ვის შეეძლება საპოლიციო გამოსახლების წესით სარგებლობა - რა უნდა ვიცოდეთ ახალი ინიციატივის შესახებ

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა-ქირავნობის ოპერაციებში რისკებისგან უნდა დაიცვას. ერთი სიტყვით, საუბარიასაპოლიციო გამოსახლებისმექანიზმის დაბრუნებაზე, ოღონდ სხვა ფორმით და სხვა შინაარსით. რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ამ ინიციატივას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ განსახილველად.

„ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა. ხშირია შემთხვევა, როდესაც გააქირავა ადამიანმა ბინა და მოქირავნე აღარ გამოდის, რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღესდღეობით არ არსებობს. როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან, ეს არის, რეალურად, პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას.

დიახ, იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც მთლიანობაში ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა შემუშავებული. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მის გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო და ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული.

თუკი მხარეები ასე გააფორმებენ ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში, ისინი იქნებიან დაცული და საკუთრების უფლება იქნება სრულად რეალიზებული. ინიციატივა ცოტა ხანში პარლამენტში იქნება წარდგენილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი 2015 წელს გააუქმა. ამ ცვლილების შედეგად აღსრულება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რასაც ხშირ შემთხვევაში ერთ წელზე მეტიც სჭირდება.

ოფიციალური განცხადებების მიხედვით, იმისთვის, რომ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში საპოლიციო გამოსახლების მომსახურებით ისარგებლო, საჭირო იქნება რეესტრში ქირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირებული იყოს, რაც შესაძლოა ყველა ბინის მეპატრონისთვის მისაღები არ აღმოჩნდეს. მიზეზი კანონით განსაზღვრული ჩანაწერია, რომლის თანახმადაც გამქირავებლებს სახელმწიფოსთვის წლიური შემოსავლიდან მინიმუმ 5%-ის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად არაა გამორიცხული, რომ ინიციტივამ მოსახლეობის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მექანიზმი ბევრად გაიზრდება, ახლანდელ პირობებთან შედარებით. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით „ვერსია“ ადვოკატ ლევან ჭიღლაძეს ესაუბრა.

_ლევან, როგორ შეაფასებთ, იუსტიციის მინისტრის  ინიციატივას, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს საპოლიციო გამოსახლების წესს?

_დადებითი ის, რომ  შედარებით სწრაფად განხორციელდება  კანონი და  მესაკუთრის უფლებები იქნება დაცული. ძალიან ბევრი მესაკუთრეა დაზარალებული  არაპატიოსანი მოქირავნისგან. თუმცა საინტერესოა, დავის დროს მეორე მხარეს მიეცემა თუ არა, უფლება გაასაჩივროს პოლიციის ბრძანება  და იქნება თუ არა, დროში გაწელილი პროცედურები. კანონიდან გამომდინარე ვიცით, რომ  სასამართლოში ნებისმიერი აქტი საჩივრდება და შესაძლოა აქაც იყოს  დროის პრობლემა. თუ მესაკუთრესა და დამქირავებელს შორის დავა დაიწყო, ისევ სასამართლო განხილვას შეასაძლოა დაექვემდებაროს კონკრეტული საქმე, რადგან არავის აქვს უფლება, აუკრძალოს მხარეს  თავისი უფლება გაასაჩივროს სასამართლოში  და მათ შორის იუსტიციის მინისტრსაც.

_როგორც მინისტრის განცხადებიდან ირკვევა, თუ ბინის მესაკუთრეს ქირავნობის ხელშეკრულება არ ექნება გაფორმებული, ამ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს საპოლიციო გამოსახლების წესით ხომ?

_დიახ, მაგრამ ცვლილების საბოლოო ვარიანტი ჯერ არ გვაქვს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

_შესაძლოა თუ არა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს ამ ცვლილებამ?

_დიახ, რადგან კანონის მიზანი უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესების დაცვა და თუ ეს მაქსიმალურად არ იქნება შესრულებულებული, რა თქმა უნდა უკმაყოფილებას გამოიწვევს მცირე ჯგუფებში მაინც.

_ხომ არ ფიქრობთ, რომ საპოლიციო გამოსახლების კანონი სხვა მიმართულებებზეც უნდა აღდგეს?

_დიახ, ჩემი აზრით, უნდა აღდგეს, მაგრამ დავის უფლებაც არ უნდა შეიზღუდოს.

_როგორც ვიცი, ეს საკითხი საქართველოში მუდმივად პრობლემური იყო, თქვენი აზრით, რა იქნება საუკეთესო გამოსავალი კანონმდებლობით ისე, რომ ორივე მხარის უფლებები შეძლებისდაგვარად დაცული იყოს და არც დროში  გაიწელოს პროცესი?

_ქირავნობის ხელშეკრულებაში უნდა იყოს  დათქმები, რომ თუ პირი არ გადაიხდის თანხას  ან არ შეასრულებს მას, დამრღვევი თანახმა უნდა იყოს  ნებაყოფლობით გაათავისუფლოს  დაკავებული ბინა, ასევე, ის რომ აღარ მიმართავს სასამართლოს და ა.შ. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი ხელშეკრულება  და მართლმსაჯულებაც ეფექტური გახდება.

 

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი