სიახლე იარაღის მფლობელთათვის - კანონში ცვლილებები შევიდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი და სხვა თანმდევი საკანონმდებლო აქტების ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.


საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირება და პრევენცია წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნული კანონპროექტით დაინტერესებულ პირებთან არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია გაიმართა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის უშუალო ჩართულობით შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა შედგა. კანონპროექტით დაინტერესებული პირების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტი გადამუშავდა და გადამუშავებული რედაქცია წარედგინდა საქართველოს პარლამენტს.
მიღებული ცვლილების ძირითად სიახლეებს წარმოადგენს:


იარაღის სახეებად დაყოფის კრიტერიუმად განისაზღვრება იარაღის საერთო სიგრძე, შესაბამისად, იარაღები სიგრძის მიხედვით დაიყოფა მოკლე და გრძელ იარაღებად. მოკლე იარაღად მიჩნეულია პისტოლეტი, რევოლვერი ან იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ს არ აღემატება.


კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებული იქნება ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს აღნიშნული იარაღი. ამასთან, კანონით ეს პირები გათავისუფლდებიან ბალისტიკური შემოწმების საფასურის გადახდისგან და შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან. თუ ბალისტიკური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ იარაღი მოკლეა, იგი მოექცევა თავდაცვის კატეგორიაში და მისი ხელახალი რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ შენახვის უფლებით, ხოლო თუ დადგინდა, რომ იარაღი გრძელია, პირს კვლავ ექნება მისი ტარების უფლება. ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულების განუხორციელებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.


იარაღის ბრუნვის კონტროლის გაძლიერების მიზნით, პოლიციელს ენიჭება უფლება რეგისტრირებული იარაღების არსებობა შეამოწმოს პირის საცხოვრებელ ადგილზე, მისივე თანხმობით, თუმცა არაუმეტეს წელიწადში 4-ჯერ. ხოლო, თუ პირი არაა თანახმა იარაღების მის საცხოვრებელში შემოწმებაზე, აღნიშნულის შესახებ დგება ოქმი და პირი ვალდებული იქნება პოლიციელის მიერ მოთხოვნილი იარაღი, მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში, თვითონ წარადგინოს პოლიციაში.


ცვლილებები შეეხება ასევე სპორტულ იარაღებს. ფიზიკურ პირს უფლება ექნება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებისა და შეკეთების მიზნით გადაიტანოს სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი.


იზრდება სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) უფლებამოსილებები. კერძოდ, ისინი შეძლებენ სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, აგრეთვე ამ იარაღების ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის/ჭურვის შეძენას, ნებართვის საფუძველზე მათ საქართველოში შემოტანას ან/და საქართველოდან დროებით გატანას, ასევე სპორტული იარაღის გადატანას შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებისა და სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების მიზნით.


ცვლილების შედეგად, ყველა შესაბამის იურიდიულ პირს (სამონადირეო მეურნეობას,ტირს, სასროლეთს, სასროლო-სანადირო სტენდს, სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციასა და შესაბამის სპორტულ ორგანიზაციას) ექნება შეძენილი იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება.


აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონით რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრეს მიენიჭება უფლება, ყოველგვარი ნებართვისა და დროებითი მოწმობის გარეშე გადაიტანოს ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე (ნაცვლად 50 ვაზნისა).


დამატებით, დასაშვები გახდა ლიცენზიის გარეშე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნის პირადი მოხმარების მიზნით გადამუხტვა. ახალი რეგულაციების თანახმად, პირი შეძლებს მასზე რეგისტრირებული იარაღისთვის ვარგისი ვაზნის გადამუხტვას, თუ იგი არანაკლებ 5 წლის მანძილზე ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვას. ამასთან, პირი ვალდებულია საქმიანობის შესახებ შეატყობინოს შსს-ს და ასევე საბრძოლო მასალის დამზადებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები. პირადი მოხმარების მიზნით გადამუხტული ვაზნის გასაღება (გარდა გლუვლულიანი სანადირო იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნისა) გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.


გარდა ამისა, იარაღის ბრუნვის კონტროლის ეფექტიანობის მიზნით, განისაზღვრა იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ახალი სამართალდარღვევები. კერძოდ, სამართალდარღვევად განისაზღვრება ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა, დაკარგვის შეუტყობინებლობა, პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო იარაღის წარდგენაზე უარი; სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევა (უნებართვო შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება). აგრეთვე, გამკაცრდა პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული სახდელები.


შემოდის სახდელის ახალი სახე − იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, რაც იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანის, იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის უფლების 5 წლამდე ვადით შეზღუდვას გულისხმობს. აღნიშნული სახდელის დადების შემთხვევაში პირს გაუუქმდება ყველა ლიცენზია და ნებართვა და მიეცემა შესაძლებლობა მოახდინოს იარაღის სხვა პირზე რეგისტრაცია.


იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა სახდელად შესაძლოა განისაზღვროს სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში, ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა საამისოდ გამოუყოფელ ადგილას; იარაღის ტარების, გადატანის, გადაზიდვის წესის დარღვევა; პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და სხვა.


კანონი 2023 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.