რატომ დააკავეს პირდაპირ სტადიონზე ორი ქართველი ფეხბურთელი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისტორიას თუ დავუჯერებთ, პირველი გარიგებული საფეხბურთო მატჩი 1932 წელს გაიმართა. მას შემდეგ, ლამის საუკუნე გავიდა და მოგვარების ნაცვლად, პრობლემა სულ უფრო ღრმავდება, თანაც რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კონკრეტულად სპორტის სამყაროში, ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ლამის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და ყველაფერი ეს, გარიგებული მატჩების შესაძლებლობას ბევრად ზრდის, მისი გამოაშკარავების შანსს კი ამცირებს. მარტივ მაგალითს გეტყვით - აბსოლუტურად ყველა საბუკმეიკერო კანტორას აქვს მატჩებზე ფსონი - პირველი აუტი, პირველი ჯარიმა... ჰოდა, საკმარისია, ერთ ფეხბურთელს გაურიგდე, მაგალითად, პირველ აუტზე, რომ მატჩის დაწყებისთანავე გააკეთებს შორეულ პასს, თითქოს, ძალა ვერ გათვალა და ბურთი აუტზე გადააგდო, ან ბურთიან მეტოქეს ხელი უბიძგოს და დამთავრდა - ფსონი მოგებულია. გრძელი პასებიც ბევრჯერ გაუცუდებიათ ფეხბურთის გურუებს და არც ჯარიმაა უცხო ვარსკვლავებისა, თუ რიგითი მოთამაშეებისთვის. უფრო მარტივი, დაინიშნება თუ არა შეხვედრაში პენალტი, ამ კოეფიციენტზე კუში 3.00-დან იწყება. საკმარისია, ერთ მცველს გაურიგდე, რომ ის საკუთარ საჯარიმოში, მეტოქეს საპენალტედ მოჩეხავს...

 

ბევრად საინტერესოა თამაში ე.წ. ცოცხალზე ანუ მიმდინარეობს მატჩი, დაინიშნა პენალტი და ონლაინ-ტოტალიზატორი პენალტის შესრულებამდე იღებს ფსონებს - გაიტანს თუ არა დამრტყმელი?! მარტივად დადებ ვერგატანაზე და თუ გუნდის შტატიანი პენალტისტი გყავს მოსყიდული, რა თქმა უნდა, ააცილებს... ბოლოს და ბოლოს, რობერტო ბაჯომ ააცილა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და დიდი რამე, რიგით მატჩში, ვიღაცამ ვერ გაიტანოს. სამწუხაროდ, გარიგებული მატჩები არც ქართული სპორტისთვისაა უცხო. შეიძლება ამის ბრალიც არის, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები პროგრამაში ერთ, ან ორ საბუკმეიკერო კანტორას აქვს შეტანილი და ფსონებიც ძალიან ფრთხილია. უფრო ზუსტად, მხოლოდ მოგება-წაგებაზე შეიძლება თამაში და არა, მაგალთად, აუტებსა თუ ჯარიმაზე. აი, ძალით წაგებას ცოდნა უნდა, ეჭვი არავის უნდა აღეძრას და ყველაფერ ამისთვის,  მხოლოდ ერთი ფეხბურთელის მონდომება არ კმარა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, აზრზე 4-5 მოთამაშე მაინც უნდა იყოს და ამათგან აზრზე უნდა იყოს, პირველ რიგში, მეკარე, თორემ შეიძლება, კიპერს თამაში ისე წაუვიდეს, ქართულმა კლუბმა კი არა, მსოფლიო ნაკრებმა გოლი ვერ გაუტანოს. გეტყვით, ცუდი რა არის ქართულ რეალობაში - გარიგებულ მატჩებზე ჩავარდნილ მოთამაშეებს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში სამუდამო დისკვალიფიკაციასა და სპორტის კონკრეტულ სახეობასთან გაკარებას უკრძალავენ, ასე ხდება საქართველოშიც, მაგრამ ჩვენთან არცთუ იშვიათად ყოფილა, რომ ერთი-ორი წლის გასვლის შემდეგ, დამნაშავეებისთვის ამნისტია გამოუცხადებიათ სპორტის მაღალჩინოსნებს და მათ კარიერა განუახლებიათ.

რატომ არის ეს ცუდი? - დანარჩენებს მუდმივად ექნებათ შეგრძნება, რომ ჩავარდნის შემთხვევაში, ყველაფერი არ სრულდება. შორს წასვლა რად გვინდა, ჩვენს ჩემპიონატში დღესაც თამაშობენ გარიგებული შეხვედრებისთვის სამუდამო დისკვალიფიკაციამისჯილი და შემდეგ შეწყალებული ფეხბურთელები.

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა. რა თქმა უნდა, სახელებისა და გვარების დასახელებას არ ვაპირებთ, მაგრამ ამ სფეროში ჩახედული ხალხი კარგად მიხვდება, ვისზეა საუბარი. ყველაფერი, თითქოს მარტივად დაიწყო - ერთ-ერთმა მწვრთნელმა ტრიბუნაზე შენიშნა პირი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, შესთავაზა მატჩის წაგება 8 ათასი დოლარის სანაცვლოდ. მაშინ მწვრთნელმა ცდუნებას გაუძლო, მაგრამ ახლა, როცა ის კაცი ტრიბუნაზე დაინახა, არ მოეეწონა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. შეხვედრა ფრედ დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარიგების სუნი არ იდგა, ფრედ დასრულება ყოველთვის რთულია, მაგრამ ეჭვმა თავისი ქნა და მწვრთნელმა ქართული საბუკმეიკერო კანტორები შემოიარა, ვინმეს ფრეზე დიდი თანხა ხომ არ ედოო. ასეთი ვერაფერი იპოვა, დამშვიდდა და საკუთარი თავი გაკიცხა კიდეც, თუმცა ორ კვირაში, პოლიციაში დაიბარეს. როგორც გაირკვა, საჩივარი ერთ-ერთმა უცხოურმა ტოტალიზატორმა შეიტანა, რომელიც ჩიოდა, რომ კონკრეტულ მატჩზე, ვიღაცამ 20 ათასი დოლარი დადო და 66 ათასი გაიტანა. თითქოს თანხა დიდი არ იყო, მაგრამ ტოტალიზატორის მესვეურები ამტკიცებდნენ, ჩანაწერს გადავხედეთ და ფეხბურთელები მკვდრებივით დადიოდნენ, ერთ-ერთ ეპიზოდში კი  თავდამსხმელმა ბურთი განგებ ააცილაო.

რა შუაში იყო მწვრთნელი? ქართველმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ სწორედ ის დადიოდა აქაურ კანტორებში და ფრეს ამბავს კითხულობდა ანუ  რაღაცაზე, თუ ვიღაცაზე ეჭვი ჰქონდა. რა თქმა უნდა, მწვრთნელმა საკუთარი ეჭვები გაამხილა და ისიც თქვა, რამდენიმე თვის წინ, ეგ კაცი ჩემთან იყო, კონკრეტული თამაშის წაგებას მთხოვდა, მაგრამ კინწისკვრით გავაგდეო. სამართალდამცავებმა მწვრთნელი გააფრთხილეს, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა.

ეჭვმიტანილზე თვალთვალი დაიწყეს და სამართალდამცავებმა მალე გაარკვიეს, რომ ის სხვადასხვა კლუბის მოთამაშეებს ხვდებოდა, ესაუბრებოდა, გაყიდული თამაშების სანაცვლოდ, 8-დან 10 ათას დოლარამდე სთავაზობდა ანუ მზად იყო, თითო მატჩში 4-5 ფეხბურთელი მოესყიდა და 40-დან 50 ათას დოლარამდე გადაეხადა. ერთ-ერთი კლუბის მოთამაშეებთან გარიგება შედგა და ძალოვნები აღნიშნულ შეხვედრას ტრიბუნებიდან ყურადღებით უყურებდნენ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფეხბურთელები იმდენად უკომპრომისოდ იბრძდნენ, რომ ჩაწყობაზე ეჭვის მიტანა სისულელე გახლდათ. სამაგიეროდ, ორგანიზატორი სარბენ ბილიკზე იდგა და მის ყოველ ქმედებას ოპერმუშაკები ვიდეოკამერაზე იღებდნენ. აღნიშნული ფირის გაშიფრვის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეჭვმიტანილი ფეხბურთელებს ნიშანს კეპის მოხდა-დაფარებით აძლევდა, მაგრამ რა ხდებოდა მაშინ, როცა ის კეპს იხდიდა და მაშინ, როცა იფარებდა?

პარალელურად, მოხდა-დაფარებას შორის არსებულ მონაკვეთში, ის ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა და დაძაბული აჭერდა ღილაკებს.

იმავე გუნდის მიერ ჩატარებულ მეორე შეხვედრას ძალოვნებმა უკვე ექსპერტებიც დაასწრეს. ამჯერად, ეჭვმიტანილს ჰუდი ეცვა, თუმცა ქუდს იხდიდა-იფარებდა, შუალედებში კი ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა. ერთ-ერთმა ექსპერტმა პოლიციელებს ტრიბუნებზევე უთხრა, მოსყიდული მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავს, როცა ქუდს იხდის, ერთ-ერთი მათგანი მაშინვე თასმებს ისწორებს, ხოლო როცა იფარებს - მეორე ფეხბურთელი ისწორებს თასმებს ანუ ანიშნებს, გავიგეო. რაც შეეხება „ჩაწყობას“, როგორც მოხდის, ისე ქუდის დაფარების შემდეგ, ფეხბურთელები, რომლებიც თასმებს ისწორებდნენ, აუცილებლად ჯარიმდებოდნენ მეტოქეზე. იმავე დღეს, პოლიციელებმა გაარკვიეს, რომ ერთ-ერთ ჰოლანდიურ საბუკმეიკერო კანტორას, ჯარიმების გამოცნობაზე „ცოცხალზე“, ფსონები ჰქონდა და თითო თამაშში ეჭვმიტანილი 20 ათას დოლარამდე ხსნიდა.

ქართული მხარე ჰოლანდიურს დაუკავშირდა, თუმცა მათ ძალიან მშვიდად თქვეს, ყველაფერი ეს, საეჭვოდ ჩვენც გვეჩვენა და სწორედ ამიტომ, ქართულ ლიგას მომდევნო კვირიდან მთლიანად ვიღებთ ფსონების სიიდანო. აქაურმა პოილიციამ პროცესის ერთი კვირით გადადება მოითხოვა და პირობაც დადო, რასაც მოიგებენ, არ გასცეთ, ანგარიში გაუყინეთო და ჰოლანდიელებიც დათანხმდნენ. შემდეგი შეხვედრის დასრულებისთანავე, სამართალდამცავებმა როგორც ეჭმიტანილი, ისე ორი ფეხბურთელი პირდაპირ სტადიონზე დააკავეს.

დაკავებულმა ფეხბურთელებმა თითქოს მოილაპარაკეს, ორივემ ერთდროულად თქვა, ის კაცი გვაშინებდა, იმიტომ დავთანხმდით, თორემ მატჩების ჩაწყობა არც გვიფიქრიაო, მაგრამ მათი ბინის ჩხრეკისას, თითოეულს სახლში 12 ათასი დოლარი უპოვეს, თანხა, რომელიც ეჭვმიტანილმა დაასახელა, ფეხბურთელებს მივეციო.

ცხადი იყო, ისინი ჰარმონიულად მუშობდნენ, დარწმუნებულები გახლდნენ, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა და მოგება ხახვივით შერჩებოდათ.

გარდა იმისა, რომ დაკავებულებს სასამართლომ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოთამაშეებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა, მაგრამ რად გინდა, ორი წლის შემდეგ, ბიჭები ციხიდან გამოვიდნენ, ფედერაციამ სასჯელი შეარბილა და მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობა ორივეს მისცა. ერთ-ერთმა გამოიყენა და ბურთს დღემდე აგორებს, მეორემ - არა, ყველაფერს თავი დაანება და საზღვარგარეთ, კონკრეტულად, აშშ-ში გაემგზავრა, ფეხბურთი კი საერთოდ დაივიწყა.

ჰოდა, სწორედ ამას ვამბობთ, როცა სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, შემდეგ მისი გადახედვა და გადასინჯვა აღარ უნდა მოხდეს, ყველაფერი ეს, კონკრეტულ ადამიანებს დამატებით სტიმულს აძლევთ დანაშაულის ჩასადენად.

რაც შეეხება მსოფლიო პრაქტიკას, შიდა ჩემპიონატები კი არა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონტების თამაშებიც „იმაზებაო“, ამბობენ, მაგრამ მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, ყველაფერი საუბრის დონეზე რჩება.

ისე, არ გეგონოთ, თითქოს მატჩების გაყიდვა თუ მოთამაშეების მოსყიდვა მხოლოდ ფეხბურთში ხდება. ბევრად უარესი სიტუაციაა კალათბურთში, ჩოგბურთში, ფრენბურთში...

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე