რა იწვევს ნევროზს მოზარდებში და როგორ გავუმკლავდეთ მას

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნევროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც დროებითია და ექვემდებარება მკურნალობას. ნევროზი საკმაოდ გავრცელებულია მოზარდებში და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა იწვევს მას და როგორ ვებრძოლოთ. „ვერსია“ დაუკავშირდა ფსიქოლოგ მარიამ ფაცურიას, რომელიც გვესაუბრა ამ პრობლემაზე:

- ნევროზი, იგივე შფოთვითი აშლილობა, არის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მოზარდის ფსიქიკის რეაქცია იმ გარემოებებზე, რომლებიც მისთვის სტრესულია. მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული მახასიათებლებიც, რადგან კონკრეტული სიტუაცია ვიღაცისთვის შეიძლება სტრესული იყოს, ვიღაცისთვის - არა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური აშლილობა არ მიეკუთვნება მძიმე დაავადებებს, აუცილებელია მკურნალობა, რადგან არ მოახდინოს ცუდი ზეგავლენა მოზარდზე.

- რამდენად გავრცელებულია მოზარდებში ნევროზი?

- სამწუხაროდ, დღეს შფოთვითი აშლილობა ძალიან აქტუალური და გავრცელებული პრობლემაა.

- რა სიმპტომები ახასიათებს?

- სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური. მაგალითად: გულის რევა, ძილის პრობლემები, უმადობა, თავისა და მუცლის ტკივილები და სისუსტე ფიზიოლოგიურია, ხოლო ხასიათის ხშირი ცვალებადობა, გაღიზიანებადობა, პანიკური შეტევები, შიშები, ყურადღების გაფანტულობა, ქცევითი დარღვევები - ფსიქოლოგიური.

- ნევროზის რა ფორმები არსებობს?

-მოზარდებში ყველაზე ხშირია განშორების შფოთვითი აშლილობა, როდესაც უჭირთ მშობელთან განშორება; სოციალური აშლილობა - ამ დროს ფიქრობს, რომ შეიძლება დაამცირონ ან ცუდად შეაფასონ; ფობიები - კონკრეტული მოვლენის ან საგნის შიში, ეს შეიძლება იყოს მწერი, ჭექა-ქუხილი, ან ნებისმიერი ცხოველი; ობსესიურ-კომპულსური აშლილობა - აკვიატებული აზრები ან ქცევები, რაც შეიძლება საათობითაც კი გაგრძელდეს.

- რა იწვევს ფსიქიკურ აშლილობას მოზარდებში?

- სიმპტომების მსგავსად, გამომწვევი მიზეზებიც ორი სახისაა. ფიზიოლოგიური - ბავშვის პიროვნული მახასიათებლები, დედის ორსულობის პერიოდთან დაკავშირებული პრობლემები, რთული მშობიარობა, გადატანილი ინფექციები და ა.შ. და ფსიქოლოგიური - სოციუმი, სადაც მოზარდი იზრდება, მკაცრი აღზრდა, ჰიპერმზრუნველობა და სხვა.

- რა მეთოდით მკურნალობენ?

- ხშირად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. ამ დროს მოზარდთან მუშაობს ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოთერაპევტი და თუ საჭიროა ფსიქიატრიც. მკურნალობისას ზოგჯერ გვჭირდება მასაჟებიც, რაც ბავშვს პრობლემის დაძლევაში ეხმარება.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ნევროზი, რა რჩევას მისცემდით მშობლებს?

- მშობლებმა ბავშვს უნდა შეუქმნან მშვიდი გარემო. ჩამოაშორონ ხალხმრავლობასა და ხმაურს. დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების ურთიერთობას, მათ შორის არსებულ პატივისცემასა და სიყვარულს, სწორ დღის რეჟიმს, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დროულად დაკმაყოფილებას. ბავშვი ზედმეტად არ უნდა დავტვირთოთ სხვადასხვა წრეებზე სიარულით, უნდა მოვერგოთ მის შესაძლებლობებს და არ დავაკისროთ ზედმეტი პასუხისმგებლობები, დროულად აღმოვაჩინოთ ნევროზის ნიშნები და საჭიროების შემთხვევაში ჩავრიოთ სპეციალისტები.

ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი