„სკოლა ძალიან მკაცრი რეჟიმის კოლონიად ჩამოაყალიბეს!“

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა გავლენას მოახდენს კორონარეგულაციები სწავლის ხარისხზე _ სიმონ ჯანაშიას შეფასებები

15 სექტემბერს, საქართველოში, ახალი სასწავლო წელი კორონარეგულაციების ფონზე დაიწყება. ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა, სკოლებში სწავლის პროცესის წარსამართად, ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს, თუმცა ამ რეკომენდაციების უმეტესობა, შესაძლოა, უბრალო ფორმალობად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, ზოგი მშობელი და მასწავლებელი ფიქრობს, რომ ამ რეგულაციებში ყველაფერია გათვალისწინებული იმის გარდა, თუ რა ხარისხით წარიმართება სწავლის პროცესი. რეგულაციებს ჯერჯერობით რეკომენდაციის სახე აქვს, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლებში, ამ რეგულაციების დაცვას გააკონტროლებენ. 

აღნიშნული რეგულაციებით, სავალდებულოა, სკოლებში მაღალ დონეზე იყოს დაცული სანიტარული ნორმები, სოციალური დისტანცია და ყველა საჭირო ზომა, რაც კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის. ათეულობით რეგულაციიდან, რამდენიმეს გაგაცნობთ: 

„სკოლის სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობა და მედიკამენტები; არ დაუშვათ ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა; იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახის ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია, სკოლას უფლება აქვს, გადავიდეს შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე; სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან; მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრავალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან; შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს; ერთი და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას, დაცული უნდა იყოს 30-წუთიანი შუალედი, განიავდეს საკლასო ოთახი, მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით; ყოველი შესვენების დროს, სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება; საკლასო ოთახში მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა; მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა; საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირების დაშვება დაწესებულების შენობაში; ასეთი სიმპტომების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია, დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით; სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება პჯრ (პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის ტესტი, _ რედ.) ტესტირების დასკვნის საფუძველზე (ჩOVID-19-ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში)…“. 

რამდენად იმოქმედებს ზემოხსენებული რეგულაციები სწავლების ხარისხზე და რამდენადაა მორგებული აღნიშნული ნორმები ბავშვთა უფლებებზე? _ ამ საკითხის შეფასება განათლების ექსპერტს, სიმონ ჯანაშიას ვთხოვეთ:

„ამ რეგულაციების შესრულება მარტივი არაა. სკოლას შეიძლება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ უწყობდეს ხელს, მაგალითად, იმისთვის, რომ 30 ბავშვი 1-მეტრიანი დისტანციით დასვას ოთახში. ზოგმა ისიც კი თქვა, რომ წინა წლებში გადატიხრა კლასები, რათა ორჯერ მეტი მოსწავლე მიეღო და ახლა ამ პირობების დაკმაყოფილება გაუჭირდება“, _ აცხადებს ჯანაშია და ხაზს კიდევ ერთ პრობლემას უსვამს, _ „იმის კონტროლი, თუ რას აკეთებენ ბავშვები ანუ იცავენ თუ არა დისტანციას რიგებში, მათ შორის, საპირფარეშოსთან და ასე შემდეგ, პრაქტიკულად, შუძლებელია. ბავშვები, ბავშვები არიან და ამ რეგულაციების მნიშვნელობა, შეიძლება, მაინცდამაინც კარგად არც ესმოდეთ. ისე, ამ რეგულაციების დაცვის მნიშვნელობა, შესაძლოა, არც მშობლებსა და მასწავლებლებს ესმით. 

მოკლედ, თუ რეგულაციებს მხარდაჭერა არ აქვს, მათი შესრულება ზედაპირული და ფორმალური ხდება. სწორედ ამას ვხედავთ, როცა სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურას ზომავენ, სინამდვილეში კი, შედეგით არ ინტერესდებიან“. 

სიმონ ჯანაშიას თქმითვე, ეს რეგულაციები სკოლების სპეციფიკას არ ითვალისწინებს. მაგალითად, სკოლებში, სადაც რამდენიმე ცვლაა, ზამთარში, მეორე ცვლა ისედაც გვიან მთავრდება, ამ რეგულაციებით კი, კიდევ უფრო გვიან დამთავრდება, რადგან ცვლებს შორის, გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს. 

„არის რეგულაცია კლასებისთვის შესვენების სხვადასხვა დროს გამოცხადების შესახებ. სკოლებისთვის, სადაც მიჩვეული არიან ზარით მოქმედებას, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება“, _ აცხადებს ჯანაშია. 

ექსპერტის თქმით, ამ რეგულაციების ალტერნატივა ის იქნებოდა, რომ სახელმწიფოს ბავშვების დიდი სკოლებიდან, ნაკლებბავშვებიან სკოლებში გადანაწილება დაეწყო, მაგრამ ამას მშობლების უკმაყოფილება მოჰყვებოდა. 

სიმონ ჯანაშიას შეფსებით, ისიც პრობლემაა, რომ განმარტებული არ არის, თუ რა უნდა გააკეთოს სკოლამ, თუ იქ კორონავირუსით დაინფიიცრებული ადამიანი გამოვლინდება. რეგულაციებში წერია, რომ სიმპტომებიანი ადამიანი უნდა განათავსონ იზოლირებულ ოთახში, მაგრამ თუ ამ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, მერე რა უნდა გაკეთდეს, უნდა დაიკეტოს თუ არა სკოლა, დაწესდეს კარანტინი მხოლოდ ერთ სკოლაში, თუ მთელი სისტემა გადავა დისტანციურ რეჟიმზე? ყველაფერი ეს, ახსნილი არაა... 

აქედან გამომდინარე, სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ შესაბამისი რეგულაციების მიღების პროცესში, მონაწილეობა სათანადოდ არ მიიღო: 

„შთაბეჭდილება მექმნება, რომ განათლების სამინისტრო ამ პროცესის მართვაზე მაინცდამაინც დიდ პასუხისმგებლობას არ იღებს და ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროს გადააბარა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რეგულაციებში არც პედაგოგიური მხარე ჩანს და არც _ ის, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული, მაგალითად, სპორტის გაკვეთილი. 

ამ რეგულაციებზე ორივე სამინისტრო თითქოს ერთად მუშაობდა, მაგრამ რეკომენდაციებში მთავარი ვირუსისგან დაცვის საკითხია და ის არ ჩანს, როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილი. ეჭვი მეპარება, ამ რეგულაციებმა იმუშაოს. საერთოდ, სკოლა ძალიან მკაცრი რეჟიმის კოლონიად ჩამოაყალიბეს! ბავშვები, რა თქმა უნდა, ერთად ითამაშებენ და ერთმანეთისთვის რაღაცის თხოვება მოუწევთ, რაზეც მასწავლებლები, რა თქმა უნდა, თვალს დახუჭავენ“, _ აცხადებს სიმონ ჯანაშია, რომელიც სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს. 

მისი თქმით, ზოგ სკოლაში საპირფარეშოები ისეთ მდგომარეობაშია, რომ იდეალური სანიტარული ნორმების დაცვა ძნელად წარმოსადგენია: 

„სკოლებს წყლის ჭიქებს დაპირდნენ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრი ჭიქა უნდა ეყიდათ და უთხრეს, ბოთლებს დააწერეთ სახელებიო. გზადაგზა ცვლიან რაღაცებს და დარწმუნებული ვარ, სწავლის დაწყების მერეც გამოჩნდება რაღაც ისეთი, რისი შესრულებაც საჭირო იქნება და დაამატებენ. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში, პირბადეების გარეშე დაიწყეს სწავლა და ძალიან სწრაფად დაიწყო გავრცელება ვირუსმა, ამიტომ უფრო მკაც ზომაზე _ პირბადეების ტარებაზე გადავიდნენ. პირბადეებით გაკვეთილების ჩატარებაც რთულია, ამიტომ უნდა გაკეთდეს შერეული სწავლება, რომ მოსწავლეების ნაწილი სახლში რჩებოდეს და ნაწილი სკოლაში მონაცვლეობით მიდიოდეს“. 

ჯანაშიას თქმით, ამ რეგულაციებში შერეული სწავლება ალტერნატივად განიხილება: 

„არ ვიცი, სკოლები რეალურად გეგმავენ თუ არა შერეულ სწავლებაზე გადასვლას. იმ სკოლაში, სადაც ვმუშაობ, შერეული სწავლების ბევრი გეგმა გვაქვს. ერთი მეტრია დისტანცია ბავშვებს შორის, თუ ნახევარი მეტრი, ამას კატეგორიული მნიშვნელობა არ აქვს, როცა ბავშვები პირბადეს არ ატარებენ, ზოგს კი ვირუსის საერთოდ არ სჯერა და იკრიბებიან სკოლის გარეთ, ეხუტებიან ერთმანეთს. 

ბოლო თვეების განმავლობაში, უაზრო პროტესტის ფორმებიც გაჩნდა, მაგალითად, სტუდენტები განგებ იკრიბებიან და წვეულებებს მართავენ, თამაშობენ ბედით, დაინფიცირდებიან თუ არა“. 

არის თუ არა განათლების სისტემა მომზადებული იმ შემთხვევისთვის, თუ სწავლის დაწყების შემდეგ, ვირუსის მეორე, მძლავრი ტალღა იფეთქებს და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გადავა? _ ამ საკითხს სიმონ ჯანაშია ასე აფასებს: 

„მსგავსი ტალღისთვის მაინცდამაინც დიდი მომზადება არ ჩანს, ვერ ვხედავთ, რომ სკოლებში მეტი აღჭურვილობა იყოს; ან ინტერნეტის დაფარვა მომხდარიყო ქვეყნის მასშტაბით, ან მეტი პედაგოგიური რესურსი არსებობდეს. თუ სკოლას გამოუყენებელი კომპიუტერები აქვს და დისტანციურ სწავლებაზე გადადის, ვერ გადასცემს ამ კომპიუტერებს ბავშვებს იმიტომ, რომ ჯერ ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა უნდა მიიღოს, მერე განათლების სამინისტროსი და ბოლოს, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რათა ამ კომოპიუტერების ღირებულება შეფასდეს. მოკლედ, ასეთი უაზრობების გაკეთებაა სავალდებულო იმისთვის, რომ ბავშვს, რომელსაც კომპიუტერი არ აქვს, დროებით ჰქონდეს სკოლის კომპიუტერი, რაც რეალურად, მას ეკუთვნის. ასეთი რეგულაციების მოგვარებაზე ხომ მაინც შეეძლოთ, დისტანციურ რეჟიმში ემუშავათ? ან იმაზე ემუშავათ, რომ წაახალისონ ინიციატივიანი დირექტორი; წაახალისონ სკოლებში ფონდების მოძიება, რათა ბავშვს ინტერნეტი უყიდონ. ზოგ სკოლაში, პანდემიის პერიოდში, შეაგროვეს ფული და ინტერნეტი შეუძინეს ბავშვებს. სკოლის ბიუჯეტს ვერ იყენებენ ასეთი რაღაცებისთვის, რადგან სახელმწიფო, იმის მაგივრად, რომ წაახალისოს, მათრახით ადგას თავზე სკოლებს, რათა რამე შეცდომა არ დაუშვან ფინანსების ხარჯვაში. ასეთ პირობებში, ბევრი რესურსი რჩება გამოუყენებელი“. 

ექსპერტის თქმით, დისტანცური სწავლების დროს, ერთ-ერთი პრობლემა ისიცაა, რომ ზოგ სკოლაში საერთოდ არ ტარდებოდა დისტანციურად გაკვეთილები, რადგან მასწავლებლებს ან არ უნდოდათ, ან მომზადებულები არ იყვნენ: 

„ამ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ალტერნატივა იმ მოსწავლეთათვის, რომელთაც არ უტარდებათ დისტანციურად გაკვეთილი. რატომ არ შეიძლება, ერთი სკოლის მასწავლებელმა მეორე სკოლის მოსწავლეს ასწავლოს? სახელმწიფო არ ეუბნება ბავშვს, თუ შენთან ქართულის გაკვეთილი არ ტარდება, შეგიძლია, შემოხვიდე პორტალზე, სადაც ვიღაც მასწავლებელი ატარებს კარგ გაკვეთილსო. რა საჭიროა, ყველა სკოლაში ცალკ-ცალკე ატარონ დისტანციური გაკვეთილები მასწავლებლებმა? ვიცი, რომ ქართველი ბავშვები, Nატიონალ Gეოგრაპჰიც-ის გაკვეთილებს ესწრებოდნენ და იმ ბავშვს, რომელსაც საქართველოში მასწავლებელი არ ჩაუტარებს გაკვეთილს, არანაირი ალტერნატივა არ აქვს“.

თათია გოჩაძე