„ევროპამ დაიწყო საკუთარი თავის დაცვაზე ფიქრი და მაისში ახალ ამბებს გავიგებთ...“- რა გარანტიებს მოუტანს საქართველოს ახალ ალიანსებში გაწევრიანება - მამუკა გამყრელიძის პროგნოზი და შეფასებები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ავტორი: თათია გოჩაძე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის კონგრესის წინაშე ისტორიული გამოსვლის დროს საერთაშორისო საზოგადოებას ახალი სამხედრო კავშირის, U24-ის, შექმნის წინადადებით მიმართა. „მივმართე ამერიკის შეერთებულ შტატებს და პასუხისმგებლობის მქონე ყველა სახელმწიფოს, ახალი გაერთიანების - U24-ის შექმნის საკითხზე, რომელიც გასცემს გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მიიღებს კოორდინირებულ, სწრაფ და ეფექტიან პასუხს დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. ის პირველ 24 საათში დაიწყებს შეტევას.

ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია, ვენდოთ მოქმედ ინსტიტუტებს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის იმედად ვიყოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიუროკრატები ასე სწრაფად შეიცვლებიან. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გარანტიები, შევქმნათ ახალი ინსტიტუტები, შევქმნათ ახალი მექანიზმები; ავიყვანოთ ისინი, რომლებიც გაბედულად გააკეთებენ იმას, რასაც სამართლიანობა მოითხოვს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ხშირად აკრიტიკებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მისგან ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა არ აცხადებს პრეტენზიას NATO- ხელშეკრულების მე-5 მუხლის გააქტიურებაზე და მხოლოდ ცის დახურვას ითხოვს, რათა რუსეთმა საჰაერო დარტყმები ვერ განახორციელოს.

მიმდინარე პროცესებს წინ უძღვოდა დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ალიანსის შექმნა და როგორ ჩანს, მსოფლიო წესრიგის გადანაწილების პროცესი შესამჩნევად დაჩქარებულ ტემპში გადადის. რა პერსპექტივა არსებობს ევროპაში ახალი ალიანსის, გაერთიანების შექმნისა და რა გარანტიებს მოუტანს საქართველოს პოლიტიკურ მომავალს მსგავს ალიანსში გაწევრიანება? - აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ დიპლომატ მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა:  

_ ბატონო მამუკა, ზელენსკიმ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ახალი გაერთიანების შექმნის შესახებ, რასაც წინ უძღვოდა დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის ალიანსის შექმნა. გასაგებია, რომ ეს ალიანსი არ გულისხმობს სამხედრო დაცვით დოქტრინას, მაგრამ ეს საკითხი არც გამოირიცხება. როგორ ფიქრობთ, რა სახის ახალი კავშირის შექმნის პერსპექტივა დგას და საქართველოსთვის რა გარანტიების მომტანი შეიძლება, იყოს მასში გაწევრიანება?

_ ზელენსკიმ ერთგვარი კრიზისული საბჭოს შექმნის ინიციატივა შესთავაზა ევროპას და მსოფლიოს. მან გამჭვირვალე დიპლომატიურად უთხრა ბაიდენს, თუ ხარ ლიდერი, უნდა ილიდერო კიდეცო. გაეროსთან და ნატოსთან უკვე არის ასეთი სხვადასხვა ტიპის სწრაფი რეაგირების საბჭოები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - გაერო შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყირიმის კონფერენციის შედეგის საფუძველზე. ნატო შეიქმნა ცივი ომის დროს და ამისთვის იყო გათვალისწინებული. ახლა არც ყირიმის კონფერენციის შედეგები მუშაობს და ვხედავთ მსოფლიო რუკის ახალ გადალაგებას. აღარც ნატოა ეფექტური, რადგან ცივი ომი დამთავრდა და მესამე ომის ჯერჯერობით ნელთბილ ფაზაში ვიმყოფებით. არ არის გამორიცხული, რომ უმძიმეს სიტუაციაში შევიდეს მსოფლიო, რადგან ალბათ, ახლო აღმოსავლეთშიც დაიძაბება სიტუაცია ირანსა და ისრაელს შორის. ამიტომ, რასაც ვხედავთ, ერთგვარი ანალოგია 1918-დან 1938 წლამდე პერიოდისა. სწორედ ამის პრევენციაზე მიუთითებს ზელენსკი, რომ თუ გვინდა, არ დაიწყოს მძიმე პრობლემები მსოფლიოში, წინასწარ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად და მხოლოდ ნატო თავის ძალიან გაბერილი ბიუროკრატიული აპარატით და გაერო, რომელიც ჩამორჩა ცხოვრების ტემპს, აბსოლუტურად არაეფექტურია. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მუდმივი განცხადებები ნატოსგან, რომ არ ჩაერევიან რუსეთ-უკრაინის ომში. ისედაც გასაგებია და აღარაა საჭირო ასე ხშირად გამეორება, ეს უცნაურ შიშისმაგვარ საქციელს ჰგავს და თუ გავიხსენებთ იმ ანალოგიას მე-20 საუკუნის დასაწყისის, იქაც გაისმოდა იგივე სახის მუდმივი შიშის ტონი და მივიღეთ ცხელი ომი. ამიტომ, ჩემი აზრით, ზელენსკის განცხადება იყო ძალიან სწორი, ის მუშაობს ამ თემაზე. ვნახეთ, რომ შედარებით მცირე ზომის კოალიციების აუცილებლობა დგება, თუნდაც ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი, რომლის შემადგელობაში შეიძლება, შევიდეს ასევე მოლდოვა, საქართველო და თურქეთი, რადგან თურქეთს შეუძლია შავი ზღვის აკვატორიაში შეკრება ქვეყნებისა: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და თუ ნატოს რამდენიმე ქვეყანა იქნება გაერთიანებული, შეიძლება, იგივე ტიპის ძალიან ძლიერი კოალიცია მივიღოთ, რომელიც აღმოსავლეთიდან არა მარტო რუსეთის, არამედ ჩინეთის აგრესიასაც წინ აღუდგება.

ეს მომავლის საკითხია, მაგრამ არა შორი მომავლისა, რადგან ეს დაპირისპირება პირდაპირ იხატება ჩინეთსა და აშშ-ს შორის. შეიძლება, ასეც ვთქვათ, რომ ეს დაპირისპირებაა ავტოკრატიებსა და დემოკრატიებს შორის. მოკლედ, ეს საკითხი ცხელდება და მესამე მსოფლიო ომის პროცესები მწიფდება, ამიტომ ახალი გადანაწილება უნდა მოხდეს და მსოფლიოს ახალი სტრუქტურა და ურთიერთობების წესი უნდა ჩამოყალიბდეს.

_ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ეფექტურად პოზიციონირებს დიდი ბრიტანეთი მყისიერ გადაწყვეტილებებში, ამ ფონზე შეიძლება, რომ სწორედ ეს სახელმწიფო ჩაუდგეს სათავეში ევროპაში ახალ ალიანსს თავისი ბირთვული სტატუსის გათვალისწინებით? და რა გარანტიებს შეუქმნიდა ეს ალიანსი საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს?

_ არ ვიტყოდი, რომ ასეთი ლიდერი მხოლოდ დიდი ბრიტანეთია. ორი გამოხატული ჯგუფია ლიდერებისა - დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთიდან და თურქეთი სამხრეთიდან. ორივე ძლიერი სახლემწიფოა სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზირისითაც, ისტორიულად საზღვაო ქვეყნებია, რომელთაც აკავშირებთ ურთიერთობის და თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია. ასევე საგულისხმოა საფრანგეთი და გერმანია სახმელეთო კავშირის გათვალისწინებით. ესეც ძალიან საყურადღებოა, რომ მაკრონმა 2017 წლიდან დაიწყო გააქტიურება და ევროპაში საფრანგეთის განსაკუთრებულ როლზე საუბარი. დღეს ვხედავთ, რომ მერკელის წასვლის შემდეგ სრულიად შეიცვალა გერმანიის პოლიტიკური პარადიგმაც. გერმანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი 100 მილიარდით და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. რაც მთავარია, შიში გაქრა რუსეთის და იმ პრობლემების მიმართ, რაც მათთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტამ შეიძლება, გამოიწვიოს. ძალიან მნიშვნელოვნი ფაქტორია ის, რომ გერმანია კვლავ ირგებს ლიდერის როლს საფრანგეთთან ერთად.

 მოკლედ, ვხედავთ ასეთ გადანაწილებას - მთლიანად ევროპამ გაიღვიძა და ეს არის ძალიან კარგი, რადგან ევროპამ უნდა იცხოვროს აშშ-ის გარეშე, მან უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა აშშ-ის გარეშე. ნატო-ში ძირითადი წამყვანი ფიგურა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, არის აშშ. ის იხდის უდიდეს წილს გადასახადებისა და ევროპამ უნდა აიღოს ეს საკუთარ თავზე. ევროპას აქვს ამის შესაძლებლობა, ის მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში. სამხედრო თვალსაზრისითაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არის ბირთვილი ქვეყნები. გერმანიას ტექნოლოგიურად საუკეთესო არმია ჰყავს და ყველაფერი ეს იმას გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია, ევროპამ დაიწყოს საკუთარი დაცვის სისტემაზე ფიქრი. როგორც ვიცი, უკვე დაწყებულია ეს და დაფინანსებაზეა საუბარი. ჩემი აზრით, წელს, მაისში, ახალ ამბებს გავიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ვერსალის შეკრება იყო უმნიშვნელოვანესი ამ თვალსაზრისით, თუმცა ჩვენთვის ბევრი არაფერი კარგი მოუტანია, მაგრამ არც ველოდით... უფრო ურაპატრიოტული ბალადა იყო, რომ შეგვეტანა განცხადება... შესაძლებელია, ნატო-ში ძალიან გაიწელოს ჩვენი მიღება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის საფრთხის შემცველი. უნდა ვიმუშავოთ ცალ-ცალკე ქვეყნებთან ურთიერთობისთვის. ეს იქნება ისრაელი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი თუ სხვა, რათა საკუთარი თავის დაცვა თავად მოვახერხოთ ისე, როგორც ამას აკეთებს უკრაინა.

სიმართლე გითხრათ, დიდი იმედით ვუყურებ მომავალს, რადგან თუ დასავლეთი არ შეწყვეტს და არ შეარბილებს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და აქვე უნდა ითქვას, რომ არის საფრთხე, რუსეთში დაიწყოს ცენტრიდანული მოძრაობა და რეგიონებმა დაიწყონ გამოცალკევებაზე ფიქრი. ჩვენთან რომ უხარიათ, რუსეთი დაიშლებაო, ასე არაა. ეს იქნება ძალიან სერიოზული კატასტროფა, რადგან რამდენიმე ბირთვული სახელმწიფოს შეკავება ბევრად რთულია, ვიდრე ერთისა. ამიტომ თუ დასავლეთი არ შეწყვეტს ზეწოლას რუსეთზე, რუსეთის ეკონომიკას შეექმნება უდიდესი პრობლემები, რაც გამოწვევს იმას, რომ ის ვეღარ შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლს არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინასა და მოლდოვაშიც. აი, აქ იღება შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ დასავლეთთან ერთად უნდა მოვახერხოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და ნელ-ნელა მოვახდინოთ რეინტეგრირება ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვიმეორებ, ეს უნდა იყოს დაშვება, რომ დასავლეთისგან ზეწოლის შედეგად დასუსტდება რუსეთის ეკონომიკა და შეიცვლება პუტინის რეჟიმი. ვინ და როგორ შეცვლის, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ რაღაც პერიოდი მაინც უფრო ლიბერალური რეჟიმი იქნება და სწორედ ამ მომენტში უნდა დავიწყოთ აქტიურობა. რამდენად იაქტიურებს ჩვენი ხელისუფლება, მაპატიეთ, მაგრამ არ ვარ ამ მხრივ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა ვნახოთ...

_ მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ მოიქცევა დასავლეთი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ, უკან წაიღებს ან შეასუსტებს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს?

_  შეგვიძლია, მხოლოდ იმ მოცემულობაზე ვისაუბროთ, რაც არსებობს. რუსეთიდან წამოსული საფრთხე დასავლეთმა დაინახა და ხედავენ, რომ რუსეთი მიდის ბირთვულ შანტაჟზე. აქ ჩნდება კითხვა - ფინეთში რომ შეიჭრას რუსეთი? ის არაა ნატოს წევრი, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მაშინ როგორ მოიქცევიან? რას იზამენ? შესაბამისად, რუსეთს ახლა აქვს პოზიცია - „მე ამას გავაკეთებ და შენ თუ არ დამითმობ, აგაფეთქებ“. არის რაღაც, რის შემდეგაც ამის დათმობა აღარ შეიძლება. გამოსავალი ერთია, რომ მაქსიმალურად დაასუსტო რუსეთი, რათა ამის საშუალება არ ჰქონდეს. თუ ამას დასავლეთი გაითვალისწინებს, კარგი იქნება.

 მეორე მხრივ, არის კიდევ ერთი მოცემულობა - ესაა უკუშედეგი სანქციებისა, რომელიც დასავლეთზე აისახება. ნურავინ იფიქრებს იმას, რომ ყველაფერი ეს დასავლეთისთვის უფასოდ ხდება. ეს ძალიან მძიმე პრობლემად აწვება დასავლეთის კომპანიებს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლური საზოგადოების დიდი ნაწილი მზადაა, გაიღოს ეს მსხვერპლი, ოღონდ რუსეთის მხრიდან საფრთხე შემცირდეს. ამ მომენტის გამოყენება აუცილებელია.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ზავი რუსეთსა და უკრაინას შორის. საზავო ხელშეკრულება არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს გაახარებს. თუ რუსეთმა უკეთესი პირობები მიიღო, ვიდრე ამ ულტიმატუმის წაყენაბამდე ჰქონდა, მაშინ გამოვა, რომ უკრაინის მსხვერპლი სრულიად ფუჭი იყო და ის გამარჯვებული იქნება, რაც მორალურ უპირატესობას მისცემს და რაღაც პერიოდი კიდევ „გააქაჩინებს“ პუტინის რეჟიმს. ამიტომ აქ ძალიან ბევრი მოცემულობაა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.

_ თქვენ მოვლენების როგორ განვითარებას ხედავთ ახლო მომავალში?

_ მე ვხედავ ერთ რამეს - ევროპაში დაიბადა ახალი ლიდერი, უკრაინა, რომელიც გაერთიანდა. ჩემი მეგობრები, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ, მეუბნებიან, ამას არ ველოდით, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინა ასე გაერთიანდებოდა და ერთად დადგებოდაო. დღეს უკრაინა ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი სახელმწიფო, რომელიც არის რუსეთის აგრესიისგან ევროპის ფარი. ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა, ამასთან, დავინახეთ, რომ უღიმღამო ლიდერებს შორის გამოჩნდა ძალიან აქტიური და ქარიზმატული ლიდერი - ზელენსკი. ძალიან ძლიერი პიროვნებაა და კარგად მომზადებული პიარჯგუფი ჰყავს. ვხედავ პერსპექტივას, რომ ეს კიდევ გაძლიერდება და ევროპამ ეს ახალი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომლის გარშემოც აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანება და გაძლიერება იქნება შესაძლებელი.