ბესლანის ტრაგედიიდან „კროკუს სითი ჰოლის“ ტერაქტამდე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს... ჩვენ გვაინტერესებს, ვინ გასცა ეს ბრძანება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კროკუს სითი ჰოლში მომხდარ ტერაქტზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, რუსეთის დიქტატორი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა, შესაძლოა, კიევის ნეონაცისტურ რეჟიმს უკავშირდებოდეს.

ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ებრძვის. ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს ის, ვინ გასცა ეს ბრძანება...

ეს სისასტიკე შეიძლება იყოს მხოლოდ ბმული იმ მცდელობების მთელი სერიიდან, ვინც 2014 წლიდან ებრძოდა ჩვენს ქვეყანას ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით, - განაცხადა პუტინმა.

 

სანამ პუტინი ამ განცხადებას გაკეთებდა, რუსეთის პროკურატურამ 22 მარტს, მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში განხორციელებულ ტერაქტში ბრალდებულებს ბრალი წაუყენა.

რუსეთის მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საიდაქრამ რაჯაბალიზოდა, დალერჯონ მირზოევი, მუჰამადსობირ ფაიზოვი და ფარიდუნ შამსიდინი ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. სასამართლოს განცხადებით კი, დახურულ მოსმენაზე სამმა ბრალდებულმა დანაშაული ყველა წაყენებულ ბრალდებაში აღიარა.

ამასთან, გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომელთა ავთენტიკურობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. ვიდეოზე, სავარაუდოდ, რამდენიმე ეჭვმიტანილის ანუ ტაჯიკეთის მოქალაქეების დაკითხვაა ასახული.

ამ ჩანაწერების გავრცელებამდე, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ კრასნოგორსკში, „კროკუს სიტი ჰოლში“ სისხლიან თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებული 11 ეჭვმიტანილი უცხოელი იყო.

აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთის მთავრობა კრემლის ახლო მოკავშირეა. ამასთან, ოფიციალური დუშამბე ამტკიცებს, რომ კრემლისგან „ოფიციალური ინფორმაცია“  თავდასხმაში ტაჯიკების სავარაუდო მონაწილეობის შესახებ არ მიუღია.

ტაჯიკეთის ისლამური აღორძინების ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუჰიდინ ქაბირის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ინფორმაცია, რომ ტაჯიკეთის რამდენიმე მოქალაქემ და ტაჯიკეთ-რუსეთის მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა მოსკოვის საკონცერტო დარბაზში ამტყდარ ხოცვა-ჟლეტაში, რომელსაც სულ ცოტა, 137 ადამიანი შეეწირა.

ქაბირიმ დაადანაშაულა ტაჯიკეთის მთავრობის ავტორიტარული პოლიტიკა და ისლამის „ჩახშობა“ მისი ზოგიერთი მოქალაქის „რადიკალიზაციის“ გამო.

ტაჯიკეთის ისლამური აღორძინების პარტია, რომლის წარმომადგენლები მთავრობაშიც იყვნენ, ქვეყანაში აკრძალულია.

რუსმა დეპუტატმა, ალექსანდრ ჰინშტეინმა „ტელეგრამ“-არხზე დაწერა, რომ ტაჯიკეთის პასპორტები იპოვეს იმ მანქანაში, რომლითაც ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, გაიქცნენ, სანამ მათ რუსეთის პოლიცია დააკავებდა ბრიანსკის რეგიონში, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით, 340 კილომეტრში.

 

***

რაჯაბალიზოდა, რომელსაც შემდგომ ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს, ორ სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა. ის ორივე ჩანაწერში აღიარებს მოსკოვის ტერაქტში მონაწილეობას. მკაფიო კადრებში ჩანს, როგორ აჭრის მას ყურს რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი.

მას თავი დოლბანდით აქვს შეხვეული და სისხლიანი მაისური აცვია. ის ამბობს, რომ სხვა თანამზრახველებთან ერთად, იარაღი „სადღაც, გზაზე“ დატოვა, როცა შემთხვევის ადგილიდან გარბოდნენ. რადიო „თავისუფლებამ“ ამ კადრების ნამდვილობის დადასტურება ვერ შეძლო.

მეორე, ასევე, დაუდასტურებელ ვიდეოჩანაწერში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელბორკილები ადევს. ის ჰყვება, რომ უცნობმა პირებმა დაიქირავეს „ტელეგრამ“-ის საშუალებით, რათა ფულის სანაცვლოდ ესროლა ხალხისთვის.

პირი, რომელიც რუსულად, ტაჯიკური აქცენტით ლაპარაკობს და თავს წარმოადგენს ფარიდუნ შამსიდინად, ამბობს, რომ 1998 წელს დაიბადა.

მისი თქმით, დაუკავშირდა „ასისტენტი მუსლიმი ქადაგისა“, რომლის ლექციებსაც „ტელეგრამ“-ში უსმენდა.

შამსიდინის თანახმად, ასისტენტმა მას შესთავაზა მილიონი რუბლი (11 ათას დოლარამდე) ხალხის დახოცვისთვის, იარაღი და მიუთითა თავდასხმის ადგილი.

ასისტენტმა მას არ მისცა ინფორმაცია „არც სახელის, გვარის, ან სხვა რამის შესახებ“. მისივე თქმით, თავდასხმამდე, „ფულის ნახევარი“ გადაეცა.

შამსიდინი და სხვა ეჭვმიტანილები, რომლებიც დააკავეს და რომლებიც ვიდეოზე ჩანან, არ ახსენებენ არც ისლამისტურ დაჯგუფებას „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელმაც იკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა და არც „ისლამურ სახელმწიფო-ხორასანს“, რომელსაც, ასევე, მოიხსენებენ, როგორც თავდასხმის შესაძლებელ მონაწილედ.

არის კიდევ ერთი, მოკლე ვიდეო, რომელზეც მესამე ეჭვმიტანილია გამოსახული - უცნობი პირი, რომელიც ტაჯიკურად ლაპარაკობს და დამკითხავებს თარჯიმნის საშუალებით უყვება, რომ იყო უმუშევარი და ეძებდა სამუშაოს. ამ დროს, „ტელეგრამ“-ის საშუალებით, „დაახლოებით, ათი დღის წინ“, დაუმეგობრდა ვინმე აბდულოს. მისი ნაამბობით, აბდულომ შესთავაზა მანქანის ერთად ყიდვა და ტაქსისტად მუშაობა.

„აბდულო ჩვენთან ერთად იყო“, - თქვა მან, თუმცა არ არის ცხადი, გულისხმობდა თუ არა ის უშუალოდ თავდასხმას.

რუსეთის მედიის თანახმად, ბრიანსკში დაკავებულ ეჭვმიტანილებს შორისაა 19 წლის მუჰამადსობირ ფაიზოვი, რომელიც ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშამბედანაა.

გავრცელებული ცნობით, დაკავების წინ, ფაიზოვი დაიჭრა და მას ბრიანსკის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, საიდანაც რუსეთის სამართალდამცველებმა წაიყვანეს.

რუსეთის სოციალური მედიის პლატფორმაზე - „კონტაკტ“-ზე ორი ანგარიში უკავშირდება ფაიზოვს. აქედან ჩანს, რომ ის ნოემბრამდე მუშაობდა საპარიკმახეროში, რუსეთის ქალაქ ივანოვოში.

რამდენიმე სხვა, ასევე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან, მათი ვინაობა და ფოტოებიც გამოჩნდა რუსულ ვებ-საიტებზე.

მათ შორის იყო შოჰინ საფოლზოდა, ტაჯიკეთის ფაიზობოდის რაიონის მკვიდრი. ცოტა რამ არის ცნობილი საფოლზოდას შესახებ ან იმაზე, თუ რატომ მიიღო მან, სავარაუდოდ, მონაწილეობა თავდასხმაში.

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწრაფად უარყო რუსეთის მედიის ცნობები ტაჯიკეთის სამი მოქალაქის - რივოჯიდინ ისმონოვის, მაჰმადრასულ ნასრიდინოვისა და რუსტამ ნაზაროვის - თავდასხმაში მონაწილეობის თაობაზე და განაცხადა, რომ 22 მარტს, თავდასხმის დროს, ორი მათგანი სახლში იმყოფებოდა, ტაჯიკეთში, ხოლო მესამე - სამსახურში, რუსეთის ქალაქ სამარაში, რომელიც მოსკოვიდან რამდენიმე ასეული კილომეტრითაა დაშორებული.

თუმცა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია სხვა ტაჯიკების შესახებ, რომლებიც ვიდეოების მიხედვით, სავარაუდოდ, დააკავეს და დაკითხეს.

ამ ცნობებისა და ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ანტიტაჯიკური და ანტიმიგრანტული განწყობა რუსეთში, რაც ისედაც ყოველთვის არსებობდა ამ ქვეყანაში, სადაც ტაჯიკეთიდან და შუა აზიის სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს.

ასე, მაგალითად, შორეულ აღმოსავლეთში, ბლაგოვეშჩენსკში დაწვეს სასადილო, სადაც ტაჯიკი მიგრანტები მუშაობდნენ. კალუგაში, რუსეთის დასავლეთში, გავრცელდა ცნობა სამი ტაჯიკის ცემის შესახებ.

ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ მოსკოვის ტერაქტში ეჭვმიტანელიბის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. 25 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, რუსმა სამართალდამცავებმა კიდევ სამი პირი დააკავეს.

„მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, გამოძიების მოთხოვნით, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე სამი ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულები ძმები დილოვარი და ამინჩონ ისლომოვები, ასევე მათი მამა - ისროილი არიან. ისინი ორი თვით დააპატიმრეს.

სასამართლოს მასალების მიხედვით, ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში ტერორისტული აქტის ჩადენაში, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის პუნქტი „ბ“ ფედერაცია). დილოვარსა და ამინჩონ ისლომოვებს ბრალი უკვე წაუყენეს, მამა ეჭვმიტანილი რჩება.

დილოვარი და მისი 33 წლის ძმა ამინჩონი საგამოძიებო კომიტეტში საკუთარი ნებით მივიდნენ.

„ჩვენ თვითონ გამოვედით, როცა გავიგეთ, რომ ჩემი მანქანა ნახეს“, - თქვა დილოვარ ისლომოვმა.

ამინჩონ ისლომოვმა, როდესაც მოსამართლემ ჰკითხა, გაიგო თუ არა რაში ადანაშაულებენ, უპასუხა - „მე უდანაშაულო ვარ“ - იუწყება მედია.

სხვათა შორის, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფმა - „ხორასანი“ აიღო, რომელიც ერთ-ერთიმ ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი დაჯგუფებაა. ვარაუდობენ, რომ ამ დაჯგუფების სამიზნე რუსეთი იმიტომ გახდა, რომ მოსკოვს თალიბანთან კარგი ურთიერთობა აქვს, მასთან კი „ხორასანის“ დაჯგუფება დაპირისპირებულია.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმების შესახებ ვაშინგტონმა კრემლი გააფრთხილა, თუმცა მოსკოვმა გაფრთხილება სერიოზულად არ მიიღო. საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა დიდმა ბრიტანეთმა და შეერთბულმა შტატებმა. მომხდარის გამო საფრანგეთში ტერაქტების საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს.

საგულისხმოა, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში ტერაქტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. შესაბამისად, გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ტერაქტი - არც მეტი, არც ნაკლები - თავად კრემლის ანუ პუტინის ინტერესებში შედიოდა.

ზოგადად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პუტინი მსგავს სისხლიან ავანტურებზე მაშინ მიდის, როცა მისი რეიტინგი ეცემა. ამ შემთხვევაში, რეიტინგის დაცემა თითქოს არ იგრძნობა - საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ უპირობოდ გაიზარდა, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“ - ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ეგონა, არა, კი არ ეგონა, დარწმუნებული იყო, რომ კიევს ორ საათში აიღებდა და უკრაინას დაიმონებდა, მაგრამ როცა პუტინი ბჭობდა, დემონი იცინოდა ანუ ორი წელია, ზელენსკი და, საერთოდ, მთელი უკრაინა პუტინის თავის ტკივილად იქცა.

მართალია, ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მანქანა დუმს, მაგრამ სხვადასხვა წყაროებით ცნობილი ხდება, რომ გაუთავებელი ომის გამო, რუსეთის მოსახლეობაში უკმაყოფილება თანდათან იზრდება. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ პუტინს წარსული გაეხსენებინა და ნაცადი ხერხისთვის მიემართა, იმ ხერხისთვის, რომელიც ჯერ ჩეჩნეთის ე.წ. მეორე ომის დროს, შემდეგ კი ბესლანში გამოიყენა.

აქედან გამომდინარე, სავებით ლოგიკურია, რომ მოსკოვის ახლანდელმა ტერაქტმა ბევრს სწორედ ბესლანის ტრაგედია გაახსენა, რომელიც 2004 წლის პირველ სექტემბერს დატრიალდა:

2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ოთხშაბათს, 09:30 საათზე, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის N1 საშუალო სკოლის ეზოში ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა. ავტომობილებში ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ, მათ მუქი ტანისამოსი და ჯავშანჟილეტები ეცვათ. ნიღბიანებმა ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე ჰაერში გასროლა დაიწყეს. 50-მდე ბავშვმა გაქცევა სწორედ ამ დროს მოასწრო. ხოლო ისინი, რომლებიც ეზოში დარჩნენ - მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები, ტერორისტებმა მძევლებად აიყვანეს.

რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მაშინვე გაავრცელა ცნობა, რომ ბესლანის N1 სკოლას თავს 17 „ბოევიკი“ დაესხა, მათ შორის იყვნენ, როგორც მამაკაცები, ასევე, ქალები და მინიმუმ, ორ ქალს ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა. დროთა განმავლობაში, ცნობილი გახდა, რომ „ბოევიკთა“ რაოდენობა 17 კი არა, 20-25 იყო.

სკოლის შენობაში შესვლისთანავე, „ბოევიკებმა“ შენობის ყველა გასასვლელთან ბარიკადები ააგეს და კარები ჩახერგეს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ისინი მოლაპარაკებებზე არ გადიოდნენ და საზოგადოებისთვის უცნობი იყო მოთხოვნები... „ბოევიკებმა“ სკოლის სპორტული დარბაზი დანაღმეს და ბავშვები იქ შეყარეს. უფროსები კი - მშობლები და მასწავლებლები ცალკე ჰყავდათ დატყვევებული.

დანაღმული იყო, ასევე, სკოლის შენობის შემოგარენი. ტერორისტებმა განაცხადეს, რომ როგორც კი ხელმძღვანელობა სკოლის შენობის შტურმით აღების ბრძანებას გასცემდა, ყველა ნაღმს აამოქმედებდნენ და ყველაფერს ააფეთქებდნენ. სკოლის შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად ბავშვები ჩაამწკრივეს.

მას შემდეგ, რაც „ბოევიკებმა“ სკოლის შენობა „აითვისეს“ და ყველა მძევალი „საჭირო ადგილას დააბინავეს“, ფანჯრიდან გადმოაგდეს ვიდეოფირი და წერილი, სადაც სავაუდოდ მათი მოთხოვნები იქნებოდა ჩამოყალიბებული. ვიდეოფირი ცარიელი აღმოჩნდა, წერილში კი ეწერა, რომ ტერორისტები ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ, ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის გამოყვანას, ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტთან ალესანდრე ზასოხოვთან, ინგუშეთის ხელმძღვანელთან მურატ ზიაზიკოვთან და ბავშვთა გადაუდებელი ქირურგიული ცენტრის დირექტორთან ლეონიდ როშალთან შეხვედრას ითხოვდნენ. სხვათა შორის, სწორედ როშალი აწარმოებდა მოლაპარაკებებს „ბოევიკებთან“ 2002 წელს, როდესაც დუბროვკაზე, თეატრალურ ცენტში მძევლები აიყვანეს.

ტერორისტებმა განაცხადეს, რომ ყოველ მოკლულ ტერორისტზე 50 მძევალს დახოცავდნენ, დაჭრილზე - 20-ს.

იმავე დღეს, ბესლანში ექიმი ლეონიდ როშალი ჩავიდა და ტერორისტებტან მოლაპარაკებები დაიწყო. საღამოს დაწყებული მოლაპარაკებები 2 სექტემბრის დილის 03:00 საათამდე გაგრძელდა. მერე „ბოევიკებმა“ კავშირი გაწყვიტეს. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - წყლის, საკვებისა და მედიკამენტების სკოლის შენობაში შეტანა ვერ მოხერხდა. „ბოევიკები“ ფრთხილობდნენ, რომ საკვებში მათ ფსიქოტროპული საშუალებები არ შეეპარებინათ...

ტერორისტებმა მძევალთა ერთი ნაკადი, 26 ადამიანი, მეორე დღეს გაათავისუფლეს. ეს ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის რუსლან აუშევის ჩარევის შედეგად მოხდა. 26 ადამიანიდან 11 ქალი და 15 ბავშვი იყო, მათ შორის, ყველაზე პატარა თვენახევრის, ყველაზე დიდი კი - 8 წლის.

როგორც იქნა, დუმილი დაარღვია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც და ბესლანის მოვლენაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ვიხსნათ და გადავარჩინოთ მძევალთა სიცოცხლე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა,

თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერორისტთა მიერ ქალაქ ბესლანში, სკოლის შენობის ბლოკირებისა და მძევლების აყვანის თითქმის პირველივე წუთიდან, ჩრდილო ოსეთში რუსეთის არმიის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ქალაქ ბესლანსა და მის შემოგარენში რუსული არმიის სპეცდანიშნულების რაზმების გადასროლა დაიწყეს. ეს მაშინ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ვლადიმერ მიხაილოვმა პირადად დაადასტურა.

მიხაილოვი მაშინ აცხადებდა, რომ ბესლანში გადასროლილი იქნება იმდენი რაოდენობის „სპეციალისტი, რამდენიც საჭირო გახდება“, - მოსწავლეთა სიცოცხლის გადასარჩენი ღონისძიებებისთვის.

თითქმის პირველივე წუთებიდან გადაკეტილი იყო ასევე საქართველოსთან საზღვარიც.

მეორე დღეს, 2 სექტემბერს, მას შემდეგ რაც, „ბოევკებმა“ უარი განაცხადეს საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და ჩეჩნეთში ან ინგუშეთში თავისუფალი დერეფნით გასვლაზე, მძევლების ნათესავებმა და ახლობლებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, სადაც „ბოევიკების“ მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ.

მესამე დღეს, 3 სექტემბერს, „ბოევიკებთან“ კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ უშედეგოდ სრულდებოდა.

ამავე დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლევ ძუგაევმა, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლის შტურმი მანამ არ დაიწყებოდა, ვიდრე არსებობდა საშუალება მძევალთა მოლაპარაკებების გზით გათავისუფლებისა. ეს განცხადება ძუგაევმა 3 სექტემბერს, 01:30 საათზე გააკეთა...

ამ დღეს შტურმის დაწყებას ქალაქში არავინ ელოდა. უჩვეულო სიმშვიდე იყო და ამბობდნენ, გაჩნდა იმედი „ბოევიკებთან“ მოლაპარაკებისაო, მაგრამ...

13:05 საათზე, სკოლის შენობასთან ორი მძლავრი აფეთქება გაისმა და სროლაც დაიწყო... დაიწყო შტურმი... ქალაქში ყველაფერი აირია, სკოლის მხრიდან ქუჩებში გამორბოდნენ დასისხლიანებული ქალები და ბავშვები... ისმოდა სროლები და აფეთქებები... ამავე დროს, თავად ქალაქ ბესლანში ადგილობრივ ინგუშებსა და ოსებს შორის დაპირისპირება დაიწყო... „ბოევიკებმა“ იმ დერეფნის მიზანმიმართული დაცხრილვა დაიწყეს, საიდანაც მძევლები გამოჰყავდათ. სკოლის შენობას მძლავრი აფეთქებების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა...

სკოლის შტურმმა ბევრის სიცოცხლე წაიღო... ტერორისტების ქმედებებმა, რამდენიმე „ბოევიკის“ ხელში ჩაგდების ცდუნებამ და ძალიან ცუდად ორგანიზებულმა „სამაშველო ოპერაციამ“, ოფიციალური მონაცემებით, 334 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,... მათ შორის, ასევე, ოფიციალური მონაცემებით, 186 ბავშვის... 700-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა...

ასე რომ, გავა დრო და, ბესლანისა არ იყოს, ისტორიამ მოსკოვის მარტის ტერაქტიც, შესაძლოა, პუტინის მორიგ სისხლიან გაკვეთილად მონათლოს...

 

***

 26 მარტს, ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა, მათგან 75 იდენტიფიცირებულია. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა კი 182-ია...

 

ავტორი: ნინო დოლიძე