მშობლებო, ეს ინტერვიუ აუცილებლად წაიკითხეთ!

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ღირსეული ძიძის პოვნის პრობლემა თითქმის ყველა იმ ოჯახში დგას, სადაც ახალშობილი ან პატარა ბავშვები არიან. მშობლები შვილებისთვის სანდო ძიძას ეძებენ. სოციალურ ქსელებშიც არაერთხელ შეგვხვედრია განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა სანდოა თუ არა ადამიანი, რომელსაც შვილს ვუტოვებთ, ამის გარანტიას მხოლოდ შესაბამისი სააგენტოები გვაძლევენ. ისევე, როგორც ძიძის შერჩევა, მათი დასაქმებაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. იმის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძიძის აყვანის დროს და როგორ შეუქმნან ბავშვებს უსაფრთხო გარემო, „ვერსია“ თბილისის საოჯახო პერსონალის საკადრო ცენტრ „ბაიას“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ჟანა შალიკაშვილს გაესაუბრა:

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირთ მშობლებს დღეს სანდო ძიძის პოვნა?

- მოგეხსენებათ, უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ძიძის მიერ ბავშვებზე ფიზიკური ძალადობისა და ოჯახის ძარცვისა. ამის გამო, საზოგადოებას ძლიერი შიში გაუჩნდა. სამწუხაროდ, ხშირად, მშობლები ძიძებს სხვადასხვა ინტერნეტ-ჯგუფებიდან ირჩევენ, ან ახლობლის რჩევით მიჰყავთ ოჯახში, როცა მათ შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობენ. ამის შედეგად კი სხვადასხვა სახის უსიამოვნებებსა და გაუგებრობებს აწყდებიან. მოძალადე ძიძების 95%, სწორედ ამ გზებით   არიან შერჩეულნი. მშობელს ჩემთვის უთქვამს, რომ ძიძა თავად შეარჩია, მაგრამ კითხვაზე, გადაამოწმა თუ არა კონკრეტული პირის მონაცემები და მოსთხოვა თუ არა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი, პასუხი უარყოფითი იყო. ვფიქრობ, ეს დაუშვებელია, რადგან სააგენტოსგან დამოუკიდებლად ნაპოვნმა ძიძამ, შესაძლოა, რეალური ვინაობაც კი დამალოს. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, რომ არსებობს სერვისი, რომლის მეშვეობითაც დარწმუნებული იქნება კვალიფიციური და სანდო კადრის პოვნაში. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ სანდო პიროვნების პოვნა სოციალური ქსელების საშუალებითაც შესაძლებელია, თუმცა ვფიქრობ, ადამიანებს ასე იშვიათად უმართლებთ ხოლმე. ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა ოჯახებს კვალიფიციური და სანდო პირები გავუგზავნოთ. ჩვენ ვზრუნავთ თითოეული ოჯახის ინტერესებზე.

- რა აუცილებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს თქვენთან, დასაქმების მსურველმა?

- ნებისმიერ პირს, რომელსაც ამ პოზიციაზე დასაქმების სურვილი აქვს, ვთხოვთ, მოგვაწოდოს გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად, როგორებიცაა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ასევე, რეკომენდაციების ფურცელი და დიპლომი - განათლების შემთხვევაში. ამის შემდგომ, მიღებულ ინფორმაციას ვამოწმებთ პირადი მონაცემების, ოჯახის წევრების ვინაობისა და მათი საქმიანობის შესახებ. იმ ოჯახებს კი ამომწურავ და სანდო ინფორმაციას ვაწვდით, რომლებსაც, ბუნებრივია, აინტერესებთ, ვინ მუშაობს მათ შვილებთან. 

- რა კრიტერიუმების საფუძველზე ასაქმებს ძიძებს სააგენტო „ბაია“ ?

- ჩვენი პირველი დაკვირვების საგანი ვიზუალი, ასაკი და საუბრის მანერაა. ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად მოწესრიგებულია კონკრეტული პირი და რა გამოცდილება აქვს მას ამ საქმიანობაში. მათ უტარდებათ ფსიქოლოგიური ტესტი. გასაუბრებებზე ვაკვირდებით, რამდენად ბუნებრივად საუბრობს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ  ძიძის პოზიციაზე დასაქმების სურვილით ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ძიძა გახდება. შესაძლოა, პირველი ეტაპი წარმატებით გაიარონ, თუმცა მოგვიანებით, სხვადასხვა სახის შეცდომები ვლინდება. მეორე ეტაპზე, ხშირად, ერთი და იგივე პიროვნებას, პირველ ეტაპთან შედარებით, სრულიად განსხვავებულად უსაუბრია, ასევე, გამოუჩენია მცირე დოზით სიზარმაცე, ამგვარი შეცდომების დაფიქსირებისთანავე, დასაქმების მსურველი პირი მიუღებელია და ვერ საქმდება. რაც შეეხება ბოლო ეტაპს, მომავალი ძიძა ამ ეტაპს უშუალოდ ოჯახში გადის, სადაც აუცილებლად არიან მეთვალყურე პირები, რომლებიც ძიძის ქმედებებს აკვირდებიან. შესაძლოა, სახლში ვიდეო-კამერები იყოს დამონტაჟებული. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ, მათ უკვე  ოფიციალურად ვასაქმებთ.

- განათლების გათვალისწინებით, რამდენად განსხვავდება კადრების ანაზღაურება ერთმანეთისაგან?

- ყველა ოჯახს განსხვავებული კადრი სჭირდება განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად, ზოგს უმაღლესი განათლების მქონე ძიძა უნდა, ზოგს - საშუალო განათლების, თუმცა კულტურული, ემოციური ინტელექტის მქონე და რაც მთავარია, საკუთარ თავზე მომუშავე ადამიანი. ოჯახის მოთხოვნების შესაბამისად, ანაზღაურებაც სხვადასხვანაირია. ჩვენ ვწყვეტთ, თუ რომელი ადამიანი შეეფერება კონკრეტულ ოჯახს.

- თუ სთხოვთ დასასაქმებელ პირებს, ჩაიტარონ გამოკვლევები სხვადასხვა დაავადებებზე და აიცრან, როგორც გრიპის, ასევე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით?

- ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის იყო და ამჟამადაც არის ჯანმრთელობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა. მწვავე ეპიდემიის პერიოდში, მკაცრი მოთხოვნა იყო, თითოეული მათგანი აცრილიყო. ასევე, მათთვის, რომლებსაც ძიძად მუშაობა სურთ, კოვიდ-ტესტირება დღემდე აუცილებელი პირობაა. რაც შეეხება სხვადასხვა დაავადებებს,მომავალმა ძიძებმა, გასაუბრებიდან ათი დღის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ გამოკვლევის პასუხები „ცე“-ჰეპატიტსა და შიდსის ვირუსზე. მშობლებს კი, რომლებსაც სურვილი აქვთ, აცრან ძიძა სხვადასხვა ინფექციებზე, ხშირად მოჰყავთ ხოლმე სააგენტოში, მათ ვაფინანსებთ და შემდგომ იცრებიან.

- არსებობს თუ არა ტრენინგი ან გადამზადების პროგრამა მათთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გამოცდილება ამ კუთხით?

- რა თქმა უნდა, სააგენტოს ჰყავს ტრენერი, ბავშვის აღმზრდელად მუშაობით დაინტერესებული პირებისთვის. თუმცა, თუ ადამიანს უშუალოდ ძიძის პოზიციაზე არ უმუშავია, მაგრამ უახლოეს წარსულში შვილიშვილი აღზარდა, ან აქვს საბავშვო ბაღში მუშაობის გამოცდილება და როგორც აღვნიშნე, აკმაყოფილებს კრიტერიუმებს საუბრისა და კულტურული ქცევის მანერის, ასევე, ვიზუალის მიხედვით, ვაძლევთ შანსს და ვარეგისტრირებთ. ხდება ისეც, რომ გამოუცდელი ძიძები გამოცდილზე გაცილებით უკეთ ასრულებენ თავის საქმეს. გაზარმაცებული, ათწლიანი გამოცდილების მქონე ძიძებიც შეგვხვედრია.

- თქვენ თუ გქონიათ ცუდი გამოცდილება ძიძასთან დაკავშირებით, მომხდარა თუ არა რაიმე გაუთვალისწინებელი და როდესმე თუ დაფიქსირებულა ბავშვის მიმართ უხეში მოპყრობის ფაქტი?

- საბედნიეროდ, ამ მხრივ არ გვქონია მსგავსი შემთხვევა. მხოლოდ ერთ ქალბატონს გამოვარჩევდი, რომელიც ჩვენს ბაზაში იყო, თუმცა სხვა სააგენტოს მიერ დარეგისტრირებული და დასაქმებული გახლდათ. ჩვენს ბაზაში მოხვედრიდან ორი წლის შემდეგ, სააგენტოსაგან დამოუკიდებლად დასაქმდა ერთ-ერთ ოჯახში, სადაც მოგვიანებით, ვიდეო-კამერის ჩანაწერებში, ბავშვის მშობელმა უხეში მოპყრობის ფაქტები შენიშნა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ჩვენი სააგენტოს სახელი გამოუყენებია საკუთარი ინტერესებისთვის და ოჯახის ნდობის მოპოვების მიზნით, ტყუილი უთქვამს. თუმცა,  მშობლები მაშინვე რეკავენ და ამოწმებენ, მართლაც ჩვენს მიერ გაგზავნილია თუ არა იგი. ჩვენ ფხიზლად ვართ, რომ არავინ შეცდეს.

- რა უნდა გაითვალისწინონ და რას ურჩევდით მათ, რომლებიც ძიძის ძებნას ახლა იწყებენ?

- მშობლებს მოვუწოდებ, მოერიდონ Facebook-გვერდებზე განცხადებების განთავსებას და არასერიოზული გზებით ძიძის შერჩევას, რადგან ძირითადად, არავინ იცის, ვინ არიან ისინი, რეალურად. ოჯახებს უნდა ეშინოდეთ ისეთი ადამიანების სახლში შეშვების, რომელთა პირადი მონაცემებიც გადაუმოწმებელია, ვისი გამოცდილების შესახებაც არ ფლობენ  სრულ ინფორმაციას. სწორედ ამ გზებით არჩეული კადრები სჩადიან დანაშაულს, როგორიცაა ქურდობა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. სააგენტოები იმისთვის მუშაობენ, რომ ოჯახები არ აღმოჩნდნენ მსგავსი ფაქტების წინაშე. მე ყველას ვურჩევ, მიმართონ „ბაიას“ მსგავს ოფიციალურ სააგენტოებს, სადაც კადრები გადიან შესაბამის გასაუბრებებს და მხოლოდ რამდენიმე ეტაპის გავლის შემდგომ იღებენ ამ პოზიციაზე დასაქმების უფლებას. შეიძლება, ოჯახებს ფინანსური მხარე აბრკოლებდეთ, რადგან შემკვეთს მომსახურების საფასურის გადახდა უწევს, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, შეღავათიან ფასებში გავუწიოთ მომსახურება მათ.  ასევე, მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ დაზღვეულნი არ არიან, სააგენტოს საქმიანობის  შესახებ ცრუ ინფორმაციის მიღებისაგან. ის, თუ რამდენად გამართული და სანდოა კონკრეტული სერვისი, სჯობს, თავად დარწმუნდნენ. მშობლები აუცილებლად ადგილზე უნდა მიბრძანდნენ, რათა ნახონ, თუ  როგორ მუშაობს ის კონკრეტული სააგენტო, რომელსაც უნდა ენდონ.

ავტორი: ლიკა თორთლაძე