რატომ ხდებიან გმირები მკვლელები - ვახტანგ მაისაია სამხედრო ომბუდსმენის აპარატის შექმნის ინიციატივით გამოდის

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

20 იანვრის ღამე საგარეჯოსა და მთელი საქართველოსთვის უმძიმესი აღმოჩნდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი ისროდა, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი ოთხი პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - სულ დაიღუპა ექვსი ადამიანი.

მედიის ცნობით, ყოფილ სამხედროს, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილე იყო, ავღანეთსა და სხვა მისიებშიც მონაწილეობდა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

რა სახის ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შეექმნათ ომის ვეტერანებსა და სამხედრო პირებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შემდეგ და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო, თუკი მათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სჭირდებათ? - „ვერსია“ სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

 

- ბატონო ვახტანგ, ძირითადად, რა პრობლემები ექმნებათ სამხედრო პირებს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და რას აკეთებს სახელმწიფო მათ სამკურნალო-სარეაბილიტაციოდ?

- ამ ეტაპზე, კიდევ კარგი, რომ ეს ერთეული შემთხვევაა, მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემა არსებობს. როგორც ვიცი, 2013 წელს, როცა ბატონი ვახტანგ კაპანაძე იყო გენშტაბის უფროსი, შეიქმნა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც უწევდა დახმარებას დაჭრილ და დასახიჩრებულ სამხედროებს. ახლა რა სიტუაციაა, ვერ გეტყვით, რადგან ინფორმაცია არ ვრცელდება. ზოგადად, თავდაცვის სამინისტრო ნაკლებტრანსფარანტულია ხოლმე ასეთი საკითხების მიმართ, თუმცა როგორც აღვნიშნე, არსებობს ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი არა მხოლოდ დაჭრილ-დასახიჩრებული ჯარისკაცებისთვის. მსგავსი ღონისძიებები აქვს ვეტერანთა სამსახურს, რომელიც ქმედითი სტრუქტურაა და მუშაობს ვეტერანთა სოციალური, ჯანდაცვისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. ბატონი კობა კობალაძე, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი, საკმაოდ კარგად უძღვება ამ მიმართულებას, რაც ვეტერანთა პირობების გაუმჯობესების კუთხითაც ჩანს. როგორც იცით, ვეტერანებს გაუზარდეს ფინანსური კომპენსაცია. რა თქმა უნდა, ეს თანხა ძალიან ცოტაა დღევანდელი ჰიპერინფლაციის პირობებში (ადრე, 22 ლარს აძლევდნენ ვეტერანს, ახლა კი, თუ არ ვცდები - 100 ლარს).

ვეტერანებისთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შექმნა აუცილებელია, რადგან საქართველო, უახლეს ისტორიაში განვითარებული მოვლენებისა და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობიდან გამომდინარე, ომის ვეტერანთა რაოდენობის მიხედვით, წამყვან პოზიციაზეა. ჩვენ გვაქვს აფხაზეთის ომის, ცხინვალის, ავღანეთის, ერაყის ომების სინდრომი. თავადაც ვმონაწილეობდი ავღანეთში, ჩვენი სამშვიდობოების მომზადების პროცესში. მაშინ უნდა შეგვექმნა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი, რადგან თავიდანვე ვამბობდი, რომ ამ საკითხს სერიოზული ყურადღება სჭირდებოდა.

მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, ნაკლებად აქცევდნენ ამას ყურადღებას, ხოლო როცა ვხატანგ კაპანაძე გახდა გენშტაბის უფროსი, ეს პროცესი დაიწყო, რადგან თვითონაც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, იყო დაჭრილი და კარგად ესმოდა სამხედროების სულისკვეთება. ბატონი ვახტანგი ახლა აღარ არის, სამწუხაროდ, გენშტაბის უფროსი და ახლა როგორი სიტუაციაა, ნამდვილად არ ვიცი. ვეტერანთა სამსახური უფრო მუშაობს ამ მიმართულებით. შექმნილია ვეტერანთა დახმარების ფონდი და დეკემბერში გაიმართა ამ ფონდის მორიგი პროექტის პრეზენტაცია, მაგრამ ეს არაა საკმარისი, რადგან ეს საკითხი უნდა იყოს ეროვნულ დონეზე აყვანილი.   

უნდა შეიქმნას სპეციალური ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი; სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პაკეტები. ასევე, ძალიან კარგი პროექტი იყო, რაშიც მეც ვმონაწილეობდი, რომ შესულიყო სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლება. მოსწავლეებს სამხედრო საკითხებზე გაკვეთილებს ჩაუტარებდნენ ყოფილი სამხედროები, მათი გადამზადების პაკეტიც კი არსებობდა. უნდა მომზადებილიყო სპეციალური სახელმძღვანელო, რაზეც მუშაობდა ვეტერანთა სამსახურიც და ჩართული იყო განათლების სამინისტროც, მაგრამ ეს თემა მიჩუმათდა. ეს ინიციატივა ორი-სამი წლის წინ გაჩნდა, თუმცა არ განხორციელდა.

- რატომ?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შემცირდა და ალბათ, თავდაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის ვერ მოხდა კოორდინაცია.

- ბატონო ვახტანგ, აშშ-ში, ომის ვეტერანებს კომპლექსურ სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო - ცალკე საავადმყოფოები, დასასვენებელ-სარეაბილიტაციო ცენტრებია შექმნილი.  გასაგებია, რომ საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკურ-სოციალური თუ სხვა ასპექტებით შედარება შეუძლებელია, მაგრამ საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში უნდა შეიქმნას თუ არა მსგავსი კომპლექსური სერვისები ომის ვეტერანებისა და სამხედრო პირთათვის?

- დიახ, გეთანხმებით, ეს ცენტრალური მთავრობის პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს და გადაეცეს ვეტერანთა სამსახურს, რომლის სტატუსიც უნდა გაიზარდოს და გახდეს დამოუკიდებელი სამინისტრო, რადგან გავიმეორებ - საქართველოში, ერთ სულ მოსახლეზე, ყველაზე დიდი რაოდენობის ვეტერანები გვყავს - რამდენიმე სერიოზული ომი გავიარეთ, ასევე, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობდნენ ჩვენი სამხედროები და დანაკარგიც დიდი გვქონდა, სამწუხაროდ.

აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას სპეციალური სამინისტრო, შეიქმნას ბიუჯეტი ამ მიმართულებით. ყველა ამბობს ღარიბი ქვეყანა გვაქვსო, თუ ასეა, ღირსეულად უნდა მივაგოთ პატივი ჩვენს ვეტერანებს. აქვე უნდა შევიდეს სამხედროების გადამზადებისა და სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხები.

საგარეჯოში მომხდარ ამბავს რომ დავუბრუნდეთ, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ადამიანს ჰქონდა ფსიქიატრიული პრობლემები, მაგრამ რამაც მოახდინა ამის კატალიზაცია, გასაგებია - რთულმა სოციალურმა პირობებმა. არ შეიძლება, რომ სახელმწიფომ მიაგდოს ეს ადამიანები, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს, რადგან ამან, შეიძლება, პრობლემები შექმნას კრიმინალური თვალსაზრისითაც.

- დიახ, მაგალითად, ბადრი ესებუას შემთხვევაში, რაც მოხდა...

- დიახ, ესებუამ განახორციელა ტერაქტი. პირველად მე ვთქვი, რომ ეს იყო ტერაქტი და შემდეგ მისცეს ასეთი კვალიფიკაცია. ტერაქტი იმიტომ იყო, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრა ძალადობრივად, მას ჰქონდა პოლიტიკური მოტივი, ეს კარგად გამოიკვეთა და ეს იყო პირველი სიგნალი, რის შემდეგაც, ამ კუთხით უნდა გადაედგა ნაბიჯები სახელმწიფოს. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი კეთდება, მაგრამ გასაკეთებელი გაცილებით მეტია. მისაღებია შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რადგან სახელმწიფო ვალშია ვეტერანებსა და იმ ადამიანებთან, რომლებიც სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოსთვის.

- აქვე ხაზგასასმელია, რომ „გირჩი“ არაერთ ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, თავი აარიდოს სამხედრო სავალდებულო სამსახურს... ეს არასერიოზულ დამოკიდებულებას ქმნის ქვეყნის თავდაცვის თვალსაზრისით...

- ეს კიდევ ცალკე თემაა. საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა არასრულყოფილია, ეს თავდაცვის პოლიტიკის სერიოზული პრობლემაა, რაც არასდროს მითქვამს. უკრაინის ომმაც დაგვანახა, როგორ უნდა გამოგვესწორებინა შეცდომები, რადგან პრობლემატური თემაა - რამდენად გვაქვს თავდაცვისუნარიანი სახელმწიფო. როგორ უნდა დავიცვათ თავი არა მხოლოდ კონვენციური, არამედ, სხვა სამხედრო და ტერორისტული საფრთხეებისგან - ყველაფერი ეს, კომპლექსურ ხედვას მოითხოვს და თავდაცვის პოლიტიკას ეხება. მთავრობამ წამოაყენა თავდაცვის რეფორმების განვითარების პროექტი, რომელიც სამი წელი უნდა გაიწელოს, მაგრამ ჯერ არ არის გამოკვეთილი კონკრეტული, კონცეპტუალური მიმართულება, რაც პრობლემაა, რადგან საქართველოში სამხედრო კადრებისა და ექსპერტების სერიოზული დეფიციტია და უმაღლესი სამხედრო განათლებაც პრობლემატურია. არ შეიძლება, შენი თავდაცვის სისტემა მოარგო სხვა ქვეყნის თავდაცვის მაგალითს. დიდ პატივს ვცემ აშშ-ს, მაგრამ მას თავისი გეოპოლიტიკური ვითარება აქვს და თუ მის სისტემას ჩვენს გეოპოლიტიკურ ვითარებას ვერ მოვარგებთ, ფუჭი იქნება ყოველგვარი მცდელობა. აგვისტოს ომმა გამოაჩინა ჩვენი თავდაცვის სისტემის სუსტი წერტილები. წინა ხელისუფლება მედავებოდა იმის გამო, რომ დავწერე აგვისტოს ომის სამხედრო ანალიზი და სულ ახლახან, ჩამომივიდა ოფიციალური წერილი პოლონეთიდან, რომ ჩემი ანალიზი, რომლის გამოქვეყნება მაინც მოვახერხე სამხედრო ჟურნალში, გაითვალისწინეს და მადლობა გადამიხადეს. ეს ჩემი რეაბილიტაციაა, რადგან რის გამოც სააკაშვილმა ციხეში გამიშვა, დღეს ნატო-ს წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მადლობა გადამიხადეს. წინა ხელისუფლება ადამიანებს იჭერდა ამის გამო, დღევანდელი ხელისუფლება კი მათ იდეებს აიგნორებს.

- მინდა, საზოგადოების წილ პასუხისმგებლობაზეც ვისაუბროთ. როცა ვხედავთ აგრესიულ ადამიანს, ძალადობას და გამოკვეთილ ფსიქიკურ პრობლემებს, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, დროულად ვაცნობოთ შესაბამის სტრუქტურებს...

- ჩემი აზრით, ეს მაინც სახელმწიფოს პრეროგატივაა. ამისთვის არსებობს ძალოვანი სტრუქტურები. საინტერესოდ მიმაჩნია, რომ შეიქმნას სამხედრო ომბუდსმენის აპარატი, ამ საკითხს საჯაროდ ვაყენებ. ყოფილმა ომბუდსმენმა, უჩა ნანუაშვილმა ეს გაითვალისწინა და თავისსავე სტრუქტურაში ცალკე დეპარტამენტი შექმნა ამ მიმართულებით, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. სამხედრო ომბუდსმენი ცალკე უნდა იყოს. პრეზიდენტსაც შევთავაზე, ქალბატონ სალომეს, რომ შექმნილიყო მის დაქვემდებარებაში ეს აპარატი, რადგან ეს აუცილებელია. ბიზნესომბუდსმენი თუ არსებობს, სამხედრო ომბუდსმენი რატომ არ უნდა იყოს, რომელიც არსებულ პრობლემებს განიხილავს, შეისწავლის და ირეაგირებს, რომ აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები.

 

თათია გოჩაძე