როგორ გააკოტრა ფიტნეს-კლუბის მფლობელმა კონკურენტი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი სისხლიანი შურისძიება

კონკურენცია ბიზნესებს შორის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. მაშინაც კი, როცა კომუნისტების დროს ყველაფერი სახელმწიფოს კუთვნილება გახლდათ, ქარხნებისა თუ მაღაზიების დირექტორებს არაოფიციალური კონკურენცია ჰქონდათ. ისინი ქრთამსაც კი იხდიდნენ, რომ კონკურენტ მაღაზიას საქონელი დროულად არ მიეღო, საუკეთესო მათ წაეღოთ, თუ შემთხვევით იუგოსლავური და ჩეხოსლოვაკური ფეხსაცმელი ჩამოვიდოდა, როგორმე მათ შეხვედროდათ და ეს პროდუქცია მაშინ „დახლს ქვემოდან“ იყიდებოდა ანუ რეალურად, ნაცნობი გჭირდებოდა მაღაზიაში, სასურველი ნივთი რომ მიგეღო. ჰო, ამისთვის გამყიდველისთვის ცოტა მეტი უნდა გადაგეხადა იმ ფეხსაცმელში, რომელსაც მაღაზიის დირექტორი უკვე არარეალურ ფასად ყიდდა. შედარებისთვის, შავ ბაზარზე, ნამდვილი, ამერიკული „მარლბორო“ 6-7 მანეთად იშოვებოდა, არადა, იმ პერიოდში „კოსმოსი“ და „კოლხეთი“ მანეთიც არ ღირდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კონკურენციამ სხვა მასშტაბები შეიძინა. 90-იანებში იყო ტერორი, რეკეტი, კონკურენტის ბიზნეს-ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა, კრიმინალური ავტორიტეტების მიგზავნა... მერე ყველაფერი ეს უფრო „დაიხვეწა“ და საქმეში უკვე სახელმწიფო სტრუქტურები ჩაერთნენ - საგადასახადო, საფინანსო და ა.შ. ყველაფრის მიუხედავად, კონკურენცია დღესაც არსებობს და ცოტა არ იყოს, არაჯანსაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სანამ მთავრობა და უშუალოდ პრემიერი არ ჩაერია, მაგალითად, სააფთიაქო ბიზნესს რიგითმა ადამიანებმა ვერაფერი მოუხერხეს და წლების განმავლობაში, წამლებში არარეალურ ფასებს იხდიდნენ. ეჭვია, რომ იგივე ხდება საწვავის შემთხვევაში და მსხვილი კომპანიები ბენზინგასამართ სადგურებზე გაბერილ ფასს მოლაპარაკებების შემდეგ ადებენ და მოსახლეობას ყვლეფენ. ცუდი არ იქნება, თუ მთავრობა ამ თემითაც დაინტერესდება და ზოგადად, არც ის იქნება ცუდი, კონკურენციის სააგენტო უფრო ეფექტურად თუ იმუშავებს და მის არსებობას ქვეყანაში რიგითი ადამიანებიც იგრძნობენ.

ერთი პერიოდი, თბილისში ფიტნეს-კლუბების ბუმი დაიწყო და ყველა ცდილობდა, ვარჯიშის მოყვარული ადამიანები როგორმე გადაებირებინა. ფიტნეს-კლუბების მომრავლებასთან ერთად, მომრავლდა გასახდელებში ნივთების დაკარგვის ფაქტები, ქურდობდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა და რამდენიმე კლუბმა, უსაფრთხოების მიზნით, ვიდეოთვალი დააყენა, თუმცა შედეგი არც ამან გამოიღო - შედიოდნენ ნიღბიანი ტიპები, ვიდეოთვალს ნაჭერს აფარებდნენ, ან ჩვეულებრივი სამედიცინო შპრიცით საპნიან წყალს ასხამდნენ და ნივთებს იტაცებდნენ. ჰოდა, არაერთგან ცოცხალი დაცვაც გამოჩნდა, რომელიც გასახდელში მუდმივად იყო, არსად გადიოდა და თუ მამაკაცების გასახდელში დარაჯის ფუნქციას მამაკაცი ასრულებდა, გოგონებთან იგივეს გოგონა ითავსებდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ამ იდეის ავტორი ერთ-ერთი კლუბის მეპატრონე შემოსავლთაც ბედნიერი იყო და ახალი ინვესტიციის გაკეთებასაც გეგმავდა, როცა მისი კლუბის გასახდელში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა.

„ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, ბიჭები მოდიოდნენ, იცვლიდნენ, ნივთებს ინახავდნენ, მიდიოდნენ. ის მამაკაციც მახსოვს, მოვიდა, გამოიცვალა, ივარჯიშა, შხაპი მიიღო და გამოცვლა დააპირა. როცა კარადა გახსნა, იქიდან სპორტული ჩანთა გამოიღო, ელვაშესაკრავი გასწია და აფეთქების ხმაც გაისმა. აფეთქების ხმა დახურულ სივრცეში იმდენად ძლიერი იყო, წნევამ ყურები დამიგუბა და დავეცი, კარგა ხანს ვერ გავიგე, რა ხდებოდა. მერე აზრზე მოვედი და სასწრაფოში დავრეკე. როცა დაზარალებული წაიყვანეს, სუნთქვადა და დარწმუნებული ვარ, გადარჩებოდა“, - ამბობდა დაცვის თანამშრომელი.

მთავარი ეჭვმიტანილი გამოძიებისთვის სწორედ ის იყო, რადგან ამტკიცებდა, საეჭვო არავინ შემინიშნავს, ოთახიდან არ გავსულვარ, არც იქ შემოსულა ვინმე საეჭვო, ჩანთაში ასაფეთქებელი რომ დაემონტაჟებინაო. ასეთ შემთხვევაში, გამოდიოდა, რომ დაზარალებულმა თავად დაამონტაჟა ბომბი და თავიც თავად აიფეთქა, რაც გამორიცხული იყო. რაც შეეხება დაზარალებულს, ის არც ცნობილი პიროვნება იყო, არც ბევრი ფული ჰქონდა, მანქანაც კი არ ჰყავდა და წესით, მის მიმართ არავის უნდა ჰქონოდა ინტერესი. ექიმების თქმით, დაზარალებულს აფეთქებისგან სახე ლამის მთლიანად ჰქონდა დამწვარი, მაგრამ ალის გადაყლაპვას გადაურჩა და ამიტომ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, აი, სახის მკურნალობა კი თვეების განმავლობაში მოუწევდა.

„ჩემს დაცვას ვენდობი, ამ თანამდებობაზე სულ ახლობლები მყავს ანუ ჩემი აზრით, ის სიმართლეს ამბობს. ჰქონდა თუ არა ასაფეთქებელი იმ უბედურს ჩანთაში, ვერ გეტყვით, მაგრამ გამორიცხულია, დაცვა ტყუილს ამბობდეს“, - უთხრა სამართალდამცავებს კლუბის მფლობელმა ქალმა. ძიებამ დაადგინა, რომ აფეთქებული მამაკაცი სამიოდე თვის წინ ცოლს დაშორდა, რომელიც სულ რაღაც ორი კვირის მოყვანილი ჰყავდა და გოგოს ძმა იმუქრებოდა, მოვკლავო. გადაამოწმეს ყოფილი ცოლის ძმის ალიბი და იმ დღეს, ის თბილისში არ იმყოფებოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ვინმესთვის დაევალებინა, ეთხოვა...

„ჩემი აზრით, ყველაფერი სწორედ ყოფილი ცოლის ძმის მოწყობილია. მის გარდა, მე არც მტერი მყავს და არც არავინ მემუქრებოდა. რაც შეეხება ასაფეთქებელს, დარწმუნებული ვარ, სწორედ ფიტნეს-კლუბის გასახდელში ჩამიდეს, რადგან არ მგონია, დაცვამ უარყოს ის ფაქტი, რომ როცა შემოვედი, ჩანთა გავხსენი, იქიდან სპორტულები ამოვიღე და მაშინ რატომ არ აფეთქდა არაფერი? როცა სპორტულების უკან ჩადება მინდოდა, სწორედ მაშინ გაისმა აფეთქება“, - აცხადებდა დაზარალებული და მართალი იყო. ვიდეოთვალის ჩანაწერებში კარგად ჩანდა, როგორ მოვიდა მამაკაცი, როგორ ამოიღო ჩანთიდან სპორტულები, როგორ შეკრა ჩანთა და უდარდელად შეაგდო კარადაში, შემდეგ, როგორ შემოვიდა ნავარჯიშევი, როგორ აიღო პირსახოცი, მიიღო შხაპი და უკან დაბრუნებულმა ისევ უდარდელად გამოიღო ჩანთა, გახსნა და აფეთქებაც გაისმა.

საინტერესო ის გახლდათ, რომ მთელ ჩანაწერში დაცვა გასახდელში იდგა, ის კადრში ჩანდა, არც დაზარალებულის კარადას მიკარებია ვინმე, მაგრამ... ვიდეოჩანაწერს 7-წუთიანი მონაკვეთი აკლდა. როგორც გაირკვა, ამ დროს მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა და სანამ შეაკეთებდნენ, სწორედ ეს პერიოდი დასჭირდა. კლუბის კომპიუტერის სპეციალისტი ამბობდა, როგორც კი ვიდეოთვალი გაითიშა, დაცვა გავაფრთხილე, სანამ გავაკეთებ, პოსტს არ მოსცილდეთ-თქო და გამორიცხულია, რომელიმეს მითითება არ შეესრულებინაო. ყველაფერი ეს რეალობასთან ახლოს კი იყო, მაგრამ ფაქტია, რაღაც სწორედ იმ შვიდ-წუთიან მონაკვეთში მოხდა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ჩვეულებრივი „ხლაპუშკებისგან“ იყო აწყობილი და ათი იმდენიც რომ ყოფილიყო, დაზარალებულის გარდაცვალების შანსი პრაქტიკულად ნულს უტოლდებოდა ანუ ამფეთქებელს რეალურად მისი შეშინება სურდა და არა - მოკვლა, გათვლა იყო იმაზეც, რომ დახურულ სივრცეში, არცთუ დიდ გასახდელში, აფეთქება წნევას შექმნიდა და აკი, შექმნა კიდეც. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მომხდარის შესახებ ხმა მალე გავრცელდა და ფიტნეს-კლუბის ვიზიტორები უბრალოდ გაქრნენ, ისინი აღარ მიდიოდნენ იქ, სადაც თავს დაცულად ვერ გრძნობდნენ. მეპატრონე ჯიუტად იმეორებდა, კონკურენტის მოფიქრებული და გაკეთებულია ყველაფერიო და ყოველი შემთხვევისთვის, ძალოვნებმა გვერდით მყოფი ფიტნეს-კლუბის მეპატრონე გადაამოწმეს, დაჰკითხეს კიდეც და მართალია, დაკითხვიდან ვერაფერი გაიგეს, ის ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ის კი დაადგინეს, რომ დაზარალებული და კონკურენტი კლუბის მეპატრონე თანაკურსელები იყვნენ და საკმაოდ კარგი ურთერთობა ჰქონდათ. გადაამოწმეს სატელეფონო ზარებიც და ბოლო პერიოდში ისინი აქტიურად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. გადაწყდა, დაზარალებული კიდევ ერთხელ დაეკითხათ, ოღონდ მანამდე კლუბში მივიდნენ, მის თანაკურსელს ხელბორკილი დაადეს, შემდეგ გაუღიმეს, შესაშინებლად გვინდოდაო და წავიდნენ. ყველაფერი ვიდეოთვალით გადაიღეს და საავადმყოფოში მისულებმა დაზარალებულს ანახეს, შენი „პადელნიკი“ დავაკავეთ და ხელს სწორედ შენ გადებსო.

„რა სისულელეა? ყველაფერი თავად მოიფიქრა, აქედან რომ გამოვალ, სახეს ავახევ, მითხრა, არაფერი დაგემართებაო და კინაღამ მოვკვდი. სანაცვლოდ, მთელი ცხოვრება მის კლუბში უფასოდ უნდა მევლო. ორგანიზატორიცა და შემსრულებელიც ეგაა, ვიცი, ვისაც დაავალა „ხლაპუშკებისგან“ ასაფეთქებლის დამზადება, მე უბრალოდ ჩანთაში უნდა ჩამედო, როცა ჩანთას დავხურავდი, პატარა ძაფი ელვის საკიდზე ყულფით ჩამომეცვა, გახსნისას ის ძაფი „ხლაპუშკებს“ მოქმედებაში მოიყვანდა და წესით, მცირე აფეთქება უნდა მომხდარიყო“, - ამბობდა დაზარალებული.

კონკურენტი კლუბის მეეპატრონე უკვე ოფიციალურად დააპატიმრეს და მან უფრო საინტერესო რამ მოყვა - იდეა კი ჩემი იყო, მაგრამ ისიც სიხარულით დამთანხმდა, ყველაფერს ყოფილ ცოლის ძმას შევტენი, მეშინია, სადმე არ დამხვდესო. წესითა და რიგით, ისტორია ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ხალხს მხოლოდ ცუდი სჯერა და კარგი არა, ფიტნეს-კლუბს, სადაც აფეთქება მოხდა, აღარავინ ეკარებოდა და მეპატრონე იძულებული გახდა, მის ადგილზე ტანსაცმლის მაღაზია გაეხსნა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე