ბათუმში კვების 9 ობიექტს არასახელმწიფო ენაზე შედგენილი მენიუ ჰქონდა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 11-დან 9 კვების ობიექტს დარღვევა დაუდგინა.

უწყების თანახმად, ამ დაწესებულებებში შესულ მომხმარებლებს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რადგან მათი მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე.

"სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის, შპს „გრილ ფუდის“, შპს „ჰარვიდენტის“, შპს „დარიას“, ი/მ ანდრეი ხარბედიას, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვის, ი/მ ალექსანდრ ვასილევის, შპს "ინვესტ ინ ჯორჯიას" და ი/მ მარია კალუსტიანის კუთვნილ ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააგენტომ ამ ობიექტების მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებებით, მათ კანონის მოთხოვნის შესასრულებლად ერთი თვე მიეცათ.

სააგენტოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შპს „დანოს“ და შპს „მაქსი სედვიჩ ჩიქენის“ მხრიდან ზემოხსენებული დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

საკითხის შესწავლის პროცესში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის, შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით, შპს „გრილ ფუდს“ ჯარიმა გადახდილი აქვს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე სააგენტოში შევიდა 462 განაცხადი, საიდანაც 251 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

აღნიშნულ პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 117 საქმეზე 77 შეთანხმება გაფორმდა. საანგარიშო პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი 53 საქმეზე, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.