თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
 
"დღეს რომის მერს, რობერტო გუალტიერის შევხვდი. შეხვედრაზე ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე, საქართველოს ევროპულ არჩევანზე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, საუბარი შეეხო თბილისსა და რომს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულს და ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმიც. აღსანიშნავია, რომ რობერტო გუალტიერიმ კიდევ ერთხელ გამოხატა იტალიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი. რაც შეეხება მემორანდუმს, ის მოიცავს ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, კულტურის, ინკლუზიისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. მიხარია, რომ იტალიასთან ურთიერთობები ღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო ხდება. წელს აღვნიშნავთ იტალიასთან დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს, თუმცა, მგონია, რომ ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს. ამ მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შევძლებთ თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, გავიზიარებთ იმ დიდ გამოცდილებას, რომელიც რომს გააჩნია და საუკეთესო მაგალითებით იქნება განხორციელებული სხვადასხვა პროექტი ჩვენს დედაქალაქში.
ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც რომში ხორციელდება. ეს არის მეტროსადგურის ახალი ხაზის მშენებლობა, სადაც 30 სადგური აშენდება. რამდენიმე მილიარდი ევრო ჯდება ამ პროექტის განხორციელება. 2006 წელს დაიწყო და მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება დასრულებული." - კახა კალაძე
 
"მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ თბილისის ოფიციალურ დელეგაციას კახა კალაძის ხელმძღვანელობით. ეს არის კიდევ ერთი დასტური მეგობრული ურთიერთობებისა ჩვენს ქალაქებსა და ხალხს შორის. დღეიდან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა გვეძლევა. მემორანდუმის გაფორმება კარგი საფუძველია იმ საკითხებში თანამშრომლობის, რაც საერთოა ჩვენთვის, ვგულისხმობ კულტურას გარემოს დაცვას, ურბანული თემებს. ჩვენ ძველი და დიდი ტრადიციების მატარებელ ქალაქებს წარმოვადგენთ, რომლებიც საუკუნეებს ითვლის და მოხარული ვარ, რომ გვიწევს ამ ურთიერთობების გაღრმავება," - განაცხადა რომის მერმა, რობერტო გუალტიერიმ.
 
რომის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.