ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„სხოდკა“ - როგორ გადაურჩა „კანონიერი ქურდი“ „ჭია“ დაჭერას

შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა ქართველი და ესპანელი სამართალდამცავებისთვის ერთნაირად დატვირთული იყო. როგორც ჩვენთან, ისე ესპანეთში, „შავ სამყაროსთან“ დაკავშირებული პირები დააკავეს და როგორც აქ, ისე იქაც სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. ოპერატიული მასალა გაავრცელა, როგორც ქართულმა მხარემ, ისე - ესპანურმა, მაგრამ, როგორც ვიგებთ, ესპანეთში, სპეცოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. რაც მთავარია, მასში 350-ზე მეტი სპეცაგენტი იყო ჩართული, რომელთაგან რამდენიმე ათეული, უშუალოდ, ქართულ ბანდებთან იყო კოორდინაციაში და მათ, როგორც ადგილობრივი კრიმინალები, ისე ეცნობოდნენ.

 

საქართველოსგან განსხვავებით, ესპანეთში ერთი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს - ლევან დადეშქელიანს ბრალი თუ დაუმტკიცეს, ხანგრძლივი პატიმრობა ელის. როგორც იქაური მედია ამბობს, სწორედ დადეშქელიანი ითვლება მთავარ ვიოლინოდ ამ სპეცოპერაციაში და ესპანური პრესა არც იმას მალავს, რომ დადეშქელიანი ტარიელ ონიანის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლება. მეტიც, დაკავებული 31 პირიდან აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ „ქუთაისურ კლანს“ ეკუთვნის.

სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით - „სხოდკა“, ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა და როგორც ესპანეთში მცხოვრები ქართველები გვიყვებიან, ამას არავინ ელოდა. არ ელოდა იმიტომ, რომ ყველამ იცოდა, ესპანური პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანი მოსყიდული იყო და ნაძარცვიდან თუ ნაქურდალიდან მათთან სერიოზული წილი მიდიოდა, მაგრამ ისე ჩანს, თავად ესპანელმა სამართალდამცავებმა ის მაღალჩინოსნები საქმის კურსში არ ჩააყენეს და სპეცოპერაცია მათთვისაც მოულოდნელი გახლდათ.

და მაინც, რას აკეთებდნენ კონკრეტული დაჯგუფებები და როგორ ხდებოდა მოპარული თანხებისა თუ ძვირფასეულობის „გათეთრება“?

როგორც გვიყვებიან, დაჯგუფების ძირითადი საქმიანობა ესპანეთის დიდ ქალაქებში ბინების ქურდობა იყო. რამდენიმე გამოცდილი „მედვეჟატნიკი“ ნებისმიერი სირთულის საკეტს მარტივად ხსნიდა, მერე კი „მტვირთავები“ მუშაობდნენ, რომლებსაც სახლიდან გაჰქონდათ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი წაღებაც კი შეიძლებოდა. ელექტროტექნიკა ადგილობრივ შავ ბაზარზე იყიდებოდა, რომელსაც ალბანელები და რუმინელები აკონტროლებენ, ფულს აბა, რა გათეთრება სჭირდებოდა, ხოლო ოქროული, ძირითადად, საქართველოში იგზავნებოდა. რამდენიმე გადამზიდავმა კომპანიამ უარი განაცხადა ოქროულისა და მოპარული ნივთების გაგზავნაზე და სწორედ ამის გამო, დაჯგუფებამ საკუთარი გადამზიდი კომპანია დააარსა და ნაქურდალი საქართველოში ამ გზით ხვდებოდა. ცნობისთვის, ესპანელმა სამართალდამცავებმა გადამზიდი კომპანიაც დალუქეს, მისი მფლობელები დააკავეს და გასაგზავნად გამზადებული ამანათები ამოიღეს. რაოდენ საოცარი ციფრიც უნდა იყოს, საქმე ეხება, დაახლოებით, 750 ბინის ქურდობას, რომელთა უმრავლესობა ბარსელონაში, მარბელასა და ვალენსიაში მდებარეობს.

„აღარც კი გვახსოვს, ბოლოს როდის ჩატარდა სპეცოპერაცია და ამიტომ, ყველა მშვიდად იყო. მეტიც, გვარწმუნებდნენ, რომ მაღალჩინოსან პოლიციელებზე გავიდნენ, რომ ისინი მოქრთამეს და თუ სპეცოპერაცია დაიგეგმებოდა, ინფორმაციას რამდენიმე დღით ადრე გაიგებდნენ და ყველა სხვა ქვეყანაში მოახერხებდა გამგზავრებას, ის სხვა ქვეყანა კი საფრანგეთი იყო. რეალობა კი სხვაგვარი აღმოჩნდა, სპეცოპერაცია იმ დონეზე ჩატარდა, რომ ბიჭებმა ერთმანეთთან დარეკვაც კი ვერ მოასწრეს, ყველა ლოკაციაზე ერთდროულად შევიდნენ და პირველ რიგში, ტელეფონები ამოიღეს“, - გვეუბნება ესპანეთში მცხოვრები ქართველი.

ერთადერთი, ვინც სამართალდამცავების სიაში მეორე ნომრად ეწერა და გაქცევა მოახერხა, „კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი (მეტსახელად, „ჭია“) გახლავთ. მას უბრალოდ ბედმა გაუღიმა, რადგან სწორედ სპეცოპერაციის დაწყების წინ, სახლიდან რაღაცის საყიდლად გავიდა, მაღაზიაში შემთხვევით ნაცნობს შეხვდა, მასთან საუბარი გააბა და სწორედ მაღაზიიდან დაინახა, როგორ გაჩერდა მის საცხოვრებელ სახლთან სპეცდანიშნულების რაზმის მანქანა, როგორ გადმოვიდნენ იქიდან ნიღბიანი და იარაღიანი სპეცრაზმელები, როგორ შემოარტყეს სახლს ალყა და როგორ დაიწყო იმ კაცის აყვანის სპეცოპერაცია, რომელიც ყველაფერ ამას გზის მეორე მხრიდან, მაღაზიის ვიტრინიდან უყურებდა. ბარათელზე ძებნაა გამოცხადებული და მას ესპანეთის დატოვება გაუჭირდება. ასევე, ის ვერ მივა იმ მისამართებზე, სადაც მისი მეგობრები ცხოვრობენ, რადგან ყველა სახლი დაკვირვების ქვეშ არის.

ნაკლებად გაუმართლა ლევან დადეშქელიანს, რომელსაც სამართალდამცავებმა სახლში, მძინარეს წაასწრეს და დააკავეს. ერთადერთი, რაც დადეშქელიანის სასარგებლოდ მეტყველებს, ის გახლავთ, რომ მის სახლში ვერ იპოვეს იარაღი, ვერ იპოვეს ვერცერთი ნივთი, რომლის წარმომავლობასაც ვერ დაასაბუთებდა და მას არ ჰქონდა დიდი ოდენობით ფულადი თანხა ანუ ის ამ მიმართულებით სუფთაა, მაგრამ როგორც ესპანელი სამართალდამცავები ამბობენ, მათ აქვთ რამდენიმე ათეული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ ბინის ქურდები ანგარიშს სწორედ მას აბარებდნენ და სწორედ ის წყვეტდა, თანხა სად და როგორ წასულიყო, რა უნდა გაგზავნილიყო საქართველოში, რა გაყიდულიყო შავ ბაზარზე, ადგილზე და თუ ეს ჩანაწერები, მართლაც, არსებობს, დადეშქელიანს გრძელვადიანი პატიმრობა არ ასცდება. სხვა საკითხია, რამდენად დაადასტურებს ადგილობრივი პოლიცია, რომ ხმა სწორედ ქართველ „კანონიერ ქურდს“ ეკუთვნის, რადგან, როგორც წესი, ყველაზე რთული, სწორედ ხმის იდენტიფიცირებაა.

რაც შეეხება ლაშა ბარათელს, ის როგორც ესპანეთში, ისე საქართველოში, არანაკლები გავლენით სარგებლობს, თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ მას ხშირად უმართლებს და არაერთხელ ყოფილა, რომ „უეჭველი სროკიდან“ გამომძვრალა და გადარჩენილა. ახლაც, თუ მოახერხებს, ყველაზე ცოტა, ორი თვის განმავლობაში ისე დაიმალოს, რომ მისი ადგილსამყოფელი ვერ იპოვონ, შემდეგ უკვე, ქვეყნიდან გასვლასაც შეძლებს. სავარაუდოდ, ეს ახალი წლისთვის მოხდება, რადგან ამ დროს, სამართალდამცავები უფრო მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებზე არიან გადართულნი და ქართველი კრიმინალებისთვის ნაკლებად სცხელათ.

მართალია, ასეთი მასშტაბური არ ყოფილა, მაგრამ ყირგიზეთის  პოლიციამ, ბიშკეკში, 1990 წელს დაბადებული ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ დააკავა. როგორც იქაური მედია წერს, პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ კორპუსში უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობდა, რომელსაც მეზობლებმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუნახეს. სპეცოპერაცია, რომელშიც ათამდე სამართალდამცავი მონაწილეობდა, მალევე ჩატარდა და საქართველოს მოქალაქეს „ტე-ტე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, 19 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიშიც“ უნახეს. იმავე ყირგიზული მედიის ცნობით, დაკავებული,  „კანონიერი ქურდის“ ზაზა ელიკაშვილის ნათესავია და საქართველოში ერთ-ერთი ქალაქის „მაყურებლად“ ითვლებოდა.

ცნობისთვის, 2018 წელს, ელიკაშვილი, საფრანგეთის პოლიციამ კახა შუშანაშვილთან და გიორგი ელარჯიასთან ერთად დააკავა და სამივე მათგანს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დროს, საქართველოში „მაყურებლების“ და „კაი ბიჭების“ თემა ძალიან გააქტიურდა და იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავი ორგანოები არცთუ იშვიათად, სპეცოპერაციებს ატარებენ და ათეულობით პირს აკავებენ, პრობლემა არ გვარდება. ის, რომ განსაკუთრებით რეგიონებში „კაი ბიჭები“ მცირე ბიზნესმენებს აწუხებენ და „ობშჩიაკისთვის“ ფულის გადახდას სთხოვენ, ახალი ამბავი არაა და რაც მთავარია, ამაზე ბევრი ხმამაღლა საუბრობს. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ქართველ ძალოვნებს შესაძლებლობა არ აქვთ, მთავარი ორგანიზატორები დააპატიმრონ და „კანონიერ ქურდებს“ პატიმრობას დაუსწრებლად უფარდებენ. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბევრ ქვეყანაში „კანონიერი ქურდობა“ დასჯადი არ არის და ამ მუხლით კონკრეტული პირების ექსტრადაციაზე, ევროპის მთელი რიგი ქვეყნები უარს აცხადებენ.

„ძალიან ბევრი მცირე მეწარმე ვერ ბედავს და მის მიმართ განხორციელებული ტერორის შემდეგ, სამართალდამცავ ორგანოებთან ვერ მიდის, განცხადებას ვერ წერს, რადგან ეშინია და ჰგონია, რომ თუ ძალოვნები ერთ ან ორ პიროვნებას დააკავებენ, თავისუფლებაზე სხვები დარჩებიან და ანგარიშსწორებსას სწორედ ისინი შეეცდებიან. არადა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ განცხადება რეაგირების გარეშე დაგვეტოვებინოს და არ დაგვეკავებინოს არა ერთი და ორი პირი, არამედ, მთელი დაჯგუფება. შესაძლოა, თავისუფლებაზე ვიღაც რჩება, მაგრამ მან ზუსტად იცის, რომ მისი მხრიდან რამე სახის ქმედებას ჩვენი რეაგირება მოჰყვება და ისიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, ციხეში ყოფნა კი არავის სურს“, - გვეუბნება პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გვიდასტურებს, რომ „კანონიერი ქურდების“ შეგულიანებით, რეგიონებში „კაი ბიჭების“ პრობლემა მართლაც დგას.

ისე, ურიგო არ იქნება, თუ პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს შეიტანს და იმ არასრულწლოვნების მიმართ გაამკაცრებს სასჯეს, რომლებიც მაღაზიების ქურდობით არიან დაკავებული და არც მცირე მეწარმეების „დატერორებაზე“ ამბობენ უარს. მათი დასჯით ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება და ძალოვნებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ოპერატიული ღონისძიებები უფრო მასშტაბურად გაატარონ თუ ჩაატარონ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე