მარტში, საქართველოს საფეხბურთ ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. იმედია ორი, რადგან ერთა-ლიგის პლეი-ოფები ერთმატჩიანია და მეორე შანსი არ გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ წილისყრამ კი არ გაგვიღიმა, არამედ გულიანად გაგვიცინა, რადგან ორივე შეხვედრას საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ ანუ გულშემატკივრისა და შინაური კედლების ფაქტორი ჩვენს მხარეს იქნება.
უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ევროპის 2024 წლის ფინალური ეტაპის ერთი საგზურისთვის ოთხი ნაკრები იბრძოლებს - საქართველო, საბერძნეთ ლუქსემბურგი და ყაზახეთი. ერთმატჩიან დუელში, საქართველო ლუქსემბურგს უმასპინძლებს, საბერძნეთი - ყაზახეთს და ამ წყვილში გამარჯვებული, ერთმანეთში გაარკვევს საგზურის მფლობელისს ვინაობას. თუ საქართველო ლუქსემბურგის ბარიერს დაძლევს, უდიდესი ალბათბით, თბილისი საბერძნეთს უმასპინძლებს, რადგან ძნელად სავარაუდოა, საკუთარ მოედანზე, ბერძნებმა ყაზახებთან შეხვედრა დათმონ.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ პირველ შეხვედრაში ანუ ლუქსემბურგთან მატჩში, ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება. მან ჯერ შოტლანდიასთან, შემდეგ კი ესპანეთთან არაფრისმომცემ შეხვედრებში ყვითელი ბარათები მიიღო, ერთი მანამდე ჰქონდა მიღებული და უეფას დებულების თანახმად, სამი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ფეხბურთელი უეფას ეგიდით გამართულ მომდევნო სანაკრებო შეხვედრას ტოვებს. მომდევნო კი, სწორედ პლეი-ოფის მატჩია. წესითა და რიგით, ფედერაციას ეს უნდა სცოდნოდა, ხვიჩას უნდა მოფრთხილებოდა და ელემენტარულად, შოტლანდიასთან მიღებული ბარათის შემდეგ, ესპანეთთან ან საერთოდ არ უნდა გაეყვანა მინდორზე, ან უნდა გაეფრთხილებინა, რომ ყვითელი ბარათი არ მიეღო. ხვიჩამ კი იცოდა, რომ ბარათები უქმდებოდა და პლეი-ოფის შეხვედრებში ისინი არ გადაჰყვებოდა, ამიტომ ესპანეთთანაც თამამად ითამაშა, მსაჯსაც თამამად ეკამათა და არბიტრმაც ყვითელი არ „დაამადლა“. მხოლოდ მერე გაირკვა, რომ ეს საბედისწერო ყვითელი იყო და... მერე გაირკვა ისიც, რომ იმავე საშიშროების წინაშე, ნაკრების კიდევ ორი ლიდერი - გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძეც იდგნენ, თუმცა საბედნიეროდ, გადარჩნენ.
„ერთი კაცის მიერ დაშვებულ იქნა ადამიანური შეცდომა. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ და მჯერა, ოცნებას ყველა ერთად, ხვიჩასთან ერთად ავისრულებთ“, - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.
პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმაც ანუ მანაც თქვა, ჩემს თავზე ვიღებო, რეალურად კი, რაში გამოიხატება პასუხისმგებლობის თავზე აღება, ვერ ვხვდებით. მთავარი დამნაშავე, ნაკრების მენეჯერი, გიორგი კაციტაძე ყოფილა, რომელმაც ოფიციალური განცხადება გააკეთა და ყველაფერი ახსნა.
„პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო, პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ. 2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობის მიღება ახლაც მიჭირს. იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის ბარათები უქმდებოდა, რომ ყველა ჩემს სისწორეში დავარწმუნე. არადა, არაერთხელ მკითხეს, თავის დაზღვევის მიზნით, რეგულაციის აღნიშნული პუნქტები უბრალოდ არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე. იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენს გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე და საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო, ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითაც ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე“, - განაცხადა კაციტაძემ.
აბა, როგორ არ გავიხსენოთ ის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ერთა ლიგის გავლით, მაკედონიასთან შეხვედრის დროსაც გვქონდა, მაგრამ მაშინ, ზედ შეხვედრის წინ, კვარაცხელიას კორონა-ვირუსი დაუდგინდა და ის შეხვედრა საკუთარ მოედანზე დავთმეთ, ევროპაზე მაკედონიამ ითამაშა. ახლა კი, ჯერ ლუქსემბურგის ბარიერი გვაქვს დასაძლევი, მერე კი - საბერძნეთი-ყაზახეთს შორის უძლიერესის. ხვიჩასთან ერთად და მის გარეშე, ჩვენი ნაკრები ორი სხვადასხვა გუნდი რომ არის, ცხადია და თუ ლუქსემბურგის ბარიერს ვერ გავივლით... პასუხისმგებლობის აღება გადადგომას ნიშნავს, ბატონებო!
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
ადამიანური შეცდომა თუ უბრალო დაუდევრობა?! - კვარაცხელია პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი