლედ გაიხსენებს.

 

ყველაფერი 1953 წლის 5 მარტის, სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ანუ საბჭოთა კავშირის ახალი გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა, რომელმაც სტალინის კულტი გამოაცხადა. სხვათა შორის, ნიკიტას „მეფობა“ თავიდანვე რყევებით დაიწყო, კერძოდ, 1953 წლის ივნისში, ბერლინში ანტისაბჭოთა აჯანყება მოხდა, რომელიც საბჭოთა იმპერიის ჯარებმა სისხლში ჩაახშეს და კიდევ ერთხელ, ბერლინი ტანკებით გადათელეს.

ბერლინის მოვლენებს საბჭოთა კავშირის შიგნით, პირველი მღელვარება მოჰყვა, რომლის საბაბიც, როგორც აღვნიშნეთ, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ „სტალინის პიროვნების კულტის“ დაგმობა იყო.

ამასობაში, 1956 წელიც დადგა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე, კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ მოხსენება გააკეთა.

ყრილობაზე გამომსვლელებმა, რომლებიც თავის დროზე, სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, სტალინის პიროვნების კულტი დაგმეს და საზოგადოების ე.წ. დემოკრატიული განვითარების კურსი აიღეს.

ეს კამპანია განსაკუთრებით მიუღებელი ქართველი ახალგაზრდებისთვის აღმოჩნდა. შესაბამისად, საქართველოში ახალგაზრდული მოძრაობა დაიწყო, რომელიც წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებდა და, ერთი მხრივ, „რევიზიონისტი“ ხრუშჩოვის წინააღმდეგ იყო მიმართული, მეორე მხრივ კი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოცოცხლების საფუძველი გახდა - წლების განმავლობაში, თავისუფლებადაკარგულ თაობაში დაგროვილმა ბოღმამ, თითქოს, ერთიანად ამოხეთქა.

... 1956 წლის 3 მარტიდან, საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. ქართველმა სტუდენტებმა დედაქალაქის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მსვლელობა მოაწყვეს.

7 მარტს, დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა.

დემონსტრანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ.

8 მარტს კი დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებისთვის პროტესტი და დემონსტრანტების მოთხოვნები მიუღებელი იყო. აშკარა ხდებოდა, რომ დემონსტრანტები მოწოდებების საფუძველზე არ დაიშლებოდნენ.

ეს უკვე აჯანყება იყო...

საბჭოთა ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

 

9 მარტს, ღამით, საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი...

დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 100-დან 1000 ადამიანამდე მერყეობს.

დღევანდელი გადასახედიდან, სტალინისთვის სისხლის დაღვრა, თითქოს, აბსურდია, მაგრამ 1956 წელს, სტალინი, უბრალოდ, საბაბი იყო, თორემ დღევანდელ დედაენის ბაღში, სადაც მაშინ მთავარი მიტინგი იმართებოდა, გამომსვლელები სიტყვას ფრაზით - „გაუმარჯოს, დამოუკიდებელ საქართველოს!“ ამთავრებდნენ. ესე იგი, გამოდის, რომ მაშინ, შორეულ 50-იან წლებში, ხალხი ქუჩაში მხოლოდ სტალინის დასაცავად კი არა, არამედ, ქვეყნის დაკარგულ-წართმეული დამოუკიდებლობის აღსადგენადაც გამოვიდა.

1956-ში, ეს ვერ მოხერხდა...

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ამ ამბებიდან, ლამის, 4 ათეული წელი დასჭირდა...

დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, თუმცა...

ალბათ, ბედის ირონიაა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში, რუსული გავლენები ისევ აქტუალურია, თუმცა ახლა მე-20 საუკუნე არ არის, რომ კრემლმა 9 მარტი და 9 აპრილი ისევ მოგვიწყოს.

დღეს ზურგს ძლიერი აშშ და ევროპა გვიმაგრებს!

დიახ, ჩვენი გზა დასავლეთისკენაა!

ავტორი-ნინო  დოლიძე