რატომ გაიტაცა მეჯვარემ ქორწილიდან პატარძალი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უცნაური კრიმინალი, რომლის გამოც ციხეში არავინ წასულა

ქორწილი - ყველაზე ბედნიერი დღე წყვილის ცხოვრებაში. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ქორწილის დღეს, წყვილის 99.99% ძალიან ბედნიერია და სწორედ მაშინ ჰგონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. მერე კი იწყება ყოველდღიური რუტინა, რომელსაც ბავშვი ალამაზებს, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ასე არ ხდება. არც თუ იშვიათად, ბავშვი ზედმეტი ბარგი ხდება ერთ-ერთი მშობლისთვის, ან საქმეები ისე არ ეწყობა, როგორც წყვილი ფიქრობდა, ბევრი მხოლოდ მას შემდეგ ხვდება, რომ სამყარო სულ სხვაგვარია, როცა ოჯახურ პრობლემებს ეჯახება და აღმოაჩენს, რომ არც ოჯახის რჩენის თავი აქვს და რაც მთავარია, არც ამის სურვილი. უბრალოდ, ის ამისთვის მზად არ არის... მაგრამ, ეს ყველაფერი ქორწილის დღეს არ ეხება, რადგან მაშინ ამაზე არავინ ფიქრობს და ბედნიერებით ტკბება.

 

„ჩემი მეგობრის შვილის ქორწილი იყო. ურიგოდ ნამდვილად არ მოვილხინე და შინ კმაყოფილი დავბრუნდი. სახლში მისულს, ჩემი მეგობრის შვილმა ანუ სიძემ დამირეკა და მითხრა, რომ პატარძალი გაქრა. თავიდან არ დავუჯერე, მაგრამ როცა მას შევატყვე, რომ განწირული ხმა ჰქონდა, მაშინვე წავედი. მისი მონაყოლი საინტერესო და ცოტა მისტიკურიც იყო. ცოლთან ერთად, პირველი ღამის გასატარებლად, საკმაოდ კარგ სასტუმროში წავიდა, სააბაზანოში შევიდა, ცოლი ლოგინზე იყო წამოწოლილი და რომ გამოვიდა, მეუღლე ადგილზე არ დახვდა. თავიდან ეგონა, რომ პატარძალი დაემალა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ დამალობანას არავინ ეთამაშებოდა. სასტუმროს დაცვის თანამშრომელი ბიჭი ამბობდა, ქალს აქ არ გაუვლიაო, სასტომროში კი ვერსად მიაკვლიეს“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

პირველ რიგში, გამომძიებელმა დაცვის თანამშრომელი გამოჰკითხა და მაშინვე მიხვდა, რომ ის რაღაცას მალავდა. ამიტომ, მარტივად აუხსნა, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაგეკისრება და პირადად ვიზრუნებ, ციხე ასე 2-3 წელი რომ ხეხოო და ბიჭმაც დაიწყო:

„როცა ყველა დაბინავდა, ჩემთვის ვიჯექი და მზესუმზირას ვაკნატუნებდი. ქორწილიც აქვე იყო და მთვრალი ხალხი რომ წავიდა, გამიხარდა. მოულოდნელად, ვიღაც გოგო გამოჩნდა, შამპანურით ხელში, ნასვამი იყო, გადამეხვია, მაკოცა, ისეთი დეკოლტე ეცვა, სახეზე არც შემიხედავს. ჰოდა, გავთამამდი, ხელების ფათური დავუწყე და აქ არაო, ასე მითხრა. გარეთ ჩემი ძველი „ოპელი“ დგას და იქ გავედით. დაახლოებით, 20 წუთი ვერა და ვერ გავხადე, ჯერ მომეფერეო, ამბობდა, მერე წყალზე გამომაგზავნა და რომ დავბრუნდი, მანქანაში აღარ დამხვდა. ალბათ, სწორედ იმ პერიოდში გაიპარა გოგონა სასტუმროდან“, - თქვა დაცვის ბიჭმა და არ სჯეროდა, რომ პატარძალი ვინმემ მოიპარა.

შოკირებული იყო ოჯახიც, არავის სჯეროდა, რომ პატარძალი თავისი ნებით გაჰყვებოდა ვინმეს და რაც მთავარია, დედა შიშობდა, ჩემმა შვილმა ინსულინი თუ არ გაიკეთა, მოკვდება, დიაბეტი აქვსო. ინსულინის შპრიცი სასტუმროს ნომერში დარჩა და გოგონა რომ საკუთარი ნებით ყოფილიყო გაპარული, ცხადია, სიცოცხლისთვის საჭირო წამალს არ დატოვებდა. თანაც, სასტუმროს გასასვლელში მდგარ უნრაში, ნაჭერი იპოვეს, რომელსაც ქლოროფორმსის სუნი ჰქონდა ანუ პატარძალი სწორედ ამ ნაჭრით დააძინეს და სასტუმროდან გათიშული გაიყვანეს. უდიდესი ალბათობით, ის სექსუალური გოგონა, რომეელმაც დაცვის თანამშრომელი მოხიბლა, საქმეში იყო. ქორწილში მომუშავე ფოტოგრაფს ფოტოების სასწრაფოდ დაბეჭდვა სთხოვეს და დაცვის ბიჭს ანახეს, ის გოგო ხომ არ გეცნობა, შენ რომ თავბრუ დაგახვიაო. ბიჭი ყურადღებით აკვირდებოდა ფოტოებს და მერე მორცხვად თქვა, სახე თითქმის არ მახსოვს, ისეთი დეკოლტე ეცვა, ხანდახან მკერდი უვარდებოდა და მხოლოდ მას ვუყურებდიო. სამართალდამცავები დარწმუნდნენ, რომ გოგონამ ზუსტად გათვალა და არც შემცდარა - სურათი კი არა, მის წინ იგივე გოგონა რომ დაეყენებინათ, დაცვის თანამშორმელი მაინც ვერ ამოიცნობდა.

გოგონას მშობლები იმაზეც ნერვიულობდნენ, რომ მეორე დღეს, მას საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარედგინა, რომლის შემდეგაც, ქალაქის ურბანული განვითარების გეგმას სწორედ მისი ნაშრომით დაამტკიცებდნენ. გარდა იმისა, რომ სოლიდური თანხა ერგებოდა, ის უშუალოდ იქნებოდა ჩართული პროცესში და კარიერული წინსვლა გარანტირებული ექნებოდა.

„ჩვენ ერთ კურსსა და ერთ ჯგუფში ვსწავლობთ, ერთად ვემზადებოდით პროექტისთვის, ერთად დავწერეთ, ორივემ წარვადგინეთ, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ვიცოდით, რომ სწორედ მისი პროექტი გაიმარჯვებდა. კატასტროფა იქნება, თუ ის წარდგენაზე ვერ მივა, პროექტს არ განიხილავენ. ისე, არ გამოვრიცხავ, ეს ყველაფერი სიძის დედინაცვლის ბრალიც იყოს. შემთხვევით მოვისმინე, როგორ ეუბნებოდა თავის გერს, რატომ მოგყავს ეს გოგო, მასზე უკეთესებიც არიან, დაგღუპავს, მთელ ცხოვრებას გაგიმწარებს და შევეცდები, ეს საქმე არ დასრულდეს, ეგებ, პატარძალს გადავაფიქრებინოო“, - წუწუნებდა პატარძლის მეჯვარე.

„ეს უკვე საინტერესო იყო და ამიტომ, სიძის დედინაცვალი ანუ ჩემი მეგობრის ცოლი დაკითხვაზე დავიბარე და მის მიერ ნათქვამი სიტყვების ახსნა ვთხოვე. მან არ დამალა, რომ საკონკურსო ჟიურიში მისი მეგობარი ქალი ირიცხებოდა და ის იყო ერთადერთი მანდილოსანი ხუთ კაცს შორის. ჰოდა, სწორედ დაქალმა უთხრა, რომ კონკურსანტი, რომელიც გაიმარჯვებდა, გარყვნილი იყო, რადგან ჟიურის ყველა წევრთან ეძინა და ისინი ასე „დაკერა“. არც პროექტი ჰქონდა ცუდი, მაგრამ სასურველ შედეგს სწორედ ლოგინის გავლით მიაღწია. ჰოდა, ზედ ქორწილის წინა დღეს გაიგო დედინაცვალმა, რომ პროექტში გამარჯვებული მისი მომავალი რძალი იქნებოდა, ქმარს ვერ გაუბედა, გერს კი უთხრა, რაც ხდებოდა, მაგრამ მან არ დაუჯერა. თუმცა, დედინაცვალი კატეგორიულად უარყოფდა მის გატაცებას, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ვიღაც გარყვნილის გამო, ციხეში წავიდეო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ამასობაში, ვიღაცამ განყოფილებაში დარეკა და განაცხადა, რომ ქორწილიდან გატაცებული პატარძალი ერთ-ერთი სახლის სარდაფში იყო დამალული. სამართალდამცავები მაშინვე მითითებულ მისამართზე გაემგზავრნენ და გოგონა მართლაც ნახეს, რომელიც უმძიმეს დღეში იყო. ინსულინის დოზამ ის აზრზე მოიყვანა, მაგრამ საინტერესო ვერაფერი გაიხსენა. როცა ქმარი აბაზანაში შევიდა, კარზე დააკაკუნეს და უთხრეს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია ახლადდაქორწინებულებს საჩუქარს სთავაზობდა. გოგონამ კარი გააღო, იქ ვიღაც ნიღბიანი დახვდა, რომელმაც რაღაც ნაჭერი ააფარა ცხვირზე, შემდეგ კი იმ სარდაფში მოვიდა აზრზე. მერე, როცა შაქრის გამო ცუდად გახდა, გამტაცებელმა შემოიხედა და მას უთხრა, რომ ინსულინი სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვდებოდა. გამტაცებელი უხმოდ გატრიალდა და როგორც ჩანს, ამის მერე დარეკა განყოფილებაში. ყველაფერი იმდენად უცნაური იყო, რომ მრავლისმნახველი სამართალდამცავებიც გაოცდნენ. ვინ გაიტაცა პატარძალი, რა მიზანი ჰქონდა, რატომ გამოუშვეს, რატომ არ იცოდა გამტაცებელმა, რომ მას დიაბეტი ჰქონდა...

ყველასთვის მოულოდნელად, განყოფილებაში დაცვის თანამშრომელი ბიჭი მივიდა და გამომძიებელს უთხრა, სამსახურიდან გამომაგდეს და თუ ჩემს თავს აღადგენინებ, ისეთი დეტალი გამახსენდა, გოგონას აუცილებლად იპოვითო. რა თქმა უნდა, მას პირობა მისცეს, რომ სამსახურში დააბრუნებდნენ და ბიჭმაც თქვა - როცა გოგოს ვკოცნიდი და კისერზე ხელი მომხვია, რაღაც ცუდად შემერჭო და ხელზე რომ დავხედე, ნეკა თითის ფრჩხილი დეფორმირებული ჰქონდა, ალბათ, ოდესმე დაიზიანა და ფრჩხილი ნახევრად იზრდებოდა, როგორც ნემსი, ისე იყო წაწვეტებულიო. ეს დეტალი კი არა, პრაქტიკულად, სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტოსურათი იყო და რადგან გოგონები, ძირითადად, პატარძლის მხრიდან იყვნენ, სწორედ მას ჰკითხეს. პატარძალმა მხრები აიჩეჩა, ჩემს მეჯვარეს აქვს ნეკზე ფრჩხილი დაზიანებული, ბავშვობაში მანქანის კარში მოიყოლაო. მეჯვარის ფოტო დაცვის თანამშრომელს ანახეს, თუმცა მან ისევ დაიმორცხვა, სახე არ მახსოვს კარგად, მაგრამ ძალიან ჰგავს და ხმას თუ გამაგონებთ, ხმაზე ვიცნობო. ხმაც მოასმენინეს და მთავარმა მოწმემ დაბეჯითებით თქვა, რომ ის იყო! პატარძლის მეჯვარე დააკავეს.

„მთელი ცხოვრება მის ჩრდილში ვიყავი და ეს იმის მიუხედავად, რომ მასზე ჭკვიანიც ვარ და ნიჭიერიც. პროექტი, რომელიც მან წარადგინა, ჩემი იყო, ჩემგან გადაიწერა, მერე თქვა, შენ ახალსაც მარტივად გააკეთებო და სანამ გავაპროტესტე, კომისიას ჩააბარა. მერე, ჟიურის ყველა წევრთან ლოგინში იკოტრიალა და ეს ბოთე ბიჭი მხოლოდ იმიტომ სჭირდებოდა, რომ ქმარი ჰყოლოდა. ჩემს საქმროს გავატაცებინე პატარძალი, წარმოდგენა არ ჰქონდა, მე რა ჩანაფიქრი მქონდა, მხოლოდ ის მინდოდა, პრეზენტაციაზე არ მისულიყო, მაგრამ როგორც კი იმ შტერმა გაიგო, რომ ინსულინის გარეშე, შესაძლოა, პატარძალი მომკვდარიყო, შეეშინდა და განყოფილებაში დარეკა. ჩადენილს არ ვნანობ“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლოს გადაწყვეტილება, ცოტა არ იყოს, უცნაური იყო. მათ არავინ დატოვეს პატიმრობაში, მეჯვარესა და მის საქმროს პირობითი სასჯელები ჩამოურიგეს, ჟიური კი შეიცვალა და... ორივე გოგონას კონკურსში მონაწილეობა აეკრძალა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე