საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა არც მუშაობს და არც სწავლობს - PMC

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

PMC კვლევითი ცენტრის ახალ ანგარიშში, რომელიც 15-24 წლის ახალგაზრდების დასაქმებას ეხება, აღნიშნულია, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა არც მუშაობს და არც სწავლობს. უფრო კონკრეტულად კი, 2017-2021 წლებში იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც არ მუშაობენ და არ სწავლობენ, 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2021 წელს 26.8% შეადგინა

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2017-2021 წლებში დასაქმებულ ახალგაზრდებს შორის სრულ განაკვეთზე დასაქმებული ახალგაზრდების წილი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულების წილს.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 15-24 წლის ახალგაზრდების მაჩვენებლით, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს, საქართველო მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ სომხეთზე უკეთესი შედეგი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 15-24 ასაკობრივ ჯგუფში დასაქმების მაჩვენებელი 32.7%, საქართველოში კი 18% იყო. საქართველოში ახალგაზრდებს შორის ნახევარ განაკვეთზე დასაქმების მაჩვენებელი ევროკავშირის შესაბამის მაჩვენებელთან (31.9%) შედარებით სამჯერ ნაკლებია.

“შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ შრომის ბაზარზე არ იქმნება შესაბამისი რაოდენობით ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილები. აგრეთვე, ნახევარგანაკვეთიან სამუშაო ადგილებზე, შესაძლოა, იყოს არადამაკმაყოფილებელი სამუშაო პირობები და, შესაბამისად, ასეთ სამსახურებში ახალგაზრდებს არ უღირთ დასაქმება”, – აღნიშნულია კვლევაში. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017-2021 წლებში შრომის ბაზარზე ახალგაზრდების ჩართულობა დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა და დროთა განმავლობაში უარესდებოდა.

ამ პერიოდში ახალგაზრდების სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და დასაქმების დონე შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე გაიზარდა. შრომის ბაზარზე ახალგაზრდების არასახარბიელო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა.

 

წყარო:jam-news