წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო მოღვაწეობის ისტორიული რაკურსი ჯაბა სამუშიასგან

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისტორიული მოვლენა

 „მდინარე იორდანესთან 4 000 კვ.მ. მიწის გადმოცემა და იქ ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მიღწევაა“

 თათია გოჩაძე

 როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მდინარე იორდანესთან, საქართველოს გადაეცა მიწა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება: „როგორც იცით, საქართველოს გადაეცა 4 000 კვ.. მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ...

კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკომოსს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს იორდანიაში, ზაზა კანდელაკს და საგარეო საქმეთა სამინისტროს.

როგორც მოგახსენეთ, ამ მიზნით, დღეს შევქმნით კომისიას. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ასევე ვთხოვეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, კერძოდ, მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდორეს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„ვერსია“ ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ესაუბრა, რომელიც წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო მოღვაწეობის ისტორიულ რაკურსს გვთავაზობს.

 

სამუშიას განმარტებით, საქართველოს წმინდა მიწაზე მონასტრები მეოთხე საუკუნის მიწურულიდან გააჩნდა:

„იყო პერიოდი, როცა წმინდა მიწაზე იერუსალიმში, მდინარე იორდანესთან, ბეთლემსა და სხვა ადგილებზე, ათობით მონასტერი ჰქონდათ ქართველებს. ამას გარდა, იყო ამ მონასტრების კუთვნილი მიწის საკმაოდ დიდი ფონდიც, რისი შემწობითაც ირჩენდნენ ეს მონასტრები თავს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ქართველების ასეთი წარმომადგენლობა წმინდა მიწაზე იყო მნიშვნელოვანი, როგორც ქართული სახელმწიფოსთვის, ისე ქართული ეკლესიისთვის, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. იყო არაერთი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, მაგალითად, მე-11 საუკუნეში, ჯვრის მონასტრის ხელახალი მშენებლობის დროს, პროხორე ქართველს სწორედ სამეფო ოჯახმა, მარიამ დედოფალმა - ბაგრატ მეოთხის დედამ შესწირა საკმაოდ დიდი ფინანსური დახმარება. ის თვითონ არ ჩავიდა, არამედ, გიორგი მთაწმინდელს გაატანა ეს თანხა. ასევე, არსებობს უამრავი ცნობა, როცა ქართული სახელმწიფო, მეფე-მთავრები მხარში ედგნენ მათ, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან შუა საუკუნეებში ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია აირია და ძალიან მძიმე იყო ქართული სახელმწიფოს მდგომარეობა, ქართველებმა ვეღარ მოახერხეს წმინდა მიწაზე ამ მონასტრების შენარჩუნება. რეალურად, მე-18 საუკუნის მიწურულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, წმინდა მიწაზე მხოლოდ რამდენიმე ქართველი ბერი მოღვაწეობდა, ხოლო ეკლესიები კი გადაინაწილეს, დაიტაცეს სხვადასხვა ეკლესიებმა და მათ მფლობელობაში მოექცა ქართული ეკლესიებიც. ასე დავკარგეთ წმინდა მიწაზე ეს მართლაც უნიკალური სიძველეები და დღეს, წმინდა მიწაზე, ორიოდ სახლის გარდა, რომელიც იყო შეძენილი გასული საუკუნის 90-იან წლებში, არაფერი გაგვაჩნდა. ამ ფონზე, ბუნებრივია, 4 000 კვ.მ. მიწის გადმოცემა და შემდგომ იქ ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სახელმწიფოსთვის და ეს ნიშნავს კიდეც, გარკვეულად, წმინდა მიწაზე დაბრუნებას.

ეს მიღწეული იქნა, როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობით და ბუნებრივია, თავად იორდანიის სამეფოს ხელისუფლების უშუალო ნებით“.

რაც შეეხება აღნიშნულ კულტურულ ცენტრს, ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ის ქართული მეცნიერული ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს:

„ეს არ იქნება მხოლოდ კულტურის ცენტრი. მე ასე წარმომიდგენია, რომ ეს უნდა იყოს ასევე მეცნიერების ცენტრიც, რადგან წმინდა მიწაზე იმდენი სიძველეა შესასწავლი, მათ შორის არქეოლოგების, ისტორიკოსების, წყაროთმცოდნეთა მიერ, რომ ბუნებივია, ამ ცენტრმა უნდა იკისროს მეცნიერების ფუნქციაც. აუცილებელია, ქართველმა ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა იმუშაონ ამ მიმართულებით, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, რადგან მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, მდინარე იორდანეს მიდამოებში იქნა აღმოჩენილი ახალი ქართული მონასტერი, რომელშიც, სავარაუდოდ, დასაფლავებულია პროხორე ქართველი და იქ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, კულტურის ცენტრმა ეს ტვირთიც უნდა აიღოს - ტვირთი სამეცნიერო ცენტრისა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს იქნება ერისა და ბერის ერთობლივად შექმნილი სამუშაო, რადგან ჩაერთვებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები და ბუნებრივია, საერო პირებიც - სახელმწიფოს მიერ დასახელებული პერსონები, რომლებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ამ პროექტის განხორციელებაში“.