მიხეილ ცაგარელის პროგნოზი 2021

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წელი კარს მოგვადგა და ახალი წლის ტენდენციებისა და პროგნოზებისთვის ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ვესაუბრეთ. სხვათაშორის, 2020 წლის მიწურულს, 21 დეკემბერს, სამყაროში უიშვიათესი მოვლენა მოხდა - იუპიტერი და სატურნი შეერთდა, რაც ასტროლოგის თქმით, ფაქტობრივად, მეორედ მოსვლის დღეა:
„ამ დღეს, როცა შეერთდა იუპიტერი და სატურნი, იყო მაცხოვრის დაბადების დღე. ეს არის ბიბლიური ვარსკვლავის ნათება და დღეს, ფაქტობრივად, ეს შეერთება ხდება პირველ გრადუსში, მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, რითაც იწყება ახალი ეპოქა, რომელიც გასტანს 2160 წელი.
ეს იქნება თავისუფლების, დემოკრატკიული პრინციპების, მათ შორის, ბიოტექნოლოგიების, სხვადასხვა კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების, უანგარო მეგობრობის პერიოდი.“
ერთი სიტყვით, ცაგარელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება და ხდება ცნობიერების მე-5 განზომილებაში გადასვლა:
„არსებობს ე.წ. შუმანის შკალა, რომელიც ზომავს ვიბრაციას, ანუ სიცოცხლის უნარიანობას როგორც დედამიწის, ასევე თითოეული ადამიანისა. აქამდე ვიბრაციული მუხტი იყო 20-დან 30 ჰერცამდე და სწორედ ახლა ხდება გადასვლა მე-5 განზომილებაში, სადაც ვიბრაციული მუხტი იქნება 40 ჰერცი. ყველა ჩვენს ემოციურ მხარეს აქვს თავისი ვიბრაცია, მაგალითად, შიში არის 2,2 ჰერცი, ხოლო კეთილშობილება არის 150 ჰერცი. ანუ, თანდათან შემოდის ნათელი ენერგიების პერიოდი, რაც ნელ-ნელა თვალშისაცემი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა, ვინც ივლის ბოღმის შურის, წყენის, ბრაზის გზით, ისინი 40 ჰერცამდე ვერ ავლენ და მათ ექნებათ მეტი დაავადება, კონფლიქტი, უბედურება და ა.შ. ხოლო, ვინც იქნება უფრო ნათელი გზის მატარებელი და კეთილშობილი, ის იქნება უფრო მეტად წარმატებული. ანუ, ნათელი ეტაპი იწყება ადამიანთა ცხოვრებაში ბოლო საუკუნეების შემდეგ, რომელიც იყო შავ-ბნელი ეტაპი და სწორედ ამიტომ უამრავი რევოლუცია, მკვლელობა და ომი იყო“.
როგორც ასტროლოგი ამბობს, ახლა გადავდივართ სხვა ფაზაში, იწყება მატრიარქატის პერიოდი და შესაბამისად, ქალის ენერგია შემოდის წინა პლანზე, რაც იქნება უფრო მეტი დაცულობის, სტაბილურობის, დიპლომატიურობის გარანტი, ადამიანთა შორის ურთიერთობის მშვიდობიანობის მეტი გარანტი:
„მნიშვნელოვანი მოვლენაა და თან გაითვალისწინეთ, რომ იუპიტერის და სატურნის, ამ ორი დიდი პლანეტის შეერთება ჯერ კიდევ შოთა რუსთაველმა აღწერა თავის პოემაში, როცა ამ დროს ტარიელი შეახვედრა თავის მიჯნურს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც კაცობრიობაში ხსნის ცნობიერების ახალ ფურცელს და ჩვენი ცნობიერებაც ნელ-ნელა დაიწყებს შეცვლას, უფრო მეტად დავიწყებთ აღქმას უფლის ენერგიებისა. ამიტომ თუ ვინმეს ჰქონდა ამ ბოლო პერიოდში რაღაც დისკომფორტი, სიზმრები ან სხვადასხვა სახის ხილვა, ეს ყველაფერი ამ მოვლენებთან იქნება დაკავშირებული“.

ცაგარელის თქმით, ეს მოვლენა 2025 წლამდე კიდევ იჩენს თავს:
„იქნება ძალიან დიდი ბრძოლები გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის, ანუ შავ და თეთრ ძალებს შორის. საბოლოოდ, 2025 წელს ეს ყველაფერი დამთავრდება პანდემიებთან, ყველა სახის ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად ნათელი ძალების გამარჯვებით. მაგრამ ცხადია, რომ ბნელი ძალები სერიოზულად შეეწინააღმდეგებიან ნათელი ენერგიის შემოსვლას, ამიტომ პროცესი არ იქნება მთლად მსუბუქი, უვნებელი და უპრობლემო.“
მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, კორონაპანდემია ჯერ არ დასრულდება:
„თავიდანვე ვთქვი, პანდემია არის მრავალი შტამის შედეგი. ეს არის ხელოვნური ნიმუში და რომ უხარიათ, არიქა, ვაქცინა შევქმენით და გვიშველისო, ეს ვაქცინა შექმნილია პირველ შტამზე, რომელიც იყო თებერვალ-მარტში. ახლა კი მეორე შტამია, მეორე ტალღას რომ ეძახიან და ეს სულ სხვა შტამია, მუტაციაგანცდილი. პირველი ვაქცინა, რაც გააკეთეს, ნაკლებად იმუშავებს ამ მეორე შტამზე და ამიტომ შედეგი გვექნება მინიმალური. სანამ ამას გაიაზრებენ და შექმნიან მეორე შტამის ვაქცინას, ამასობაში მესამე მოვა. ამიტომ ეს არის სერიოზული და რთული პროცესი, რაც ასე ადვილად არ დამთავრდება, მაგრამ მაისში ეს პროცესები შემცირდება.“
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი, ახალი წლის შესახვედრად რჩევებსაც გვაძლევს:
„2021 წელი ხარის წელია, ამიტომ სუფრაზე არ გვქონდეს ძროხის ხორცი, ერთადერთი ესაა აკრძალული იმიტომ, რომ ხარის მონათესავეა და არ გავანაწყენოთ მომავალი წლის მასპინძელი. დანარჩენი რაც გნებავთ, პრობლემა არაა, პირველ რიგში, უნდა იყოს ეროვნული საკვები იმიტომ, რომ ხარი კონსერვატორია, ტრადიციონალისტია.“

მიხეილ ცაგარელი 2021 წლის პოლიტიკურ პროგნოზსაც აკეთებს:
„პოლიტიკურ კონტექსტს რაც შეეხება, იქნება დაძაბულობა, მაგრამ აუცილებლად იქნება რადიკალური ცვლილებების დრო. ცვლილებები მოხდება და ეს ცვლილებებია დიდი ხანია უკვე, უნდა მოხდეს, მაგრამ ჭიანურდება ზოგიერთის უნიათობის გამო. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს საბოლოოდ გაირკვევა, ვინ რას წარმოადგენს და საით მიდის. სხვათაშორის, ახლა იუპიტერის გადასვლაა მერწყულში, ამიტომ აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი ლიდერები, რომლებიც თავის ქარიზმატულ სიტყვას იტყვიან და რადგან გადავიდა იუპიტერი და სატურნი ყველაზე დემოკრატიულ ნიშანში, ანუ მერწყულში, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული ფასეულობები უნდა გამოვიდეს წინა პლანზე.
ოღონდ, დემოკრატია არ ნიშნავს ანარქიას, ეს არ უნდა შეეშალოს მმართველ ჯგუფს იმიტომ, რომ გაუთავებელი დათმობები, ვაჭრობები პოზიციასა და ოპოზიციას შორის არ არის დემოკრატია. დემოკრატია ითხოვს კანონის უზენაესობას და აქედან გამომდინარე, დემოკრატიული პრინციპების წარმოჩენას და არა - გაუთავებელ ქუჩის ბუნტებს და დედის გინებას. ეს უნდა გაიაზრონ კარგად, რომ ახლა იქნება სერიოზული ცვლილებები. წელს ნახავთ, რომ პოლიტიკაშიც კი, ძველებურად როგორც იყო, ასე არ წარიმართება პროცესები. უკვე ნახეთ, გრიგოლ ვაშაძე წავიდა, ეს „პირველი მერცხალია“ და ასეთი ცვლილება იქნება უამრავი ოპოზიციაშიც, პოზიციაშიც... იქნება დაპირისპირება და ასე ადვილად ეს არ გათავდება, იქნება ჩხუბები, კონფლიქტები, გაუთავებელი ქუჩის მიტინგები, ახალი ლიდერების გამოჩენა, ურთიერთობის ახალ პრინციპებზე გადასვლა, მაგრამ მთავრობა უნდა გახდეს ისეთი მმართველი, რომელიც რეალურად დააჯერებს ხალხს, რომ მას შეუძლია მართვა და არა გაუთავებელი ვაჭრობა ოპოზიციასთან.“
ასტროლოგი 2021 წელს ზოდიაქოს ნიშნებისთვისაც აფასებს. ცაგარელის თქმით, 2021 წელი ყველაზე კარგი აღმოსავლური ზოდიაქოს მიხედვით, იქნება ხარის წელში დაბადებულთათვის და მამლისთვის.
„დასავლური ზოდიაქოს მიხედვით კი, ძალიან კარგია მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის. სასწორი იგრძნობს თავს საკმაოდ კარგად, ვერძი ამოისუნთქვას ამ პერიოდში. მიწის ნიშნები, თხის რქა და ქალწული მსგავსნი არიან თვისებებით ხარისა და ეს თვისებები დაეხმარებათ წინსვლასა და განვითარებაში. შედარებით რთული წელი იქნება კუროსთვის, თუმცა კუროც მსგავსია ხარისა და ბევრი მისი თვისება მაინც მისცემს საშუალებას, რომ სტაბილურად გაიაროს ეს წელიწადი, მაგრამ 24 ივლისამდე საჭიროა ცოტა მეტი სიფრთხილე ფინანსური ხარჯვისადმი, კაპიტალდაბანდება იკრძალება და ცოტა ფრთხილად მეგობრულ კონტაქტებში, რომ ადგილი არ ჰქონდეს ღალატს. 24 ივლისის შემდეგ კი გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს იგი.“

 

ავტორი: თათია გოჩაძე