თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა ხელფასების მატებაზე ისაუბრა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს ხელფასები ათი პროცენტით მიმდინარე წელსაც გაეზრდებათ.
„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი ათი პროცენტით იზრდება და, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტშიც, აქ მომუშავე ადამიანებისთვის ხელფასების მატება მოხდება ათი პროცენტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, საჯარო ბაღების თანამშრომლების ხელფასები 15 პროცენტით გაიზარდოს.
„მინდა, ასევე, ინფორმაცია მოგაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15 პროცენტით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან და ამ ადამიანების ხელფასები არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 15 პროცენტით მოხდეს მომატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2017 წლიდან დღემდე თბილისში 23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 11-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„საბავშვო ბაღები ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური თემაა. 2017 წლიდან, როდესაც ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ მიგვეხედა არსებული ინფრასტრუქტურისთვის, მოგვეწესრიგებინა, ახალი აგვეშენებინა. როდესაც საუბარია ბავშვებზე, მომავალ თაობაზე, აქ ყოველთვის მიმართული იქნება განსაკუთრებული ძალისხმევა და ყურადღება, რათა ჩვენს პატარებს ნორმალურ გარემოში სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 2017 წლიდან დღემდე თბილისში 23 ახალი ბაღი აშენდა, რეაბილიტაცია კი მძიმე მდგომარეობაში არსებულ 11 ბაღს ჩაუტარდა. რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით და მუშაობას განვაგრძობთ. ხედავთ, თუ როგორი სტანდარტი შემოვიღეთ ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქსაც შეშურდება ასეთი ინფრასტრუქტურის ბაღები. ეს სტანდარტი მაქსიმალურად შენარჩუნდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა საჯარო ბაღებთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ახალი ბაღების მშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია გრძელდება.
„2024 წელს ათი მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება. 15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი. ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში. ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომლებიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება.
თბილისის საჯარო ბაღების 11 188 თანამშრომელს მიმდინარე თვიდან ხელფასი გაეზრდება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი