როგორ დავიცვათ თავი გველებისგან და სად გვხვდება შხამიანი სახეობები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გველების აქტიურობაც მატულობს. საქართველოში რამდენიმე სახეობის შხამიანი გველია, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ დავიცვათ თავი მათგან და სად შეიძლება შევხვდეთ ყველაზე შხამიან სახეობებს, რაზეც „ვერსია“ ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელს დაუკავშირდა.

- ბატონო შოთა, რა პერიოდშია გველი ყველაზე აქტიური, როდის გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე?

- ეს დამოკიდებულია ტემპერატურაზე. საქართველოში ძირითადად მარტის ბოლოდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ყველაზე აქტიურია მაისის თვე, როდესაც იწყება გველების გამრავლების, ადგილების ათვისების და ნადირობის პერიოდი.

- ძირითადად, რომელ უბნებში გვხვდება შხამიანი სახეობები?             

- მაგალითად გიურზა გვხვდება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში: კახეთი, სამშვილდე, მარნეული, ბოლნისი. ასევე თბილისის სამხრეთ ნაწილში: ორთაჭალა, კრწანისი, შინდისი.

-როგორ დავიცვათ თავი გველებისგან?

- გველებისგან თავის დაცვა ქიმიურ-ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებებით არაეფექტურია. აპარატები, რომლებიც გამოსცემს სიგნალს და შეწამვლის ღონისძიებები არ მუშაობს. ყველაზე კარგი საშუალებაა ეზოს შემოღობვა და დაცვა ისეთი მღრღნელებისგან, რომლებიც იზიდავენ ქვეწარმავლებს, ბალახის გათიბვა და ბუჩქების მოწესრიგება. სხვა ეფექტური საშუალება არ არსებობს.

- როგორ მოვიქცეთ, თუ გველს დავინახავთ?

- გველი გვკბენს მაშინ, როდესაც ვადგამთ ფეხს, ან ვცდილობთ მის დაჭერას, მოკვლას, მოშორებას და ვაგრძნობინებთ საფრთხეს. თუ დავინახავთ, უნდა გავეცალოთ და არ გადავაადგილდეთ მისი მიმართულებით. ქალაქში კი მუშაობს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, სადაც დავრეკავთ და მოაგვარებენ ამ პრობლემას.

_დაგესვლის შემთხევაში, სანამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მოვა, რა უნდა გავაკეთოთ?

 _ყველა გველი საფრთხეს არ წარმოადგენს. არაშხამიანი გველის ნაკბენი საშიში არაა, უბრალოდ საჭიროა მისი დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით. შხამიანი გველი კი არსებობს რამდენიმე სახეობის. ზოგს შედარებით სუსტი შხამი აქვს, მაგრამ გიურზა ძალიან საშიშია ადამიანისთვის. ის საშუალებები, რაც ადრე იყო გავრცელებული, მაგალითად ნაკბენზე ლახტის დადება, ამოწვა და დასერვა უარეს შედეგს იძლევა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივმართოთ სამედიცინო დახმარებას. არ ვინერვიულოთ, არ ავყვეთ ემოციებს, არ ვიმოძრაოთ აქტიურად, რადგან ეს აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და შხამის გადაადგილებას ორგანიზმში. უნდა მივიღოთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, ხოლო შოკის ან ალერგიული რეაქციის შემთხვევაში - დექსამეტაზონი. ანაფილაქსიის შემთხვევაში, ეპინეფრინის ინექტორი. არ შეიძლება ალკოჰოლი და კოფეინი.

 

ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი