ოკუპირებული ახალგორის პროკურატურამ აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოკუპირებული ახალგორის პროკურატურამ აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავა, რომელსაც დღეს ქალაქის ცენტრში პიკეტი ჰქონდა დაგეგმილი. მეარაყიშვილს “არაკეთილსინდისიერებასა და სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას” ედავებიან.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც აქტივისტი ცხინვალის სასამართლომ ყველა საქმეში გაამართლა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, მეარაყიშვილი საქმის მსვლელობისას ჩამორთმეული დოკუმენტების წასაღებად იყო დაბარებული. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, მეარაყიშვილმა მიზანმიმართულად არ მიაკითხა დოკუმენტებს, რომ ე.წ. პროკურატურის საწინააღმდეგო განცხადებები გაეკეთებინა.

აქტივისტი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს რომელიც ე.წ პროკურატურაში ჩაწერა. მისი თქმით, იმიტომ არ უშვებენ, რომ მოედანზე პიკეტი არ მოაწყოს.

“ახლა ქალაქის პროკურატურაში ვიმყოფები და ვეუბნები, რომ ქალაქის პროკურორთან ადვოკატის გარეშე საუბარს არ ვაპირებ. ვუხსნი, რომ ნებისმიერ სხვა დროს მოვალ, ახლა არკვევენ ეს შესაძლებელია თუ არა. არ მიშვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მოედანზე არ გავიდე. ესაა მიზეზი. მე აქ მოვედი, ავტომობილი გავაჩერე, სადაც ჩემთვის უცნობი პირი ჩამიჯდა და მითხრა, რომ უნდა გავეცილებინე, მე ხომ არ მივიმალე? არც უარი მითქვამს მოსვლაზე. არ მესმის, რატომ აკეთებენ ამას.” – ამბობს მეარაყიშვილი.

ახალგორი – ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი რაიონია სამხრეთ ოსეთში, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ეთნიკურ ქართველებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს.

ახალგორის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური ქართველია. რეგიონს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს. იქ მცხოვრები ქართველები საქართველოს მოქალაქეები არიან (ზოგს ადგილობრივი მოქალაქეობაც აქვს), რომლებიც იღებენ ქართულ პენსიას.

ცხინვალში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ არ გამოხატონ პროტესტი

ცხინვალის КГБ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას გონიერებისკენ მოუწოდებს საქართველოში რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და აფრთხილებს მათ, რომ არ გამოხატონ პროტესტი.

“საქართველოში რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქტუალური საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია ესკალაციისკენ და უცხო ქვეყნების მთავრობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების მოწყობისკენ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ გონიერებისკენ”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ამასთან, КГБ აცხადებს, რომ “დაუშვებლად მიაჩნია რაიმე არასანქცირებული საჯარო და საზოგადოებრივი აქციის გამართვა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ორგანოების, ასევე რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოების საერთო კონტურის ფორმირებაზე ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ”.

ვინ არის თამარ მეარაყიშვილი

თამარ მეარაყიშვილი ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მუდმივი დევნა-შევიწროების ობიექტად იქცა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა საქართველომ დაკარგა იურისდიქცია ახალგორის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილზე, რასაც ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობის მხრიდან რეგიონის დატოვება და დევნილის სტატუსი მიღება მოჰყვა. თამარმა ახალგორში დარჩენა ამჯობინა.

2014 წლის 3 იანვარს მან ინტერვიუ მისცა რადიოსადგურ “ეხო კავკაზას”, სადაც განაცხადა: “ჩვენთან არ არის სპორტი, კულტურა, ცივილიზაცია… ჩვენ თითქოს სხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ. იმის მიუხედავად, რომ საავადმყოფოში არსებობს სამშობიარო, ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი ბავშვი არ დაბადებულა. არის ქირურგიული განყოფილება, მაგრამ ბრმანაწლავის ოპერაციაც კი არ ჩატარებულა. ჯერჯერობით აქ არც ხელისუფლებაა და არც მოსახლეობა”.

ამ და სხვა აზრების გამო დაიწყო მისი შევიწროება, რომელიც ჯერ თანამდებობიდან დათხოვნით გამოიხატა, რასაც მოგვიანებით ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა საქმეების აღძვრა მოჰყვა.

სოციალურ ქსელში მან გააგრძელა რაიონში კორუფციის, უკანონობის და ძალმომრეობის ფაქტების მხილება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ცილისწამების ბრალდებით ადგილობრივი ჩინოსნის საჩივრის საფუძველზე აღიძრა. ჩხრეკას და დაკითხვას მისი პირადობის მოწმობის და პირადი ნივთების (მზის სათვალე, საქსოვი ჩხირები, ჩანთა, საღეჭი რეზინა და ა.შ.) ჩამორთმევა მოჰყვა.

2016 წლის მაისში თამარ მეარაყიშვილს ბრალდება გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე ოსური პასპორტის უკანონოდ მიღების და გამოყენების მუხლით წაუყენეს. მომდევნო წლის აგვისტოში კი გამომძიებელმა ის დააკავა შესაბამისი ორდერის და დაკავების მიზეზის ახსნის გარეშე.

თუმცა 2019 წელს თამარ მეარაყიშვილს ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა, თუმცა პროკურატურამ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა 2021 წლის იანვარში ცილისწამების ბრალდება დაუშვებლად ცნო, თუმცა ყალბი დოკუმენტების საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

2020 წლის აპრილში Amnesty International-მა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა და თამარის მიმართ სიტყვის თავისუფლების სრული უზრუნველყოფა მოითხოვა.

დაშინების და შევიწროების მიუხედავად, თამარი დარჩა რეგიონში არსებული სავალალო ვითარების შესახებ ერთ-ერთ სანდო პირველწყაროდ პრობლემებით დაინტერესებული პირებისთვის.

წყარო:jam-news