„იუვენტუსს“ 15 ქულა ჩამოაკლეს, რიგში „ნაპოლია“?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკვე მერამდენედ, ტურინის „იუვენტუსი“ შარში გაეხვა. ფინანსური მაქინაციების გამო, არც თუ დიდი ხნის წინ, „ბებერი სინიორა“ სერია A-დან გააგდეს და როგორც იქნა, ის უძლიერესთა შორის დაბრუნდა, მაგრამ ახალი სკანდალი აგორდა. როგორც ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, ტურინული კლუბი, პანდემიის დროს, შემოსავლების ნაწილს მალავდა და ფეხბურთელებთან საიდუმლო გარიგებებს დებდა. შედეგად, სასამართლო პროცესი, რომელიც ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა, „იუვენტუსისთვის“ ცუდად დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლუბს მიმდინარე ჩემპიონატში 15 ქულა ჩამოაჭრეს და გუნდი, რომელსაც საჩემპიონო პრეტენზია ჰქონდა, ახლა 22 ქულით, მეათე ადგილზეა და ძალიან დიდი ალბათობით, მომავალი სეზონისთვის ევროთასების საგზურის მოპოვებასაც ვერ შეძლებს.

ქულების დაკლების გარდა, „იუვენტუსის“ ყოფილ პრეზიდენტ ანდრეა ანიელისა და გენერალურ დირექტორს, მაურიციო არივაბენეს ფეხბურთში საქმიანობა 2-2 წლით აეკრძალათ, მოქმედ დირექტორს ფედერიკო კერუბინს - 16 თვით, ხოლო ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ლეგენდარულ ჩეხ პაველ ნედვედს - საფეხბურთო სფეროსთან გაკარება 8 თვით აუკრძალეს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიის საფინანსო სამსახურმა დოკუმენტაცია ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისგანაც“ გამოითხოვა. საუბარია ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე. ნიგერიელი ფეხბურთელი ფრანგული „ლილიდან“ ნეაპოლურ კლუბში 2020 წელს, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ კლუბებმა ამ თანხის მიღმა, სხვა გარიგებაც დადეს, რითაც „ნაპოლიმ“  შემოსავლები და შესაბამისად, გადასახადები დამალა. ჰოდა, აპენინებზე ამბობენ, ეს ამბავი თუ დამტკიცდა, ქულების დაკლება არცცნეაპოლელებს ასცდებათო.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე