სად გაუჩინარდა ორი შვილის დედა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

20 ათასი დოლარის საიდუმლო

სავარაუდოდ, მარტო საქართველოში არ ხდება ისე, რომ მშობლები 40 წლის შვილებს „ბავშვებს“ ეძახიან და ცდილობენ, მათ ცხოვრება ისე მოუწყონ, რომ ამ ასაკშიც კი, ხელის განძრევა არ დასჭირდეთ. სამწუხაროდ, არაერთი ემიგრანტი ქალი, უცხოეთიდან, სწორედ 40 წელს გადაცილებულ „ბავშვებს“ არჩენს და ისინიც თვიდან თვემდე ელიან, როდის გამოუგზავნის დედა ფულს, რათა ოჯახი არჩინონ და გაუთავებლად ეძებონ სამსახური, რომელსაც პოულობენ, მაგრამ მუშაობას არ იწყებენ. რატომ? - იმიტომ, რომ დედა ფულს უგზავნის.

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, არც თუ დიდი ხნის წინ მოხდა და მასში, შესაძლოა, ბევრმა საკუთარი თავი ამოიცნოს. პოლიციის განყოფილებაში 40 წლის მამაკაცი მივიდა და განაცხადა, რომ დედამისი გაქრა.

„ორი დღეა, დედა ზარებს არ პასუხობს, წავედი აგარაკზე, სადაც ის ცხოვრობდა და ადგილზე არ დამხვდა. არ ვიცი, რა ვიფიქრო, ასე არასდროს მოქცეულა. ყველაზე მეტად კი ის მაფიქრებს, რომ ერთი კვირის წინ, მან მანქანა გაყიდა, დაახლოებით, 20 ათასი დოლარი აიღო და ვინ იცის, ეგებ, ამ ფულისთვის გააქრეს“, - მოთქვამდა კაცი.

სამართალდამცავები იმ აგარაკის სანახავად წავიდნენ, სადაც ქალი ცხოვრობდა და იმის მიუხედავად, რომ სახლში იდეალური წესრიგი იყო, სამზარეულოში, მეტლახზე, სისხლის რამდენიმე წვეთი შენიშნეს. მაშინვე მამაკაცს მიუტრიალდნენ, თქვენ რომ იყავით, ეს სისხლის წვეთები იყოო და მან თავი დაუქნია, იყო, მაგრამ თქმა დამავიწყდა, იმ გამქრალ ფულზე ვფიქრობ, ვიცი, სადაც ინახავდა თანხას და ფული იქ არ არისო. ამ დროს, აგარაკზე ახალგაზრდა ქალი მოვიდა, როგორც მერე გაირკვა, დაკარგულის მეორე შვილი და ისტერიკა მოაწყო, ჩემი ძაღლი სად გაქრა, აქ უნდა იყოსო. და-ძმა ამბობდა, რომ დედას ერთმა ძაღლი ჩამოუყვანა არც თუ დიდი ხნის წინ, მეორემ - კატა. საქმე ის გახლდათ, რომ გოგონაც ორსულად იყო და ბიჭსაც ორსულად ჰყავდა ცოლი, ექიმებმა კი, რეკომენდაცია მისცეს, რომ შინაურ ცხოველებს მორიდებოდნენ. სანამ სამართალდამცავები იქაურობას ათვალიერებდნენ და სისხლის ნიმუშს იღებდნენ, და-ძმა ერთმანეთს წაეკიდა, ახლა რომ მოგინდა ბავშვის გაჩენა, დედა რამდენად უნდა გაიჭრას, არა მე უნდა დამეხმაროს, არა - მეო. პარალელურად, ორივემ დაიწყო იმ ფულის ძებნა, რომელიც დედამ მანქანის გაყიდვის შედეგად მიიღო და თან პოლიციელების გასაგონად ამბობდნენ, დედა იმ ფულს მე დამპირდაო. როგორც იქნა, ძალოვანებმა და-ძმა დააშოშმინეს და გამოკითხვისთვის მისაღებში დასვეს.

„მამა ადრე გარდაგვეცვალა, დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ კარგად გვეცხოვრა - წლების მანძილზე, ერთ-ერთ ბანკში მთავარ ფინანსისტად მუშაობდა. როცა გავთხოვდი, ოროთახიანი ბინა მაჩუქა, ამ ბედოვლათს მამის სახლი ერგო - სამოთახიანი ბინა. აგარაკი ადრევე გვქონდა, დედა პენსიაზე რომ გავიდა, აქაურობა გაარემონტა და საცხოვრებლად აქ გადმოვიდა. იშვიათად ჩამოვდიოდით, თავად ხშირად მოდიოდა, ხან ერთთან, ხან მეორესთან - დანაზოგის გარდა, ფართები ჰქონდა გაქირავებული და აღებული ფულით ჩვენ გვეხმარებოდა. არც ჩემი ქმარი მუშაობს, არც ჩემი ძმა, მაგრამ ჩემი ქმარი სამსახურს ეძებს, ეს ბედოვლათი კი მუდმივად დედის კისერზე იყო და არაფერსაც არ ეძებს. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დედას არ დაერეკოს და არ მოვეკითხეთ, ეს ორი დღეა, გაქრა და ტელეფონიც გათიშული აქვს“, -წუწუნებდა გოგონა.

ამასობაში, სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ ავტომობილი ქალმა იქვე, მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს მიჰყიდა და მის სანახავად წავიდნენ. კაცმა დაადასტურა, მანქანა ვიყიდე, ფული გადავუხადე, „ქეში“ მივეცი და თუ ეგ ქალი სადმე გაქრა, მე რა შუაში ვარო. გადაამოწმეს და მეზობელ მამაკაცზე არანაირი სამართალდარღვევა არ ირიცხებოდა და მეტიც, მისი შემოსავლებიდან გამომდინარე, მანქანის თანხის გამო, ის ქალს ზიანს არ მიაყენებდა. ამასობაში, ექსპერტებმა ისიც გაარკვიეს, რომ სისხლი ძაღლის იყო, რამაც გოგონა ისევ ისტერიკაში ჩააგდო, ჩემს ცუგას რაღაც სჭირსო. პოლიციის IT-სპეციალსიტებმა დაკარგული ქალის სოციალური ქსელი იპოვეს, რომლის არსებობაზეც შვილებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა სოციალური ქსელი, ტელეფონს იშვიათად ჰკიდებდა ხელს, მარტო დასარეკად იყენებდაო, მაგრამ გაირკვა, რომ მათი დედა სოცქსელის აქტიური მომხმარებელი იყო და არაერთი ფოტოც ჰქონდა გაზიარებული. მათგან ერთ-ერთი, ასაკოვან მამაკაცთან გადაღებული ფოტო გახლდათ, საკმაოდ თბილი ფოტო, ქალს ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა და არ კაცი ჩანდა უბედური. შვილებმა მხრები აიჩეჩეს, წარმოდგენა არ გვაქვს, ეს ბაბუ ვინ არისო. გამოდიოდა, რომ შვილებმა დედის შესახებ არაფერი იცოდნენ გარდა იმ შემოსავლებისა, რომელიც ქალს ჰქონდა.

გამომძიებლებმა ბინა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და მანქანის გაყიდვით მიღებულ ფულს მიაგნეს. სანამ და-ძმა იმას არკვევდა, როგორ უნდა გაეყოთ თანხა, ძალოვნებმა აუხსნეს, რომ ფული, როგორც ნივთმტკიცება, ჯერ მათთან დარჩებოდა, პარალელურად კი იმ კაცის ძებნა დაიწყეს, რომელიც ფოტოზე იყო. ჰო, ისიც გაირკვა, რომ ქალის ტელეფონი სწორედ აგარაკზე გაითიშა ანუ ის იქიდან წაიყვანეს.

მამაკაცის ვინაობა მალე დაადგინეს, ისიც საკუთარ სახლში, იმავე სააგარაკე ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში ცხოვრობდა. გამომძიებლებმა მისი დაკითხვა გადადეს და მხოლოდ თვალთვალი დააწესეს. სახლში მასთან ყოველდღე ასევე ასაკოვანი ქალი მიდიოდა, საღამომდე რჩებოდა, დილა-საღამოს კი, მამაკაცი ძაღლს ასეირნებდა. როგორც დაკარგულის შვილი ამბობდა, მან დედას მოსავლელად ფრანგული ბულდოგი ჩაუყვანა, მუგუზალივით შავი, რომელსაც თეთრი ლაქა უკანა მარჯვენა ფეხზე ჰქონდა. ძაღლი, რომელსაც მამაკაცი ასეირნებდა, ფრანგული ბულდოგი იყო... უკანა მარჯვენა ფეხზე თეთრი ლაქით. რაც შეეხება ქალს, რომელიც მამაკაცს აკითხავდა, მისი ბიძაშვილი იყო, რაც მთავარია, დაკარგულ ქალბატონთან ერთად წლები მუშაობდა და მის უახლოეს მეგობრად ითვლებოდა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალი გატაცებული იყო და სწორედ იმ სახლში იმალებოდა. ამიტომ, სპეცოპერაციის ჩატარება მაშინ გადაწყდა, როცა მამაკაცი ძაღლს ასეირნებდა, მისი ბიძაშვილი კი შინ არ იყო. ძალოვნებმა კაცი მარტივად დააკავეს, სახლში შევარდნილებს კი საოცარი სურათი დახვდათ - დაკარგული ქალი სამზარეულოში, გაზქურასთან იდგა და სადილს ამზადებდა. ნიღბიანი სპეცრაზმელების დანახვამ ძალიან დააფრთხო, იმაზეც დაიბნა, როცა სახლის მეპატრონე ბორკილებდადებული შემოიყვანეს, სწორედ ამ დროს, სახლის მეპატრონის ბიძაშვილიც მივიდა და სიტუაციას რომ შეხედა, გაოცებულმა იკითხა, აქ რა ხდებაო. სამართალდამცავები უფრო გაოცდნენ და სამეულს უთხრეს, თქვენ მოყევით, რა ხდება აქო.

„ეს კაცი ჩემი ბიძაშვილია, ეს ქალი - ჩემი საუკეთესო მეგობარი, წლები ვიმუშავეთ ერთად. მთელი ცხოვრება შვილებზე იყო გადაყოლილი და იმის მიუხედავად, რომ ოცნებად პარიზის ნახვა ჰქონდა, ვერასდროს ვერ მოიცალა საფრანგეთში წასასვლელად, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებო. არადა, ის „ბავშვები“ 40 წელს გადასცდნენ და ისევ დედას არიან ჩამოკიდებულები. ჩემი ბიძაშვილი ქვრივია, როცა მეგობარი გავაცანი, მაშინვე სიმპათიით განეწყო, ერთმანეთი შეუყვარდათ. ფინანსურად არც ამას უჭირს და გადაწყვიტეს, საფრანგეთი ენახათ, მაგრამ ამ უბედურმა ერთხელ გადადო, მეორედ, მესამედ... ახლა თქვა, ჩემი რძალიც ორსულად არის და შვილიც, სანამ ბავშვები სკოლაში არ წავლენ, დახმარება დასჭირდებათ, მე უნდა გავზარდო შვილიშვილებიო. ჩავთვალეთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ჩემი მეგობარი სახლიდან გამოვიტყუე, აქ მოვვიყვანეთ და ძალით გვსურს პარიზში წაყვანა. ჰო, პარიზში, მისი ოცნების ქალაქში და აგერ, ბილეთები მოვიტანე“, - თქვა მოსულმა ქალმა და ჩანთიდან ორი ბილეთი ამოიღო.

სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს. გამომძიებელმა აღარ იცოდა, რა ექნა, ერთი შეხედვით, დანაშაული იყო და არც იყო, რადგან რეალურად, ქალს არავინ იჭერდა, მას უბრალოდ ტელეფონი წაართვეს, შვილებისთვის რომ არ დაერეკა, სხვა მხრივ კი, ნამდვილად არაფერი უჭირდა. პარიზის რეისი ორ დღეში იყო და... გამომძიებელმა ქალს უთხრა, გაფრინდით, რომ ჩამოხვალთ, დანარჩენი მერე გავარკვიოთ, შვილებს კი მე დაველაპარაკებიო. როცა შვილებმა გაიგეს, დედა პარიზში გაფრინდაო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, რა დროს ეგ იყო, თან რამხელა ფული დაუჯდება იქ წასვლა-წამოსვლა, არასწორად მოიქცა, ამ დროს რომ მიგვატოვაო.

წყვილი საფრანგეთიდან სამი თვის შემდეგ დაბრუნდა და ქალი საცხოვრებლად მამაკაცთან დარჩა. შვილები კი... შვილები მიხვდნენ, რომ გაზრდის დრო იყო სამსახურის ძებნა მართლა დაიწყეს. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სიძემაც და შვილმაც სამსახურები მალე იპოვეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე