ძვირადღირებული ავტომობილები, უძრავი ქონება ბათუმში, მოგზაურობა უცხოეთში - კერძო აუდიტორული კომპანიის სკანდალური დასკვნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

12 ივნისს, პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ბაია კვიციანის განცხადებით, ცვლილებების პროექტი ეფუძნება სამ უმთავრეს პრინციპს - გამჭვირვალობას, კარგ მმართველობასა და ანგარიშვალდებულებას. ცვლილებების პროექტის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენას წინ უძღვოდა კერძო აუდიტორული კომპანიის სკანდალური დასკვნა, რომელიც „საქპატენტის“ უფლებამოსილების ქვეშ მყოფი ორგანიზაციის - საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის (GCA) საქმიანობას ეხებოდა. GCA-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ხელფასებში, ჰონორარებსა და ბონუსებში გაფლანგული მილიონობით ლარი, ძვირადღირებული ავტომობილებით განახლებული ავტოპარკი, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში - ეს იმ დარღვევათა მცირე ჩამონათვალია, რაც კერძო აუდიტორებმა საავტორო უფლებათა დაცვის GCA-ში გამოავლინეს. თუმცა, ვიდრე ამ სკანდალურ ანგარიშს განვიხილავთ, რომელიც „საქპატენტმა“ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, პარლამენტში განხილულ ცვლილებების პროექტს გავეცნოთ.

 

ცვლილებების განხილვა პარლამენტში

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის, ბაია კვიციანის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია, საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები; დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რაც ხელს შეუწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებათა ეფექტიან განხორციელებას ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში.

ბაია კვიციანის თქმით, ცვლილებათა პაკეტი, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა CLDP-ის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით მომზადდა. პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, კოლექტიური მართვის ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობისთვის კანონპროექტში ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმები გაიწერა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა. ავტორებს უნდა მოგცეთ ყოველნაირი მექანიზმი - თქვენი ინტერესების დასაცავად“, - მიმართა ირაკლი მეზურნიშვილმა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

 

აუდიტის სკანდალური დასკვნა

სკანდალური დასკვნა, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, კერძო აუდიტორულმა კომპანიამ მოამზადა. აუდიტორული კომპანია სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე შეარჩიეს და GCA-ს (საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის) შემოწმება დაავალეს. ესაა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ავტორთა უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე მართავს. 2011 წლიდან დღემდე, GCA-ს გამგეობის თავმჯდომარეა გიგა კობალაძე. GCA-ს უმთავრესი ამოცანაა, შეაგროვოს და სამართლიანად გაანაწილოს ავტორებზე მათი კუთვნილი უფლებების მართვიდან მიღებული ჰონორარები.

მაშ, ასე, მოქმედი კანონმდებლობით, დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, 2023 წლის 3 თებერვალს, „საქპატენტმა“ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომლის მიზანი იყო აუდიტორული მომსახურების შესყიდვა 2021-2022 წლების განმავლობაში, ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის ეფექტიანობის შესამოწმებლად.

„დავაზუსტებთ, რომ აუდიტორული შემოწმების შესახებ „საქპატენტმა“ ოფიციალურად აცნობა ასოციაციას 2022 წლის 19 დეკემბერს და ამ საკითხზე, „საქპატენტში“ შეხვედრისა თუ სხვა არაერთი, მათ შორის, წერილობითი კომუნიკაციის შემდეგ, ასოციაციამ 2023 წლის 12 იანვარს, წერილობით გამოხატა თანხმობა ეთანამშრომლა აუდიტორულ კომპანიასთან და მიეწოდებინა მისთვის ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები. გადაწყვეტილებას აუდიტორული შემოწმების შესახებ, წინ უძღოდა არაერთი, მათ შორის, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში, ავტორთა ქონებრივი უფლებების სფეროში შესაძლო დარღვევების შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებო იყო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, აღნიშნულ საკითხზე განხორციელებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგები, რომლებიც მიუთითებდნენ ავტორთა ქონებრივი უფლებების მმართველი ორგანიზაციების, მათ შორის, ასოციაციის მხრიდან,სავარაუდო გადაცდომების შესახებ, განსაკუთრებით კი ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესში გაუმჭვირვალობის, თუ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

მიმდინარე წლის 28 აპრილს, ელექტრონული ტენდერის გზით შერჩეულმა აუდიტორულმა კომპანიამ „საქპატენტს“, როგორც დამკვეთს, წარუდგინა  GCA-ს საქმიანობის შემოწმების ანგარიში, რომლის თანახმად, ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. მართალია, აუდიტის ანგარიში 140-გვერდიანია, მაგრამ „საქპატენტმა“ მხოლოდ რამდენიმე მაგალითზე გაამახვილა ყურადღება. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ GCA-მ დაარღვია შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის მეთოდი, კერძოდ, დარიცხვის მეთოდის ნაცვლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ე.წ. საკასო მეთოდს იყენებდა. სათანადო ინფორმაციის არარსებობის გამო, აუდიტმა ვერ დაადგინა, თუ რა თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა ან გააჩნია GCA-ს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.

„ასოციაციის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს, ასოციაციის მიერ, ავტორთა ქონებრივი უფლებების განკარგვის გზით შეგროვებული ჰონორარების ჯამმა შეადგინა 3 822 063 ლარი. ასოციაციის წესდების მიხედვით დამტკიცებული წესის თანახმად, შეგროვებული ჰონორარიდან ადმინისტრაციული ხარჯისათვის ასოციაციას შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს 20% ანუ იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ასოციაცია ავტორთა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის ეწევა, უფლება აქვს, შეგროვებული თანხის არაუმეტეს 20% მიიღოს. თუმცა აუდიტმა დაადგინა, რომ ადმინისტრირებისათვის არა 20%, არამედ 47% გაიხარჯა.  უფრო ზუსტად, ასოციაციის მართვის ხარჯმა შეადგინა 1 791 597 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივის მიხედვით, მართვის საფასური უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის დოკუმენტირებულ ხარჯებს. საინტერესოა, რომ აუდიტის ანგარიშში, ამ მიგნებასთან ერთად, ასოციაციის განმარტებაცაა მითითებული, სადაც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ასეთი დიდი მოცულობა პანდემიის პერიოდში შემოსავლების შემცირებითა და არსებული ფიქსირებული ხარჯით იყო განპირობებული, მათ განმარტებაზე უფრო საინტერესო კი ის „ფიქსირებული“  ხარჯია, რომელიც პანდემიის პერიოდში, ასოციაციამ ავტორთა ჰონორარებიდან გახარჯა“.

ახლა, დეტალურად განვიხილოთ დარღვევები, რაც კერძო აუდიტორებმა გამოავლინეს. გაირკვა, რომ GCA-ს ადმინისტრაციული ხარჯის ძირითადი ნაწილი თანამშრომლებზე გაცემული შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია. მაგალითად, 2021 წელს, ასოციაციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულმა პირმა სარგებლის სახით 233 062 ლარი მიიღო. აქედან, ხელფასი - 150 000 ლარი; პრემია - 6 250 ლარი; ბონუსი - 25 000 ლარი და სარგებელი - 51 812 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, უცხოეთში სწავლის ღირებულებას - 28 086 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას - 19 417 ლარს, დაზღვევის საფასურს - 2 921 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას - 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას - 1 200 ლარს მოიცავს. გარდა ამისა, 2021 წელსვე, ასოციაციამ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის, მათი კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან - 42 316 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა.

აუდიტის ანგარიშით დადგინდა, რომ 2021 წლის მსგავსი მდგომარეობა დაფიქსირდა 2022 წელსაც. კერძოდ, GCA-ს ავტორთა უფლებების მართვის შედეგად შეგროვებული 5 412 250 ლარიდან, ასოციაციის მართვის ხარჯმა, 20%-ის ნაცვლად, 40% ანუ 2 158 279 ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით გაზრდილი შემოსავლებიდან, 2022 წელსაც, მნიშვნელოვანი თანხები ქონებრივი უფლებების მფლობელ ავტორთა ნაცვლად, GCA-ს ადმინისტრაციასა და მაღალ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს მოხმარდა.

„მაგალითად, მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულმა იგივე პირმა, 2022 წელს, სარგებლის სახით, 336 569 ლარი მიიღო, მათ შორის, ხელფასი - 143 750 ლარი; პრემია - 27 500 ლარი; ბონუსი - 37 500 ლარი და სარგებელი - 127 819 ლარი, რომელიც მოიცავს სწავლის ღირებულებას - 77 957 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას - 42 516 ლარს, დაზღვევის ღირებულებას - 5 959 ლარს,  სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას - 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას - 1 200 ლარს. ამავდროულად, ასოციაციამ 2021 წელს თუ ავტომობილი შეიძინა, 2022 წელს, შეისყიდა უძრავი ქონება ქალაქ ბათუმში, რომლის ღირებულება 146 669 ლარია. ამ ხარვეზების გარდა, აუდიტის ანგარიშში მითითებულია კიდევ ერთი ნაკლოვანება. კერძოდ, დგინდება, რომ ასოციაცია სადეპოზიტო ანაბარზე დარიცხულ თანხას - 2021 წელს - 2 804 ლარს, ხოლო 2022 წელს - 9 599 ლარს არამიზნობრივად იყენებდა და ავტორებზე განაწილების ნაცვლად, ადმინისტრაციული საჭიროებებისთვის ხარჯავდა“.

2023 წლის 7 აპრილს, GCA-მ წერილობით მიმართა „საქპატენტს“ და აცნობა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ტარდებოდა ასოციაციის საერთო კრება, რომელზეც განიხილებოდა 2022 წლის საქმიანობის შეჯამება და ანგარიშის დამტკიცება, ასოციაციის წესდებასა და ავტორთა საბჭოს დებულებების ახალი რედაქციების მიღება, ავტორთა საბჭოს, გამგეობისა და თავმჯდომარის არჩევა, ასევე, ასოციაციის საქმიანობის მომავალი სტრატეგიული გეგმების წევრებისთვის გაცნობა.

„საქპატენტმა“ წერილობით მიმართა ასოციაციას საერთო კრების გადადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიმდინარეობდა აუდიტორული შემოწმება და არსებობდა შესაძლებლობა, რომ შემოწმების დასრულების შემდგომ, აუდიტის ანგარიშში აისახებოდა ასოციაციის საქმიანობის შესახებ რიგი მიგნებები და გაიცემოდა შესაბამისი რეკომენდაციები, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის შედეგების სრულყოფილი გაცნობა და ასოციაციის სტრატეგიული გეგმებისა და მომავალი საქმიანობის აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა. 

„მიუხედავად „საქპატენტის“ დასაბუთებული მოთხოვნისა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ არ გადადო საერთო კრება, უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ აირჩიეს მოქმედი გამგეობის თავმჯდომარე, თუმცა, როგორც ირკვევა, საერთო კრების კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ ჩატარებისა და პროცედურული დარღვევების გამო, ასოციაციის საერთო კრების შედეგები საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. ამ საკითხზე საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი საჯაროა და გამოქვეყნებულია მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხოლო დარღვევებს შორის, ისეთი მნიშვნელოვანი გადაცდომებია მითითებული, როგორებიცაა: წევრთა საერთო კრების ოქმი არ შეიცავს მოქმედი კანონმდებლობით კრების ოქმისთვის განსაზღვრულ მონაცემებს; მითითებას საერთო კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე; წევრთა საერთო კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს, ამასთან, დღის წესრიგის ორ საკითხს წარმოადგენდა წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება, თუმცა კრების ოქმით არ დგინდება კრების მიერ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ფაქტი; წესდებით არ დგინდება საზოგადოების წევრის მიღებაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო; ასევე, წესდებით სრულყოფილად არ დგინდება გამგეობის სხდომის მოწვევის წესი და პროცედურა; სარეგისტრაციოდ წარდგენილია წესდების ახალი რედაქცია, რომლითაც შესაძლოა, განხორციელდეს სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის რეგისტრაცია, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი უნდა იყოს სრულყოფილად შედგენილი სადამფუძნებლო შეთანხმება ან წესდება“.

აუდიტის ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ავტორთა ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი ზომების დროულად მიღება. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასწორება. სწორედ ამ მიზნით, უცხოელი პარტნიორების - CLDP, USAID ჩართულობითა და მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად მომზადდა ცვლილებების პროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში 12 ივნისს დაიწყო.

კანონში შესატანი ცვლილებები, როგორც სახელოვნებო წრეებში ამბობენ, ვითარებას შეცვლის, თუმცა კანონს უკუქმედების ძალა, ალბათ, არ ექნება, შესაბამისად, ავტორ-შემსრულებლები კუთვნილ თანხებს ვერ დაიბრუნებენ. თუმცა, კერძო აუდიტის დასკვნა იმის რეალური საფუძველია, რომ GCA-ს საქმიანობით შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდნენ, თანაც, აუდიტორებმა მხოლოდ ორი წლის ანგარიშები შეისწავლეს. იმის გათავლისწინებით, რომ GCA-ში აუდიტი წლებია, არ ჩატარებულა, არსებობს დასაბუთებული მოსაზრება, რომ საერთო ჯამში, საქმე, შესაძლოა, 14 მილიონის გაქრობასთან გვქონდეს ანუ GCA-ს ხელმძღვანელმა და სხვა თანამდებობაზე დასაქმებულმა პირებმა ხელოვანთა კუთვნილი სწორედ ეს თანხა გამოიყენეს პირადი მიზნებისთვის, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც სამართალდამცავებს ეკუთვნით.

 

ავტორი-მაკა რუხაძე