როგორ მოვიქცეთ, როდესაც დამქირავებელი ბინის ქირას არ იხდის - აღდგება თუ არა საპოლიციო გამოსახლების წესი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

2015 წლის 29 დეკემბერსქართული ოცნებისპარლამენტის გადაწყვეტილებით, .. საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა. ამ ცვლილებით უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერ მესაკუთრესთან გადასვლის წესები მნიშვნელოვნად გართულდა, რადგან თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი. აღსანიშნია, რომ გადატვირთული სასამართლო სისტემის გამო, ერთი საქმის დასრულებას ხშირად 2-3 წელი სჭირდება.

რამდენიმე დღის წინ, „უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამსაქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მოსთხოვა, ამის შესახებ გაერთიანების მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამია. ასოციაციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებულმა მიგრაციამ საქართველოს დიდ ქალაქებში გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნაკერძოდ კი საკითხი დამქირავებლის მიერ ქირის გადაუხდელობას და შემდეგ მისი გამოსახლების პროცედურებს ეხება.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ქონების მესაკუთრეების უფლებების დასაცავად, დაუყოვნებლივ მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებები საპოლიციო გამოსახლების წესის აღსადგენად, რათა დაცული იყოს მესაკუთრე კონსტიტუციით აღიარებულ უფლებაში და ხელშეშლის გარეშე განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას“, - ნათქვამია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მიერ მთავრობისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

„ვერსია“ დაინტერესდა, რის საფუძველზე მიიღო აღნიშნული გადაწტვეტილება ასოციაციამ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ამ საკითხთან მიმართებაში და როგორია მათი სამომავლო გეგმები, რაზეც „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს, ვაჟა მებაღიშვილს ესაუბრა.

_ბატონო ვაჟა, რამდენად რთულია არსებული სიტუაცია და როგორ უნდა დარეგულირდეს კანონი?

_უამრავი შემთხვევა გვაქვს გარშემო, როდესაც ბინის დამქირავებლები არ იხდიან ქირას და ასეთ დროს მესაკუთრეები ვერაფერს აკეთებენ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოში ამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება. ზუსტად ეს გახდა მიზეზი, რომ აღნიშნული ინიციატივა გაგვეჟღერებია, ადამიანები გვირეკავენ ასოციაციაში, თავიანთ სიტუაციას გვიზიარებენ და დახმარებას გვთხოვენ. ჩვენ ვერ ვეხმარებით, რადგან კანონმდებლები არ ვართ.  დაზარალებულ და დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ვარდება ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აქირავებს ბინას, რაც დიდი კონფლიქტის და შურისძიების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. “უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ წევრები, მუდმივად გავდივართ კონსულტაციებს იურისტებთან და დარგის სპეციალისტებთან, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ მსგავსი სიტუაციების მართვა. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე  უამრავი ადამიანი მოგვმართავს სხვადასხვა კითხვით, კითხვებს რომლებსაც ისინი გვისვამენ, ეხება უფლებება-მოვალეობებს ბინის გაქირავებასთან დაკაშირებით, რაც განვითარებული მოვლენების საფუძველზე საკმაოდ ლეგიტიმურია. მომხმარებლებს აინტერესებთ, რამდენად იცავს მათ კანონი.  არაერთხელ მოგვისმენია აზრი, რომ ბინის გაქირავება არის ბიზნესი, რაც შესაბამისად მოიცავს რისკებს, მაგრამ დღესდღეობით ეს რისკები ძალიან მაღალი საფრთხის შემცველია. რის გამოც, გავიარეთ არაერთი კონსულტაცია იურისტებთან, მათი თქმით, ბინის დამქირავებლის გამოსახლების საკითხის დარეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი  და  ეფექტური მეთოდი, საპოლიციო გამოსახლების წესია. ჩვენ გავეცანით სრულ ინფორმაციას ამ წესის შესახებ, მაგალითად  რაიმე ზიანის მოტანა ხომ არ შეეძლო მის დაბრუნებას. სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ მანკიერი პრაქტიკა რის გამოც ეს წესი გაუქმდა, ისევ აქტიურად მუშაობს და ათასგვარი სხვა მეთოდებით ხდება  ქონებების გადაფორმება. 2015 წელს საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ დადებითი შედეგი ვერ მოიტანა. შესაბამისად, პრობლემის აღმოჩენის და ბევრი დაკვირვების შემდეგ, გადავწყვიტეთ სახელმწიფოსთვის მიგვემართა.

_რაიმე უკუკავშირი ხომ არ მიგიღიათ მთავრობისგან?

_როგორც ვიცი, მათ აღნიშნეს რომ ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა, რა ეტაპზე არიან უცნობია, პასუხი არ მიგვიღია და არავინ დაგვკავშირებია, ვაცხადებთ მაქსიმალურ მზაობას და თუ ნება იქნება ჩვენს წვლილსაც შევიტანთ ამ საკითხში.

_ალბათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში  უფრო რთულია გამოსახლების პროცედურები და იმ გადასახადის დაკისრება, რომელიც ბინაში ყოფნისას არ აანაზღაურეს?

_დიახ, ასეთ დროს სამართალწარმოება საკმაოდ რთულია, ეს ადამიანები დროებით არიან შემოსული ქვეყანაში და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა, ისე რომ  მათ ვერავინ გააჩერებს და დააკისრებს იმ გადასახადს, რომელიც გამქირავებელს არ გადაუხადეს. საქართველოს მოქალაქეებისადმი კი ამის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, მაგალითად ქონების დაყადაღება, თუმცა, მაინც საკმოად ხანგრძლივი პროცესია, შეიძლება 2-დან 3 წლამდე გაგრძელდეს. სამწუხაროდ, გვიწევს ამ რელაობის გამხელა, მიუხედავად იმისა, ხელშეკრულება აქვთ თუ არა გაფორმებული, პირველ რიგში, სიტყვიერ მოლაპარაკებას ვურჩევთ, ეს არის საკმაოდ რთული, როცა გადამხდელი ურჩია, მაგრამ ამ მიდგომასაც უმუშავია.

_გამოდის, რომ ქირავნობის ხელშეკრულება ბოლომდე ვერ იცავს მეპატრონეს...

_ძალიან არ მინდა, ამ აზრს დავეთანხმო, რადგან რაც ამ ბიზნესში ვარ სულ  ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელოვნებაზე ვსაუბრობ, ეს არის ურთიერთობის თანამედროვე ცივილური ფორმა. ორივე მხარემ უნდა იცოდეს ერთმანეთის უფლებები და ვალდებულებები. თუმცა, როდესაც საკითხი  ურჩ გადამხდელს ეხება,  ამ შემთხვევაში დიდი ეფექტი ხელშეკრულებას არ აქვს და იწყება ხანგრძლივი დავა, რომელიც მოითხოვს დიდ ენერგიას, დროს და ხარჯს. ფაქტია, გამოსახლების  კანონი აღსადგენი და გადასახედია. ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ეს არის მესაკუთრეების პოზიცია, რომლებიც გვიკავშირდებიან, შესაბამისად სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება. როდესაც რაიმე ცვლილებას ვნერგავთ, ხომ უნდა შეფასდეს რა დადებითი და უარყოფითი გავლენები მოახდინა მან. ეს არ არის ვიწრო პოლიტიკური შეხედულებების საგანი, ეს ეხება ადამიანების კეთილდღეობას. აუცილებელია, საქმიანად მივუდგეთ და რეალურად შევხედოთ ამ ყველაფერს, ჰუმანური გზა არ გულისხმობს რადიკალურ მიდგომებს.

_როგორი გეგმები გაქვთ, რა იქნება შემდეგი ეტაპი ამ საკითხთან მიმართებაში?

_ჩვენ კვლავ აქტიურად გავაგრძლებთ მუშაობას ამ საკითხზე, შემდეგი ეტაპი იქნება პეტიციის შექმნა. ვფიქრობ, საკმაოდ აქტიური გამოხმაურება ექნება საზოგადოების მხრიდან.