რას ვერ იყოფენ კრიმინალები ოკუპირებულ აფხაზეთში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენი ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოკვდა ბოლო დროს

 2017 წლის 17 თებერვალს, სარფის საბაჟოზე, ქართველმა სამართალდამცავებმა „კანონიერი ქურდი“ გია გიორგაძე, იგივე, „გია ტბილისკი“ დააკავეს. იგი საქართველოში შემოსვლას ოფიციალურად - პასპორტითა და საბაჟო გამშვები პუნქტის კვეთით აპირებდა, თუმცა იმის გამო, რომ 223-ე პრიმა მუხლი ანუ „კანონიერი ქურდობა“ ჩვენთან დასჯადია, ის დააკავეს.

 

სასამართლო პროცესი იმავე წლის 6 ივნისს დასრულდა და გიორგაძე მოსამართლე გიორგი ებანოიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა. ცოტა ხნით ადრე, დარბაზიდან გათავისუფლდა იგივე ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ რევაზ ლორთქიფანიძე.

„რას მედავებიან, აზრზე არ ვარ. რა დავაშავე? მე ადრე მაგაზე ვიჯექი და მოვიხადე „სროკი“. ასე როგორ შეიძლება? სააკაშვილმა რაღაც სულელური „ზაკონი“ შემოიღო და თქვენ ისევ ამ „ზაკონით“ გვასამართლებთ, თუ რა ხდება, ვერ გავიგე? თვითონ სააკაშვილი და მაგის მთელი „სასტავი“ ახლა „როზისკშია“ და მე მაგათი „ზაკონებით“ რატომ უნდა გამიშვათ ციხეზე, როცა არაფერი დამიშავებია?“ - ეს სიტყვები „გია ტბილისკიმ“ სასამართლო პროცესზე, განაჩენის გამოცხადებამდე, 2017 წელს თქვა.

გიორგაძე არასდროს ყოფილა რიგითი „კანონიერი ქურდი“. ის 1981 წელს, ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, ქურდად ლეგენდარულმა არსენ მიქელაძემ „მონათლა“ და მას შემდეგ, გიორგაძისა ავტორიტეტი ყოველწლიურად იზრდებოდა.

საქართველოში ქურდობის გამო სასჯელის მოხდის შემდეგ, მან რუსეთს მიაშურა, სადაც 2014 წელს, ავტომობილების შავი ბაზრის კონტროლისთვის დააკავეს. სხვათა შორის, როცა სამართალდამცავებს გაურბოდა, ცეცხლი გაუხსნეს და მისი დაპატიმრება მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს. რუსული ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი, გიორგაძემ ევროპას მიაშურა და როგორც ამბობენ, საკმაოდ მშვიდ ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა მისი გავლენის ქვეშ, ლამის, ევროპის ყველა ქვეყანა იყო.

სულ ბოლოს, „გია ტბილისკი“ მძიმე დაავადებას თურქეთის კლინიკაში ებრძოდა, სადაც მიმდინარე წლის 9 იანვარს გარდაიცვალა. იმავე დღეს, ოღონდ სოხუმის კლინიკაში, კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ თენგიზ ლაკერბაიაც აღესრულა. ახალი წლის წინა დღეებში, 26 დეკემბერს, კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ გია დიაკვნიშვილი გარდაიცვალა, რომელმაც ორი თვით ადრე, თვითმკვლელობა სცადა. როგორც ჩანს, ტყვიამ თავისი საქმე გვიან, მაგრამ მაინც გააკეთა - დიაკვნიშვილს ჯერ ნერვული სისტემა დაუზიანდა და მხედველობა დაკარგა, თუმცა ექიმები მის გადარჩენას მაინც ცდილობდნენ, მაგრამ ორგანიზმმა ვერ გაუძლო.

მოდით, ისევ გიორგაძეს დავუბრუნდეთ.

„გია ტბილისკი“ არასდროს არ იყო რიგითი კრიმინალი. დედაქალაქში დაბადებულ-გაზრდილ გიორგაძეს სამეგობრო ყველა სფეროში ჰყავდა, მათ შორის, პოლიტიკაშიც. მის სახელს უკავშირებენ 2011 წელს, პარიზში გამართულ „კანონიერი ქურდების“ შეხვედრას, სადაც მაშინდელი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავაც იმყოფებოდა. მაშინ, ამ შეხვედრაზე, ფილმების მთელი სერია გადაიღო წინა ხელისუფლებამ, საქმეში ფრანგული ჟანდარმერიაც კი ჩართეს, ბრიუსელიდან პარიზში ჩაფრინდა იუსტიციის მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე თინა ბურჯალიანი, მაგრამ საქმეს მსვლელობა ვერ მიეცა.

მაშინ, პარიზში, ხაინდრავას მასპინძელი „გია ტბილისკის“ მეგობარი და არანაკლებ გავლენიანი რევაზ ლორთქიფანიძე იყო და ცოდვა გამხელილი სჯობს, იმასაც ამბობენ, 2017 წელს, გიორგაძისა და ლირთქიფანიძის ციხიდან გაშვება, ასევე, 223-ე პრიმა მუხლის არგამოყენება, სწორედ პარიზული შეხვედრისა და ხაინდრავასთან მეგობრობის დამსახურება იყოო.

რადგან „კანონიერ ქურდებზე“ ვსაუბრობთ, იმასაც გეტყვით, რომ ამ მიმართულებით, აფხაზეთში სიტუაცია დაძაბულია. იქ რამდენიმე კლანი ებრძვის ერთმანეთს და არც ისაა დასამალი, რომ ოფიციალურად, პოლიტიკოსების გარდა, აფხაზეთისადმი ინტერესი ქართველ ქურდებსაც აქვთ. სამწუხაროდ, აფხაზეთი ოკუპირებულია და კვლავ არ შედის საქართველოს იურიდსდიქციაში, თუმცა სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ისედაც სამოთხედ აღიარებული ჩვენი ქვეყნის ნაწილი კრიმინალებისთვისაც სამოთხედაა ქცეული.

მეტიც, „კანონიერი ქურდები“ იქაურ პოლიტიკაშიც ერევიან და მონაწილეობას იღებენ არა მარტო ქალაქების მერების დანიშვნის საკითხში, არამედ, პოლიციის უფროსების კანდიდატურებსაც კი მათ უთანხმებენ. ამიტომ, ამ მსუყე ნაჭერს უყურადღებოდ არ ტოვებენ და ამბობენ, რომ აფხაზეთში გავლენების გადანაწილებისთვის, მალე ნამდვილი ბრძოლა ატყდება და არაერთი კრიმინალის სისხლი დაიღვრება.

ავტორი-ბათო ჯაფარიძე

მეტი მასალების გასაგებად გადადით ბმულზე - http://versia.ge/images/versia/pdf/pdf2023/versia-1-2023.pdf