ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე დიდი 84-ის - როცა ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით გემუქრებიან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ ვიღაცას აკავებენ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით. დანაშაულის მსხვერპლები უმეტესად ქალები არიან. საქართველოში ამ დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული 84-ის.

მე გავიმარჯვე, ძლიერი აღმოვჩნდი, მაგრამ ყველა ვერ პოულობს ამ ძალას“, - მეუბნება ნინო, რომელსაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი დახურული ჯგუფის საშუალებით დავუკავშირდი.

36 წლის ნინო* ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს. თავიდანვე შევთანხმდით, რომ ინტერვიუს ანონიმურად ჩავწერდით.

ამბავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეემთხვა, მისი ოჯახის წევრებმა დღესაც არ იციან. კაცი, რომელიც ნინოს ინტიმური შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებით ემუქრებოდა, ისე დააკავეს, ისე ჩატარდა რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესი, რომ ამის შესახებ ნინოს ოჯახის წევრებს არაფერი გაუგიათ. ამბობს, რომ ქალების უმეტესობა სწორედ იმიტომ გაურბის გამოძიებას, რომ შიშობს, ამბავი ოჯახის ყურამდე არ მივიდეს.

ფოტო გამომიგზავნა, რომელიც არც ვიცი, როდის გადამიღო და დამემუქრა

36 წლის გიგი ნინომ სოციალური ქსელით, 2018 წელს გაიცნო. რამდენიმე უპასუხო გზავნილის შემდეგ, ნინო გიგის მესიჯებს გამოეხმაურა. ასე დაიწყეს ურთიერთობა - ჯერ ინტერნეტში, შემდეგ ერთმანეთსაც შეხვდნენ და მათი ურთიერთობა ორ წელს გაგრძელდა. ნინო და გიგი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ:

იმ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ფსიქოტროპულ საშუალებებს ვიღებდი. ამიტომ, როგორც ჩანს, ბევრ რამეს კარგად ვერ ვაანალიზებდი. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც წამლების დალევა შევწყვიტე, გავაცნობიერე, რომ ეს ადამიანი ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ბევრ რამეს მიკრძალავდა, მაკონტროლებდა“, - იხსენებს ნინო.

ნინო ჰყვება, რომ კაცი მას პერიოდულად სხვა ქალების ინტიმურ ფოტოებსაც აჩვენებდა:

მიგზავნიდა ხოლმე შიშველი გოგოების ფოტოებს, ნახე, როგორ იქცეოდნენ ჩემთანო. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი თავის სექსუალურ პარტნიორებს ჩუმად უღებდა ფოტოებს და ინახავდა. მოგვიანებით, ამის მსხვერპლი მეც გავხდი“.

ერთ დღეს, როცა ნინო მარტო დარჩა გიგის სახლში, მისი კომპიუტერი გახსნა:

ჩართული ჰქონდა ფეისბუკი, შევედი და აღმოვაჩინე უამრავი გზავნილი, ფოტოები, მათ შორის, არასრულწლოვანთან. მიმოწერებში იყო შიშველი ფოტოებიც. როცა მოვიდა და ვუთხარი, რომ მისი კომპიუტერი გავხსენი, მცემა და შუაღამისას სახლიდან გამომაგდო“.

იმ დღის შემდეგ ნინომ გიგისთან ურთიერთობა შეწყვიტა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კაცს სულ სხვა გეგმები ჰქონდა:

ერთ დღესაც მომწერა და მითხრა, თუ არ მიატოვებ ყველას და ყველაფერს და არ დაბრუნდები ჩემთან, შენს ყოფილ ქმარს, მამას, სხვებსაც გავუგზავნი ვიდეოებს და ფოტოებს და ვანახებ, რას და როგორ აკეთებდი ჩემთანო. მესენჯერში გამომიგზავნა ფოტო და ვიდეო, რომელიც არც კი ვიცი, როდის გადამიღო“.

ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მაშინ ნინო აღმოჩნდა და რომელსაც წლების შემდეგ ჩემთან საუბარში აღწერს, მისთვის დღესაც მტკივნეულია. განსაკუთრებით რთული კი იმ მომენტის გახსენებაა, როდესაც ჩაკეტილი საძინებლის კარზე მისი არასრულწლოვანი შვილები აბრახუნებდნენ და ხმამაღლა ატირებულ დედას კარის გაღებას სთხოვდნენ:

მაშინ მეშვიდე სართულზე ვცხოვრობდი, გამოვაღე ფანჯარა, მზად ვიყავი გადავმხტარიყავი. წარმოვიდგინე, რომ ამ ვიდეოს და ფოტოებს ნახავდა მამაჩემი, რომელსაც გული დაარტყამდა, ჩემი ყოფილი ქმარი, რომელიც შვილებს წამართმევდა. ბავშვების ყვირილმა გამომაფხიზლა, ჩამოვედი ფანჯრის რაფიდან და ვთქვი, მე რატომ? დაისაჯოს დამნაშავე!“

იმ ქალაქში, სადაც მაშინ ნინო ცხოვრობდა, მას ბევრი იცნობდა. ეს იყო ერთ-ერთი ბარიერი, რის გამოც პოლიციაში მისვლის ეშინოდა:

მეგონა, დამცინებდნენ, მთელ ქალაქს მოედებოდა ეს ამბავი, მაგრამ მეორე დილით, სამსახურში რომ მივდიოდი, ისევ მოვიდა გიგისგან შეტყობინება და მუქარა. ფიქრის დრო აღარ იყო, სამსახურის ნაცვლად პირდაპირ პოლიციაში მივედი“.

გამოძიების დაწყებიდან ერთ თვეში 36 წლის გიგი დააკავეს:

დაკავების დროს მას უკვე გამოცვლილი ჰქონდა ტელეფონი. თუმცა, პოლიციამ ჩხრეკის დროს ამოიღო მისი ძველი ტელეფონი, საიდანაც აღადგინეს ყველა მიმოწერა“.

სასამართლომ კაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორი წელი მან საპატიმროში გაატარა. 2 წლის თავზე, დანაშაულის აღიარების შემდეგ, ნინომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თანხმობაზე მოაწერა ხელი და დარჩენილი სამი წელი კაცმა პირობითი მსჯავრის ქვეშ გაატარა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროებით მუქარა

ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება 7 წლამდე პატიმრობით. დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში - 10 წლამდე პატიმრობით.

ამ ტიპის დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ისჯება:

  • 157-ე მუხლი - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა;
  • 157-ე პრიმა მუხლი - პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა;
  • 158-ე მუხლი - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა;
  • 159-ე მუხლი - პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა.

ამ მუხლებით ჩადენილ დანაშაულს 2022 წლის პირველი მარტიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, კონკრეტულად კი - საგამოძიებო დეპარტამენტის მესამე სამმართველო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე, ანუ 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 251 საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამხილეს 78 ადამიანი.

  • განაჩენი დადგა 41 საქმეზე 51 ბრალდებულის მიმართ.
  • 9 საქმეზე გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
  • ამჟამად, სპეციალურ საგამოძიებო უწყებას წარმოებაში აქვს სისხლის სამართლის 200-მდე საქმე.

ბოლო ინფორმაცია პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის გამო 2 ადამიანის დაკავების შესახებ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირველ მარტს გაავრცელა. დაკავებულთაგან ერთი 63 წლის კაცია, მეორე 38-ის. ორივე ყოფილ პარტნიორ ქალებს ფარულად უღებდნენ ინტიმურ ფოტო-ვიდეომასალას, რომლებიც მოგვიანებით, შურისძიების მოტივით, ქალების ახლობლებს გადაუგზავნეს.

მშობლები რომ არ დამდგომოდნენ გვერდში, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი

21 წლის ელენე სამსახურში იყო, როცა გასული წლის აპრილში, უცნობმა, სოციალურ ქსელში მისწერა, შენი ინტიმური ფოტოები მაქვსო და დაემუქრა, თუ სხვებსაც არ გამომიგზავნი, ამ ფოტოებს გამოვაქვეყნებო.

რამდენიმე დღით ადრე, ელენეს სოციალური ქსელის ადმინისტრაციისგან შეტყობინება მიუვიდა, რომ მის ანგარიშზე სხვა მოწყობილობიდან ცდილობდა ვიღაც შესვლას. ელენემ მაშინვე შეცვალა პაროლი, თუმცა, ეჭვობს, რომ სავარაუდოდ, უცნობს მაინც ეყო დრო მისი ინტიმური შინაარსის ფოტოების მოსაპარად.

ელენემ მაშინვე მისწერა უცნობს, გიჩივლებო:

საერთოდ არ შეშინებია, რეაქცია არ ჰქონდა. მახსოვს, საღამოს რვა საათი იყო, პირდაპირ პოლიციაში გავიქეცი. გამოძიება მაშინვე დაიწყო. ერთადერთი, რაც გაარკვიეს, იყო ის, რომ სოციალური ქსელი, საიდანაც ეს ადამიანი მიკავშირდებოდა, გატეხილი იყო, მას საერთოდ არ ეკუთვნოდა“.

უცნობმა ელენეს ფოტოები მაინც გაასაჯაროვა. ჯერ მისი ოჯახის წევრებს გაუგზავნა, შემდეგ კი ელენეს სახელით სოციალურ ქსელში ანგარიში გახსნა და ფოტოები იქ ატვირთა:

საგამოძიებო უწყებიდანვე დავრეკეთ იმ ნომერზე, რა ნომრითაც ახალი ანგარიში იყო შექმნილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ სხვას ეკუთვნოდა და რეალურად, ის ანგარიშიც გატეხილი იყო. ვიცი, რომ გამოძიება გრძელდება, თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა საგამოძიებო უწყებიდან აღარავინ დამკავშირებია“.

რომ არა ოჯახის თანადგომა, ამ სტრესის გადატანას მარტო როგორ გავუმკლავდებოდი არ ვიციო, მეუბნება ელენე, რომელმაც იმ პერიოდში უნივერსიტეტსა და სამსახურში სიარული შეწყვიტა, გააუქმა ყველა ანგარიში სოციალურ ქსელებში.

თავიდან მეგონა, გამიბრაზდებოდნენ, მაგრამ ერთადერთი, რაც მაშინ მითხრეს, იყო ის, რომ მე მათთვის იმდენად და იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ვიყავი, ვიდრე ჩემს მიერ დაშვებული შეცდომები“.

ელენეს საქმის გამოძიების დეტალების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მესამე სამმართველოს უფროსს, ვასილ კაკაშვილს ვკითხეთ. ის გვეუბნება, რომ გამოძიება დამნაშავის ვინაობის დადგენას ამ დრომდე ცდილობს:

საკმაოდ საინტერესო საქმეა. ასეთი სქემით არაერთი ადამიანის ფეისბუკი გატყდა ამ პირის მიერ. გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია და ნაწილი უკვე დამუშავებულია. ასევე გამოსათხოვია დამატებითი ინფორმაცია. ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულს სჩადის, სავარაუდოდ, კარგად ერკვევა, როგორ უნდა წაშალოს კვალი. ვიცით, რომ ეს დანაშაული საქართველოდან ხდება. ინტენსიურად ვმუშაობთ, უკვე გვაქვს არაერთი ფაქტი და, ჩემი აზრით, ამ პირის ჩხრეკის დროს, სავარაუდოდ, ისეთი მასალაც აღმოჩნდება, რომელიც სხვა დაზარალებულების საქმეებსაც გახსნის“.

როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში?

სექსთინგი - ეს არის ურთიერთობის ფორმა სხვადასხვა სოციალური ქსელისა თუ აპლიკაციების გამოყენებით, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ინტიმური შინაარსის მიმოწერას, მათ შორის, ფოტოებსა და ვიდეოებს. თუკი მსგავსი მიმოწერა ორივე მხარის თანხმობითა და სურვილით ხდება, ეს პარტნიორებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს, მაგრამ ასეთ დროსაც უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა ძალაში რჩება.

სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, მაშინ როდესაც ეს სივრცე ადამიანებთან, მათ შორის, უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, გაიზარდა კიბერდანაშაული, კიბერბულინგი და ხშირად, ასეთი დანაშაულის საფუძველი სწორედ „სექსთინგის“ საშუალებით მოპოვებული ინტიმური შინაარსის ტექსტები, ფოტოები თუ ვიდეომასალაა.

ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი, როდესაც იძულებით მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოების გავრცელებით შანტაჟის გამო 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, 2018 წლის აგვისტოში, ოზურგეთში მოხდა. ინტერნეტით შანტაჟისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებულ კაცს მაშინ სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ლადო ნაფეტვარიძე, „უფლებები საქართველოს“ მკვლევარი, წლებია კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის საკითხებზე მუშაობს და თვალს ადევნებს დანაშაულების მზარდ სტატისტიკას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ის რამდენიმე ტენდენციას აკვირდება:

  • სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება კობერდანაშაულის შემთხვევებიც;
  • პარალელურად, საზოგადოებაც უფრო მეტად აცნობიერებს, რომ მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში უნდა მიმართონ სამართალდამცავებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სოციალურ ქსელებში ქცევის წესების, უფრო ზუსტად, უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების დაცვაზე მაშინაც კი, როდესაც „სექსტინგი“ ორივე პარტნიორის სურვილით ხდება.

მისი თქმით, ამ მხრივ, განსაკუთრებით მოწყვლადია ახალგაზრდა თაობა, არასრულწლოვნები, რადგან ვერ აცნობიერებენ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარ ურთიერთობას:

არის რამდენიმე რეკომენდაცია, როგორ შეიძლება ადამიანმა თავი დაიზღვიოს და სამომავლოდ არ გახდესსექსტინგისმსხვერპლი. თუკი სურს, რომ ინტიმური შინაარსის მასალა გაუგზავნოს პარტნიორს, რომელსაც იმ მომენტში ენდობა, არ უნდა გაუგზავნოს ისეთი მასალა, სადაც მისი იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი. ეს არის ყველაზე გავრცელებული რეკომენდაცია“.

კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ ინტიმური შინაარსის მასალის გაგზავნისას არ გამოიყენოს პირადი სოციალური ქსელი:

თუნდაც ისეთ მასალას უგზავნიდეს, სადაც სახე არ უჩანს. რადგან კიბერდამნაშავემ, შესაძლოა, მისი პირადი გვერდიდან გაგზავნილი მასალა აჩვენოს სხვებს და ასე გაუვრცელოს. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ასეთ დროს გამოყენებულ იქნას .. მეორადი ექაუნთი, სადაც არ მოხდება პირის იდენტიფიკაცია“, - ამბობს ლადო ნაფეტვარიძე.

ჩემი ვიდეოები ჩემს უმცროს დას გადაუგზავნა და დამემუქრა, რომ მალე საქვეყნოდ „პოპულარულს“ გამხდიდა

28 წლის კაცი, რომელიც თებერვლის ბოლოს დააკავეს, 27 წლის ნანიკომ 2021 წლის 18 დეკემბერს გაიცნო. მისი გაცნობის ზუსტი თარიღი კი იმიტომ ახსოვს, რომ ორი წლის თავზე, 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში, ყოფილმა პარტნიორმა მისწერა და მისი ინტიმური ვიდეოების „საქვეყნოდ გავრცელებით“ სწორედ მათი გაცნობის დღეს, 18 დეკემბრისთვის დაემუქრა:

მანამდე ჩემს უმცროს დას გაუგზავნა ვიდეო და მითხრა, 18 დეკემბერს კიდევ უფროპოპულარულსგაგხდიო“, - იხსენებს ნანუკა.

ნანუკა ყოფილ პარტნიორს გაცნობიდან რამდენიმე თვეში დაშორდა:

მაკონტროლებდა, ყველაფერს მიკრძალავდა. როდესაც ვუთხარი, აღარ მინდა ასეთი ურთიერთობის გაგრძელება-მეთქი, მუქარაზე გადავიდა“.

ფოტოებისა და ვიდეოების ნაწილი, რომელიც გამოძიებამ კაცის ტელეფონში ნახა, ნანუკას თანხმობით იყო გადაღებული, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყოფილი პარტნიორი ქალს ფოტოებსა და ვიდეოებს ფარულადაც უღებდა.

ახალგაზრდა კაცმა ნანუკას დაბრუნების მოტივით მისი შანტაჟი ჯერ კიდევ 2022 წლიდან დაიწყო:

მწერდა, ყოველი წლის დეკემბერში შეგახსენებ თავსო. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ისევ რომ გამოჩნდა, მივხვდი, რომ ამდენ ნერვიულობასა და სტრესს ვეღარ გავუძლებდი და იმავე ღამეს მივედი პოლიციაში. იქიდან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადამამისამართეს. სამწუხაროდ, იმის შიშით, რომ მის მიერ გადმოგზავნილი ვიდეოები და ფოტოები არავის ენახა, ეს მასალა უკვე წაშლილი მქონდა მესენჯერში. ამიტომ გამოძიებამ დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება და პარალელურად, ამ ადამიანის ადგილმდებარეობის დადგენა. იმ მისამართზე აღარ ცხოვრობდა, რაც მე მქონდა. აღარც ძველი ტელეფონი ჰქონდა“.

ორი თვის თავზე სამართალდამცავები კაცის კვალზე ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ტელეფონის ნომრით გავიდნენ.

ნანუკამ დაურეკა და შეხვედრა ერთ-ერთ სკვერში დაუთქვა. სამართალდამცავებმა ბრალდებული სწორედ იქ დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ნუ დაელოდებიან კადრების გავრცელებას, პირველივე მუქარისას მოგვმართონ

ეს არის ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მესამე სამმართველოს უფროსი, ვასილ კაკაშვილი აძლევს მათ, ვინც შესაძლოა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მსხვერპლები გახდნენ. მასთან ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ ჩავწერეთ.

რადიო თავისუფლება: თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ ავრცელებთ ინფორმაციას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ბრალდებული პირების დაკავების შესახებ. ნიშნავს ეს იმას ნიშნავს, რომ გაზრდილია ქვეყანაში ამ ტიპის დანაშაულის სტატისტიკა და რას უკავშირებთ ამას?

ვასილ კაკაშვილი: დინამიკა ნამდვილად გაზრდილია, მატულობს როგორც შეტყობინებების, ისე დაწყებული გამოძიებების რაოდენობა. სწორედ ამის გამო გახდა საჭირო სპეციალიზირებული სამმართველოს შექმნა, ამ საქმეებმა დიდი რესურსი მოითხოვა და შეიქმნა ჩვენი სამმართველო. დღეს 200-მდე მიმდინარე საქმე გვაქვს და აბსოლუტური უმრავლესობა არის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

მომართვიანობის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ისიც მგონია, რომ არცერთი შემთხვევა არ გვქონია, რომ დაზარალებულს ჩვენთან მომართვის შემდეგ რაიმე დამატებითი ზიანი განეცადოს. მათ შორის, ვუფრთხილდებით როგორც დაზარალებულის ინტერესებს, ისე ბრალდებულის ინტერესებსაც, რადგან ხშირად ოჯახში შევდივართ, ვატარებთ ჩხრეკას, ვიღებთ ტექნიკას და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ოჯახმა არ იცის, რომ მისი ოჯახის წევრს სხვა პარტნიორი ჰყავდა. შესაბამისად, ადამიანებმა დაინახეს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებულები ადამიანის უფლებებზე და ჩამოუყალიბდათ ნდობა ჩვენს მიმართ.

ამასთანავე, საზოგადოებაში ამ ტიპის დანაშაულის მიმართ გაზრდილია ცნობიერებაც. საინფორმაციო კამპანიებს ვაწარმოებთ, მათ შორის, სკოლებშიც, რადგან არასრულწლოვნები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ამ ტიპის დანაშაულებში.

რადიო თავისუფლება: რამდენად ხშირია საქმეები, რომელთა გახსნაც ვერ ხერხდება?

ვასილ კაკაშვილიარის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საქმე ახლო მონაკვეთში შესაძლოა ვერ გაიხსნას. შესაძლოა იყოს საქმეც, რომელიც საერთოდ ვერ გაიხსნას, მაგრამ ასეთი ძალიან მცირე რაოდენობის საქმე გვაქვს.

ამ საქმეებს აქვს ერთი ნიშანდობლივი თვისება, რომელიც მინდა, რომ დაზარალებულებმაც გაითვალისწინონ. ხშირ შემთხვევაში, დანაშაულის მტკიცებულებები გარდა დამნაშავისა, აქვთ თავად დაზარალებულებსაც. თუკი მაგალითად, ფეიკანგარიშებით ხდება კადრების გავრცელება, დაზარალებულს ეშინია, რომ ფოტოები სხვამ არ ნახოს და შლის მიმოწერას, ბლოკავს იმ პირის ექაუნთს და მას მერე მოდის უკვე ჩვენთან, როდესაც ის ანგარიშიც გაუქმებულია. არ იცის, ვინ არის ეს პირი, ხშირად, იმ გვერდს ვეღარ პოულობს, საიდანაც გამოუგზავნეს მისი პირადი ფოტოები. ამიტომ ჩვენ უკვე გვიწევს უფრო რთული გზით სიარული, მიმართვა სხვადასხვა აპლიკაციის ადმინისტრაციასთან, მათგან ინფორმაციის გამოთხოვა, რაც დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა იცოდეს, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ სიტუაციაში, დასქრინონ, ჩამოტვირთონ ინფორმაცია, მეტი ინფორმაცია მიიღონ სავარაუდო დამნაშავის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ დაზარალებულს არ ვთხოვთ მტკიცებულებების შეგროვებას, ეს ჩვენი ვალდებულებაა, თუმცა, კარგია, თუკი ამას თავადაც გააკეთებს.

როდესაც ინფორმაციის გამოთხოვა გვიწევს ისეთი ორგანიზაციებისგან, რომლებიც უცხოეთშია დაფუძნებული, დრო იწელება, შეიძლება სრულყოფილად არ მოვიდეს ინფორმაცია, ხელახლა მოგვიწიოს მიმართვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე არ გაიხსნება. ცხადია, ასეთი ფეიკექაუნთებიც მიკვლევადია. უბრალოდ, ამას სჭირდება დრო. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც წელიწად-ნახევრით ადრე დაწყებულ საქმეზე დავაკავეთ პირი და არაერთი მსგავსი საქმე გვქონია.

რადიო თავისუფლება: ძირითადად როდის მოგმართავენ დაზარალებულები, როდესაც მათ ემუქრებიან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით, თუ მას შემდეგ, როდესაც უკვე გავრცელდება კადრები?

ვასილ კაკაშვილითავდაპირველად, უფრო გავრცელების შემდეგ მოგვმართავდნენ, მაგრამ ახლა უკვე პირველადი მუქარის შემდეგაც მოგვმართავენ. ხშირია მაგალითად მუქარის ფაქტები, შემირიგდი, თორემ გაგივრცელებ ინტიმურ კადრებს. არის ფულის გამოძალვის მცდელობებიც, რაც ასევე დამატებით დანაშაულია.

რადიო თავისუფლება: როგორია დაზარალებულთა ასაკი? უმეტესად, რა ასაკის მოქალაქეები მოგმართავენ?

ვასილ კაკაშვილი: დაზარალებულების უმეტესობა ახალგაზრდა და შუა ასაკის მოქალაქეები არიან. თუმცა, გვყავს არასრულწლოვანი დაზარალებულები, მათ შორის, ყველაზე პატარა - 9 წლის. ყველაზე ხანდაზმული პირი, რომელმაც ჩვენ მოგვმართა, იყო 84 წლის.

განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო ბავშვებზე. სამწუხაროდ, ბავშვების შემთხვევა ძალიან გახშირებულია. როგორც ვთქვი, ყველაზე პატარა დაზარალებული 9 წლის გოგონა იყო.

გარდა ამისა, გვქონდა საქმე, სადაც ფიგურირებდა ოთხი არასრულწლოვანი. ჩვენ მშობლებმა მოგვმართეს. მათთვის უცხო პირმა ბავშვებთან სოციალური ქსელით დაამყარა კომუნიკაცია. აიღო ბავშვების ფოტოები და მისწერა, რომ მათ ფოტოებს ფოტოშოპის საშუალებით დაამუშავებდა, ვითომ შიშვლები ხართო და ემუქრებოდა, რომ თუ თავადვე არ გადაიღებდნენ შიშველ ფოტოებს და არ გაუგზავნიდნენ, მაშინ ამ დამუშავებულ ფოტოებს გაუგზავნიდა მათ მშობლებს. ეს პირი მოქმედებდა ფეიკექაუნთით. დავადგინეთ მისი ვინაობა და საქმე გავხსენით, ბრალდებული დაკავებულია.

რადიო თავისუფლება: სავარაუდოდ, დაზარალებულთა მაქსიმალური უმრავლესობა, ქალია.

ვასილ კაკაშვილიდიახ, დაზარალებულთა 90%-ზე მეტი ქალია. თუმცა, მოგვმართავენ კაცებიც. მათ შორის, რამდენიმე ხნის წინ გენდერის ნიშნით წავუყენეთ ბრალი ქალს. მის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენიც. ისინი პარტნიორები იყვნენ, მაგრამ შემდეგ, როდესაც დაშორდნენ, შურისძიებისა და დამცირების მიზნით, ქალმა კაცის წინააღმდეგ გაავრცელა კადრები. საქმეზე გამოიკვეთა დამამძიმებელი გარემოება, გენდერის ნიშნით.

რადიო თავისუფლება: გაქვთ თუ არა საქმეები, როდესაც სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულების მიმართ არ გამოიყენა საპატიმრო სასჯელი?

ვასილ კაკაშვილი: დაკავებულთა 99%-ისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული. პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა საკმაოდ მძიმე დანაშაულია. არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ამას ადამიანები, როდესაც დაზარალებულებს ეუბნებიან ხოლმე, რომ ვერ მიჩივლებ და თუ მიჩივლებ, მაინც არაფერი გამოგივა, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ეს დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ფაქტობრივად, პატიმრობა უალტერნატივოა. დამამძიმებელი გარემოებები თუ ახლავს ამ მუხლს, მაქსიმალური სასჯელი 10 წელია. შესაბამისად, ჩვენი რჩევა, პირველ რიგში, დაზარალებულებისთვის იქნება, რომ დამნაშავეები კი არ გააფრთხილონ, რომ უჩივლებენ, პირდაპირ მოგვმართონ და უმოკლეს ვადებში აღმოვუჩენთ მათ დახმარებას.

დაზარალებულებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ ეს ინფორმაცია ჩვენი კედლების მიღმა არ გადის. სასამართლოს სხდომა უმეტესად დახურულია და პროკურორიცა და მოსამართლეც ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს.

გარდა ამისა, თუკი დაზარალებულ ქალს არ სურს კომუნიკაცია კაც გამომძიებელთან, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ მისი საქმის გამომძიებელი იყოს ქალი.

რეპროდუქტოლოგის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიში და მოტყუებით მოპოვებული ფოტოები

ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ტიკტოკისა და ფეისბუკის გვერდებს ხშირად იყენებს პროფესიული საქმიანობისთვის, უფრო ზუსტად, ის წერს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ვიდეოებს და ხშირად, პირდაპირ ეთერშიც პასუხობს გამომწერებისა და მომხმარებლების კითხვებს.

რამდენიმე თვის წინ, მისი სახელით ტიკტოკსა და ფეისბუკზე შეიქმნა ყალბი ანგარიშები, რომლის საშუალებითაც, უცნობმა პირმა მანანა მგალობლიშვილის ერთ-ერთი გამომწერისგან მოტყუებით მოიპოვა ფოტოები და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი სოციალურ ქსელში გაავრცელა:

ამ ადამიანმა ჩემს ახლობლებს მისწერა, რომ თითქოს მე შევიძინე თანამედროვე აპარატურა, რომელიც საშუალებას მაძლევდა, დისტანციურად, ონლაინ დამესვა პაციენტებისთვის დიაგნოზი. ერთ-ერთი ახლობელი წამოეგო ამ ხრიკს, გააგზავნა ფოტოები ამ ანგარიშზე და დაახლოებით ნახევარი წლის წინ ამ ქალის ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ სხვებსაც მისწერა. საგამოძიებო უწყებებისთვის მაშინ არ მიმიმართავს, თუმცა, გამოვაქვეყნე პოსტი, რომ ჩემი სახელით მოქმედებდა უცნობი პირი და არავინ წამოგებოდა ამ ხრიკს“, - ჰყვება მანანა მგალობლიშვილი.

რა აჩვენა კვლევამ ტექნოლოგიების გამოყენებით ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ?

თეო დალაქიშვილი IREX-ის გლობალური პროგრამა Transform-ის უფროსი პროგრამული ოფიცერია საქართველოში. ის გვიყვება, რომ გასული წლის აგვისტო-ოქტომბერში, საქართველოში ჩატარდა პირველი კვლევა, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების შესწავლას ეხება (გამოკვლევა ქართულ ენაზე ჯერ არ გამოქვეყნებულა).

ისევე როგორც გლობალურმა, საქართველოში ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომ რაც უფრო მოწყვლადია კონკრეტული ადამიანი, მაგალითად, მისი სოციალური სტატუსი, ასაკი, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება, მის წინაშე ბევრად უფრო მწვავედ დგება ეს პრობლემა და ამის პარალელურად, ბევრად უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი.

გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების თაობაზე და ეს პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებში იკვეთება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც მკვლევრები დოკუმენტზე მუშაობისას წააწყდნენ, ეს არის განცდა, რომ პოლიცია მათ არ დაიცავთ:

რაც უფრო პერიფერიაში გავდივართ, რაც უფრო მეტია ენის ბარიერი, აი, სწორედ იქ ვაწყდებით ამ პრობლემას. იქ ყველა ყველას იცნობს, მათ შორის, პოლიციაც და შიშობენ, პირიქით, შეიძლება საქმე მათ საწინააღმდეგოდ შემოაბრუნონ, სამსახური დავკარგოთ, სოციუმში ჩვენი ადგილიო. ეშინიათ, რომ თუკი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში სამართალდამცავებს მიმართავენ, ამის შესახებ ოჯახი აუცილებლად გაიგებს, ამიტომ ურჩევნიათ, რომ გაჩუმდნენ. ამ მსუსხავ ეფექტს პოტენციური დამნაშავეები განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ აქტიური ქალების მიმართ“.

გამოკვლევის თანახმად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის დანაშაულები უმეტესად ქალების ახლო წრიდან ხდება:

ეს შეიძლება იყოს პარტნიორი, კოლეგა, მეზობელი, რომელიც სოციუმში შენი ადგილის დაკარგვით გემუქრება და ამის საპირწონედ გეუბნება, რომ გაავრცელებს შენს პირად ინფორმაციას. ერთია, რომ ამ ადამიანებმა არ იციან, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულია და მეორე პრობლემა ისაა, რომ არ იციან, როგორ დაიცვან მათი პირადი ინფორმაცია, როგორ გააგზავნონ სენსიტიური ფოტო-ვიდეომასალა ისე, რომ შემდეგ დანაშაულის მსხვერპლები არ აღმოჩნდნენ“, - ამბობს თეო დალაქიშვილი.

არ უნდა შემშინებოდა...

30 წლის კაცი 26 წლის ლიზამ დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ინტერნეტით გაიცნო. რამდენიმე კვირა სოციალურ ქსელში ჰქონდათ მიმოწერა. ლიზამ კაცს ინტიმური შინაარსის ფოტოებიც გაუგზავნა. ამბობს, რომ თავისი სურვილით, რადგან იმ მომენტში არ ჰქონდა განცდა, რომ ამ ადამიანისგან რაიმე საფრთხე მოდიოდა.

შეხვედრის დღემ ცუდად ჩაიარა:

ისეთი რამის გაკეთება მომთხოვა, რაც არ მინდოდა, არ დავემორჩილე და ხელი გავარტყი. არ ვიცი, რატომ, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი თუ კიდევ რა მიზეზი იყო, დაუკავშირდა ჩემს ახლობელს და იმისი პირით მემუქრებოდა, რომ ჩემს ოჯახს გააგებინებდა, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობა მქონდა, ამბობდა, რომ ჩაწერილი ჰქონდა ჩემი ხმა და კადრები, რომლებსაც ჩემს ოჯახს გაუგზავნიდა“.

ლიზამ ადვოკატს მიმართა, გაიარა კონსულტაცია, თუმცა, საგამოძიებო უწყებაში წასვლა მაინც ვერ გადაწყვიტა:

შემეშინდა, რომ ჩივილის შემთხვევაში, ჩემი მშობლებიც გაიგებდნენ. ასევე მემუქრებოდა, რომ პოლიციაში ჰყავდა ნაცნობები, მაინც ვერ მივაღწევდი სიმართლეს და აქეთ შემიქმნიდა პრობლემებს. ადვოკატმა მითხრა, რომ შემეძლო მეჩივლა, მაგრამ ვერ გავბედე“.

ახლა კი ლიზა ამბობს:

რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, არ უნდა შემშინებოდა. ასეთი ადამიანები უნდა დაისაჯონ. აღმოჩნდა, რომ სხვებსაც სწერდა და ასე აშანტაჟებდა. არ შეიძლება, ეს ადამიანები დაუსჯელები დარჩნენ, არ უნდა შეგვეშინდეს, ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა“.

*ანონიმურობის დაცვის მიზნით, სტატიაში შეცვლილია რესპონდენტების სახელები.

*პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე გემუქრებათ ინტიმური შინაარსის მიმოწერის, ფოტო-ვიდეოკადრების გავრცელებით, შეგიძლიათ დარეკოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელი ხაზის ნომერზე - 199.

  ავტორი-ნინო თარხნიშვილი

წყარო:რადიო თავისუფლება