„რატომ უნდა ვუმართო კონცერტები ხელისუფლებას, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული?!“ - დათო ევგენიძე მეგი გოგიტიძის რუსეთში გამგზავრებას კრიტიკულად აფასებს

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ანი სარდლიშვილი

მომღერალ მეგი გოგიტიძის გადაწყვეტილებამ რამდენიმე დღეა, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. 6 აგვისტოს გოგიტიძე კონცერტს გამართავს რუსეთში, რის გამოც ბათუმში „სექტორ 26“- მა მას კონცერტიც  კი გაუუქმა. უკრაინაში უკვე  5 თვეა, რაც რუსეთ- უკრაინის ომი მიმდინარეობს და მსოფლიო ფორსმაჟორულ სიტუაციაშია. სანქციების გამო, მსოფლიოს თითქმის ყველა ორგანიზაცია გაემიჯნა რუსეთს და კავშირი შეწყვიტა მასთან. რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი გააპროტესტეს მსოფლიოს კულტურის, სპორტისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა, მათშორის, საქართველოდანაც.  ქართველი მომღერლის რუსეთში კონცერტისთვის გამგზავრება აგვისტოს იმ უმძიმეს დღეებში, როდესაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი მძვინვარებდა, გასაკვირი არაა, რომ ხალხში პროტესტს გამოიწვევდა...  „ვერსია“ ამ თემაზე სასაუბროდ ქართველ კომპოზიტორსა და მუსიკოსს, დავით ევგენიძეს ესაუბრა.

 _ ბატონო დავით, მთელი საქართველო მოიცვა ამბავმა, რომ მეგი გოგიტიძემ უნდა იმღეროს რუსეთში. როგორ აფასებთ მის გადაწყვეტილებას?

_ ზოგადად, არ მიყვარს სხვისი განსჯა, მაგრამ დავაყენებ ჩემს თავს მის ადგილზე. ეს ჩემთვის გამორიცხულია, წარმოუდგენლად გამორიცხულია რუსეთში წასვლა და იქ კონცერტის ჩატარება.

_ რამდენად აქვს დროს და კონტექსტს მნიშვნელობა, უკრაინის ომს რომ თავი დავანებოთ, აგვისტოში მართავს იგი კონცერტს, ეს პერიოდი კი საქართველოსთვის უმძიმესია რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ...

_ ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ომი გვაქვს რუსეთთან. აგვისტოს პერიოდი უფრო ამძაფრებს მის საქციელს, რა თქმა უნდა, აგვისტოს ომის წინა დღეებში კონცერტის ჩატარება რუსეთში, სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხვდები, რას ნიშნავს. შეიძლება, მე ვარ ჩამორჩენილი რაღაცებს, მაგრამ ეს ჩემთვის საკამოდ წარმოუდგენელია.

_ როგორ ფიქრობთ, კულტურა უნდა ემიჯნებოდეს პოლიტიკას?

_ კულტურა გამომხატველია ადამიანთა გონების და სულიერების, ხომ მართალია?... კულტურა არის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი. ლექსითა და სიმღერით გადიოდნენ ქართველები ბრძოლაში. ქმედითია კულტურა, სიტყვაც ქმედითია, ამ შემთხვევაში კი არა მხოლოდ უკრაინის გამო, არამედ, ჩვენ დიდი ხანია, ომი გვაქვს რუსეთთან. ჩვენ პირველები ვართ საბჭოთა კავშირში, ვინც დავიწყეთ ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა. არ მიყვარს არასდროს არავის გაკრიტიკება... ქრისტიანულად რომ ვთქვათ - „ნუ განსჯი და არ განისჯები“, მაგრამ ჩემი აზრი შემიძლია, ვთქვა, რომ მე ამას ვერ შევძლებდი ვერასდროს, რა ფასი და მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს, ჩემთვის ეს გაუგებარია.

_ბატონო დავით, როგორც ცნობილია, მაქსიმ გალკინი ჩამოდის საქართველოში. მართალია, ეროვნებით რუსია, მაგრამ აღიარებს, რომ ანტიპუტინისტური განწყობა აქვს, თქვენ რას ფიქრობთ მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით?

_ გალკინი არა მარტო უკრაინის ომის დროს, არამედ იქამდეც ოპოზიციაში იყო. სხვათაშორის, ალა პუგაჩოვას დევნიდნენ უკვე უკრაინის ომამდე და პირველები არიან, ვინც დატოვეს რუსეთი, პროტესტი განაცხადეს და წაართვეს საკუთარი უძრავი ქონება, ისინი იქვე იბრძოდნენ რუსეთში. ამიტომ მე არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს გალკინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თან ეს კონცერტები მხოლოდ საქართველოში არ ტარდება. ეს ყველგან, მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. თანხა კი, რაც გროვდება, ირიცხება უკრიანის დასახმარებლად. ამ შემთვევაში რომ მივიღოთ უკრიანის დახმარებაში მონაწილეობა ჩვენი დასწრებით, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ეროვნებით უნდა განვსაზღვროთ. რადგან რუსია, არ უნდა გავრიყოთ, ჩემმა უამრავმა  რუსმა მეგობარმა დატოვა რუსეთი უკრიანის ომის დროს და არა მხოლოდ, აგვისტოს ომის პერიდშიც და იქამდეც, 90-იან წლებში ჩვენს მხარეს იყვნენ.

_ და ბოლოს, ბატონო დავით, რას იტყვით კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც დღემდე რუსეთში აგრძელებენ კარიერას?

_ თუ კი რამე პრიზია, ყველაფერი აღებული მაქვს რუსეთში - ოქროს ვერძი, ოქროს არწივი... პრიზი არ არსებობს, რაც აღებული არ მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი მივატოვე აგვისტოს ომის შემდეგ. ჩემთვის წარმოუდგენელია დარჩენა იმ ქვეყანაში, რომელიც შენ გეომება. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობ იმ ქვეყნაში, რომელიც შენს საკუთარ ქვეყანას ებრძვის. გაუგებარია ჩემთვის, რატომ უნდა ვუმართო კონცერტები იმ ხელისუფლებას, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და შენთან წლებია, ომშია. მეგი გოგიტიძის ეს გადაწყვეტილებაც ჩემთვის წარმოუდგენელია, რა გამართლება უნდა ჰქონდეს ამას საკუთარ ერთან, სიმართლე გითხრათ, მართლა ვერ ვხვდები. ასე რომ, ველოდები მის დაბრუნებას.