ისევ კვარაცხელია და ფეხბურთის მექად ქცეული ნეაპოლი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თითქოს სახალხო დღესასწაული გახდა - დღე, როცა ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, სხვანაირია. მთელი ერი მოუთმენლად ელის დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართველი სპორტსმენის გაბრწყინებას და ისიც იმედებს არ გვიცრუებს, თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ქ ართველ გულშემატკივართან ერთად, იტალიელებსაც აღაფრთოვანებს. ახლა არ დავიწყებთ იმის წერას, რომ სერია A-ს მორიგ ტურში, კვარამ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და თავადაც ლამაზი გოლი შეაგდო. მოდით, ყველაფერს სხვა კუთხით შევხედოთ.

 

სეზონის დაწყების წინ, ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ, საოცარი შედეგი იქნება, თუ ისეთ რთულ ჩემპიონატში, როგორიც იტალიის სერია A გახლავთ, კვარაცხელია პირველივე სეზონში 5-6 გოლს გაიტანს და თან ძირითადის უცვლელი წევრი თუ ვერ გახდება, სათამაშო პრაქტიკა მაინც რომ არ მოაკლდესო. დღეის მდგომარეობით კი კვარაცხელიას შედეგი ასეთია - იტალიის ჩემპიონატში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა, ჩემპიონთა ლიგაზე - 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. ორივე ტურნირზე ერთად, კვარაცხელიამ თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი გაიტანა და ყველაზე მეტი გაატანინა. ეს არ არის საოცარი შედეგი, ეს არის წარმოუდგენელი და ამას თავად კვარაცხელიაც ყველაზე თამამ სიზმარშიც ვერ ნახავდა. ვერ ნახავდა იმიტომ, რომ მას ჯერ ნდობა უნდა მოეპოვებინა, მწვრთნელის ნდობა, მერე გულშემატკივართა მხარდაჭერა, მერე თანაგუნდელთა პატივისცემა და ეს ყველაფერი ერთმანეთს საოცრად კარგად მიეწყო თუ აეწყო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - კვარაცხელიას ლეგენდებს ადარებენ და მასზე ლეგენდები აღმატებულ ხარისხში საუბრობენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხვიჩამ „ნაპოლიში“ ბოლოს 29 ოქტომბერს გაიბრწყინა, როცა დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მეორე დღეს კი დიეგოს დაბადების დღე იყო - არგენტინელი ლეგენდა 62 წლის გახდა. ჰო, სწორედ რომ გახდა, რადგან ლეგენდები ხომ არ კვდებიან. 1986/87 წლების სეზონში, როცა „ნაპოლი“ არსებობის განმავლობაში პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი, ადგილობრივმა ტიფოზებმა მთავარი სასაფლაოს შესასვლელთან ბანერი გამოფინეს წარწერით - „თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა გამოტოვეთ“. ეს იყო მარადონას და „ნაპოლის“ ზეობის ხანა. არგენტინელმა კლუბს 1989/90 წლებში კიდევ ერთხელ მოაგებინა იტალიის ჩემპიონატი და მერე... მერე წავიდა. რომ ვთქვათ, მარადონა ნეაპოლში ისევ ახსოვთო, ნიშნავ,ს რომ არაფერი ვთქვათ. დიეგო იქაურების კერპი და ღმერთია, სწორედ მარადონამ გახადა ნეაპოლში ფეხბურთი რელიგიად და მისი მიმდევრები დღემდე, გუნდის ყოველ თამაშზე მიდიან, სტადიონს ავსებენ და 90 წუთის განმავლობაში ბოლო ხმაზე ყვირიან. ახლა კი... ახლა იქ კვარაცხელიაა, ფეხბურთელი, რომელსაც სულ უფრო ხშირად ადარებენ მარადონას და სჯერათ, რომ როგორც თავის დროზე დიეგომ, ისე ახლა ხვიჩა, გუნდს აუცილებლად მოუტანს. მეტიც, ნეაპოლში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ დიეგოს გარდაცვალების შემდეგ, კლუბიდან ამოღებული 10-ნომრიანი მაისურა ისევ დააბრუნონ და ის... ხვიჩას ჩააცვან, თუმცა საამისოდ ჯერ „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი უნდა მოიგოს, მერე კი...

დასასრულ, ერთი, ძალიან საინტერესო ამბავი. უკვე გახმაურდა, რომ ხოსეპ გვარდიოლა ლიონელ მესისთან პირად მოლაპარაკებებს აწარმოებს და სურს, მომავალი სეზონიდან ის „მანჩესტერ სიტიში“ გადაიყვანოს. ერთი შეხედვით, ეს სიგიჟეა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით - თი არგენტინელ იდათანხმდება, მას 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, ანუ ლეოს 40 წლამდე გარანტირებული კონტრაქტი და რაც მთავარია, ათეულობით მილიონი ხელფასი ექნება. ამ 5 წლიდან სამ წელს ის „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს, მომდევნო ორს კი ამერიკაში, „სიტის“ არაბი მფლობელების ხელში არსებულ კლუბ „მაიამიში“ გაატარებს. ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ არაერთი ბრიტანული გამოცემა წერ,ს გვარდიოლას მესის შემდეგ, ყველაზე მეტად კვარაცხელიას გადაბირება უნდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით ბურთის გორების შესაძლებლობა ექნება.