ნაპოვნია ძალოვანის ცხედარი - რატომ მოკლა გერის საცოლემ სამამამთილო

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბათო ჯაფარიძე

 

ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა ქვეყანა, სადაც ბოშები არ ცხოვრობენ. ამ ერს სამშობლო არ გააჩნია, არ აქვთ ქვეყანა, არ აქვთ სახელმწიფო და შესაბამისად, მსოფლიოს არიან მოდებულნი. ისინი საკუთარი კანონებით ცხოვრობენ, აქვთ საკუთარი წეს-ჩვეულებები, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე იცავენ და თაობიდან თაობას ზეპირად გადასცემენ. იშვიათად, რომ ბოშა სხვაზე დაქორწინდეს და უფრო იშვიათად, ბოშებმა გოგო სხვას გაატანონ. თუმცა, გამონაკლისები ადრეც ხდებოდა და სავარაუდოდ, მომავალშიც მოხდება.

 

„ზოგადად, მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია. შესაძლოა, წლის განმავლობაში, ქურდობის ათი ფაქტი არ გაგეხსნა და არაფერი ეთქვათ, მაგრამ ერთი გაუხსნელი მკვლელობის გამო, ტყავს გაგაძრობდნენ. ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, როცა საქმე პოლიციელის მკვლელობას ეხებოდა. ეს იყო არა მარტო აუცილებლად გასახსნელი, არამედ, ღირსების საქმეც და ასეთ დროს, მთელი სამინისტრო ფეხზე დგებოდა. ვალდებულები ვიყავით, გვეპოვა პირი, რომელმაც სიცოცხლეს ჩვენი კოლეგა გამოასალმა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

საქმე მარტივი ნამდვლიად არ გახლდათ - ტყის განაპირას, ძალოვნებმა ავტომობილი იპოვეს, ხოლო მის საბარგულში, ავტომობილის მფლობელის, პოლიციის ინსპექტორის გვამი. გვამს თ ვზე ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა და ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი ეს იყო - სავარაუდოდ, მას თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს. საქმე კონტროლზე მინისტრმა აიყვანა, კურატორობა პირველ მოადგილეს დაავალა და რეალურად, ამის გაკეთება არც იყო საჭირო - ისედაც მთელი უწყება ფეხზე დადგა.

„მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მოკლულმა ერთი კვირით ადრე, შვილი დაასაფლავა. მართალია, შვილი მისი არ იყო, ცოლს მოჰყვა, მაგრამ გერს საკუთარივით ზრდიდა, უფრთხილდებოდა და ახალგაზრდა კაცი ავარიას ემსხვერპლა - ავტომობილი მტკვარში გადავარდა. ცოლი განადგურებული დაგვხვდა, ჯერ შვილი, მერე ქმარი... ქალი მოთქმით ტიროდა და მისთვის ნუგეშის ცემაც არ გამოდიოდა - რა უნდა გეთქვა, როგორ უნდა გეთქვა... ერთი ეგ იყო, პირობა დავდეთ, რომ მკვლელს აუცილებლად ვიპოვიდით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ცოლმა ძიებას საიმედო ვერაფერი უთხრა - მის ქმარს მტრები არ ჰყავდა. თანამშრომლებიც ამბობდნენ, რომ გარდაცვლილი ძალიან გამოცდილი იყო და ისეთს არაფერს იზამდა, ვინმეს სასიკვდილოდ გაემეტებინა. როგორც ადრე იცოდნენ თქმა, ინსპექტორმა ქიციც იცოდა და ქიცმაცურიც, არც ვინმეს გააბრაზებდა, არც აწყენინებდა, საქმის მოგვარება მასთან ყოველთვის შეიძლებოდა და სწორედ ასეთი, „საქმიანი“ კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. კრიმინალური სამყაროს შეჯანჯღარებამ შედეგი არ გამოიღო - ისინი თავადაც ეძებდნენ მკვლელს, რადგან ასეთი სამართალდამცავის მკვლელობა არც მათ აწყობდათ. ისე გამოდიოდა, რომ ამ ინსპექტორის სიკვდილი არავის სურდა, მაგრამ ვიღაც ხომ იყო მკვლელი და ის ვიღაც, შემთხვევითი ნამდვილად არ გახლდათ - ჯერ ერთი, გარდაცვლილს ფორმა ეცვა და მეორეც, ის საკუთარი მანქანის საბარგულში იყო ჩატენილი.

„უფროსო, შეიძლება, რამეში გამოგადგეს. დაახლოებით, ათი დღის წინ, გარდაცვლილმა გვთხოვა, ერთი ბოშა უნდა დავაშინო, რამდენიმე დღით უნდა ჩავსვათო. ამიტომ, ბოშების უბანში მივედით და ვიღაც ბებერი ქალი დავაკავე, აქაოდა, შენ და შენმა შვილიშვილმა იქურდეთო. შვილიშვილი სახლში არ იყო, გარდაცვლილმა ადგილობრივებს დაუბარა, ძებნაშია და აჯობებს, თავის ფეხით გამოცხადდესო და წამოვედით. ის ბოშა ქალი „აბიზიანკაში“ გვყავს ისევ, არც გაგვიფორმებია, არც არავის მოუკითხავს, საკვებიც თავად გარდაცვლილს მოჰქონდა დღეში ერთხელ“, - ეს სიტყვები გამომძიებელს მოკლული თანამშრომლის მეგობარმა უთხრა.

ე.წ. „აბეზიანკაში“, კანონის გვერდის ავლით, 12 დღით ვიღაცებს მართლაც შეაგდებდნენ ხოლმე, დასაშინებლად, მაგრამ ერთი კვირით, თანაც უსაბუთოდ ადამიანის გამომწყვდევა, ძალიან უცნაური და რაც მთავარია, კატეგორიულად მიუღებელი იყო. რაღა თქმა უნდა, ქალი სასწრაფოდ გაათავისუფლეს და საგამოძიებო განყოფილებაში მიიყვანეს, თუმცა მოხუცი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, მხრებს იჩეჩავდა, არც ის ვიცი, ვინ დამიჭირა, არც ის - რისთვის დამიჭირეს და შვილიშვილი საერთოდ არ მყავსო. არადა, გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ მას შვილიშვილი ნამდვილად ჰყავდა - გოგონა, რომელსაც მარტო ზრდიდა და ცივ ნიავს არ აკარებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ქალი დააკავეს, გოგონა აღარავის უნახავს. როგორც წესი, ბოშები სამართალდამცავებთან საუბარს და განსაკუთრებით, თავისიანის ჩაშვებას გაურბიან, მაგრამ ის მაინც გაირკვა, რომ გოგონას საქმრო ჰყავდა, ახალგაზრდა ბიჭი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ქალი დააკავეს და გოგონაც გაქრა, ბიჭი აღარ გამოჩენილა. ბოშებმა მხოლოდ მანქანის მარკა და ფერი თქვეს, რომლითაც ის ბიჭი გოგოს აკითხავდა, მაგრამ ნომერი არავის ახსოვდა, ისეთი ფერისა და მარკის მანქანა კი თბილისში მაშინ ბევრი იყო.

„წესითა და რიგით, გოგონაზე ძებნა უნდა გამოგვეცხადებინა, მაგრამ ბებია ამბობდა, არავინ დამიკარგავსო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, უკანონოდ დაკავებული ქალი გაგვეშვა და მისი სახლისთვის გვეთვალთვალა, რადგან გვჯეროდა, გოგონა გამოჩნდებოდა და მისი დაკითხვა ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს. მოხუცის გათავისუფლების შემდეგ, დღეც არ იყო გასული, რომ მის სახლთან ახალგაზრდა გოგონა მივიდა, ქურდულად მიმოიხედა, გარემო დაზვერა და სახლში შესრიალდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

რა თქმა უნდა, სამართალდამცავები ფეხდაფეხ მიყვნენ და გოგოს მაშინ წაასწრეს, როცა ბებიას ხელებს უკოცნიდა. ის დააკავეს და მოხუცის წინააღმდეგობის მიუხედავად,  განყოფილებაში წაიყვანეს. ახალგაზრდას გული ჯერ გზაში აერია, მერე - განყოფილებაში, პოლიციის შენობაში მორიგე ექთანმა კი თავი გადააქნია, შესაძლოა, ორსულად იყოსო და გოგონამაც თანხმობის ნიშნად თავი ჩახარა. ვისგან იყო ორსულად, გოგონამ არ იცოდა, სახელი და გვარი არ ვიციო, მაგრამ აშკარა იყო, რომ ტყუოდა, რადგან საქმრო მას სახლში აკითხავდა და ამ შეხვედრების წინააღმდეგი არც ბებია იყო და არც ბოშათა თემი. ყველა ამბობდა, ბიჭს გულწრფელად უყვარდაო. ორსული ქალის წვალებას ძალოვნები მოერიდნენ და შინ გაუშვეს. გაუშვეს იმის იმედად, რომ საქმრო მოაკითხავდა და გაიგებდნენ, ვინ იყო, რა უნდოდა და რაც მთავარია, რა კავშირი ჰქონდა გარდაცვლილ პოლიციელთან. გამოძიებას სხვა ვერსია და მიმართულება, უბრალოდ, არ ჰქონდა.

ერთი კვირა ისე გავიდა, არც გოგონა და არც ბებიამისი სახლს არ გასცილებიან, საკვებიც კი მეზობლებს მიჰქონდათ მაღაზიიდან. არც საქმრო ჩანდა და არც ვინმე ისეთი, ვისაც ამბის მიტანა შეეძლო. მეზობელი თუ შევიდოდა რამდენიმე წუთით და მეტი არაფერი, ისხდნენ ბებია და შვილიშვილი ეზოში და ხან ერთი უვარცხნიდა მეორეს გრძელ თმას, ხან - პირიქით. შემდეგ კი... ის, რაც შემდეგ მოხდა, გამოცდილი გამომძიებლებისთვისაც კი ნამდვილი შოკი იყო. საღამო  ხანს, ოპერმუშაკი ცოტას თვლემდა კიდეც, როცა ბოშების სახლის წინ ტაქსი გაჩერდა. ტაქსიდან ვიღაც ქალი გადმოვიდა, ბებიას მიესალმა, ახალგაზრდა გოგო კი გულში ჩაიკრა, შემდეგ შინ შეჰყვა, უკან ჩემოდნით დაბრუნდა, შემდეგ კი სტუმარი და გოგონა ტაქსიში ჩასხდნენ. ბოშების სტუმარი... მოკლული სამართალდამცავის ცოლი იყო.

„როცა ეს ამბავი შემატყობინეს, ვიფიქრე, შეეშალათ, აერიათ-მეთქი, მაგრამ ოპერმუშაკი იმასაც ამბობდა, ტაქსის უკან გავყევი და ქალმა გოგონა სახლში მიიყვანაო ანუ ჩვენი კოლეგის სახლში, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეცდომა გამორიცხული იყო. რა უნდა მექნა, ავდექი და ქვრივს შინ მივაკითხე. როცა სახლში შევედი, ისე იქცეოდა, თითქოს მარტო იყო, მაგრამ მე ვიცოდი და ვხვდებოდი კიდეც, რომ სახლში ვიღაც სხვაც იყო, ამიტომ პირდაპირ ვუთხარი, გოგონა გამოვიდეს და გამარკვიეთ, რა ხდება-მეთქი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გოგონა გამოვიდა, ქალმა კი მშვიდად თქვა, ჩემი გარდაცვლილი შვილის საცოლე იყო, სამწუხაროდ, ოფიციალური ქორწინება ვერ მოვასწარით, მაგრამ მისგან შვილს ელოდება და მიხარია, რომ შვილიშვილი მაინც შემრჩა ჩემი ერთასგანო. ახლა ყველაფერი გასაგები და.. უფრო გაუგებარი იყო. თუ ასეთ სიამტკბილობაში ცხოვრობდნენ, რატომ დაიჭირა სამართალდამცავმა თავისი გერის საცოლის ბებია, რატომ თქვა, საცოლეზე ძებნა იყო გამოცხადებული? რაღაც არ ებმებოდა და ლაგდებოდა. ამიტომ, გამომძიებლებმა ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტეს და მეორე დღეს, ცოლს ქმრის მკვლელობაში დასდეს ბრალი.

„არა, ეს არაფერ შუაშია, მე, მე მოვკალი“, - აყვირდა ბოშა გოგონა და ეს მართლაც სიურპრიზი იყო. გამოძიებას მართლა ეგონა, რომ ინსპექტორი სიცოცხლეს ცოლმა გამოასალმა, თუმცა...

„არა, მე მოვკალი. ჩემი საქმროს მამინაცვალიც და დედაც ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ბებიას დაჭერა და ჩემი დაშინება, თორემ არაფერი მოგვიპარავს. მერე მამინაცვალი გერს ჩემს გამო წაეჩხუბა, ჩემმა საქმრომ ხელი დაარტყა და მანქანით წამოვიდა, მამინაცვალი გამოედევნა და სწორედ ამ დევნის დროს მოხდა ავარიაც. ჩემი საქმრო მომიკლეს, ვერ მოვითმინე, სახლში მივადექი და ბუხრის საჩხრეკით თავი გავუტეხე. დედამთილი პოლიციაში რეკავდა, მე გაქცევას არ ვაპირებდი, მაგრამ გული ამერია და სწორედ მაშინ გაიგო, რომ ორსულად ვიყავი. მერე მითხრა, ხმა არ გაიღო, ყველაფერს მე მოვაგვარებო და დანარჩენი იცით, ჩემს გამო, ციხეში სხვას არ გავუშვებ“, - განაცხადა დაკავებულმა.

ქალმა კი... „მე დავკარგე შვილი, ქმარი და გაჩნდა იმედი იმისა, რომ შვილიშვილი მეყოლებოდა. ამიტომ, ქმარს პატიება ვთხოვე, მისი გვამი მე ჩავტენე საბარგულში, მე გავიტანე ეზოდან და მე დავტოვე იმ ადგილზე. თითის ანაბეჭდები როგორ გამექრო, ვიცოდი. ჩემი გოგონა გაუშვით, ის ხომ ორსულადაა, მან შვილიშვილი უნდა გამიჩინოს, მე ორივეს მაგივრად ჩავჯდები“...

სასამართლომ ორივე ქალი დააპატიმრა, თუმცა ყველაფერმა აზრი სასამართლომდე დაკარგა - ორსულ გოგონას მუცელი განაჩენის გამოცხადებამდე მოეშალა.