ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშოროსო ვიზიტები - ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამირან სალუქვაძე: „საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები ახალ ეტაპზე გადადის, რაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის“

მაკა რუხაძე

 პირველად, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას სჭირდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა; პირველად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, რომ სჭირდება აზერბაიჯანული გაზი, ოღონდ საქართველოსა და რუმინეთის გავლით... თუმცა მანამდე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში -  ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განიხილეს საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საუბარი იყო რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობა ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, 2008 წლის სამხედრო აგრესიასა და იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. ამ ფონზე აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა გერმანიის გამორჩეულ წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველოში.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასა და მის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა როგორც ამ ისტორიული გადაწყვეტილების, ისე ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული პერსპექტივის და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განსაკუთრებულ დატვირთვას და მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უდგება.

ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისათვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ მედიაციას და პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.  შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა მადლიერება ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის გამო და ხაზი გაესვა ამ პროცესში განსაკუთრებით წარმატებულ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან ალიანსის სამშვიდობო მისიებში.

 

ესაა მცირე ჩამონათვალი იმ მნიშვნელოვანი განცხადებებიდან, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი ვიზიტების ფარგლებში გაკეთდა. ნიუ-იორკში, გაეროს სამიტზე ჯერ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯებ თაიფ ერდოღანს შეხვდა, შემდეგ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, ამის შემდეგ თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოვიდა, რასაც მისი ვიზიტი მოჰყვა ჯერ უნგრეთში, მოგვიანებით - არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. აშკარაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო კურსი სრულიად ახალ პოლიტ-ეკონომიკურ შესაძლებლობებს, გნებავთ, გამოწვევებს უქმნის საქართველოს, რასაც ექსპერტთან სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძესთან ერთად ვაფასებთ.

 

ოქტომბრის დასაწყიში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს 77-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პრემიერებმა აღნიშნეს, რომ საქართველო-სომხეთს შორის არსებული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ხაზი გაუსვეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

 

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა.

 

განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის.

 

ამის შემდეგ, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას. სწორედ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა ილჰამ ალიევმა, რომ სომხეთის თანხმობის შემთხვევაში, მზადაა, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი:

რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბახის მეორე ომის შემდეგ, ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაცნობე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება სჭირებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა. ხუთი ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს, იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რათა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. თუ ასე მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იქნება თანამშრომლობისთვის.

 

დღეს გვაქვს საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი. რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს საქართველოსთან, გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება - ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ბრუნვას. აზერბაიჯანს 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომლებიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ვაპირებთ, 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს, რასაც კიდევ უფრო გავზრდთ მომდევნო წლებში.

 

წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი აპირებს, გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და 2027 წლისთვის, ვგეგმავთ, ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი. ბუნებრივია, ეს საკითხი განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ამასობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი, ვიცი, რომ ის არ არის ამჟამად მოქმედი, მაგრამ გვინდა, ეს მიმართულებაც დავტვირთოთც. ახალი პროექტები ითვალისწინებს ელექტროენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

ღარიბაშვილი-ფაშინიანის შეხვედრას, ალიევის თბილისში ვიზიტსა და მის უპრეცედენტო განცხადებებს ამირან სალუქვაძე აფასებს და აცხადებს, რომ პოლიტაკა და ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. მისი თქმით, არა თუ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, ბოლო 30 წლის მანძილზე, მცდელობაც კი არ გვქონია, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტებს ან პრემიერებს ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაედგათ:

„ილჰამ ალიევის განცხადება ბევრ რამეზე მეტყველებს, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებაზე და ამ პროცესებში საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე. თუმცა, მეორე მხრივ, არ უნდა გამოვრიცხოთ პირადი ურთიერთობები და ნდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში. სხვაგვარად, შეუძლებელია, მსგავსი მედიაცია, მსგავსი სამშვიდობო ინიციატივების წარმატებით განხორციელება. რომ არა მაღალი ნდობა პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის, გნებავთ, პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ ფაშინიანს შორის, რა თქმა უნდა, ეს კომუნიკაციები არ შედგებოდა.

 

ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში იმყოფებოდა, უკრაინისა და ევროპის ენერგოკრიზისის ფონზე. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ეხებოდა აზერბაიჯანული და აზიის ენერგომატარებლების მიწოდებას ევროპისთვის. გასაგებია, რომ ეს ტრანზიტი საქართველოზეც გადის და დაინტერესებულები ვართ. როდესაც ილჰამ ალიევი ბაქოდან, ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქიდან კი არა, თბილისიდან ახმოვანებს ინიციატივას, რომ ევროპაში გაზის ექსპორტს საქართველოს გავლით აპირებს, ეს განცხადება ორ სახელმწიფოსა და ორ ლიდერს შორის ნდობის მაღალ ხარისხზე  მეტყეველებს, ასევე, ჩვენს სწორ პოლიტიკაზე, სწორ პოზიციონირებასა და ჩვენი ქვეყნის როლზე ამ პროცესში“.

 

მაშინ, როდესაც ევროპის შუაგულში, უკრაინაში სასტიკი ომი მიმდინარეობს, ილჰამ ალიევი თბილისში საუბრობს, რომ სამშვიდობო პოლიტიკა რეგიონში მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ეკონომიკური პროექტებით უნდა გამყარდეს. „ვერსიის“ კითხვაზე, რა ახალი შესაძლებლობები უჩნდება ჩვენს ქვეყანას, ამირან სალუქვაძე აცხადებს:

„მე ვახსენე ურსულა ფონ დერ ლაიენის ბაქოში ვიზიტი და პირველ რიგში, აქ აღსანიშნავია ის, რომ ბაქო ხდება მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროპისთვის. ჩვენი ქვეყნის კურსიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ ვისწრაფვით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, აქტიურდება ახალი  ხაზი, ბაქო-თბილისი-ბრიუსელის სახით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი იმყოფებოდა ცენტრალურ აზიაში - ასტანაში გაიმართა ევროკავშირი-ცენტრალური აზიის სამიტი, მანამდე იყო რუსეთი-ცენტრალური აზიის სამიტი, ჩინეთი-ცენტრალური აზიის სამიტი, ამერიკა-ცენტრალური აზიის სამიტი... აქ საუბარია ცენტრალური აზიის ანუ ხუთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, ენერგომატარებლების მხრივ. ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ აზერბაიჯანის ენერგორესურსები იგულისხმება, არამედ - აზიის და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს გაივლის აზერბაიჯანი-საქართველოს ტერიტორიებს. ეს ძალიან მსხვილი ენერგოპროექტებია, რასაც გარკვეული რისკებიც ახლავს, რადგან რუსეთის ინტერესებში არ შედის. თუმცა, ერთად დგომით, როგორც აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ასევე, ევროკავშირთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ერთად, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები ახალ ეტაპზე გადადის, რაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის, როგორც რეგიონში, ასევე, ჩვენი პარტნიორებშიც.

 

ხაზი უნდა გავუსვათ ერთ დეტალსაც - ბევრს საუბრობენ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანზე და სომხეთის გავლით ამ დერეფნის გახსნაზე, ამიტომ როცა სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრობს ალიევი, რა თქმა უნდა, გულისხმობს ჩრდილო-სამხრეთის დერეფანს. როდესაც ამ ჭრილში აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მთელი ენერგორესურსები აუცილებლად გაივლის საქართველოზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პროცესის გაგრძელება იყო პრემიერის ვიზიტი უნგრეთში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სურვილი, რომ მთელი ეს ენერგორესურსები, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით მიაწოდოს უნგრეთს, რაც პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური აქტივობების ლოგიკური ჯაჭვი გახლავთ“.

 

ილჰამ ალიევის თბილისში სტუმრობის ლოგიკური გაგრძელება იყო ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთში, სადაც მის კოლეგას, ვიქტორ ორბანს შეხვდა. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა - ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ჯერ პირისპირ, შემდეგ - გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

რაც მთავარია, ვიქტორ ორბანმა აშლარად უსაყვედურა ევროკავშირს, რადგან უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუდი არ მიანიჭა:

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ, ეხება ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებას და მისი წევრობის სურვილს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბრიუსელში. ეს გადაწყვეტილება, ვიტყოდი, რომ დისკრიმინაციული იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად. ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს, ბოლო წლებია. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უპატივცემულობა იყო, ქართველი ერის, . სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებთ? ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირში გაწევრიანდეს და ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

 

მეტიც, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ დაასახელა ენერგომარშრუტი, რომლითაც სურს, რომ აზერბაიჯანული გაზი მიიღოს. ორბანი ამბობს, რომ აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ექსპორტი, საქართველოსა და რუმინეთის გავლით უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ორბანის მკაცრ ტონს, ამირან სალუქვაძის შეფასებით, უნგრეთის პრემიერი ხისტი და პირდაპირი საუბრით გამოირჩევა:

„რა თქმა უნდა, ორბანსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობებია, მაგრამ უნგრეთი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანაა, ამიტომ მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ერთია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ უსამართლობაზე, როდესაც სტატუსის მიღმა დაგვტოვეს. წლების განმავლობაში, ასოცირებული ტრიოს ლიდერი ვიყავით, გასაგებია, რაც მოხდა: ომია უკრაინაში, მოლდოვაც წინასაომარ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ ჩვენც სამი ომი გადავიტანეთ, ზოგი - დიდი, ზოგი - პატარა, თუმცა საკმაოდ დამანგრეველი საქართველოსთვის, რასაც მოჰყვა ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია. როდესაც ითვალისწინებენ ამ გარემოებებს უკრაინისა და მოლდოვასთვის, აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ საქართველოსთვის, რადგან თავადვე აღიარებენ, თუნდაც 2008 წელს რომ ყოფილიყო სათანადო რეაგირება აგრესიის აღსაკვეთად, დღეს სხვა რეალობა გვექნებოდა. ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა და სიმართლის გახმოვანება მაღალი ტრიბუნიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით, სხვადასხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველო შესაბამისობაშია ევროკავშირთან“.

 

უნგრეთის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გამართა. მხარეები მზად არიან, არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოში კი, არაბული ინვესტიციით არაერთი პროექტია დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია. ამირან სალუქვაძის შეფასებით, ღარიბაშვილის აბუ-დაბიში ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო:

„აბუ-დაბიში ეკონომიკური ფორუმი ჩატარდა და ქართული დელეგაცია, ერთი მხრივ, ამ ფორუმში მონაწილეობდა, ხოლო მეორე მხრივ - ორმხრივი ურთიერთობები განამტკიცა მდიდარ სახელმწიფოსთან. ინვესტიციების მოზიდვის გარდა, არაბეთის გაერთიანებული საემიროები ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანაა. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ იქნება ბოლო ვიზიტი, გაგრძელდება აქტივობა. მისასალმებელია, როგორც აქტიური სამეზობლო პოლიტიკა კავკასიაში, ასევე - ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, ჩენი სტრატეგიული კურსი უცვლელია - ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ მეზობელ რეგიონებთანაც აქტიური პოლიტიკა უნდა გვქონდეს და ვფიქრობ, გაგრძელდება პრემიერის ვიზიტები მომავალშიც. ჩვენ ვხედავთ გფონივრულ და მიზანმიმართულ საგარეო აქტივობებს და მშვიდობის შენარჩუნებით, ამ პოლიტიკის შედეგებსაც მალე დავინახავთ. გარკვეულწილად, უკვე ვხედავთ - მეორე წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, „საქსტატის“ მონაცემებით, ინფლაციის შემცირება იწყება და ეს ხალხმა უნდა იგრძნოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში ხალხმა ისე უნდა დაიწყოს ცხოვრება, რომ ქვეყნიდან გასული ქართველებიც კი უკან დაბრუნდნენ, აქ უნდა შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრების უკეთესი პირობები, რასაც ქვეყნის შიგნით ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება სჭირდება“.