ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიული მხარეა, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს სახელწოდება ამ მხარეს ორი მნიშვნელოვანი თემის - ტაოსა და კლარჯეთის გამო ეწოდა, სინამდვილეში კი ის გაცილებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავს - შავშეთს, არტაანს, ერუშეთს, ფოცხოვს, თორთომს, ართვინს, არდაგანს...
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მოიცავს დღეს ერზურუმის,არტაანის,ართვინისა და ყარსის რეგიონებს.
სამეფო 809 წელს შექმნა ქართლის ერისმთავარმა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დამაარსებელმა აშოტ I-მა. მან აღადგინა ციხე-სიმაგრე და ქალაქი არტანუჯი, რომელიც სამეფოს ცენტრი გახდა. ბაგრატიონებმა, რომლებიც იმხანად ეყრდნობოდნენ ბიზანტიელთა მხარდაჭერას, სწრაფად გააფართოვეს თავისი სამფლობელოები და დაიწყეს საქართველოს გათავისუფლება არაბთა ბატონობისაგან. 888 წელს ადარნასე II-მ "ქართველთა მეფის" ტიტული მიიღო, ხოლო სამეფოს "ქართველთა სამეფო" ეწოდა. სამეფოში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობდა, გაფართოვდა ეკლესია-მონასტრების ქსელი. საქართველოს გაერთიანებული სამეფოს შექმნის თარიღად ითვლება 978წელი, როდესაც "ქართველთა სამეფოს" (ე.ი. აღმოსავლეთ საქართველოს) თანამპყრობელმა ბაგრატ III-მ მიიღო აფხაზეთის სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) ტახტი. ამის შემდეგ ბაგრატი განაგრძობდა ერთიანი სამეფოს გარეთ დარჩენილი ქართული მიწების შემოერთებას: 1001 წელს მან კლარჯეთი შემოიერთა, ხოლო 1008 წელს, მამის, გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, - ტაო.
1551 წელს ოსმალებმა ტაო-კლარჯეთი შეიერთეს. რუსეთ-თურქეთის მე-10-ე ომის შემდეგ,1877-78 წლებში,ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილი რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა და ყარსის გუბერნიას მოიცავდა. 1918 წლის 22 აპრილს ტერიტორია გადავიდა ტრანსკავვკასიის ფედერაციის საზღვრებში,1918 წლის 26 მაისს კი იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბილიკის მართველობაში მოექცა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხარჯზე, რომელიც 1918 წლის 27 აგვისტოს შედგა,რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თანხმობის გარეშე უარი თქვა ქართულ მიწებზე. 1921 წლის 23 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი ისევ თურქეთის შემადგენლობაში შევიდა,ხოლო მცირე ნაწილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საკუთრება გახდა.
ჩაძირული ქართული ძეგლი - ვითარება ისტორიულ ტაო-კლარჯეთში
ტაო-კლარჯეთს უამრავი ისტორიული ძეგლი აქვს, ზოგიერთი ძეგლი ძირითადია, ზოგიერთი არაძირითადი. ეს დაყოფა ხშირ შემთხვევაში ეფუძვნება ისტორიულ და მხვატვრულ ღიურებულებებს. ამ დროისთვის ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობა კატასტროფულია და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. თურქეთში, ისტორიულ ტაოში ქალაქი იუსუფელი და რამდენიმე სოფელი ახლახან დაიტბორა. ამ ისტორიულმა დასახლებებმა არამცთუ საუკუნეებს, ათასწლეულებს გაუძლეს, დღეს კი მათი გაქრობა ართვინის პროვინციაში კაშხლების კასკადის მშენებლობას უკავშირდება. ისტორიკოსი ბუბა კუდავა ერთერთია, რომელმაც დატბორვამდე და მერეც არაერთხელ მოინახულა ეს ადგილები და პარხლის მფლობელი კავკასიძეების ციხის მთელი კომპლექსი შეძლებისდაგვარად აღწერა.
„ქართველთათვის ყველაზე მტკივნეული თურქეთში უდიდესი - იუსუფელის კაშხლის (სიმაღლე - 270 მ) აგება გამოდგა, რომელმაც უკვე დატბორა ორი დარბაზული ეკლესია - ჰამზეთისა და ჭალის (პირველ მათგანს ჩვენში შეცდომით ახალთის ეკლესიადაც მოიხსენიებენ), სულ მალე კი სრულად დაფარავს ტაოს საფორტიფიკაციო სისტემის მშვენებას - კავკასიძეების ციხეს, იქ არსებული კოპწია ტაძრითურთ. სამივე ეკლესია, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ყველა მათგანის ძირითადი კონსტრუქცია შენარჩუნებული იყო. პერანგშემოძარცული ჰამზეთისა (სახელწოდების თავდაპირველი ფორმა ალბათ სამზეთი იყო) და ჭალის ტაძრები ამავე დასახელების უბნებში მდებარეობდა.
ტაო-კლარჯეთის ტაძრები საუკუნეებია უმოქმედოდ დგას. მათ აწვიმდათ, ათოვდათ... ზიანდებოდა სახურავი, კედლები, საძირკველი - ხან ბუნებრივად, ხანაც - ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მათი ნაწილი სამშენებლო მასალას ეშურებოდა, ზოგი განძის პოვნის ჟინით იყო შეპყრობილი, ზოგი კი განსხვავებული რელიგიის მიმართ იყო შეუწყნარებელი. ამ მიზეზების გამო სულ მცირეა იმ ეკლესიების რაოდენობა, რომლებსაც მოხატულობის ფრაგმენტები შერჩა (სრულად შენახული მხატვრობა პრაქტიკულად აღარსად დაგვრჩა). რაოდენ დასანანია, რომ ამ მცირე რაოდენობას ორი ეკლესია გამოაკლდება. ერთი, ჭალის ეკლესიის მხატვრობა, უკვე დაიღუპა. ის სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეებით თარიღდებოდა. შედარებით უკეთ დაცული კავკასიძეების ციხის ეკლესიის მხატვრობა XII-XIII საუკუნისაა და იგი, როგორც ვთქვი, სულ მალე აღმოჩნდება წყლის ქვეშ. მასთან ერთად ვეთხოვებით ათეულობით ძველ ქართულ ნაკაწრ წარწერას, რომლებიც დამწერლობის სამივე სახეობით - ასომთავრულით, ნუსხურით, მხედრულით არის შესრულებული და მხატვრობის შემდგომი პერიოდით (XII/XIII-XVI სს.) თარიღდება.“ - ამბობს ისტორიკოსი ბუბა კუდავა
მიუხედავად საშინელი მდგომარეობისა, არქიტექტურული ნაწილის გადარჩენა-შენარჩუნების მინიმალური შანსი მაინც არსებობს, მხატვრობა და წარწერები კი განწირულია დასაღუპად.
თანამედროვე თურქეთის და საქართველოს სახელმწიფოების დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ისტორიული ძეგლები, ფაქტობრივად გაიწირა. თუკი სპეციალისტებმა, საკუთარი ინიციატივით და ძალებით შეძლეს ჩვენამდე მოეტანათ ამბავი, ისტორია და რაღაც ნაწილის შენარჩუნება, წარმოიდგინეთ რა ქმედითი და შედეგიანი იქნებოდა ორი ქვეყნის სპეციალისტების ჩართვა და თანამშრომლობა ძეგლების კვლევის და ფიქსაციის საქმეში.
სამწუხაროდ ამ ყველაფრის გადარჩენა არცერთი ქვეყნისთვის ყოფილა პრიორიტეტი, შედეგად კი მივიღეთ ის რაც მივიღეთ.
ცნობისათვის:
კავკასიძეების ( პარხლის მფლობელთა) ციხე X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც იმიერტაოში, მდ. ჭოროხის პირას მდებარეობს (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). ციხეს ზოგჯერ "ოთხთა ეკლესიის ციხესაც“ უწოდებენ. ციხის შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ერთადერთი ინფორმაცია დაცულია ექვთიმე თაყაიაშვილის 1917 წლის ექსპედიციის ანგარიშში. ამავე წიგნშია დამოწმებული ამ ციხის ერთადერთი წარწერა, სადაც საყდრის აღმშენებელი და ციხის მფლობელი მურვან კავკასიძეა მოხსენიებული. ამ ისტორიული ძეგლზე სხვა თითქმის არაფერია ცნობილი.
2003-2005 ქართველი მეცნიერების (ბუბა კუდავა, ბონდო კუპატაძე, გოჩა საითიძე, ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია) ძალისხმევით მოპოვებული იყო ახალი მასალები, დადასტურდა, დაზუსტდა და შესწორდა ექვთიმე თაყაიშვილის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია, გაირკვა დღემდე უცნობი დეტალები, გაკეთდა ციხის კომპლექსისა და მისი ტაძრის ზოგადი აღწერილობა და სხვ. გადმოცემის თანახმად, ამ ციხის ქვევით გადიოდა იერუსალიმისკენ მიმავალი გზა, ამიტომ კავკასიძეებს იერუსალიმის გზის მცველებად მოიხსენიებდნენ.
გთავაზობთ ფოტო- ვიდეო მასალის ნაწილს, რომელსაც ისტორიკოსი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში ავრცელებს:
წყალში ჩაძირული საქართველოს ისტორია-რა ვითარებაა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი