რა ქონებას ფლობს ელენე ხოშტარია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ერთი წლის წინ გავრცელდა, აქტუალობას წელსაც არ კარგავს. პოლიტიკოსი, რომელსაც საზოგადოება მკვეთრად გამოხატული პროევროპული ღირებულებებით იცნობს, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სინამდვილეში, ეს მისი სახელოვანი წინაპრის, სოლიკო ვირსალაძის ჰონორარია. გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას მამის, გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარი ჩაირიცხა, დაახლოებით, 140-დან 150 000 აშშ დოლარამდე. თანხის ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი - რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

მავანნი ამბობენ, რომ პუტინის რუსეთი საავტორო უფლებების მთავარ მებაირახტრედ და დამცველად ვერ გამოდგება - სახელოვანი წინაპრის ჰონორარი მიზეზია, სინამდვილეში, ეს მისი რუსული ჰონორარია. მოკლედ, მიხვდით, ალბათ, „ვერსია“ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ, თუმცა მანამდე, თვალი მის ბიოგრაფიასაც გადავავლოთ.

 

ბიოგრაფიული ცნობები

ელენე ხოშტარია დაიბადა თბილისში, 1979 წლის 18 ნოემბერს. უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო, კერძოდ, „მგიმო“-ში (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი), რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით დაამთავრა.

2002 წელს იყო სტაჟიორი ადამიანის უფლებების „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფისა“ და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოში; 2004 წლიდან, ჯერ საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორია, შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი შსს-ში, მოგვიანებით კი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილეა; 2004-2006 წლებში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსია; 2007-2012 წლებში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილეა; 2012-2016 წლებში, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ GRASS; 2016-2020 წლებში, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 2020-2022 წლებში, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან: „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; 2020 წლის 28 დეკემბერს, პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა, ხოლო 2021 წლის 8 მარტს, პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დაააფუძნა.

 

რა ქონებას ფლობს ელენე ხოშტარია

რაც შეეხება ქონებას, როგორც პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 29 აპრილს შეავსო. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ელენე ხოშტარიას მეუღლე, ირაკლი ბერიძე 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით ფლობს 1 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს გარდაბანში, სოფელ ახალ სამგორში, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. გარდა ამისა, ირაკლი ბერიძის საკუთრებაშია 185.36 კვ.მ. ფართობის ბინა საბურთალოზე, რომელიც 2011 წელს, 145 000 აშშ დოლარად შეუძენია.

ირაკლი ბერიძის საკუთრებაშია რამდენიმე ბინა და აგარაკი, კერძოდ: 1 502 კვ.მ. ფართობის აგარაკი ტაბახმელაში, რომელიც 2021 წელს, მისთვის უჩუქებიათ. სინამდვილეში, 2021 წლამდე, ეს უძრავი ქონება ელენე ხოშტარიას საკუთრებაში იყო და მართალია, დეკლარაციაში მითითებული არაა, ვინ აჩუქა, თუმცა ცხადია, რომ ეს აგარაკი ელენე ხოშტარიამ გადაუფორმა მეუღლეს; კიდევ ერთი ბინა საბურთალოზე, ამჯერად, 60 კვ.მ. ფართობის, რომელიც 2013 წელს, 45 000 აშშ დოლარად შეუძენია; 5 179 კვ.მ. ფართობის აგარაკი თელავში, სოფელ იყალთოში, რომელიც 2021 წელს უჩუქებიათ (ესეც ელენე ხოშტარიას საკუთრება იყო); 46.9 კვ.მ. ფართობის ბინა ბაკურიანში, რომელიც 2020 წელს, 71 920 აშშ დოლარად შეუძენია და ბინა საბურთალოზე, რომლის 25%-იან წილს ფლობს, ამ ბინის თანამესაკუთრეები ირაკლი ბერიძის მშობლები არიან.

ირაკლი ბერიძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა, 2009 წლის „ტოიოტა პრიუსი“, რომელიც 2017 წელს, 17 800 ლარად შეუძენია.

იმის დასადასტურებლად, რომ ირაკლი ბერიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მფლობელი მართლაც ელენე ხოშტარია იყო, გთავაზობთ 2020 წლის ქონებრივ დეკლარაციას. ირკვევა, რომ ელენე ხოშტარია ფლობს 5 179 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს და 180.6 კვ.მ. ფართობის სახლს კახეთში, იყალთო, რაშიც 2010 წელს, 10 000 აშშ დოლარი გადაუხდია. ელენე ხოშტარიას საკუთრებაშია 1 502 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, რომელიც 2014 წელს, 15 000 აშშ დოლარად შეუძენია. 2015 წელს, ზუსტად ამავე ტერტორიაზე, ელენე ხოშტარიამ შეიძინა 423 კვ.მ. ფართობის სახლიც, რომლის ღირებულება 170 000 ლარია.

 

ავტორი-მაკა რუხაძე