„თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობას, უნდოდა დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანებს, ვინც დღეს არის „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს და რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

 

„მინდა დავაანონსო ახალი მეგაპროექტი - ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. დღეს გვინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ, რომელიც ამ შემთხვევაში სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ გვქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. 30 წლის თავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 16 მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი. წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ. ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი. მედლების რაოდენობა არის გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

 

ასეთი წარმატებები ჩვენ არ გვქონდა იმ ცნობილი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო დღევანდელი ოპოზიცია. 90-იან წლებთან შედარებითაც კი, მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები.

 

მინდა გაგახსენოთ კონკრეტული მოვლენები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს არჩეულ პრეზიდენტს განცხადება გადადგომაზე. არაფერს არ ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში. ასევე მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს“ გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე. მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, „თბილისის დინამო“, ჩვენი ისტორიული კლუბი და კლუბი ფაქტობრივად განადგურების პირამდე მიიყვანეს. ნულოვანი წარმატება გვქონდა ჩვენ მთელი ის წლები ევროტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისი დინამოს“, ათ თამაშში აქვს 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება „თბილისის დინამოს“ სახელით და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს არის ყველაფერი იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე და ჩვენ დაგვჭირდა წლები მაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს.

 

ასევე მინდა გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მე მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, რომ არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლი, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით“, - აღნიშნა პრემიერმა.