122 ახალი სტატია

საახალწლო წერილი სოფლიდან, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ და რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შობა-ახალ წელს სოფელში რომ უფრო გემრიელად აღნიშნავენ, ალბათ, დამეთანხმებით და ვისაც ეს ბედნიერება არ გამოგიცდიათ, უბრალოდ, სიტყვაზე მენდეთ...
ბავშვებს სწრაფად ჩავაცვი, კარადის თავზე საგულდაგულოდ გადანახული ნამცხვრები გავამზადე და მშობლიური სახლისკენ დავიძარი. ასურეთი, იგივე ელიზაბეტთალი თბილისიდან სულ რაღაც 35 კმ-შია და ერთი საათიც არ გინდა, რომ სოფლის შუაგულში აღმოჩნდე...
ელიზაბეტთალი სოფელს გერმანელებმა დაარქვეს, დიახ, გერმანელების აშენებული დასახლებაა და ამას სახლების გოთური სტილი, ქუჩების სიმეტრიული განლაგება, მოწესრიგებული არხები და ტროტუარებიც მიგახვედრებთ... ცოტა ხნის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლუთერანულ ეკლესიას, აგრეთვე, გერმანელების აშენებულს, რომლის ნახვა და დათვალიერება ერთი სიამოვნებაა...


სოფლისკენ გზაზე, მაღაზიასთან შევჩერდით და ჩვეულ ფაცი-ფუცში გართულს, თვალი გამიშტერდა. ათიოდე წლის ბიჭუნას ავტოსადგომის მორიგის ფორმა მოურგია და ჯოხით ხელში მძღოლებს მანქანის ადგილის მოძებნაში ეხმარება. მანქანებს შორის გაყინულ, წითელ ლოყებზე თოვლის ფიფქებმიწებებული, თვალებამდე ჩამოფხატული ოდნავ დიდი ზომის ქუდით, ცისფერთვალება ბიჭუნა დარბის და, გროშების სანაცვლოდ, „სტაიანშიკის“ როლს ასრულებს...
ფიქრში ჩაძირული ჩემი გოგონას ფრთხილმა ხმამ გამომაფხიზლა:

- დე, ნამცხვარი გავუყოთ, რა!..

გული მომეწურა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, დაბნეულმა ბიჭუნას ხელებში ნამცხვრები მივაჩეჩე და გზა განვაგრძე...
ყოველთვის, როცა ჩემი სახლისკენ გადავუხვევ ხოლმე, გულში პეპლები აფრიალდებიან და თითქოს ყელიდან ამოსვლას ცდილობენ... კარის გაღებისას კი ბავშვობა მეგებება... გეფიცებით, თვალდახუჭულს შემიძლია, ყველა ქვას და კენჭს მივაგნო სახლის ეზოში, სადაც უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა გავატარე...

კარი შევაღე თუ არა, ხარიხაზე ჩურჩხელები შევნიშნე... ერთი მეორეს მიყოლებით, კოპწიად რომ ჩამწკრივებულან და გასაშრობად ემზადებიან... უკვე ამოუვლიათ-მეთქი, გავიფიქრე და ისე, რომ არავის დაენახა, პატარა ჩამოვატეხე... ახალი წლის ფუსფუსი ჩემს სახლში ყოველთვის ჩურჩხელითა და საგოზინაყედ ნიგვზის მზადებით იწყება...
ღუმელი ისე კარგად გახურდა, გოგრის შეწვაც შეიძლება-მეთქი, გავიფიქრე და ყვითელი, ჩამრგვალებული გოგრა ღუმელის ქურაში შევუძახე... გოზინაყისთვის გამზადებული გობიდან მამას რამდენიმე ნიგოზი ავცანცლე, ღუმელზე შემოვაწყვე და ფიქრებში ჩავიძირე...

ჩემი ბავშვობის ბედნიერი გამონათება იყო, ბებია-ბაბუასთან რომ ვიზრდებოდი. არ არსებობს იმაზე ტკბილი წლები, როცა ფრთებგაშლილი დავქროდი ეზოში, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მინდოდა, ვტლიკინებდი გაუჩერებლად, ვსვამდი მილიონ კითხვას და დღემდე მიკვირს, ბაბუას როგორ შეეძლო, ყველა სულელურ კითხვაზე სერიოზული სახით ეპასუხა... „შემრეშილ“ პამიდვრებს ჩემთვის კარადის თავზე აწყობდნენ და ყოველ დილით თითო მწიფე მხვდებოდა... ერთი ბედნიერება იყო მეორე ბებოსთან გადასვლა, ჩამოვჯდებოდი და გაფაციცებით ვუყურებდი, თონეში პურს როგორ აცხობდა... რძეში რომ ჭადს ჩამიფშვნიდა ყველთან ერთად, გეფიცებით, ახლაც ჟრუანტელი მივლის იმ გემოსა და სურნელის გახსენებაზე...
კიდევ უთვალავი ბედნიერება მქონდა ბავშვობაში, მაგრამ ღუმელზე შებრაწული ნიგოზი სულ სხვაა - ჯადოსნური, თავბრუდამხვევი, უდარდელი ბავშვობის წლები შებრაწული ნიგვზის გემო და სურნელია...

გაგეცინებათ და, ახლა, პანდემიის დროს, უფრო მეტად გამეხარდა, რომ შებრაწული ნიგვზის სურნელი ვიგრძენი...
ისე, რა უცნაურია, აქ საერთოდ დამავიწყდა კორონაქაოსი და ისტერია-მეთქი, გავიფიქრე და შემწვარი გოგრა ღუმელიდან გამოვაბრძანე...
არ ვიცი, ბავშვობის სახლის ჯადოსნურმა ძალამ დამავიწყა თუ იმან, რომ ახალი ამბებისთვის არ მეცალა, ფაქტია, მთელი კორონაისტერია არც კი გამხსენებია... აქ, სოფელში ყველაფერი მშვიდადაა და დრო აუჩქარებლად მიდის, სახლის საკვამურებიდან ამოსული კვამლი გზას ადვილად პოულობს და ღრუბლებში უგზო-უკვლოდ იკარგება...
ხეებზე ჯერ კიდევ შერჩენილი ხურმა და ბროწეული საახალწლოდ ნაძვის ხის მოკაზმულობას ჰგავს... ყურადღების გარეშე, ვერც სიცივისგან აბუზულ ბეღურას დატოვებ და თითქმის ჩვევად გექცევა, რომ სახლში შესვლამდე პურის ნამცეცები ირგვლივ მიმოაბნიო...
ასეა, სოფლად შობა-ახალი წელი უფრო გემრიელია და თუ ეს არ განგიცდიათ, უბრალოდ, სიტყვაზე მენდეთ....
თათია გოჩაძე