ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საეკლესიო დღესასწაულების საკითხზე მედიისთვის ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხარების და ბზობის დღესასწაულებზე სამების ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ. მიზეზად დასახელებულია საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ალბათობა.

„ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულები: ხარება - 7 აპრილს, ბზობა - 9 აპრილს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნავს,რომ„დღესასწაულებზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები".

საქართველოს საპატრიარქოში 2022 წლის 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს სხვადასხვა ღონისძიების გასაშუქებლად, მედიისთვის შემოღებული იქნებოდა რეგულაციები, მათ შორის, წინასწარი აკრედიტება.