რა ღირს თბილისში კერძო სახლის ქირაობა წვეულებისთვის

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წვეულებისთვის დღიურად კერძო სახლის ქირაობა ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში აქტუალური გახდა. სახლებს ქირაობენ სხვადასხვა ღონისძიებისთვის, იქნება ეს დაბადების დღე, ბანკეტი, ნიშნობა თუ სხვა.

კერძო სახლი, მისი ეზოს სივრცით იძლევა უფრო მეტ საშუალებას სტუმრების განთავსებაში, დეკორაციების მოწყობაში და აქტივობების ორგანიზებაში. გარდა ამისა, კერძო სახლის დაქირავება ხელსაყრელია  მათთვის, ვისაც არ სურს თავისი ღონისძება გაასაჯაროვოს. კერძო სახლის დაქირავება შეიძლება იყოს ეკონომიური ვარიანტი, ზოგიერთი წვეულებისთვის. გარდა ამისა, კერძო სახლები აღჭურვილია მრავალი გასართობი ფუნქციით,   როგორიცაა საცურაო აუზი, გარე სივრცეები, სათამაშო ოთახები, სახლის კინოთეატრები, სრულად აღჭურვილი სამზარეულოები და სხვა.

საინტერესოა რა თანხებთანაა დაკავშირებული თბილისის რაიონებში კერძო სახლის დღიურად ქირაობა წვეულებისთვის, რაზეც „ვერსია უძრავი ქონების ვებ-გვერდებიდან მოძიებულ ინფორმაციას  გიზიარებთ.

 

ვაკე-საბურთალო

ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე კერძო სახლების ღირებულება, დღიურად 200 ლარიდან იწყება, თუმცა, აღნიშნულ ფასში შედარებით პატარა ფართის მქონე  სახლებია წარმოდგენილი.  ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კი დღიურად 950-1000 ლარამდე ქირავდება. ასეთი სახლები ბევრ სტუმარზეა გათვლილი და დაბალ ფასიანებთან შედარებით ყველანაირი კომფორტით, მოწყობით და გასართობი კუთხეებით გამოირჩევა. უმეტესობას აქვს აუზი და კარგი ხედები.

აღნიშნულ რაიონში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კერძო სახლები ძირითადად დიღმის ტერიტორიაზე გვხვდება,  რამდენიმე მათგანი კი საბურთალოზე. ფასი ხშირად სტუმრების რაოდენობის მიხედვითაც განისაზღვრება.

ძვირადღირებულ სახლებში დაგხვდებათ ბილიარდის მაგიდა, პინგპონგი, დარტსი, მაგიდის ფეხბურთი, მუსიკალური სისტემა, ბარი და სხვა მრავალი გასართობი საშუალებები.

ისანი-სამგორი

ისანი-სამგორის ტერიტორიაზე კერძო სახლების ფასები 250 ლარიდან იწყება და 600-700 ლარამდე მერყეობს, თუმცა, არის ერთი-ორი გამონაკლისი, საკმაოდ ძვირადღირებული კერძო სახლი, რომელთა ღირებულება დღიურად 1000 ლარს აჭარბებს.

გლდანი-ნაძალადევი

აღნიშნულ ლოკაციაზე, დღიური ფასი 150 ლარიდან იწყება და ასეთი დაბალბიუჯეტური პატარა კერძო სახლის ქირაობა მუხიანის და სოფელი გლდანის ტერიტორიაზე შესაძლებელი.

გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე სხვა უბნებთან შედარებით სახლების საკმაოდ დიდი არჩევანია. ფასი 950 ლარამდე მერყეობს, თუმცა, ივერთუბანში გვხვდება მაღალი კლასის კერძო სახლებიც, რომელთა დღიური ღირბეულება 1200-1300 ლარია.

მაღალ ფასიანი სახლები ძირითადად აღწურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და მხოლოდ პროდუქტის მიტანა დაგჭირდებათ. ასეთ სახლებში დაგხვდებათ აუზი, ბუხარი, ტერასა, ლამაზი და კეთილმოწყობილი გარემო, თუმცა, არც შედარებით ბიუჯეტური ვარიანტებია ურიგო.

დიდუბე-ჩუღურეთი

აქ ფასები 350 ლარიდან იწყება და 1300 ლარამდე მერყეობს. არჩევანი არც ისე დიდია, მაგრამ დიღმის მასივის და აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიასთან ულამაზესი კერძო სახლები ქირავდება.  ყველაზე მისაღები ვერიანტები როგორც ფინანსურად, ისე სახლის მდგომარეობის გათვალისწინებით 500-600-700 ლარი ჯდება.

ძველი თბილისი

ძველი თბილისის უბნებში ღირებულება დღიურად 300-350 ლარიდან იწყება, ამ საფასო კატეგორიაში ძირითადად ავლაბარში მდებარე კერძო სახლებია წარმოდგენილი. არჩევანი აქაც მცირეა, საშუალო კატეგორიის ვარიანტები 400-500 ლარის ფარგლებშია. მთაწმინდისკენ კი შედარებით ძვირი, 1000-2000 ლარში, მაღალი კლასის, თანამედროვე, საოცარით ხედებით, ინტერიერით და ექსტერიერით, მდიდრული სახლის ქირაობაა შესაძლებელი.

 

 ავტორი: ია გრიგალაშვილი