„დასავლეთის განათლება და მეცნიერება მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის“ - სიმონ ჯანაშია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა საფრთხეს შეუქმნის ე.წ. აგენტების შესახებ კანონი საქართველოს განათლების სისტემას? - „ვერსიას“ განათლების ექსპერტი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ადრეული და სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, სიმონ ჯანაშია ესაუბრა:

 

- ეს კანონი უარყოფითად აისახება საქართველოს განათლების სისტემაზე ბევრი მიზეზის გამო... დღეს განათლების სფეროში უამრავი პროექტი მიმდინარეობს უცხოეთის დაფინანსებით და დიდი ალბათობით, ეს შესაძლებლობა შემცირდება. ამასთან, განსაკუთრებით სკოლები უფრთხიან გადაწყვეტილების მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან ითანამშრომლებენ, რადგან სულ ეშინიათ, რომ თანამშრომლობისთვის, რომელიც პირდაპირ არაა წამოსული მთავრობისგან, შეიძლება დაისაჯონ. ჯერ კიდევ 2010 წლის ბრძანება დღემდე მოქმედებს, რომელიც უკრძალავს სკოლას, სამინისტროსთან შეთანხმების, გარეშე რამე მოქმედებას. თუ სკოლებს ეცოდინებათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რეგისტრირებულნი არიან, როგორც უცხო ქვეყნის აგენტები, დიდი ალბათობით, არ ითანამშრომლებენ მათთან, არადა, ისინი ბევრ ისეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რაც სკოლებს სჭირდება და გამოადგება.

მესამე ასპექტი ისაა, რომ ორგანიზაციების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს და ხალხმა, რომელიც მუშაობს არასამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორში, შეიძლება უარი თქვას ამ სფეროში მუშაობაზე, თუ მთავრობა მათ აიძულებს, დაირქვან ისეთი სახელი, რასაც არ ეთანხმებიან. მაგალითად, რუსეთში მსგავსმა იძულებამ გამოიწვია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა უარი თქვა მუშაობაზე. რუსეთმა კანონის გამოყენებით დაიხურა ეს ორგანიზაციები. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სახელოვანია და კარგ საქმეს აკეთებს ორგანიზაცია, ეს კანონი ნებისმიერს დახურავს.

ცალკე საკითხია, რომ საუნივერსიტეტო სფეროში ეს კანონი შეზღუდავს უამრავ გაცვლით პროგრამას. მეცნიერებს დაარსებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან კვლევით საქმიანობას და მათ მოუწევთ, დაირქვან უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი. მგონი, ეს სრულიად გაუმართლებელია.

- მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს, კონკრეტულად, რას აკეთებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად, შეეხება ეს ფულს თუ რესურსებს...

- მაგალითად, ახლა აშშ-ის დახმარებით, საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ერთია „წიგნიერების ამაღლება საქართველოს სკოლებში“. ამ პროექტის ფარგლებში, ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის იწერება სახელმძღვანელოები, ქმნიან სატრენინგო პროგრამებს, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ ქართველებს ქართული. ამ ადამიანებისთვის უცხო ქვეყნის აგენტის დარქმევა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ, არაეფექტიანიცაა, რადგან ეს ხალხი შეიძლება გამოეთიშოს ამ საქმიანობას.

ასევე, არის სამოქალაქო განათლების გაძლიერების დიდი პროექტი სკოლებში, სადაც იქმნება ონლაინ-კურსები საქართველოს ერთიანი სასწავლო გეგმის მიხედვით, რათა შეიქმნას სკოლაში ბავშვებისთვის კლუბები, პროექტები...

არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, სადაც უცხოეთის დახმარებით საქართველოში შენდება, რემონტდება სკოლები. არის პროექტები, რომლებიც ეხმარებიან ქართველ ბავშვებს, ისწავლონ რობოტიკა, ტექნოლოგიები, იმოგზაურონ „ნასა“-ს მართვის ცენტრში და ა.შ.

- გაცვლითი პროგრამები ახსენეთ, რაც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი დეტალია. საქართველოს მოსწავლეებსა და სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, დასავლეთის წამყვან ქვეყნებში სწავლის საშუალება ეძლევათ. ამ საკითხსაც საფრთხე ექმნება?

- სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია „ერასმუსის“ პროგრამა, რომლის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა დაერქვას, რომ უცხო ქვეყნის საქმეს აკეთებს და შეიძლება, ვერც მოახერხონ ისეთი ხალხის პოვნა, რომლებსაც ენდომებათ ამ საქმის კეთება. ეს ისედაც პრობლემატურია, რადგან დაახლოებით, ერთი წლის წინ, თავისი მოქმედებებით, ეს ორგანიზაცია რეალურად გააუქმა განათლების სამინისტრომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპიდან იღებდა დაფინანსებას. სამინისტრომ შეზღუდა ისე, რომ ხალხი იძულებული გახდა, წასულიყო. ეს ოფისი ეხმარებოდა საქართველოს სტუდენტებს, რათა ინფორმაცია ჰქონოდათ გრანტების შესახებ, აწარმოებდა კვლევებს. სამინისტრომ ხელი შეუშალა მათ საქმიანობას, დაბლოკა ხელმძღვანელის კანდიდატურა და თანამშრომლებიც იძულებულნი გახდნენ, წასულიყვნენ. ერთი წელია, არავინ გამოჩნდა, ვინც ამ საქმეს მიხედავს. ეს არის ილუსტრაცია, თუ რა შეიძლება დაემართოს ორგანიზაციას, როცა სახელმწიფო ერევა მის საქმიანობაში და ზღუდავს.

ყველა გაცვლით პროგრამაში მონაწილეს უჩნდება საფრთხე, რომ შეიძლება, დაბრალდეს უცხო ქვეყნის ჯაშუშობა, რაც დაუშვებელია. საქართველოში ამ კანონის მიმღებებს შორისაც არიან უამრავი ადამიანი, რომელთაც უსარგებლიათ მსგავსი პროგრამებით, განათლება მიუღიათ დასავლეთში, რომლებმაც იციან, რომ დემოკრატია არის შესაძლებლობა და არა - ვალდებულება. ახლა კი ისე გამოჰყავთ, თითქოს ჩვენ არ გვინდა დემოკრატია, ვიღაც გვაძალებს და ამიტომ ამაყად უნდა ვთქვათ უარი ამაზე...

- ბატონო სიმონ, ამ კანონის ინიციატორები ხშირად საუბრობენ „ორ დასავლეთზე“, თითქოს არსებობს „კარგი და ცუდი ევროპა“, რას იტყვით ამაზე?

- დასავლეთს აქვს უამრავი დადებითი და უარყოფითი მხარე, მაგრამ დასავლეთი ტყუილად არ აგვირჩევია, რადგან ის დადებითი მხარეები, შესაძლებლობები, კულტურა, პოლიტიკური წყობა ჩვენთვის არის სამიზნე. ჩვენთან დემოკრატიული რომ იყოს პოლიტიკური სისტემა, ერთმანეთი უნდა გააკონტროლონ სასამართლომ, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ; იყოს ძლიერი თვითმმართველობები, განათლების სისტემა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი. ასეთი სამყაროსკენ გვინდა წასვლა.

კი, ისტორიულად ბევრი პრობლემა ჰქონდა ევროპას, მაგრამ შუა საუკუნეების ისტორიის გახსენებას ხომ არ დავიწყებთ, რათა უარი ვთქვათ დღევანდელ ევროპაზე?! გასაგებია, რომ ევროპაში მოხდა ნაციზმი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპამ ეს ნაციზმი გადაიაზრა, ჩვენ კი, როგორც ჩანს, კომუნიზმი ვერაფრით გავიაზრეთ და როგორც ახლა მიიღება გადაწყვეტილებები, დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც ხდებოდა კომუნისტების პერიოდში, როცა ერთი პარტია იყო „ჭეშმარიტების მფლობელი“, რომელიც საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ იღებდა გადაწყვეტილებებს.

- ბატონო სიმონ, ევროპული, დასავლური განათლების სტანდარტზეც ვისაუბროთ, რომლისკენაც მივისწრაფვით...

- განათლებასა და მეცნიერებაში რაც ხდება დასავლეთში, მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის. ადამიანები ცდილობენ, უნივერსიტეტებში ისეთ წარმატებას მიაღწიონ, რომელთა საზომები გამოიყენება აშშ-ისა და ევროპის უნივერსიტეტებში, რაც მჭიდროდ უკავშირდება დასაქმების ბაზარს. ევროპულია მოძრაობა, რომ ურთიერთაღიარება მოხდეს განათლების ხარისხების. ჩვენ ამ სივრცეში გვინდა ყოფნა და მეორე მხრივ, ღირებულებები გვაქვს საერთო. ჩვენთვის, ისევე, როგორც მათთვის, მნიშვნელოვანია სამართლიანობა, გამჭვირვალობა, დემოკრატიული ცხოვრების წესი. ეს ღირებულებები გვაერთიანებს, ევროპაშიც ზრუნავენ საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, საკუთარი ენა და ისტორია იცოდნენ და ამასთან საერთო ისტორიაც. ეს არის ის სამყარო, საითაც მივდივართ და არა ალტერნატიული გზა, სადაც გვეუბნებიან, რომ არის მხოლოდ ერთი „ჭეშმარიტება“, ყველა მტერია, არავინაა მეგობარი...

განათლების სისტემისთვის ამ კანონის მიღება არა მხოლოდ ამ შესაძლებლობების დაკარგვაა, არამედ, იდეოლოგიური შემობრუნებაც, სადაც მასწავლებლებისა და პროფესორების ნაწილი დაიწყებს სწავლებას იმისა, რომ ჩვენ ვართ მტრულ გარემოცვაში, საზოგადოებაში გვყავს აგენტები... ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში მოხდება ის, რაც რუსეთშია, სადაც სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები ერთმანეთს ასმენენ  და ეს ხალხი ციხეში მიდის, რადგან ჩაითვალა, რომ საკუთარ სახელმწიფოს „საფრთხეს უქმნიან“...

 

 ავტორი-თათია გოჩაძე