შოთა არველაძე „ჰალის“ მწვრთნელია

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ შოთა არველაძე ინგლისური ჩემპიონშიპის კლუბის მთავარ მწვრთნელად დანიშნულიყო. „ჰალ სიტი“, რომელსაც ახლა მძიმე დროება უდგას, გაიყიდა და კლუბის აქციები არველაძის მეგობარმა, თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალიმ შეიძინა. ახლა შოთამ უნდა მოახერხოს ის, რომ გუნდმა ჩემპიონშიპში ადგილი შეინარჩუნოს, მომავალი სეზონიდან კი პრემიერლიგის საგზურისთვის იბრძოლოს. არველაძე პირველი ქართველი მწვრთნელია, ვინც ძალებს ნისლიან ალბიონზე მოსინჯავს. ინგლისურმა კლუბმა მასთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ანუ მიმდინარე სეზონის ნახევარი და მომდევნო ორი წელი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საშუალება მომცა, რომ „ჰალის“ მწვრთნელი გავმხდარიყავი. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც საფეხბურთო სექტორშია, ინგლისში მუშაობა სურს... ბედნიერი ვარ და ახლა ჩემი ოჯახი ძალიან ამაყობს. მოტივირებული ვარ, რათა ამ ბიჭებთან ერთად კარგი შედეგი ვაჩვენოთ. მიყვარს მიმზიდველი შემტევი ფეხბურთი. როდესაც გულშემატკივარი მოედანზე მოდის, მას ლამაზი თამაშის ხილვა სურს. მთავარი მიზანი ყოველთვის გამარჯვება იქნება. მოუთმენლად ველი მატჩს „სუონსისთან“ და ჩვენს ფანებთან შეხვედრას. გულშემატკივრები უნდა მოვიდნენ და უგულშემატკივრონ კლუბს, რომელიც უყვართ და ბიჭებს მხარი დაუჭირონ. მოდით, ეს გავაკეთოთ და ერთად გავიმარჯვოთ“,-ეს განცხადება შოთამ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გააკეთა.

29 იანვარს კი მისი დებიუტიც შედგა. „ჰალ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „სუონსი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. ნამატჩევს მთელი სტადიონი არველაძე, არველაძეს გაჰკიოდა, ადგილობრივმა მედიამ კი ქართველ სპეციალისტს საინტერესო ნახატიც მიუძღვნა.