„საქმე რომ მოიგო, მაქსიმალურად დაცლილი უნდა იყო სიყალბისგან“- ინტერვიუ ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 კანონის უზენაესობა და უფლებების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე კი დგანან ადამიანები, რომელთაც პროფესიად ადვოკატობა აირჩიეს და ზოგჯერ ურთულეს ვითარებაში უწევთ სამართლიანობის მიღწევა, დაცვისქვეშმყოფის უდანაშაულობის დამტკიცება.

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან, რომელსაც პროფესიულ პრაქტიკაში არაერთი გამამართლებელი განაჩენი უზეიმია. მათგან ბოლო დასამახსოვრებელი .. გუდაურის საქმეზე მერაბ კობიაშვილის ნაფიც მსაჯულთა მიერ გათავისუფლება გახლდათ.

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების დირექტორი და ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემიის დირექტორია და აღნიშნულ პროფესიაზე საკუთარი გამოცდილების შესახებ „ვერსიას“ ესაუბრა:

 

_ ბატონო ტარიელ, საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ სამართლის სამყაროში მოღვაწეობა, კერძოდ კი - ადვოკატობა?
_ ადვოკატები, ძირითადად, უბრალო ადამიანებს ვიცავთ, რომელთა მიმართაც სახელმწიფო ინსიტუტები ძალაუფლებას იყენებს. ხანდახან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ, საკუთარი სიმართლე დაიცვან. არაერთი უდანაშაულო ადამიანი მინახავს, რომელიც ვერ ბედავს საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლას. ბედნიერებაა, როდესაც იცავ სუსტს ძლიერისგან და სიმართლის გამარჯვებაში შენი წვლილი შეგაქვს.

_ რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაცვისქვეშმყოფი გამართლდეს, ანუ სასამართლო საქმე მოიგოთ?

_ საქმის მოსაგებად საკმარისი არ არის ადვოკატის კვალიფიკაცია. ადვოკატის პროფესია მოითხოვს ხასიათის სიმტკიცეს, ბრძოლისუნარიანობას. როდესაც გრძნობ დასაცავი პირის ტკივილს, გადარდებს მისი ბედი, მხოლოდ მაშინ ხდები მისი ეფექტური დამცველი.

_ საინტერესოა, არსებობს თუ არა ადვოკატი, რომლის მუშაობის სტილიც თქვენთვის სამაგალითოა?

_ მსოფლიოში უამრავი ადვოკატია, ვინც დაცვის ხელოვნება მაღალ დონეზე აიყვანა. ზოგი გამორჩეული იყო ჯვარედინი დაკითხვის უნარ-ჩვევებით, ზოგი - დასკვნითი სიტყვით და ა.შ. გამოვარჩევდი F. Lee Bailey-ს ჯვარედინი დაკითხვის ტექნიკას, Johnny Cohran-ის დასკვნითი სიტყვებს, ასევე მომწონს Gerry Spence-ის შესავალი სიტყვები, რომლითაც ის ნაფიც მსაჯულებზე უდიდეს ეფექტს ახდენდა. გამორჩეული დასკვნითი სიტყვები ჰქონდა ასევე პროკურორ Vincent Bugliosi-ს, რომელსაც კარიერაში არც ერთი საქმე არ წაუგია.

რთულია, კონკრეტული სტილზე ისაუბრო. თუ გინდა, გამოიმუშავო „საუკეთესო სტილი“, უნდა ეცადო, რომ ყველა ასეთი ადვოკატისგან აიღო ის, რაც მათ საუკეთესოდ გამოსდით, თუმცა არ უნდა დაკარგო ინდივიდუალიზმი. ეს ყველაფერი უნდა შეუთავსო შენს ინდივიდუალიზმს.

_ გასაგებია... ქართველ ადვოკატებზე რას იტყოდით?

_ დღეს ქართული ადვოკატურა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. „ადვოკატთა ასოციაცია“ ძლიერდება ახალგაზრდა, თანამედროვე აზროვნების მქონე ადვოკატებით.

ასევე, აუცილებელია, გვახსოვდეს კოლეგები, რომლებიც ურთულეს პერიოდში, საკუთარი თავისუფლების რისკის ფასად, იცავდნენ ადამიანთა უფლებებს. მათი ღვაწლი არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს ადვოკატები ჩემთვის საამაყო არიან.


_ არსებობს თუ არა თქვენთვის გარკვეული სტანდარტი  -  ტაბუდადებული ბრალდება, ოდესაც ბრალდებულს არ დაიცავთ?
_ ადვოკატის პროფესიის ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის არჩევანის თავისუფლება. ადვოკატი თავად ირჩევს, ვინ დაიცვას, რომელ საქმეში ჩაერთოს და ა.შ.

თუ არ გჯერა, რომ ღირსეულ საქმეს აკეთებ, ვერ იქნები დამაჯერებელი. არადამაჯერებელი ადვოკატი წარმატებას ვერ მიაღწევს. საქმე რომ მოიგო, მაქსიმალურად დაცლილი უნდა იყო ყოველგვარი სიყალბისგან.

_თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება და გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი რომელ საქმეს უკავშირდება?

_ ამ კითხვაზე ასეთი პასუხი მაქვს - ხომ არის შემთხვევა, როცა უყურებ ძალიან საინტერესო ფილმს და ეს ფილმი გგონია ყველაზე კარგი, რომელიც ოდესმე გინახავს? - მაგრამ შემდეგ სხვა ფილმი მოგეწონება და იმ ფილმის შთაბეჭდილების ქვეშ ხარ, შესაბამისად, ეს გგონია საუკეთესო. იგივე შეიძლება, ითქვას საქმეებზეც. ყოველთვის ის საქმე მგონია ყველაზე საინტერესო და საამაყო, რომელიც ბოლოს დავასრულე.

_ 2021-22 წლებში წარმატებით დაასრულეთ ყველა გახმაურებული საქმე, რომელ მათგანს გამოყოფდით?

_ ჩემთვის ყველა საქმე მნიშვნელოვანი და რაღაცით განსაკუთრებულია. ზოგადად, საზოგადოება ადვოკატს იცნობს გახმაურებული საქმეებით, თუმცა ხშირად ისეთი საქმეები უფრო რთული და საინტერესოა, რომელიც საერთოდ არც კი ხმაურდება.

_  საინტერესოა, ყოფილა თუ არა პოლიტიკა განმაპირობებელი საქმის წარმოებისა?

_ მქონია საქმეები, სადაც გამოკვეთილა რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესი. ერთი რამ შემიძლია, ვთქვა - საქმეში თუ პოლიტიკური ინტერესები ერთვება, ძალიან რთულია, სიმართლეს გაამარჯვებინო. სამართალმა რომ იზეიმოს, ის მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან.

_ რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რომლებსაც სამართლის სფეროში აქვთ გადაწყვეტილი სწავლა და შემდეგ საქმიანობა?

_ ყველას ვურჩევ, აირჩიონ ისეთი პროფესია, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება მათ ხასიათს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი აბარებს ადვოკატის გამოცდებს, გადის სტაჟირებას და შემდეგ ხვდება, რომ თურმე ეს არ ყოფილა მისი მოწოდება.

თუ შენი პროფესიით სიამოვნებას ვერ იღებ, სერიოზულ წარმატებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.