რა დარღვევები გამოვლინდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტით დაინტერესდა. ანგარიში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2021-2022 წლების შესაბამისობის აუდიტია. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო აუდიტორებმა მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინეს, განსაკუთრებით, ბიუჯეტის შეესრულებაში. კერძოდ, 2021 წელს, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი 89%-ით, ხოლო გადასახდელები - 84%-ით შესრულდა. ამასთან, ბიუჯეტის ანგარიშზე, 2021-2022 წლებში არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები მუნიციპალიტეტმა არასრულად გამოიყენა. ყველაფერი ეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.

 

დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა-განხორციელებას. ამასთან, სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების საბაზრო ღირებულებების, ასევე სხვა გარემოებების ცვლილებების გათვალისწინებით, საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენების დროისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს მათი კორექტირება, რაც საბიუჯეტო სახსრების დამატებით ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გაუარესდა შემსყიდველის პირობები, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოუყენებლობით, ბიუჯეტში, დამატებით 13 407 ლარის მობილიზება ვერ მოხერხდა. მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს მოქმედი რეგულაციების და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების დაცვას“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.  

სახელმწიფო მაკონტროლებლლების მტკიცებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადახდილია თანხები, როდესაც არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები, ხოლო ხელშეკრულებების შემთხვევაში, არ დასტურდება შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღება.

 

ხარვეზები იურიდიული პირების მართვაში

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის (ააიპ) „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში“, 2019-2022 წლებში, ზედმეტად გაიცა თანხები.

აუდიტორების მტკიცებით, ეს თანხა ზედმეტად გაიცა, როგორც ხელფასის სახით, ასევე სხვადასხვა საფუძვლით: „ყველაფერი ეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს“.

გარდა ამისა, აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ იურიდიულ პირებში, შრომითი ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული დასაქმებულთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა.

 

ხარვეზები ტრანსპორტის ხარჯებში

სახელმწიფოა აუდიტორების დასკვნის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს ავტოსატრანსპორტო და სპეციალური ტექნიკისათვის შეძენილი სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებას, რის გამოც სახელმწიფო მაკონტროლებლები ვერ დარწმუნდნენ 2021-2022 წლებში შესყიდული სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების აუცილებლობაში.

ამასთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აუდიტით ისიც გაირკვა, რომ შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.

 

რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინეს, მათ გამოსასწორებლად, სახელმწიფო აუდიტორებმა ექვსი რეკომენდაციაც შეიმუშავეს.

პირველი რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა არსებული ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის შედეგების შესაბამისად, უნდა უზრუნველჰყოს პროგრამების საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათი შესრულება. ამასთან, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსის დროული და ეფექტიანი გამოყენება, რაც შესაძლებელს გახდის ახალი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

მეორე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შიდა კონტროლის ისეთი სისტემა უნდა შეიმუშაოს, რომელიც უზრუნველჰყოფს სარწმუნო და შესაფერისი ინფორმაციის შეგროვებასა და მის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება- განხორციელებას.

მესამე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შიდა კონტროლის სისტემა ისე უნდა განავითაროს, რომ უზრუნველჰყოს საჯარო ფინანსების ხარჯვის რაციონალურობა და გამჭვირვალობა: „კერძოდ, უნდა გააძლიეროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულებისა და მიმწოდებლებთან ანგარიშსწორების მონიტორინგი; უნდა დანერგოს საქონლის მიღება-ჩამოწერის წესი. ამასთან, უკვე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები“.

მეოთხე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სათანადოდ წარმართვას. ამასთან, შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით, უზრუნველჰყოს დასაქმებულ პირთა ფუნქციების დეტალური გაწერა და დანერგოს ნამუშევარი საათების აღრიცხვის სისტემა, ხოლო თანხების მითვისებისა და არასწორად გაცემის ფაქტებზე, შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს.

მეხუთე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შიდა კონტროლის ისეთი სისტემა უნდა დანერგოს, რომელიც უზრუნველჰყოფს სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.

„სულ ბოლო, მეექვსე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველჰყოფს პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას, ანალიზსა და შეფასებას. ამასთან, შიდა აუდიტის სამსახურმა, აუდიტის თემების შერჩევის დროს, ყურადღება უნდა გაამახვილოს მაღალი რისკის შემცველი საკითხების შესწავლაზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების ეფექტიან მონიტორინგზე“.

 

ავტორი: მაკა რუხაძე