რატომ გაიტაცა ახალგაზრდა ქალმა ძმისშვილი - ცნობილი ბიზნესმენის „ქამინგ აუთი“ და „ჰეფი ენდით“ დასრულებული კრიმინალური ამბავი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დროს, ალბათ, არავის გაუგია, რომ საქართველოში ავტომობილი მოიპარეს. ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება ჩვენთან ავტომანქანის გატაცება და ამიტომაც  მფლობელები მშვიდად არიან. ზოგადად, ავტომანქანის გატაცება მფლობელისთვის ყოველთვის ტრაგედია იყო. ადრე, კომუნისტების დროს, სამართლდამცავებთან გარბოდა დაზარალებული, მერე, შევარდნაძის პერიოდში - „კანონიერ ქურდებთან“, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი შემთხვევები ჯერ შემცირდა, შემდეგ მინიმუმამდე დავიდა, ახლა კი, პრაქტიკულად, გამქრალია. მეტიც, ავტომობილის გატაცება შსს-ს დღევანდელ სტატისტიკაში ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს და რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია.

 „ავტომობილით მივდიოდი, როცა წინ ვიღაც კაცი გადამიდგა ყვირილით და ხელების ქნევით, მიშველე, ავტომობილი მომპარესო. მანქანა გავაჩერე, გადმოვედი, ვკითხე, რა და როგორ მოხდა, მან კი მიპასუხა, საბავშვო ბაღის წინ მეყენა მანქანა, დავქოქე, მერე გადმოვედი, საბურავისთვის უნდა შემეხედა და რომ დავიხარე, ვიღაც ჩაჯდა მანქანაში და გაიტაცაო. კაცი ამბობდა, ერთ „კანონიერ ქურდს“ ვიცნობ, იმასთან უნდა წავიდეო. რა თქმა უნდა, არ გავუშვი, მანქანაში ჩავსვი და „გაი“-ს უახლეს პოსტს მივადექი, რაციით გადავაცემინე თეთრი „ვოლგის“ მონაცემები. მამაკაცი უიმედოდ აქნევდა თავს, მე მოთიმებით ველოდი“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საგზაო ინსპექციამ გადასარევად იმუშავა, რადგან ქალაქიდან გასასვლელი ყველა გზა მალევე იყო შეკრული, მაგრამ მოულოდნელი ინფორმაცია მეზობელი რაიონის განყოფილებიდან მოვიდა - გამტაცებელმა მანქანა მილიციის ეზოს შესასვლელთან დატოვა. კაცი სიხრულისგან ხტოდა, ისევ ბატონ თენგიზს სთხოვა, მადლი ჰქენი და ბარემ, მარილიც მოაყარე, მანქანასთან მიმიყვანეო და გამომძიებელიც დათანხმდა. მანქანის დანახვისთანავე კაცს სიხარულით ლამის გული წაუვიდა, დაათვალიერა, შემოურბინა, ნაავარიევი არ არისო, შემდეგ კი... მოულოდნელად სამართალდამცავებს მიუტრიალდა და ჩუმად თქვა - „ბავშვი... ბავშვი არ არის მანქანაში“...

ძალოვნებმა გაოცებისგან პირი დააღეს, მამაკაცს ბავშვი საერთოდ არ უხსენებია, მხოლოდ მანქანას ახსენებდა და ის, რომ გატაცებულ ავტომობილში ბავშვიც იყო, კრინტი არ დაუძრავს.

„სიბრაზისგან ლამის ხელი დავარტყი. მანქანაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე 3 წლის შვილზე. საქმე მაშინვე ბავშვის გატაცების მოტივით აღიძრა, ეჭვი გვქონდა,რომ „ვოლგის“ პატრონს შემოსავალიც საკმარისი ექნებოდა. მაშინვე გამოვკითხეთ, ვის შეიძლებოდა გაეტაცებინა ბავშვი და მხრები აიჩეჩა, მე რა ვიცი, ჩემს ცოლს ჰკითხეთ, იმის შვილიაო“, - ამბობს ბატონი თენგიზი.

როგორც გაირკვა, გატაცებული ბავშვი მანქანის მფლობელის გერი იყო. მას კარგი სამსახური ჰქონდა, ბევრ ფულსაც შოულობდა და უცნაური აზრები აწუხებდა. როგორც სამართალდამცავებს უთხრა, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობდა, დრო არ ჰქონდა, საცოლე ეძებნა, ამიტომ ქმარგანაშვები ბუღალტერი მოიყვანა, რომელსაც შვილიც მოჰყვა და წვალებაც არ დასჭირდებოდა მემკვიდრისთვის. მეტიც, ის შვილს საკუთრად ვერ აღიქვმდა და არც აინტერესებდა, უბრალოდ, ახლა ტვინს არავინ უჭამდა, ცოლი რატომ არ გყავსო. იმ დღესაც, ბავშვის გამოსაყვანად მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ცოლი ცუდად იყო, თორემ ბავშვის საქმეებით ყოველთვის და მთლიანად ცოლი იყო დაკავებული. კაცი იმასაც ამბობდა, ჩემი დამოკიდებულება ამ ბავშვის მიმართ ყველამ იცის და მეეჭვება, ვინმეს იმიტომ გაეტაცებინა, ფული გამოეძალა, რადგან ერთი კაპიკის გადამხდელი არ ვარო.

რა თქმა უნდა, სამართალდამცავებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ვალდებულები გახდნენ, ბავშვი ეძებნათ და საქმეს შეუდგნენ. პირველ რიგში, ბაღის პერსონალი დაჰკითხეს, ვინმე ხომ არ შეგიმჩნევიათ ისეთი, ვინც საეჭვოდ იქცეოდაო და ორმა გაიხსენა, რომ ბოლო

დღეებში, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა გოგონა მოძრაობდა და თითქოს, ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა. გოგოს თავზე ქუდი ეფარა, სპორტული შარვალი ეცვა. მას ყურადღებას არავინ აქცევდა, მაგრამ როცა ასეთი შემთხვევა მოხდა, გაიხსენეს. „ვოლგის“ პატრონმაც თქვა, ვიღაც გოგო, რომ მოვედი, მაშინ შევამჩნიე, მაგრამ არ მაინტერესებდა, ერთი გავხედე და შევეშვი, მაგრამ მერე, როცა მანქანა გაიტაცეს, იქ აღარ იყოო. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გოგონა, თანაც გამტაცებელი და თანაც ისეთი, მანქანის ტარება რომ შეეძლებოდა? მაშინ ქალები საჭესთან იშვიათად იყვნენ და ისიც თითზე დასათვლელი. ძალოვნებმა გაცემულ მართვის მოწმობებზე დაიწყეს იმის შემოწმება, ხომ არ იყო ვინმე ძალიან ახალგაზრდა მათ შორის და... ვერავინ აღმოაჩინეს. უფრო ზუსტად, კი იყო ერთი გოგო, მაგრამ ის იმ დროისთვის, როცა დანაშაული მოხდა, ბელორუსში იმყოფებოდა. გამოძება ჩიხში შევიდა. ბავშვის დედა კედლებს აწყდებოდა, წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლებოდა მოეპარა ჩემი შვილი, მტრები არ მყავს, რიგითი ბუღალტერი ვარ და ჩემმა მეგობრებმაც იციან, რომ შვილი კი არა, მეც რომ მომიპარონ, ჩემი ქმარი არაფრის გადამხდელი არ არისო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გამტაცებლები არ რეკავდნენ, არაფერს ითხოვდნენ და ამიტომ, გამოძიება ბავშვის მამით დაინტერესდა.

ქალმა თავი დახარა და ჩუმად თქვა, ბავშვის მამა ჩემი ბავშვობის სიყვარულია... ერთადაც ვცხოვრობდით ცოტა ხანს, შემდეგ თითქოს ვერ შევეწყვეთ, ის წავიდა და მე ბავშვი გავაჩინე, მერე კი გავთხოვდი, რადგან გვერდით მამაკაციც მინდოდა და თან ბუღალტრობის მიუხედვად, ეკონომიკურად ცოტა მიჭირდა. გამომძიებლებმა მამაკაცის მოძებნა გადაწყვიტეს.

„მასთან სახლში მეც მივედი და კარი ახალგაზრდა გოგონამ გააღო... სპორტული შარვლით, კეპიც ეფარა... მივხვდი, რომ ჩემს წინ გამტაცებელი იდგა. გოგონამ ცოტა დაბნეულად შემოგვხედა, მერე შინ შეგვიპატიჟა. სამზარეულოში 3 წლის ბიჭი პურის ქერქს ღრღნიდა და როგორც გოგომ გვითხრა, ის მისი ძმის შვილი იყო“,  - იხსენებს ბატონი თენგიზი.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათელი იყო და არც გოგოს დაუმალავს, რომ ბავშვი ძმისთვის მოიტაცა, რომელიც როგორც შვილის, ისე მისი დედის სიყვარულით იტანჯებოდა. ძმამ კი გადაწყვიტა, ყველაფერი ეს ყოფილი ცოლისთვის ეამბნა და სწორედ მასთან წავიდა. სხვა რა გზა იყო - გოგონა დააპატიმრეს, ბავშვი დედას დაუბრუნეს, მამაკაცს კი ვერაფერი უქნეს, რადგან მან რეალურად დანაშაული აღიარა და გატაცებული ბავშვის დედას შეატყობინა. ძალოვნებმა ისიც გაარკვიეს, რომ გოგონას ავტომანქანის ტარება თავის დროზე მამამ ასწავლა და იმის მიუხედავად, რომ მართვის მოწმობა არ ჰქონდა, კარგი მძღოლი იყო. საბავშვო ბაღის წინ კი იმ იმედით მიდიოდა, რომ შანსი მისცემოდა და მისი ძმის შვილის დედას მარტო გამოლაპარაკებოდა, აეხსნა, რას გრძნობდა მისი ძმა, მაგრამ მარტო ვერ მოიხელთა. იმ დღეს კი, დაინახა, როგორ უდარდელად მოისროლა მამინაცვალმა ბავშვი უკანა სავარძელზე, როგორ უდარდელად მიატოვა მანქანაში, არც კი აინტერესებდა, პატარა როგორ იყო და გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო.

„მერე ყველაფერი ინდური ფილმივით განვითარდა - გოგონას ყველა ბრალდება მოუხსნეს, რადგან არც დედა ჩიოდა, არც მისი ქმარი, რომელმაც ცოლთან საერთოდ დაშრება გადაწყვიტა, აქაოდა, პრობლემისა და ხარჯის მეტი ვერაფერი ვნახეო. ქალი საცხოვრებლად ბავშვის მამასთან გადავიდა და მალე მეორე შვილიც შეეძინათ“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

სხვათა შორის, ის კაცი, ვისაც „ვოლგა“ მოპარეს, დიდ ბიზნესმენად კი იქცა, მაგრამ მალე ისიც ითქვა, რომ ქალები ნაკლებად აინტერესებდა და აღიარა კიდეც, გეი ვარო, ოღონდ ეს აღიარება საზღვარგარეთ მოხდა, სადაც მან თავისი ბიზნესიც წაიღო და მეწყვილეც იპოვა - უცხოელი მამაკაცი, რომელსაც მასავით უძგერდა გული. ქალი კი... საკმაოდ კარგი ბუღალტერი არაერთ დიდ კომპანიაში მუშაობდა, შემდეგ საკმაოდ ცნობილ ბანკში, ბოლოს კი... ბოლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თავისი უფროსი შვილის ქორწილის დღეს გარდაიცვალა.

 

 

ბათო ჯაფარიძე