არის თუ არა უსაფრთხო გარუჯვა და რამდენ წუთიანი „მზის აბაზანაა“ საჭირო დ ვიტამინის მისაღებად - დერმატოლოგ ზაზა თელიას რეკომენდაციები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუჯი ორგანიზმის დამცავი რეაქციაა ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაზე, რომელიც ახდენს ჩვენი კანის პიგმენტური უჯრედების - მელანოციტების სტიმულირებას, ისინი გამოიმუშავებენ მელანინს, რომელიც მუქ შეფერილობას ანიჭებს ჩვენს კანს. თავის მხრივ, მელანინი ასევე იცავს ჩვენს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. გასათვალისწინებელია, რომ ჭარბი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას, მუტაციის დონე მაღალია, რის შედეგადაც კანი ზიანდება, სწრაფად ბერდება და იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკი. რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ უსაფრთხო რუჯის მიღებისას და როდის არის „მზის აბაზანის“ მიღება რეკომენდირებული - ამ საკითხზე „ვერსია“-ს დერმატოლოგი, ზაზა თელია ესაუბრა:

-ბატონო ზაზა, არსებობს თუ არა უსაფრთხო გარუჯვა და რა საფრთხეს წარმოადგენს რუჯი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
-არარსებობს უსაფრთხო გარუჯვის ცნება, მეცნიერულად და სამედიცინო თვალსაზრისით. მრავალი სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს, რომ ზოგადად, ულტრაიისფერი სხივები სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო კანს, არამედ - ზოგადად ორგანიზმს. საფრთხე შეიძლება იყოს კანის კიბოს და სხვადასხვა წარმონაქმნების განვითარების რისკი, ასევე კანის დაბერების, დანაოჭების რისკი.

-კანის დამწვრობა აქტუალური პრობლემაა ზაფხულში, ასეთ დროს პირველ რიგში როგორ უნდა მოვიქცეთ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
-პირველ რიგში, სახლის პირობებში რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის დამწვრობა მიყენებული კანის ადგილას ცივი საფენები უნდა გამოვიყენოთ და არა პირიქით, არსებობს მითები, რომ ამ დროს ზეთი უნდა წავისვათ, ეს არ შეიძლება. დერმატოლოგის მიერ უნდა იქნას შესაბამისი სამკურნალო პრეპარატების დანიშვნა, ასევე შეიძლება დანიშნულ იქნას ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები წამლის სახით დასალევად.

-D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, ექიმები ხშირად „მზის აბაზანების“ მიღებას გვირჩევენ, დღის რა მონაკვეთშია სასურველი „მზის აბაზანა?
-D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობის წარმოსაქმნელად სრულიად საკმარისია კანის პატარა უბანზე 10-15 წუთიანი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, შესაბამისად, არ არის საჭირო დიდი ხნით დაყოვნება.

-დღის რა მონაკვეთშია რეკომენდირებული გარუჯვა?
-დილის 11 საათამდე და შუადღის 4 საათის შემდეგ რეკომენდირებულია უსაფრთხო რუჯის მიღება მზის დამცავით აუცილებლად.

-ბატონო ზაზა, სოლარიუმზე და მის მავნებლობაზეც ვისაუბროთ... რამდენად საფრთხის შემცველია სოლარიუმში გარუჯვა?
-საფრთხის შემცველია ძალიან, რადგან 10-ჯერ აღემატება მზის ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებს მისი დასხივება. ბევრად იმატებს კანის კიბოს განვითარების რისკი, ვიდრე ჩვეულებრივ ბუნებრივ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.

-არსებობს თუ არა სოლარიუმში უსაფრთხო რუჯის მიღება? თუ 5 წუთიც შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
-სამედიცინო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სოლარიუმში ერთხელ შესვლაც კი რისკს მატებს კანის კიბოს განვითარებას. ერთხელ შესვლაც კი რისკის შემცველია, როგორც დამწვრობა, ცხოვრებაში ერთხელ მიღებული დამწვრობაც კი მომატებული რისკია.

-ბატონო ზაზა, მითია თუ რეალობა, რომ ამბობენ, სოლარიუმი D ვიტამინის დეფიციტს ავსებს ორგანიზმშიო?
-მითია, რა თქმა უნდა, ამის გამო სოლარიუმში სიარული რეკომენდირებული არ არის. D ვიტამინის ნაკლელობის შემთხვევაში საკმარისია მზის ბუნებრივი ულტრაიისფერი სხივები 10-15 წუთით.

ავტორი - გვანცა პეტრიაშვილი