ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პიროტექნიკის გაყიდვა აკრძალულია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ე.წ. რეიდებს ატარებენ და აკრძალულ პიროტექნიკას ეძებენ. ისინი მეწარმეებს აფრთხილებენ, რომ პიროტექნიკის რეალიზაცია აკრძალულია და აღმოჩენის შემთხვევაში მათ ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრებათ. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა ცხინვალის რამდენიმე მაღაზია შეამოწმეს და მფლობელებს წერილობით აცნობეს პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ემუქრებათ აკრძალული პიროტექნიკის აღმოჩენის შემთხვევაში.

„დღეს „რეიდისას", არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. პიროტექნიკის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, დამნაშავეები პასუხს აგებენ. ხოლო, აღმოჩენილი უკანონო პროდუქცია ჩამოერთმევათ და განადგურდება. თუ პიროტექნიკა მყიდველის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, მაშინ მაღაზიის გამყიდველს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - განაცხადა ცხინვალის ერთ-ერთი რაიონის ინსპექტორმა ოლეგ ოსტაევმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე პიროტექნიკური პროდუქციის უკანონო შემოტანისა და რეალიზაციის აკრძალვის მიზნით, „რეიდები" დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე ტარდება და ის საახალწლო არდადეგების ბოლომდე გაგრძელდება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მთავარი საახალწლო-საზეიმო ღონისძიებებიც გააუქმა. მან მიბაძა რუსეთის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ქვეყნის რეგიონებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი იუწყება.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო ახალი წლის ღამეს ცენტრალურ მოედანზე ტრადიციულ კონცერტებს არ გამართავს. არ იქნება არც ფეიერვერკი და არც მასობრივი ზეიმი", - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა რადა ძაგოევამ. მისი თქმით, რაც უცვლელი დარჩება, ესაა ბავშვებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები.