მკვლელი პრაქტიკანტი - შეყვარებული ქალების სერიული მკვლელი ბელორუსში დააკავეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მწარე რეალობაა, მაგრამ საქართველოში ახალი წლის დადგომიდან 2-3 დღეც არ არის ხოლმე გასული, როცა მორიგი მკვლელობის შესახებ ვიგებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის კლავს, მთავარი ის გახლავთ, რომ სადღესასწაულო დღეებშიც კი, ადამიანები ერთმანეთს იმეტებენ და აგერ, ფემიციდის შემთხვევა გვქონდა, სადღაც მინდორში გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს... და ცხოვრება გრძელდება, თითქოს არაფერი ხდება და უკვე მერამდენედ გვიწევს იმის თქმა, რომ ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა, სიკვდილს შეეგუა. აღარ არის ტრაგედია საზოგადოებისთვის ახალგაზრდის თუ მოხუცის გარდაცვალება, უბრალდო სტატისტიკაა და ბოლომდე ტრაგედიად მხოლოდ ოჯახებისთვიც რჩება. დანარჩენი საზოგადოება კი აღშფოთებას თუ მწუხარებას, სოციალურ ქსელში 2-3 დღის განმავლობაში გამოხატავს და ამით ყველაფერი სრულდება.

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ ახალი წლის დღეებში მოხდა, მაშინ, როცა დედაქალაქი თოვლით იყო დაფარული და თეთრი საფარი საახალწლო განწყობას ხალისს მატებდა. უხდება ახალ წელს თოვლი, ძალიან უხდება. პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი სამსახურიდან ბრუნდებოდა, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ერთი სული ჰქონდა, შინ მისულიყო, მითუმეტეს, მისი მოთხოვნით, მეუღლემ ახალ წლამდე ოთხი დღით ადრე გაუკეთა საცივი და ახლა, საყვარელი კერძის დაგემოვნების გარდა, სხვაზე არაფერზე ფიქრობდა. მის წინ ახალგაზრდა გოგონა მიდიოდა აჩქარებული ნაბიჯით და სკვერისკენ გადაუხვია. უეცრად გოგონას ფეხი აუცურდა და დაეცა, გამომძიებელი ღიმილით მიუახლოვდა, წამოყენება დაუპირა, რომ დაიხარა, ტაბელური იარაღი გადმოუვარდა ბუდიდან და პირდაპირ გოგონას ფეხებთან დაეცა.

„არ მომკლათ, გემუდარებით, არ მომკლათ. მე არაფერი დამიშავებია. არავის ვეტყვი, რომ თქვენი სახე დავინახე, ჩემი დაქალის სიკვდილი იკმარეთ“,- თქვა გოგონამ და ისეთი კივილი მორთო, უახლოეს კორპუსებში პრაქტიკულად ყველა ფანჯარა გაიღო და ყველამ თავი გამოყო. გამომძიებელი გაოცებული, უხერხულად იდგა საკუთარი იარაღით ხელში, გოგონა კი ბოლო ხმაზე კიოდა და ვერ ჩუმდებოდა. რამდენიმე ადამიანი საშველად გამოვარდა, მაგრამ იარაღიან კაცს ვერ მიუახლოვდნენ და მხოლოდ შორიდან უყვიროდნენ, მოკვლა არ გაბედოო. ადგილზე სამართალდამცავების ექვსი ეკიპაჟი მოვიდა. მათ დანახვაზე გამომძიებელმა იარაღი ბუდეში დააბრუნა, ცალი ხელით საბუთი ჰაერში შემართა, სახელი, გვარი და თანამდებობა დაასახელა, თუმცა ეს საჭირო არ იყო - ის მილიციის რამდენიმე თანამშრომელმა იცნო და უშიშრად მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვეს, საქმიანად და ცოტა შეშფოთებით ჰკითხეს, რა ხდებაო. გამომძიებელმა ხელი ჩაიქნია, ოპერმუშაკებს უთხრა, მეც და ეს გოგოც განყოფილებაში წაგვიყვანეთ, მეც ძალიან მაინტერესებს, რა ხდებაო.

გზაში გოგონა დაწყნარდა, მიხვდა, რომ წივილ-კივილი ტყუილად ატეხა და როცა დასაკითხად ის კაცი დაუჯდა წინ, რომელსაც ლამის მკვლელობა დააბრალა, უხერხულობისგან ატირდა. ბატონმა თენგიზმა ჰკითხა, რომელ მოკლულ დაქალზე იყო საუბარი და საერთოდ, რატომ ჩათვალა, რომ ვიღაცას უნდა მოეკლა.

„მე და ჩემი ორი დაქალი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ჯერ ბაღში, მერე სკოლაში, მერე ტექნიკუმში და ახლაც, ერთად დავიწყეთ მუშაობა ქსოვილების საწარმოში. ფილმი „თოჯინები იცინიან“ ხომ გინახავთ? მარტო ერთი ბიჭი რომ არის მთელ საწარმოში? ჰოდა, ასე მოვიდა ჩვენთან ერთი ბიჭი და მთელ საამქროს შეგვიყვარდა. ისეთი ამბავი ატყდა, ლამის დაქალებიც კი გავებუტეთ ერთმანეთს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ის ბიჭი ქართველი არ არის, რუსეთიდან ჩამოვიდა ჩვენთან, როგორც გვითხრეს, უბრალოდ კვალიფიკაციისთვის და მალე დაბრუნდება უკან. ჰოდა, გოგოებს გვეგონა, რომ რომელიმეს თან წაიყვანდა. ყველაფერი კი, იმით დასრულდა, რომ იმ ბიჭს ჩემი ერთ-ერთი დაქალი მოეწონა, მასთან ერთად კინოში წავიდა, თეატრში... ჩვენთან ერთად, ერთი გოგონა მუშაობს, ძმა ნაციხარი ჰყავს, ის დაემუქრა, თუ ამ ბიჭს არ შეეშვები, მოგკლავო და ჩემი დაქალი მართლაც მოკლული იპოვეს. მერე ეს ბიჭი ჩემზე გადმოერთო, მე დამპატიჟა კინოში და ის გოგო ახლა მე დამემუქრა, შენც მოკვდებიო და მეგონა, თქვენ ჩემს მოსაკლავად იყავით. გამოძიება არაფერს აკეთებს, გამომძიებელს მოვუყევი ყველაფერი, მაგრამ მითხრა, იმ ბიჭსაც და გოგოსაც ალიბი აქვთო“,- ტირილით ჰყვებოდა გოგონა.

ბატონმა თენგიზმა ეს საქმე კარგად იცოდა, გოგონა დანის დარტყმით მოკლეს და საქმეს მისივე განყოფილება, ოღონდ სხვა გამომძიებელი იძიებდა, თუმცა წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა. მთავარი ეჭვმიტანილი მართლაც იმ გოგონას ძმა იყო, რომელიც იმუქრებოდა, მაგრამ მკვლელობის მომენტში, ის ეზოში მეზობელს შპალერის გაკვრაში ეხმარებოდა და ამის მოწმე კიდევ რამდენიმე მეზობელი იყო. ალიბი ჰქონდა გოგოსაც, რომელიც მეგობრებთან ერთად დაბადების დღეზე იმყოფებოდა და ამის მოწმეებიც არსებობდნენ, სხვას კი, მოტივი უბრალოდ არ ჰქონია.

იყო ვარაუდი, რომ საამქროში სხვა გოგოს მოსწონებოდა ერთადერთი ბიჭი და მას ეძია შური, მაგრამ ჯერ ერთი, გოგონების მიერ ჩადენილი დანაშაულის თავად გამომძიებლებს ნაკლებად სჯეროდათ და მეორეც - ისე არ იყო საქმე, როგორც თუნდაც ახლა დაკითხული გოგო ჰყვებოდა, სულ 3-4 გოგო ირეოდა იმ რუსეთიდან ჩამოსულ პრაქტიკანტზე, დანარჩენები ყურადღებას არ აქცევდნენ - ნაწილი გათხოვილი იყო, ნაწილს შეყვარებული ჰყავდა. ამიტომ, საქმე უიმედოდ ჩანდა, მაგრამ ფაქტია - იმ გოგოს მკვლელობამ მისი მეგობრები დააფრთხო. დაკითხვის შემდეგ, გამომძიებელმა თავად მიაცილა გოგონა სახლამდე და, როგორც იქნა, ნანატრი საცივიც დააგემოვნა, თუმცა თავში ისევ ეს საქმე უტრიალებდა და მეორე დღეს კოლეგას ჰკითხა, თავად ის რუსეთიდან ჩამოსული პრაქტიკანტი თუ გამოჰკითხეო და მანაც დაუდასტურა, გამოვკითხე, ალიბიც შევამოწმე, მთელი დღე, საერთო საცხოვრებელში იმყოფებოდა და მართალია, მოწმე არ ჰყავს, მაგრამ საერთოს შესასვლელში მყოფმა ქალმა დაგვიდასტურა, არსად გასულაო და მეოთხე სართულიდან კიდევ ვერ გადახტებოდაო.

რეალურად, ეს იყო ალიბი, მაგრამ არამყარი. ამიტომ, რუსი დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს და მისი დაკითხვა ამჯერად ბატონმა თენგიზმა გადაწყვიტა. თითქოს არაფერი ახალი და საინტერესო, ბიჭი კითხვებს მოკლედ და მკაფიოდ პასუხობდა. სწორედ ამან დააეჭვა გამომძიებელი, აშკარა იყო, რომ მას ძალოვნებთან ურთიერთობა ადრეც ჰქონდა და ჰკითხა კიდეც, ნასამართლევი ხომ არ ხარო, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ის გაუშვეს, მისი სახელი და გვარი კი, ქართველმა სამართალდამცავებმა მოსკოველ კოლეგებს გადაუგზავნეს, აქაოდა, გადაგვიმოწმეთ, ესა და ეს კაცი ან ძებნაში ხომ არ არის, ან სამართალში ხომ არ ყოფილა მიცემულიო. რუსეთის დედაქალაქიდან საინტერესო პასუხი მოვიდა - ამ სახელისა და გვარის კაცი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა და არც არასდროს უცხოვრია. ამჯერად, ქართველებმა, მონაცემებთან ერთად, მისი ფოტოც გაგზავნეს და პასუხი არ მიუღიათ, რადგან მოსკოველმა კოლეგებმა ტელეფონით დარეკეს და უთხრეს, რომ სურათზე ასახული პიროვნება, რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი გახლდათ და მას ბრალად ორი გოგონას მკვლელობაც ედებოდა.

გამომძიებლებმა მის დასაკავებლად ოპერჯგუფი გაგზავნეს და თავადაც თან გაჰყვნენ, თუმცა საამქროში განაცხადეს, ის დაგვემშვიდობა, პრაქტიკები დაუსრულდა და წავიდაო. ბიჭი არც საერთო საცხოვრებელში აღმოჩნდა, მეტიც, ის იქ ნივთების წასაღებადაც არ დაბრუნდა, ანუ იეჭვა, რომ შეიძლებოდა დაეკავებინათ და თავს უშველა. მასზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა, მაგრამ ამაოდ - მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მის კვალს ვერ მიაგნეს.

ერთი წლის შემდეგ, აღნიშნული პიროვნება ბელორუსში დააკავეს და მოსკოვს გადასცეს გასასამართლებლად. იმის გათვალისწინებით, რომ რუსმა კოლეგებმა იცოდნენ საქართველოში მომხდარი დანაშაულის შესახებ, აქაური საქმეც გამოითხოვეს. იმის მიუხედავად, რომ დაკავებულმა საქართველოში ჩადენილი მკვლელობა არ აღიარა, მას რუსეთსა და ბელორუსში ჩადენილი დანაშაულები სასჯელის უმაღლესი ზომისთვის მარტივად ეყო.

პატიმარი #0578