თამთა ელბაქიძის შემოქმედება - ესთეტიკა, სიმყუდროვე და სითბო ჩვენს სახლებში!

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თამთა ელბაქიძის ნახატებს რომ შეხედავთ, იქამდე, ვიდრე შინაარსს აღიქვამთ, პირველი, რაც თვალში გეცემათ, ფერებია. პასტელური, საოცრად ნაზი ფერები, რომლებიც სიმშვიდეს გგვრით და თითქოს, კომფორტის ზონაში გაქცევთ. მხოლოდ ამის შემდეგ გადადიხართ ნახატების გმირებზე - თილიებზე, რომლებიც ზღაპრული პერსონაჟები არიან, თუმცა ძალიან ახლობლები. როგორც მხატვარი ამბობს, ისინი არ არიან ანგელოზები, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ოღონდ ფრთებით.

- თამთა, მაინც რომ დაგვიკონკრეტოთ, ვინ არიან თილიები?

- ისინი ჩემი წარმოსახვის ნაყოფები არიან. ჩვეულებრივი ადამიანები, უბრალოდ, კეთილები არიან. თილიებმა არ იციან, რას ნიშნავს ბოროტება. მათ სხვა სამყარო აქვთ, სადაც მხოლოდ სიყვარული, სიკეთე და მხიარულებაა.

- საკმაოდ თბილი ფერებით ხატავთ, ფერებსაც თილიებიდან გამომდინარე არჩევთ?

- არა მხოლოდ. ზოგადად, პასტელური ფერები ჩემი ფერებია, მიყვარს ეს ტონალობები, ვფიქრობ, სიმშვიდესა და სიმყუდროვეს უქმნის ადამიანს. ყველა ამას მეუბნება, ვისაც ჩემი ნახატი აქვს სახლში და უკიდია კედელზე.

- თქვენს სოციალურ გვერდებს რომ გადავავლე თვალი, საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს, ძირითადად, ვინ ინტერესდება თქვენი ნახატებით?

- თითქმის ყველა ასაკისა და სქესის ადამიანი. ნახატებს ჩუქნიან შეყვარებულებს, შვილებს, მშობლებს, ბებიებს, დედ-მამიშვილებს, მეგობრებს, ნათლულებს და ა.შ. რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში მივდიოდი, ხელში მეჭირა თილიების ბრენდირებით  ქაღალდის პარკი, რომლითაც მსურველებს ვატან ნახატებს. უცნობმა ქალბატონებმა შემომხედეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს, თილიები შეიძინა, ალბათო. თილიები იცნეს. ისე გამეხარდა, რომ არ მომრიდებოდა, მივიდოდი და გავეცნობოდი, მაგრამ როგორც გითხარით, მსგავსი საქციელი ძალიან მეუხერხულება.

- ვინც თქვენს ნამუშევარს შეიძენს, უკუკავშირი თუ მყარდება მასსა და თქვენ შორის?

- კი და ეს უკუკავშირი მაბედნიერებს ძალიან. ხშირად მიკავშირდებიან ისინიც, რომლებსაც აჩუქეს ჩემი ნახატი და მთხოვენ კიდევ ახალი ნახატის შექმნას - ბავშვების ოთახებისთვის, მისაღებისთვის, სამზარეულოსთვის. როგორც გითხარით, თილიებს ყიდულობენ საჩუქრებად ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, ნათლულებისთვის, ან ნათლიებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის, ბებიებისთვის და ა.შ.

- თამთა, ხატვა როგორ დაიწყეთ?

- დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია, ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტი, ტრიკოტაჟის განხრით. პერიოდულად, მცირე დროით ვმუშაობდი დიზაინერადაც, შემდეგ ოჯახი შევქმენი, ბავშვები რომ წამოიზარდნენ, მივუბრუნდი ჩემს პროფესიას. თუმცა, ამ ეტაპზე, თილიების ხატვა მსიამოვნებს, რაც მთავარია, მაბედნიერებს ის, რომ სხვები ბედნიერდებიან ჩემი შემოქმედებით.

ავტორი: მაკა რუხაძე