საზარელი დანაშაული კახეთში - შვილიშვილმა 77 წლის ბებია გააუპატიურა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წინა კვირას საზარელი დანაშაული მოხდა. საზარელი მორალური აღქმით, თორემ დიდი ხანია, ასეთ ამბებს მივეჩვიეთ და ვერავინ ხსნის, რატომ და საიდან დაგროვდა ამხელა აგრესია მოზარდებში. კახეთში, 29 წლის კაცმა 77 წლის ბებია გააუპატიურა. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბებიამ გაქცევა მოახერხა, ის შვილიშვილს სახლში ჰყავდა დამწყვდეული და როგორც კი ქალმა დრო იხელთა, მეზობელთან გავიდა და ყველაფერი მოუყვა. მეზობელმა პოლიციაში დარეკა და პირველი დაკითხვის შემდეგ, მოხუცმა ყველაფერი აღიარა. ის, რომ 29 წლის კაცმა, შესაძლოა, 77 წლის ქალი სექსუალურ პარტნიორად აღიქვას, უკვე ფსიქოლოგიური კი არა, ფსიქიკური პრობლემაა. ცალკე სათქმელია ისიც, რომ დაზარალებული და მოძალადე, ბებია და შვილიშვილი იყვნენ. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კანონმდებლობა გახლავთ - მოსამართლემ რაც უნდა გააკეთოს, მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოძალადეს მისცეს, 7 წელია. ეს ნიშნავს, რომ 7 წლის შემდეგ, 33 წლის „ჯანმრთელი“ მამაკაცი გამოვა ციხიდან, ციხეში ვერ შეიცვლის ფსიქოლოგიას და შესაბამისად, იქნება არათუ სახიფათო საზოგადოებისთვის, არამედ, ძალიან, ძალიან საშიში. რამდენი სამაჯურიც უნდა გაუკეთონ მოძალადეს, როგორც უნდა აკონტროლონ, მის გვერდით ყოფნა, არასრულწლოვანი ბავშვებით დაწყებული, 80 წელს მიტანებული ქალებით დასრულებული, სახიფათო იქნება.

 

სად არის გამოსავალი? მომხდარა თუ არა ადრე ანალოგიური დანაშაული და როგორია სტატისტიკა? ზოგადად, ძალადობრივმა დანაშაულებმა საქართველოში ძალიან მოიმატა და მნიშვნელობა არ აქვს, მსხვერპლი არასრულწლოვანია თუ ასაკოვანი, შედეგი ყოველთვის ის გვაქვს, რომ... საზოგადოება აღშფოთდება, ერთი-ორი დღე სოციალურ ქსელებში იჭორავებს, გულს მოიფხანს, კლავიატურაზე კაკუნით თითებს დაიღლის და მორიგ შემთხვევას დაელოდება. ალბათ, ვინმე იკთხავს, რა უნდა ქნას საზოგადოებამ? თუნდაც ის, რომ ასეთ შემთხვევებზე კანონის გამკაცრება მოითხოვოს. შსს კი დაგვპირდა, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურება სამუდამო პატიმრობით დაისჯება, მაგრამ ჯერჯერობით ეს პროექტი „დაჩაქუჩებული“ არ არის და რაც მალე იზამენ, მით უკეთესი.

ზოგადად, ეს კანონი უპირობოდ გასამკაცრებელია გაუპატიურებაზე და მნიშვნელობა არ აქვს, არასრულწლოვანზე ძალადობენ, თუ სრულწლოვანზე. რადგან უვადო პატიმრობა ვახსენეთ, ურიგო არ იქნება, თუ ნარკოტიკების გამსაღებლებზეც უპირობოდ უვადო თავისუფლების აღვკეთას დააკანონებენ. ეგებ, ეს იყოს გამოსავალი ნარკოტიკებით ვაჭრობის მასშტაბების შემცირებაში. ახლა, რაც შეეხება ბებიაზე მოძალადეს...

2011 წელს, კახეთის რეგიონში, საინტერესო შემთხვევა მოხდა. 32 წლის მამაკაცი შინ ნასვამი დაბრუნდა და ხუთლიტრიან პლასტმასის ბოთლში ღვინო ჩაასხა, სახლიდან გასვლა დააპირა, რათა ქეიფი გაეგრძელებინა. შინ მყოფმა ბებიამ შვილიშვილს დაუშალა, ჩხუბი დაუწყო, დილიდან საღამომდე მთვრალი ხარ, როდის უნდა გამოფხიზლდე, არ გაგიშვებო. შვილიშვილმა ბოთლი მიწაზე დადო, შინ შევიდა, ერთლულიანი თოფი გამოიტანა და დაახლოებით, 2 მეტრის მანძილიდან, ბებიას ფეხში ესროლა. ქალს ტყვიამ ბარძაყი გადაუმსხვრია და ფეხი ლამის მთლიანად მოგლიჯა. ბიჭმა თოფი შინ შეიტანა, ბოთლი აიღო და მეგობრებთან საქეიფოდ წავიდა. მოხუცი ქალი საავადმყოფოში მეზობლებმა მას შემდეგ წაიყვანეს, რაც შემთხვევით დაინახეს, რომ მიწაზე ეგდო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასამართლომ მკვლელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და როგორ გგონიათ, ბებიის მკვლელს ციხეში როგორი დახვედრა მოუწყვეს? ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, არავის არაფერი უთქვამს და მეტიც, ამ თემაზე არცთუ იშვიათად „ღადაობდნენ“. შვილიშვილი ძალიან მშვიდად იხდიდა სასჯელს და მასთან პრეტენზია არავის ჰქონია.

აი, ახლახან მომხდარი შემთხვევა კი ბევრად მძიმეა. ჰო, იმის მიუხედავად, რომ ამ შემთხვევაში, მოხუცი ქალი ცოცხალია, შვილიშვილს ჩვეულებრივი კამერა ნამდვილად არ ელოდება და მას „საქათმეში“ უკრავენ თავს. რატომ? იმიტომ, რომ გაუპატიურება, ძალადობა გისოსებს მიღმა უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე სასამართლო დარბაზში. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, პატიმრებს უფრო მკაცრი განაჩენი გამოაქვთ.

ქართველები ფეხბურთსა და პოლიტიკაში ხომ ყველაზე მაგრები ვართ, ჰოდა, ხშირად გექნებათ გაგებული, რა ვერ დაწერეს საქართველოს კონსტიტუცია ისეთი ფორმით, ყველა მთავრობამ მასში ცვლილებები არ შეიტანოსო, მაგალითად კი აშშ-ის კონსტიტუცია მოჰყავთ, რომელიც 1787 წელს დაიწერა და მასში დღემდე თითებზე ჩამოსათვლელი ცვლილებაა შეტანილი. იმას არავინ ამბობს, რომ ამერიკული კონსტიტუცია გამოცდილმა იურისტებმა კი არა, გამოცდილმა კრიმინალებმა შეადგინეს და თან ისე, რომ მას დღემდე წუნს ვერავინ დასდებს. რატომ? - იმიტომ, რომ კრიმინალებმა ზუსტად იცოდნენ, რისი დაშვება შეიძლებოდა და რისი - არა. ახლა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ საქართველოში კანონმდებლობა პატიმრებმა წერონ, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუ ციხის კანონების სიმკაცრეს რეალურ კანონმდებლობაშიც გადავიტანთ. მაგალითისთვის, მოძალადეებს ანუ მათ, რომლებიც სასჯელს გაუპატიურებისთვის იხდიან, არათუ ციხეში, შემდგომ, ციხის გარეთაც, რიგითი პატიმრები ხელს არ ართმევენ, არ ეხებიან, როგორც უწმინდურს. შვილიშვილი რომ ბებიას გააუპატიურებს, იმას ხელი როგორ უნდა ჩამოართვა? არასრულწლოვანს რომ გააუპატიურებს კაცი, იმას როგორ უნდა მიესალმო, იმასთან ლუკმა როგორ უნდა გატეხო? ყველაფერი ეს დალაგებული აქვთ პატიმრებს თავისი „კარაბადინით“ და კიდევ ვიმეორებ, ამ მიმართულებით, რაც მალე გამკაცრდება ოფიციალური კანონმდებლობა, მით უკეთესი.

ისევ 29 წლის ბიჭსა და მის ბებიას დავუბრუნდეთ. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ტელეკამერების წინ, მოხუცი თამამად ვეღარ ამბობს, შვილიშვილი მაუპატიურებდაო. მის ყოველ სიტყვას დაკავებულის მამა ანუ მოხუცი ქალის შვილი აკონტროლებს და ჯიუტად ამტკიცებს, რომ პოლიციამ დაპატიმრება შეცდომით განახორციელა. რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმპციას ვიცავთ და ხელს ვერავის ვადებთ, მაგრამ 77 წლის მოხუცი ტყუილსაც რომ ამბობდეს, ეს ნიშნავს, რომ შვილიშვილი გაუპატიურებაზე ბევრად უარესს უშვრებოდა, რადგან ბებია ამ დონემდე მიიყვანა... და მამა... დანაშაული თუ დამტკიცდა, მამაც პასუხისგებაშია მისაცემი იმიტომ, რომ ცხადი იქნება, პირველი ჩვენება საკუთარ დედას, საკუთარი შვილის სასარგებლოდ, სწორედ მან შეაცვლევინა. იმას კი არ ფიქრობს, 29 წლის ბიჭი ასე რატომ იქცეოდა და ხომ არ აქვს ფსიქიკური პრობლემები, არამედ სურს, ასეთი შვილი თავისუფლებაზე იყოს და ვინ იცის, მომავალში რას ჩაიდენს.

უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ, თუმცა დაკავებული, ადრე, მკვლელობის მცდელობისა და ძარცვისთვისაა ნასამართლევი ანუ ციხე მისთვის უცხო არ არის. ისე, საინტერესოა, პირველ სასჯელს როცა იხდიდა, არ იცოდა, ანალოგიური დანაშაულისთვის დაკავების შემთხვევაში, რა ელოდა?! რა თქმა უნდა, იცოდა, მაგრამ სავარაუდოდ, დარწმუნებული იყო, რომ არ დაიჭერდნენ და თუ დაიჭერდნენ, მშველელად მამა მოევლინებოდა.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში, მოხუცებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები გახშირდა. სიხშირეს იმას ვუწოდებ, რომ წელიწადში ასეთი სახის რამდენიმე დანაშაული ხდება, რაც უდიდესი პრობლემააა. პრობლემაა იმიტომ, რომ არცთუ მცირეა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის, ოჯახის წევრებზე ძალადობის შემთხვევები და გამოდის, რომ ბავშვების აღზრდის დროს, რაღაც გვეპარება, რაღაც შეცდომას ვუშვებთ და მისი გამოსწორების არათუ გზებს არ ვეძებთ, არამედ, ამ პრობლემის არსებობაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. დღემდე, ძალიან ბევრი ოჯახი ცდილობს პრობლემის დაფარვას, არ სურს, რომ მის შვილზე, ძმაზე, მამაზე, გნებავთ, დედასა და დაზე ვინმემ ცუდი თქვას, ცდილობენ, ხელი დააფარონ მანამ, სანამ „ჭირი თავს, თავად ვერ დამალავს“. შემდეგ უკვე, ხელებს უიმედოდ შლიან და ამბობენ, რომ „ეგონათ“, პრობლემა თავისით მოგვარდებოდა. სწორედ ეს „მგონია, მეგონა“ არის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი სათავე და სამწუხაროდ, ამას ქართველები დღემდე ვერ გადავეჩვიეთ. ჰოდა, სანამ ასე იქნება, მანამ ჩვენს ირგვლივ იძალადებენ ბებიებზე, შვილებზე, ცოლებზე და ყველაფერ ამას ან ტელევიზიით გავიგებთ, ან ვიღაც უკეთესად მოახერხებს მსხვერპლის გამომწყვდევას და ვერასდროს გავიგებთ.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე