„ენმ-ში „ანტიმიშების“ რაოდენობა იმაზე სოლიდურია, ვიდრე ჩანდა“ - არჩილ გამზარდია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 მას შემდეგ, რაც სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - ამის შესახებ განცხადება პარტიის ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. ბოიკოტი იმას ნიშნავს, რომ ენმ საკრებულოებსა და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთან, პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს. ხაბეიშვილის თქმით, პროტესტის ცენტრი დედაქალაქი იქნება, თუმცა ქუჩის აქციები რეგიონებშიც გაიმართება. აქვე ხაზგასასმელია, რომ ენმ-ის ახალი თავმჯდომარის მიერ გაცხადებული გადაწყვეტილება უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით შიდაპარტიული დაპირისპირების ფონზე ხდება.   

ჩნდება კითხვა - ორ ფლანგად გაყოფილი ოპოზიციური პარტია შეძლებს კი ხელისუფლების ჯანსაღ ოპონირებას? - ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე „ვერსია“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

 

- არჩილ, ცოტა ხნის წინ რომ ვისაუბრეთ, მითხარით, ნაციონალურ მოძრაობას ახალი თავმჯდომარეც რომ ჰყოლოდა, პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში რადიკალურად მაინც ვერ შეცვლიდაო. ახლაც ამავეს ფიქრობთ?

- დიახ, მაინც იმავე პოზიციაზე დავრჩები, რადგან აქტიურობა, როგორც ფორმა, არაა საკმარისი, რომ შინაარსი განსაზღვროს. გვაქვს ასეთი პერიოდები გამოვლილი - წერტილოვანი, გლობალური აქციები; პიკეტირება, არაძალადობრივი წინააღმდეგობის და პროსტესტის ცალკეული ფორმები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ფრაგმენტულად სიტუაცია იცვლებოდა, არც ერთ მათგანს სერიოზული შედეგი არ გამოუწვევია. განსაკუთრებულ შედეგში იგულისხმება ის, თუ რამდენად ახერხებს ოპოზიცია ძალაუფლების მიღებას და მმართველობის შეცვლას.

აქ ერთი ლოკალური ამოცანაცაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება, მაგრამ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს საპროტესტო აქციისგან, სჭირდება კომპლექსური, განვითარებადი მხარდაჭერა ანუ ეს უნდა იყოს მძლავრი პროცესი. ამ მხრივ, თეორიულად, ჯერჯერობით კი დგას შესაძლებლობა, რომ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგი, მაგრამ პრაქტიკულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ამას განგრძობადი ფორმა არ აქვს. საერთო ჯამში, ოპოზიციური პარტიები კი უცხადებენ გარკვეულ სოლიდარობას პრეზიდენტ სააკაშვილს, მაგრამ ყველა მათგანი დაკავებულია სრულიად ბუნებრივი პროცესით, რაც გულისხმობს საკუთარი თავის წინ წაწევას და საკონკურენტო სივრცეში ძლიერი კონკურენტის მოშორებას. ამას ასე ხმამაღლა ნაკლებად ამბობენ, მხოლოდ საპარლამენტო გირჩი უფრო საუბრობს ხოლმე ღიად და თამამად, თუმცა მიდგომა ასეთია...

ამიტომ, ამ ეტაპზე რასაც ვხედავ, ეს შეიძლება იყოს ენერგიული, აქტიური, ფრაგმენტულად ექსპრესიული ღონისძიებები, მაგრამ ეს პროცესი რამდენად იმოქმედებს სააკაშვილთან მიმართებაში, უცხოა, თუმცა შეგვიძლია, ერთ წარმატებულ შედეგად ვახსენოთ ის, რომ ამ პარტიის ღონისძიებებით, მათთვის მნიშვნელოვანი თემა აქტუალურია. ქვეყანაში ამის გარდა, სხვა საკითხი, პრაქტიულად, არ ტრიალებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება.

ვეჭვობ, რომ ნაციონალური მოძრაობის რესურსები ეყოს გლობალური ცვლილების პირობის შექმნას მაშინ, როცა პარტიაშიც ძლიერი კონკურენციაა. 40% მიიღო ნიკა მელიამ პარტიულ არჩევნებში და ეს ნახევარზე ოდნავ ნაკლებია. შესაბამისად, დეკლარირებულად ვინ როგორ მოქმედებს ერთია, მაგრამ მათ ერთმანეთთან სხვა ანგარიში აქვთ - ეს შეიძლება იყოს ტაქტიკური შემთხვევები, როცა ვიღაც, ვიღაცის გვერდით დგება, მაგრამ სტრატეგიულად კონკურენციას უწევენ შიგნით, ერთმანეთს და ერთმანეთის წარმატებას არ მოიწადინებენ. ამ შემთხვევაში, პერსონალიებზე არ ვსაუბრობ, ეს ასე ხდება, როგორც წესი.

- ენმ ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის „ბანაკებად“ გაიყო და კოორდინაცია ამ ძალებს შორის გაჭირდება... რა გამოდის, შუაზე გახლეჩილი, დასუსტებული პარტია იწყებს ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ? ნიკა მელია ყრილობაზეც კი არ მიიწვია ხაბეიშვილმა.. ასეთი მდგომარეობით შეძლებს იმ მიზნის მიღწევას, რაც პარტიის თავმჯდომარემ დააანონსა?

- პირველ რიგში, „ფრთები“ რომ არსებობს პარტიაში ღიად და გამოხატულად, კი, წამგებიანია, მაგრამ გარკვეულწილად, დემოკრატიული გამოვლინებაა. ასეთ პარტიებს ვერ ვხედავთ, ვერსად ვამჩნევთ, რომ პარტიებში შიდა ავტონომიური სუბიექტები და ჯგუფები არსებობდნენ. ასეთი დიდი მონოლითი იყო ყოველთვის ენმ-ც. დღეს ნაციონალური მოძრაობა უნიკალური იმითაა, რომ შიდაგავლენის ჯგუფები არ არის ცალსახად პარტიის დამფუძნებლის ქვეშ. ეს შიდა დემოკრატიაა, რაც ნიკა მელიას პერიოდში მოხერხდა... დღეს, მიმდინარე თავმჯდომარე, მისი მფარველი გუნდითა და მხარდამჭერებით, შეეცდება, კვლავ მონოლითურ რეჟიმში გადაყვანას, რადგან ზოგადად, მართლაც ასეა - პარტიაშიც და სახელმწიფოშიც დემოკრატიულ მმართველობას სხვა უნარი და შინაგანი მენტალობა სჭირდება. ამიტომ, რაც ვნახეთ, პარტიაში, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად ჩატარდა პოლიტსაბჭოს არჩევა და ა.შ. გარკვეულწილად, არის მცდელობა, კვლავ ავტოკრატიულ მმართველობაზე გადასვლისა. გამოჩნდება, იქნება თუ არა ეს კვლავ შესაძლებელი, რადგან ალბათ, პარტიის წევრებს ასე ადვილად ვერ გაყრიან და ეს ჯგუფები იარსებებენ. მიუხედავად იმისა, რომ შიდა გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების რესურსი შეიძლება არ ჰქონდეთ, როდესაც ახალი თავმჯდომარე ვერ იქნება წარმატებულად გამოვლენილი, შოდაპარტიულ ჯგუფებს შესაბამისი რეაქცია ექმებათ. ამიტომ, ახლა ამ მონოლითის ჩამოყალიბების ძალისხმევას ვხედავთ.

 ყველაფერ ამას როგორი შედეგი ექნება, იმაზეა დამოკიდებული, შეიქმნება თუ არა ეს მონოლითი და პლუს, ამ ეტაპის გავლის შემდეგ, როგორ მოტრიალდება პარტია...

- თუმცა, მაინც ძველი სახეები დომინირებენ და როგორც ჩანს, ახალ წევრებს ასპარეზს არ უთმობენ პარტიაში...

- კი, ასეა და ეს არ იმოქმედებს შიდამხარდაჭერის დონის ხანგრძლივად ამაღლებაზე. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოგვეპარა ბოლო ხანს - ვნახეთ, რომ ნიკა მელია პოზიციონირდა, როგორც „ანტიმიშა“ და მან შიდასივრცეშივე მიიღო მხარდაჭერის 40% ანუ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ „ანტიმიშების“ რაოდენობა პარტიაში იმაზე სოლიდურია, ვიდრე ეს ჩანდა. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ეს შეამჩნია მელიამ და იმიტომაც არ წავიდა პარტიიდან და ეს არც იქნებოდა სწორი. იმ დროს, როცა „ანტიმიშა“, მიშას მოწინააღმდეგე და მაგინებელი გქვია და შენ იღებ 40%-ს, ეს ნიშნავს, რომ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებაც, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ისეთი ერთგვაროვანი, როგორც ჩანდა. ამიტომ, ეს პროცესი ან გააძლიერებს პარტიას და მაინც მიუხედავად არსებული ცუდი ფორმებისა, თეორიული პერსპექტივა ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტი აქვს, რომ თანამედროვე პარტიად გარდაიქმნას თავისდაუნებურად, თუნდაც მახინჯი ფორმებით. სხვა პარტიებში ამის პერსპექტივა ბევრად ნაკლებია.

საერთოდ, არ  გამოვრიცხავ, რომ წარუმატებელი ღონისძიებების შემთხვევაში, კვლავ დადგეს ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგში თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები. შეიძლება, დღეს და ხვალ არა, მაგრამ არა იმ რეჟიმში, როგორც ახლაა გათვლილი.

- მნიშვნელოვანია ბოიკოტის თემაც. საკრებულოებსა და პარლამენტს ტოვებს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას წინ უდიდესი ამოცანა აქვს - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. თქვენი ხედვით, ბოიკოტი ამ საკითხის გადაწყვეტაზე იმოქმედებს?

- პირველი, ამ ე.წ. ბოიკოტს გარკვეული პრაქტიკული პერსპექტივა ექნებოდა მაშინ, თუ „ქართული ოცნება“ ერთპარტიული მმართველობის რეჟიმში დარჩებოდა და ეს იყო ზუსტად არჩევნების შემდეგ პერიოდში - ჩვენ ვნახეთ, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელს რა დამოკიდებულებაც ჰქონდა. ევროპული ცხოვრების წესია, რომ ადამიანებმა სადეპუტატო მანდატებში პასუხისმგებლობა დაინახონ და არა - მხოლოდ შესაძლებლობები. არ უნდა დაგვავიწყდეს, პარლამენტის დატოვების ფორმაცაა მნიშვნელოვანი - უბრალოდ, ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან, თუ საერთოდ გააუქმებენ მანდატებს, მაგრამ რჩება ამით „ოცნება“ ერთპარტიული მმართველობის რეჟიმში? - პარლამენტში დღეს სრულიად სხვა მოცემულობაა, ვიდრე ეს იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგ. ახლა პარლამენტში არაერთი პარტიაა და ძალიან ნაკლები შანსია, რომ მათ დატოვონ საპარლამენტო მანდატები, ამიტომ ფორმალურადაც და შინაარსობირვადაც ფსევდო, მაგრამ მაინც ე.წ. მრავალპარტიულობა პარლამენტისა დაცული იქნება.

- ანუ, ხელისუფლებას ამით დისკომფორტი არ შეექმნება? თუ ასეა, რატომ აირჩია ენმ-ის ახალმა მმართველობამ ეს გზა?

- „ოცნებაში“, რასაც ვხედავ, საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ თუ რამე უქმნის მათ პრობლემას, ეს არის უკრაინასთან დაკავშირებით წარმოებული უცნაური და ხშირად არცთუ საღი დამოკიდებულება. ამაზე დიდ პრობლემას პარლამენტიდან რომელიმე სუბიექტის გასვლა არ შექმნის. გააჩნია, რა დროსა და ვითარებაში ხდება ეს და ამიტომაც არ ექნება ბოიკოტს განსაკუთრებული ეფექტი.     

ხშირად პოლიტიკოსები სურვილებს უფრო მიჰყვებიან ხოლმე და ილუზიას იქმნიან, რომ ძალისხმევას შესაბამისი შედეგი ექნება და შესაძლოა, საქმე გვქონდეს იმედთან, რომ ბოიკოტს შედეგი მოჰყვება, ან ეს იყოს გათვლილი კვლავ შიდა პარტიული კონკურენციის ფარგლებში ამომრჩევლების მობილიზებაზე ახალი ხელმძღვანელობის მიმართ.  

- ე.ი. მიიჩნევთ, რომ ხაბეიშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილმა გადაწყვიტეს, „ორთქლი გამოუშვან“ საკუთარ პარტიაშივე... იციან, რომ ამ პროცესს, შესაძლოა, არ მოჰყვეს მასშტაბური შედეგი, თუმცა საკუთარი გავლენის განმტკიცებას ცდილობენ?

- კი, ეს არის შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რადგან გამარჯვება საკმარისი არაა, მას სჭირდება განმტკიცება და ამ ეტაპზე, ეს არის საჭირო, რადგან ეს იყო ძირითადი პირობა, რამაც იმოქმედა ნიკა მელიას წინააღმდეგ, ხაბეიშვილის სასარგებლოდ.

ავტორი-თათია გოჩაძე